,,იდეალური თაღლითი” – ნოველა

,,იდეალური თაღლითი'' - ნოველა,,სარკე”, ხათუნა მაღრაძე

უკრაინაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა წყნეთში ორსართულიანი აგარაკი აიშენა. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში არასტაბილური კრიმინოგენური გარემო იყო, აგარაკის გარე ფასადი შედარებით მოკრძალებულად გამოიყურებოდა, მაგრამ კარი გაიღებოდა თუ არა, წინ საოცარი გემოვნებით კეთილმოწყობილი სივრცე იშლებოდა. წლების განმავლობაში აგარაკს ქართველი ექიმი ოჯახთან ერთად სტუმრობდა. ნოზაძეებს წელიწადში ერთი თვე მაინც უნდა გაეტარებინათ მშობლიურ გარემოში.

მალე მედიკოსს უცხოეთში პრობლემები შეექმნა. ოპერაციის დროს მისი პაციენტი გარდაიცვალა. როგორც სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, ავადმყოფის გადარჩენა შეიძლებოდა, თუმცა ექიმმა ეს ვერ მოახერხა. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ქართველი ექიმი ორი არჩევანის წინ იდგა – ან პატიმრობა, ან სასამართლოსთან გარიგება. ეს უკანასკნელი მას წარმოუდგენლად დიდი თანხა დაუფასეს. პირველი, რაც ნოზაძეს გაახსენდა, იყო სახლი კიევის ცენტრში და წყნეთის აგარაკი. თვისუფლების სანაცვლოდ ორივე უნდა გაეყიდა, რადგან თავად იმ პერიოდში თბილისში არ იმყოფებოდა, მაკლერს დაუკავშირდა და კლიენტის მოძებნა დაავალა.

სანამ შუამავალი მყიდველის პოვნას ცდილობდა, ნოზაძეების აგარაკზე ქერათმიანი ქალი ავიდა. მაღალი იყო, თხელი ფეხებით, წვრილი წელით, სავსე მკერდით, მაღალი ყელით, მსხვილი ტუჩებით. კანი რძისფერი ჰქონდა, თვალები კი კუპრივით შავი. ქალი მანქანიდან გადმოვიდა, მას გვერდით მჯდომი მამაკაციც ფეხდაფეხ გადმოჰყვა.

– მენანება მისი გაყიდვა, მე და ჩემმა მეუღლემ თითოეული ნივთი უცხოეთში შევიძინეთ. გვინდოდა, სიბერის წლები აქ გაგვეტარებინა, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის, ხომ გესმით? – ქალი აღელვებული ჩანდა.

ჯერ ალაყაფის კარი გააღო და კლიენტს აუზი და ხეხილიანი ეზო დაათვალიერებინა, შემდეგ შინ შეიპატიჟა. საშუალო სიმაღლის კაცი, რომელსაც აგარაკის მეპატრონემ ისედაც თვალები დაუელამა, ახლა სახლის მომხიბვლელობამ დააბრმავა.

– 100 000 დოლარი, დამეთანხმებით, მიზერული თანხაა, – სევდიანი ხმით ჩაილაპარაკა ქალმა.

მამაკაცმა თავი დაუქნია. უნდოდა ეთქვა, ამ საჩუქარს ჩემს მომავალ მეუღლეს ვუკეთებო, მაგრამ ამ მშვენიერი ქმნილების წინაშე სხვა ქალის ხსენება ვერ გაბედა.

– საბუთები თან მაქვს, თუ გადაწყვეტილება უკვე მიიღეთ, შეგვიძლია პირდაპირ ნოტარიუსთან წავიდეთ და საქმე დავამთავროთ. მიჭირს მასთან გამოთხოვება, მინდა, ყველაფრი მალე მორჩეს…

ერთი კვირის შემდეგ, როცა კიევიდან ნუკრი ნოზაძე სახლის გასაყიდად ჩამოფრინდა, მის აგარაკზე უცხო ადამიანები ტრიალებდნენ. ახალმა მფლობელებმა ექიმს ნასყიდობის ხელშეკრულება ააფარეს თვალებზე. გადარეული ნუკრი მაშინვე პოლიციაში გაიქცა და გაარკვია, რომ საბუთები გაყალბებული იყო. ნოტარიუსი, რომელმაც ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება გააფორმა, ბუნებაში არ არსებობდა. რასაკვირველია, გაუჩინარდა ქერათმიანი ლამაზმანიც და მისთვის გადახდილი 100 000 დოლარიც დაიკარგა.

