ვახტანგ ტაბლიაშვილი: ,,ჩემი საუკეთესო ნამუშევრები მშიერმა გავაკეთე”

ვახტანგ ტაბლიაშვილი: ,,ჩემი საუკეთესო ნამუშევრები მშიერმა გავაკეთე",,სარკე”, თეონა კენჭიაშვილი

73 წლის წინ გამოვიდა ფილმი, რომელსაც დრომ ვერაფერი დააკლო, პირიქით, რაც წლები ემატება, მით უფრო ედება ფასი, მით უფრო ძვირფასი ხდება. “ქეთო და კოტე” თაობების კინოკლასიკად იქცა, მისი რეჟისორი ვახტანგ ტაბლიაშვილი – კლასიკოსად, მაგრამ ეს გზა არ იყო იოლი და არც თანამედროვეებისგან დაფასებული.

გასული საუკუნის 50-იან წლებში საქართველოს ცკ-ის ბიუროში თეატრების საკითხებს განიხილავდნენ. მარჯანიშვილის თეატრის რამდენიმე მსახიობი ფეხზე ადგა და თქვა, წინსვლა გვინდა, მაგრამ ხელს გვიშლიანო. ჰკითხეს, ვინ გიშლით ხელსო. ვინ და ვახტანგ ტაბლიაშვილი, ზედმეტად ეროვნულიაო, უპასუხეს…

ვახტანგ ტაბლიაშვილმა თავისი ცხოვრების უმთავრესი წლები თეატრს დაუთმო. მხოლოდ სამი ფილმი გადაიღო – “ქეთო და კოტე”, “დიდოსტატის მარჯვენა” და “ლევან ხიდაშელი”.

მისთვის უპირველესი თემა საქართველოს ისტორია იყო. 88 წლის ასაკში, გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, აქტიურად წერდა კინოსცენარს თამარ მეფის ცხოვრების შესახებ. ეს სცენარი დღეს თაროზეა შემოდებული.

ვახტანგ ტაბლიაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების მნიშვნელოვან ეპიზოდებს მისი ერთადერთი შვილი, გივი (ირაკლი) ტაბლიაშვილი “სარკესთან” იხსენებს.

ექვსი თაობის მღვდლების შთამომავალი

– მამაჩემი, ვახტანგ ტაბლიაშვილი, ყვარელში დაიბადა სასულიერო პირებისა და ინტელიგენტების ოჯახში. მისი მამა, პაპა და სხვა წინაპრებიც, დაახლოებით ექვსი თაობა, მღვდლები იყვნენ. დედამისის მხრიდანაც პაპა და დიდი პაპა სასულიერო პირები გახლდნენ.

პატარა ბიჭი იყო, როდესაც ყვარელში დიდი რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი ჩავიდა. იქ სპექტაკლი ჩაიტანა, რომელსაც ვახტანგიც დაესწრო. თეატრი მისი მისწრაფება ისედაც იყო, მაგრამ სპექტაკლი და მისი რეჟისორი რომ იხილა, უფრო აღფრთოვანდა. პატარაობიდან იცნობდა სანდრო ახმეტელსაც, რომელიც მამამისის კლასელი გახლდათ.

ბავშვობიდანვე ხელოვნებით იყო გატაცებული. 20 წლის იყო, როდესაც სოფელ კარდენახში (დედამისის სოფელში) “ხატიჯე” დადგა. იმ სპექტაკლის აფიშაც კი ინახება ჩვენს სახლში. როგორც მამა იხსენებდა, კარდენახის ყველა მცხოვრები სოფლის კლუბში “ხატიჯეს” აღფრთოვანებით უყურებდა.

მსახიობებისგან განადგურებული მარჯანიშვილი

მას შემდეგ, რაც ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა, თეატრში ხშირად დადიოდნენ. რეჟისორი სანდრო ახმეტელი ბილეთებს უგზავნიდა. ვახტანგმა წერილი გაუგზავნა კოტე მარჯანიშვილს და უთხრა, რომ მასთან მუშაობა სურდა. დიდმა რეჟისორმა მეორე დღესვე დაიბარა, გაესაუბრა და ასისტენტად მიიღო.