თამთა მაჭავარიანი აბაზანაში შევიდა, ონკანი გააღო და სახე თბილ წყალს შეუშვირა. ისე არაფერი უყვარდა, როგორც აბაზანაში ნებივრობა. ბავშვობა ნახევრად სარდაფში, ერთოთახიან ბინაში გაატარა. ეს იყო მათი საძინებელი, სასადილო და კვირაობით სააბაზანო ოთახიც. კედლებიდან ნესტი ჟონავდა, დამძიმებულ ჰაერს სადილის სუნი ერთვოდა და ოთახში სუნთქვა ჭირდა…

თამთამ ონკანი დაკეტა, მეტლახზე გადააბიჯა და ტანი არც კი შეუმშრალებია, ისე შემოიცვა ხალათი. სანამ მისაღებ ოთახამდე მიაღწევდა, სვლა შეანელა. კედელზე ჩრდილს მოჰკრა თვალი და შენიშნა, რომ სავარძელში ვიღაც იჯდა. თამთამ რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა. იმავე წამს მამაკაცის ხმა მისწვდა.

– ბარგი შეკრული გაქვს, ჩემგან გაპარვას ხომ არ აპირებდი?

თამთას დაძაბულობა ერთიანად გაქრა.

– რატი, აქ როგორ შემოხვედი?

კაცი ფეხზე წამოდგა. ის თამთაზე ერთი თავით მაღალი იყო და, მინიმუმი, ათი წლით უმცროსს ჰგავდა.

– საქმე როგორ დამთავრდა? – იკითხა ისევ კაცმა.

– მშვენივრად, კარგი ნამუშევარი იყო, – თამთამ კმაყოფილი თვალებით შეხედა, მერე კარადის უჯრა გამოაღო, იქიდან თეთრი კონვერტი გამოიღო და სტუმარს გაუწოდა.

– ეს შენი წილია, აიღე. ახლა ცოტა უნდა დავისვენო და მერე არაჩვეულებრივი იდეა მაქვს. თუ წინააღმდეგი არ იქნები, იმ საქმესაც ერთად მივხედოთ.

– შენ გვერდით ყოფნა ჩემთვის ბედნიერებაა, ხომ იცი, – ჩურჩულით თქვა მამაკაცმა და სცადა, თამთასთვის ხელი მოეხვია, მაგრამ ქალი დაუსხლტა.

– სისულელეებს მოეშვი, – გაიღიმა თამთამ, – ჩვენ მხოლოდ საქმე გვაკავშირებს, სიყვარული კი 17-18 წლის გოგონებს აჩუქე, მე არაფერში მჭირდება.

რატიმ უხერხულად დაუშვა გაწვდილი ხელი, თამთას კონვერტი გამოართვა და ნელი ნაბიჯით ოთახიდან გავიდა.

ერთი თვის შემდეგ თბილისის ცენტრში მდებარე საიუველირო მაღაზიაში მამაკაცი მომხიბვლელ ქალთან ერთად შევიდა. ქალს თვალები მწვანედ უელავდა (ფერადი ლინზების დამსახურებით), თავზე მრგვალი, ბაფთიანი შლაპა ეხურა და მუხლამდე კაბაში გამოწყობილი თამამი ნაბიჯებით მიდიოდა ვიტრინებისკენ. გვერდით ასაკით უმცროსი კაცი მიჰყვებოდა. ქალბატონი ყველაზე ძვირადღირებული სამკაულების სექციასთან გაჩერდა, ნივთებს დააკვირდა და თანმხლებ კაცს რაღაც ინგლისურად გადაულაპარაკა. ამ უკანასკნელმა კი გამყიდველ გოგონას გაუღიმა.

– უცხოელია, დღეს მისი თარჯიმანი ვიქნები, – გაეცნო მოკლეკაბიან, ლოყაწითელ ქალიშვილს.

– სასიამოვნოა, – გაიღიმა გამყიდველმაც და ყველა კბილი გამოაჩინა.

– ქალბატონი ბრილიანტისთვლიანმა საათმა დააინტერესა.

– ახლავე გაჩვენებთ. წარმოდგენილ ექსპონატებს შორის ეს მართლაც საუკეთესოა.

უცხოელი ქალბატონი ხელში ატრიალებდა ძვირფას ნივთს, შემდეგ ვიტრინისკენ დაიხარა და ლალის თვლით შემკული სამაჯურიც მოითხოვა. თარჯიმანი სამკაულების ფასს კითხულობდა და ცდილობდა, გამყიდველის ყურადღება სხვა ნაკეთობებზე გადაეტანა.