ეს იყო დიდი სკოლა და დიდი გამოცდილება, რომელმაც მხოლოდ ორ წელს გასტანა. შემდეგ ყველამ კარგად იცის, რაც მოხდა თეატრში. მსახიობების გარკვეულმა ნაწილმა რეჟისორს ერთგვარი ბოიკოტი მოუწყო, ის სამუშაოდ მოსკოვში წავიდა და იქვე გარდაიცვალა. მოკლედ, მამაჩემს მასთან შეხება აღარ ჰქონია. კოტე მარჯანიშვილზე ყოველთვის გულდაწყვეტილი ლაპარაკობდა. ვერ აეხსნა, დიდ რეჟისორს ასეთი რამ რატომ გაუკეთეს, თეატრიდან წასვლა რატომ აიძულეს.

თავად მამა ერთ-ერთ ინტერვიუში ამ ამბავს ასე იხსენებდა:

– ერთ მშვენიერ დღეს, პალტოს რომ ვიცვამდი და თეატრიდან გასასვლელად ვემზადებოდი, გავიგე, რომ უფროსი მსახიობები რეჟისორს უსიამოვნო საუბრის გამართვას უპირებდნენ. ბატონ კოტეს ვთხოვე, რომ ამ საუბარს დავსწრებოდი…

მსახიობებმა ისეთი საშინელი სიტყვები უთხრეს, ადამიანი გაანადგურეს, თითქოს დამსახურება მხოლოდ წარსულში მიუძღოდა და ახლა არაფრის მაქნისი იყო. ამ საუბრის შემდეგ მან თეატრი დატოვა. მოსკოვში წავიდა, სადაც ერთ კვირაში ტვინში სისხლი ჩაექცა და გარდაიცვალა. დავრჩი ობლად, აღარ ვიცოდი, რა მეკეთებინა. აღარც თეატრში მისვლა მინდოდა და აღარც მსახიობების ნახვა…

თეატრიდან კინოში

– კოტე მარჯანიშვილის წასვლის შემდეგ ვახტანგი, მამის რჩევით, რუსეთში წავიდა და თეატრალურ ინსტიტუტში სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩააბარა. იქ მისი მასწავლებლები იყვნენ სახნოვსკი, ნემიროვიჩ-დანჩენკო და სტანისლავსკი. ესენი იყვნენ ადამიანები, რომელთა სისტემებით სწავლება დღემდე მიმდინარეობს. მამაჩემს ძალიან დიდი გამოცდილება შესძინა ამ გენიალურ პიროვნებებთან ურთიერთობამ.

4 წლის შემდეგ ვახტანგი სამშობლოში დაბრუნდა. მარჯანიშვილის თეატრში თავისი პირველი სპექტაკლი ,,სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი” დადგა, რომელმაც დიდი წარმატება მოუტანა. მედეა ჯაფარიძე იხსენებდა, ,,ქეთო და კოტე” ხომ კარგი იყო, მაგრამ მასზე ათჯერ უკეთესი “სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი” იყოო.

მისი მთავარი თემა ქვეყნის ისტორია იყო. ამ ჟანრში დადგა სპექტაკლები: “მეფე ერეკლე”, “გიორგი სააკაძე”, “დავით აღმაშენებელი”, “მაია წყნეთელი” და სხვა. არც კლასიკას ივიწყებდა, დადგა “რომეო და ჯულიეტა”, “კლეოპატრა” და სხვები. საქართველოს ისტორია კი იყო ის, რასაც სულ უტრიალებდა.

მარჯანიშვილის თეატრში თითქმის 30 წელი იმუშავა და 20 სპექტაკლი დადგა. იქიდან ოპერისა და ბალეტის თეატრში გადავიდა, სადაც 10 წლის განმავლობაში მთავარი რეჟისორი იყო. დადგა “დაისი”, “აბესალომ და ეთერი”, “დარეჯან ცბიერი”, “რიგოლეტო”.

რაც შეეხება ფილმებს, მისი პირველი ფილმი ,,ქეთო და კოტე” გახლდათ, რომელზეც შალვა გედევანიშვილთან ერთად იმუშავა. 70-იან წლებში კი “დიდოსტატის მარჯვენა” და “ლევან ხიდაშელი” გადაიღო.

მამა მარჯანიშვილში რეჟისორად რომ მუშაობდა, თეატრში ძალიან ხშირად დავდიოდი. ჩუმად ვჯდებოდი დარბაზში, არ მიყვარდა იმის თქმა, ვისი შვილი ვიყავი. მახსოვს გენიალური მსახიობები კულისებში და საგრიმიოროებში. ყოველთვის მაინტერესებდა, როგორები იყვნენ სცენის მიღმა. ერთხელ გოგი გელოვანის საგრიმიოროში შევედი. მითხრა, ახლა ნახე, რას გავაკეთებო. აიღო ნემსი, ძაფი და ცხვირში გაიყარა. შიშისგან თვალები გამიფართოვდა. მას კი გაეცინა და მაჩვენა, რომ გრიმი ჰქონდა გაკეთებული და ნემსიც გრიმში გაიყარა.

“ქეთო და კოტე” – სტალინის არჩევანი

ვახტანგ ტაბლიაშვილის მოგონებიდან:

“ქეთო და კოტეზე” მუშაობა აზრადაც არ მომსვლია. მანამდე დიდხანს ვფიქრობდი ნიკოლოზ ბარათაშვილის პიროვნებაზე, მის ტრაგიკულ ბედზე და ფილმის გადაღება მინდოდა. სამამულო ომი ახალი დამთავრებული იყო, ამიტომ ჩათვალეს, რომ მძიმე განცდებზე მეტად ხალხს მხიარული ფილმი ესაჭიროებოდა. კინოსტუდიის იმდროინდელმა დირექტორმა თავისთან დამიბარა და ,,ქეთო და კოტეს” გადაღება შემომთავაზა. მე ვიუარე, მაგრამ შემდეგ მაგიდის უჯრა გამოსწია და დადგენილება მომაწოდა. იქ იყო იმ ფილმების სია, რომლებიც საბჭოთა კავშირის მასშტაბით უნდა გადაეღოთ იმისთვის, რომ ხალხს ომის ტრაგიკული ამბები შემსუბუქებოდა. სიის მერვე ნომრად ეწერა: “ქეთო და კოტე”, რეჟისორი ვახტანგ ტაბლიაშვილი”. დადგენილებას ხელს იოსებ სტალინი აწერდა.

უარის თქმა აღარ მიფიქრია და სცენარს ხელი მოვკიდე. ასე რომ, ფილმი გადავიღე და, მგონი, გამომივიდა. ახლაც კი, როცა დავიღლები, მეუღლეს ვთხოვ, ,,ქეთო და კოტე” მაჩვენე-მეთქი. მისი ნახვა მე თვითონაც მსიამოვნებს.

გადაღებების მომენტში ხელისშემშლელი ფაქტორებიც საკმაოდ იყო. რატომღაც კინორეჟისორები დამიპირისპირდნენ, განსაკუთრებით ყარაჩოღელების ეპიზოდი არ მოსწონდათ. მეუბნებოდნენ, წარმატება არ ექნება ფილმსო.

მუშაობის გაგრძელების საშუალება რომ მომცემოდა, კინოსტუდიის დირექტორის რჩევით, ცკ-ის მაშინდელ მდივან კანდიდ ჩარკვიანთან წავედი. მან ყურადღებით მომისმინა და შემდეგ სცენარი წამაკითხა. კითხვისას ვამჩნევდი, რომ რამდენჯერმე გაეღიმა. ბოლოს მითხრა, ამ სურათს თქვენ გადაიღებთ და თანაც ისე, როგორც თქვენ გინდათო”.

რეჟისორის გულისტკივილი

– სხვათა შორის, არსებობს აზრი, რომ ,,ქეთო და კოტე” სტალინს არ აჩვენეს. მასზე იტყვიან, რომ სტალინი კინტოების ქვეყნიდან არის და განრისხდებაო. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მან ფილმი ნახა და მოეწონა კიდეც.