საბოლოოდ, როცა კლიენტმა შესაძენი ნივთი აარჩია, გამყიდველი იმედგაცრუებული დარჩა, რადგან ის ყველაზე იაფფასიანი ბეჭედი იყო. მაინც საგულდაგულოდ შეუფუთა და მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის. როცა გოგონა მათ ღიმილით აცილებდა, ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ მთავარი იმედგაცრუება, წინ ელოდა. რამდენიმე დღეში გაირკვა, რომ ათამდე ძვირადღირებული ნივთი, რომლებმაც ,,უცხოელის” ხელში გაიარა, ყალბი იყო. სექციის მეპატრონეს ძლივს აკავებდნენ, გამყიდველი გოგონა კი ატუზული იდგა და ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები.

გამოძიებას დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია იმის მისახვედრად, რომ უცხოელმა და მისმა თარჯიმანმა ძვირფასეულობა ყალბი ასლით შეცვალეს. ცხადი იყო, მათ წინასწარ შეისწავლეს გასაყიდი საქონლის ასორტიმენტი, მათ შორის საუკეთესოები შეარჩიეს, იუველირს ასლები დაამზადებინეს, დანარჩენი კი იმიჯისა და სწრაფი ხელების საქმე იყო.

– მგონი, შენ მართლა ნიჭიერი ბიჭი ხარ, – თამთა ლესელიძის ქუჩაზე მოკრძალებულ რესტორანში იჯდა და შამპანურს წრუპავდა.

რატიმ თავი დააქნია.

– კარგი დუეტი გამოგვივიდა, – გაიღიმა ქალმა, – ხვალ ფულს ავიღებ და წილს გადაგიხდი.

– თამთა, ახლა ფულზე საუბარი არ მინდა, – რატის მალე მოეკიდა სასმელი. თამთას გვერდით ის ყოველთვის ადვილად თვრებოდა, – შენ გამო ყველაფერი მივატოვე. თანახმა ვარ, თუ რამე დამრჩა, იმაზეც უარი ვთქვა. მხოლოდ შენი სიყვარული მჭირდება, – რატიმ ქალის გრძელი თითებისკენ ხელი გააცურა.

თამთას სახე შეეცვალა, რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ არ დასცალდა.

– ახალგაზრდავ, ჩანს, ამ ქალს საერთოდ არ იცნობ, მას ერთადერთი სიყვარული აქვს – თამაში!

– ეს ვინ არის? – წამოიქოჩრა ნასვამი რატი, – თუ არ მეშლება, ჩვენ საქმეში ჩარევა არ მითხოვია, აქედან მიბრძანდი, სანამ ლამაზი ხარ!

უცნობმა მორჩილად აიჩეჩა მხრები.

– მხოლოდ ერთი პატარა ისტორიის მოყოლა მინდოდა. ეს ამბავი მამუკა რატიანს უკავშირდება. თუ სურვილი არ გაქვს, პოლიციაში წავალ, დარწმუნებული ვარ, იქ გულისყურით მომისმენენ.

– დაბრძანდით, – თამთას ტონმა წამსვე შეაჩერა უცნობებს შორის პაექრობა, – მითხარით, ვინ ხართ და რა გნებავთ.

– ლამაზი და თავაზიანი, – ღიმილით წარმოთქვა უცნობმა, სკამზე ჩამოჯდა და რატის მიაპყრო მზერა, – როგორც გითხარით, ბატონი მამუკას ისტორია მინდა გიამბოთ. ის სამოც წელსაა მიტანებული, ცხოვრებაში ბევრის ნახვა და გაკეთება მოასწრო. ოთხი ცოლი და უთვალავი საყვარელი გამოიცვალა, თუმცა ბოლოს მაინც მარტო დარჩა… ის და მისი ენით აუწერელი სიმდიდრე. შვილი არც ერთ ქალთან არ ეყოლა. მამუკა ამას ყველაზე მეტად განიცდიდა. ბოლოს, როცა თითქმის აღარაფრის იმედი ჰქონდა, მის ცხოვრებაში კიდევ ერთი ლამაზმანი გამოჩნდა. მამუკას ლამაზი ქალები არ უკვირდა, მაგრამ ის ყველასგან გამორჩეული იყო, – უცნობმა ერთხანს თხრობა შეწყვიტა და თამთას შეხედა.