ნიკოლოზ ბარათაშვილი წერდა იმ სენის შესახებ, რომლის გამოც ქართველი თავისიანს არ გამოადგება. ზუსტად ესაა ქართველების პრობლემა – ერთმანეთისთვის ცუდის კეთება და გვერდში არდადგომა. მამაც სწორედ ამაზე წუხდა. ამბობდა, კარგი ისტორია გვაქვს, მაგრამ ეს საშინელი თვისება ჩვენი მინუსია, ქართველი ქართველს სულ ხელს უშლისო. ასაკში მყოფი მამაჩემი ამას დიდი სინანულით აღნიშნავდა.

თუნდაც ის, რაც კოტე მარჯანიშვილის შემთხვევაში მოხდა… მთელი ცხოვრება სტანჯავდა იმაზე ფიქრი, თუ რა საშინლად მოექცნენ დიდ რეჟისორს. არ უყვარდა, როცა ქართველების შესახებ რამე ცუდს გაიგებდა, ყურსაც კი არ უგდებდა. გული შესტკიოდა იმ უარყოფით მხარეებზე, რაც ჩვენს ხალხს ან ჩვენს ქვეყანას ეხებოდა. რაც უნდა ცუდი გაეგო ადამიანზე, მაინც კარგს ეძებდა მასში. რომ იტყვიან, ადამიანში ადამიანს ეძებდა.

ცხოვრება ლეგენდების გვერდით

– მართალია, “ქეთო და კოტეს” გადაღებების დროს მხოლოდ 5 წლის ვიყავი, მაგრამ ფრაგმენტულად მახსოვს, ჩვენს სახლში მსახიობები რომ მოდიოდნენ – ვასო გოძიაშვილი, გიორგი შავგულიძე, მედეა ჯაფარიძე, იაკობ ტრიპოლსკი, ედიშერ მაღალაშვილი, ბათუ კრავეიშვილი, გოგი გელოვანი, შალვა ღამბაშიძე, სანდრო ჟორჟოლიანი, კაკო კვანტალიანი… ყველა ერთად მოდიოდა და რეპეტიციებს ჩვენთან გადიოდნენ. მოდიოდა კომპოზიტორი არჩილ კერესელიძე და ფორტეპიანოზე უკრავდა. ერთხელ მედეა ჯაფარიძე შემოვიდა და შემოანათა. მას დიდი სიხარული შემოჰქონდა ხოლმე. საერთოდ იმ თაობის მსახიობები საოცარი პიროვნებები იყვნენ.

ფილმ ,,დიდოსტატის მარჯვენის” გადაღებებს ვესწრებოდი. სცენები გადაღებულია მცხეთაში, ყაზბეგში, სოჭში. მაგალითად, სოჭშია გადაღებული ვეფხვების ცნობილი სცენა, რომელსაც მეც ვესწრებოდი.

წილკანში სვეტიცხოვლის აგების სცენაც საკუთარი თვალით მაქვს ნანახი.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი გამახსენდა, ჯარის სცენა, როდესაც მებრძოლებს კათოლიკოსი ლოცავს, უკრაინის ქალაქ უჟგოროდშია გადაღებული. საქართველოში ცხენები ვერ იშოვეს და ამიტომ უკრაინაში ჩავიდნენ. რუსი რეჟისორი ბონდარჩუკი იღებდა ფილმს. როცა გადაღება დაამთავრა, ტერიტორია უსასყიდლოდ დაუთმო, რუს მსახიობებს ქართული აბჯარი ჩააცვა, ცხენებზე შესვა და ასე გაუმართა მამაჩემს ხელი.

“დიდოსტატის მარჯვენის” გადაღება მამას თავად შესთავაზა ნაწარმოების ავტორმა, კონსტანტინე გამსახურდიამ. 2 წელი იღებდა და ბოლოს, როცა ბატონმა კონსტანტინემ ფილმი იხილა, მამაჩემს ვერცხლის სპარსული ბეჭედი აჩუქა. ეს საჩუქარი ყველაფრის მთქმელი იყო.

ერთი ნახვით შეყვარება

– მამაჩემი 1941 წელს დაოჯახდა, ერთ წელში კი მე გავჩნდი. დედაჩემი გახლდათ ეკატერინე მახათელი, რომელიც მამამ “ქეთო და კოტეში” გადაიღო. ის ქეთოს მეგობრის როლს თამაშობს. დედა პროფესიით ფილოლოგი გახლდათ. ფილმში ერთხელ ითამაშა და ისიც მამაჩემის სურვილით. ერთმანეთი საერთო მეგობარმა გააცნო ერთ-ერთი სპექტაკლის პრემიერაზე. ვახტანგს ეკატერინე იმ წამსვე გულში ჩაუვარდა. იაქტიურა და მასაც შეაყვარა თავი, ბოლოს კი ყველაფერი ქორწინებით დაგვირგვინდა.

დედა გარეგნობით გამორჩეული ქალი იყო. პატარა გოგო ყოფილა, როცა 1939 წელს მოსკოვში აღლუმზე წაიყვანეს. ამის შემდეგ კრემლში ბანკეტი გაიმართა, რომელსაც იოსებ სტალინი და ლავრენტი ბერია ესწრებოდნენ. სტალინი რომ შემოსულა, ქართველების მაგიდისთვის გადაუხედავს და დედაჩემისთვის უნიშნებია, რომ მასთან მისულიყო. ცოტა ისაუბრეს. დედას რომ უთქვამს, წარმოშობით გორიდან ვარო, სტალინს გახარებია. მთავრობის წევრებისთვის ამაყად უთქვამს, ეს გოგო ჩემი “ზემლიაკიაო”. დედაჩემისა და სტალინის საუბრის დროს ბერიას თურმე ეღიმებოდა.

ოცნება “თამარ მეფეზე”

– მამაჩემი 88 წლისა გარდაიცვალა. ბოლო დღეებშიც კი არ დაბინდვია გონება, სულ იმაზე ფიქრობდა, რა სცენარი დაეწერა. სიკვდილზე ერთი წუთით არ ფიქრობდა. გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე შემომთავაზა, თამარ მეფეზე ფილმი გადაგვეღო. მთელი წელი ერთად ვწერდით კინოსცენარს. დილით რომ დავსხდებოდით, შეუსვენებლივ ვმუშაობდით. ზოგჯერ დავიღლებოდი, მაგრამ არ ვიმჩნევდი. თვითონ მხნედ იყო და მე ხომ არ ვეტყოდი, შევისვენოთ-მეთქი. ჩვენი შესვენება სადილის დროს იყო და მაშინაც კი ამ სცენარზე საუბრობდა. სცენარის წერა დავასრულეთ, მაგრამ სპონსორი ვერ მოვიძიეთ. შემდეგ გარდაიცვალა. მას მერე მე მინდოდა, გადამეღო, მაგრამ ეს სცენარი დღემდე ხელუხლებლად მიდევს.

“ჩემი საუკეთესო ნამუშევრები მშიერმა გავაკეთე”

ნაწყვეტი ვახტანგ ტაბლიაშვილის ერთ-ერთი ბოლო საგაზეთო ინტერვიუდან:

“ხელოვნება რას შევადარო, არ ვიცი, რელიგიაა იგი. მე არასოდეს მაინტერესებდა მატერიალური მხარე. ჩემი საუკეთესო ნამუშევრები მშიერმა გავაკეთე, მაგრამ არ მაწუხებდა, იმიტომ, რომ მე ვხედავდი ისეთ სახეებს, მე ხორცს ვასხამდი ჩემს ოცნებას და ისინი ცოცხლდებოდნენ და ეს მე მიხაროდა. როდესაც ყარაჩოღელთა სცენა ეკრანზე ვნახე, ამქვეყნად აღარ ვიყავი სიხარულისაგან.

არ დაგიმალავთ ერთ ეპიზოდს. საჯარო ბიბლიოთეკაში გადავიღეთ ერთი ჩვენი ეპიზოდი – ხანუმას რომ გამოაძევებენ. მშიერი ვიყავი იმ დღეს და ვიყვირე. ცოტა ბავშვურად მომივიდა. იქვე ჩვენი სურათის დირექტორი შალვა ქურდიანი იმყოფებოდა და მას დავუძახე, ან მაჭამეთ, ან კიდევ სურათს აღარ გადავიღებ-მეთქი. ბატონი შალვა წავიდა და საიდანღაც ყარაბაღის გამხმარი ქადები მომიტანა. ქადები ვჭამე და ის ცნობილი სცენა მერე გადავიღე”.