ქალი გაფითრებული იჯდა და სასმელის ჭიქას ხელს არ უშვებდა. უცნობმა კი განაგრძო:

– მან მამუკა რამდენიმე კვირაში მოაჯადოვა, ოთხი თვის თავზე კი ექოსკოპიის ფოტო მიუტანა და გამოუცხადა, რომ ფეხმძიმედ იყო. კაცი სიხარულისგან მუხლებზე დაემხო და ქალს ფეხებზე შემოეხვია. ეს უკანასკნელი კი ბედნიერი სულაც არ ჩანდა, თვალებში სევდა და ცრემლი ედგა. მამუკა ლამის ჭკუიდან შეიშალა, სანამ მისი წუხილის ამბავს გაარკვევდა.

– საკმარისია, მითხარი, რა გინდა, – თამთა ისეთი მშვიდი ჩანდა, თითქოს სხვის ისტორიას ისმენდა.

– მაპატიეთ, მაგრამ ჯერ ამბის თხრობა უნდა დავასრულო, – მშვიდადვე უპასუხა უცნობმა, – ქალი საწოლზე ჩამოჯდა და ცრემლებად დაიღვარა. ლაპარაკი უჭირდა, მაგრამ მამუკა ემუდარებოდა, მისთვის სიმართლე არ დაემალა. ქალიც მოუყვა ფეხმძიმობის გამო სრული გამოკვლევა რომ ჩაიტარა და მოულოდნელად გაარკვია, რომ უკურნებელი სენი სჭირდა. “ბავშვი?” – უნებურად წამოიყვირა რატიანმა. სწორი ზედამხედველობის შემთხვევაში, ბავშვი უვნებელი დაიბადებაო. კაცმაც მშვიდად ამოისუნთქა, მაგრამ სიხარულის გამოხატვის მოერიდა.

ქალმა კი უთხრა: “მინდა, სწორად გამიგო, ბავშვის გაჩენას ვერ გავრისკავ. თუ ჩემი სიკვდილი გარდაუვალია მის მომავალზე პასუხს ვინ აგებს?”.

– მე! – წამოიყვირა მამუკამ, – გთხოვ, ამის უფლებას ნუ წამართმევ!

ქალმა სევდიანად გაიღიმა.

– ჩემი სიკვდილის შემდეგ იქნებ ბავშვზეც აიცრუო გული. თავად სიღატაკეში გავიზარდე, შვილს ამისთვის ვერ გავწირავ.

მამუკას რამდენიმე უძილო ღამის შემდეგ გამოსავალი ისევ ქალმა იპოვა. მომავალ მამას ქონების ნაწილის დამტკიცება მოსთხოვა – როცა აღარ ვიქნები, ყველაფერი, რაც ჩემს სახელზე იქნება, ბავშვს დარჩება, ეს უკვე მყარი გარანტიაა იმისთვის, რომ შვილის გაჩენაზე ვიფიქროო.

მამუკამ მისი შეთავაზება სიხარულით მიიღო. რატიანისთვის მთავარი შვილი იყო… სამწუხაროა, რომ ამ ისტორიას ბედნიერი დასასრული არ აქვს, – ამოიოხრა უცნობმა და რატის გახედა. თან თხრობა განაგრძო, – ქალი ფულთან ერთად გაუჩინარდა. ის არც ფეხმძიმედ იყო და არც სასიკვდილო სჭირდა რამე. თუ ჩემი არ გჯერა, თავად ნახეთ, – უცნობმა თამთასკენ გაიშვირა თითი, – მამუკას ყოფილი საყვარელი ჩვენ წინ ზის. ძველებურად მომხიბვლელი და ჯანმრთელი.

– რამდენი გადაგიხადო, რომ ენას კბილი დააჭირო? – თამთას ტონიც კი არ შეცვლია, არათუ სახის გამომეტყველება. მას ჯერ კიდევ სჯეროდა, რომ სამყაროში ყველა და ყველაფერი იყიდება, მათ შორის, დუმილი.

უცნობმა ჯიბისკენ წაიღო ხელი და მოწმობა ამოიღო.

– თქვენი შემოთავაზება ბრალის აღიარების ტოლფასია, – თამთას ცხვირწინ გადაშლილ მოწმობაში პოლიციის კაპიტნის სახელი და გვარი ეწერა.

როცა რესტორნის დარბაზიდან თაღლითები ხელბორკილებით გაიყვანეს, ერთ-ერთმა რიგითმა პოლიციის კაპიტანს გადაულაპარაკა:

– ამ ქალმა ბოლო ათი წლის განმავლობაში იმდენი იშოვა, შეეძლო, მთელი ცხოვრება უზრუნველად გაეტარებინა, მაგრამ მაინც არ ჩერდებოდა, ფული უყვარს ზედმეტად.

– ფული? – გაიმეორა კაპიტანმა, – მე კი მგონია, რომ ყველაზე მეტად თავისი საქმე უყვარს, ის იდეალური თაღლითია.