ხათუნა ხოფერია: ,,ყოფილი ქმარი ჩემი სახლიდან გავასვენე”

ხათუნა ხოფერია: ,,ყოფილი ქმარი ჩემი სახლიდან გავასვენე",,სარკე“, ია ქუთათელაძე

პარლამენტის ყოფილი წევრი, ხათუნა ხოფერია, პოლიტიკაში იმ დროს იყო, როცა საქართველოს ისტორიის დრამატული ფურცლები იწერებოდა. მას პირად ცხოვრებაშიც არ მოკლებია დრამები. 19 წლის ასაკში დიდი სიყვარულით გათხოვდა და 18 წელი ბედნიერი ოჯახი ჰქონდა. შემდეგ იყო გაშორება და ორი მოზარდი ვაჟიშვილის გაზრდა მარტოს მოუწია. დღეს შვიდი შვილიშვილის ბებიაა. ქალბატონი ხათუნა ,,სარკესთან” საუბრობს:

– 19 წლის გავთხოვდი, ერთ წელიწადში რეზიკო შემეძინა. ბექაზე ფეხმძიმე უკვე მიტინგებზე დავრბოდი, თან ზოოლოგიის ინსტიტუტში ვმუშაობდი. მქონდა დიდი სიყვარული. 18 წელი გქონდა სავსე სითბოთი და სიყვარულით. მერე ეს ყველაფერი დამთავრდა და გავშორდით.

–  მეორედ რატომ არ შექმენით ოჯახი, ბიჭების გამო შეიკავეთ თავი თუ სასურველი ადამიანი არ შეგხვდათ?

იყვნენ ჩემს ცხოვრებაში თაყვანისმცემლები,მაგრამ არ გამჩენია სურვილი, ოჯახი შემექმნა.იმდენად მიყვარდა ჩემი მეუღლე და იმდენად სავსე ვიყავი ამ სიყვარულით, რომ მსგავსი ემოცია აღარ მიგრძვნია.არც მე გავთხოვილვარ, არც ჩემს ყოფილ მეუღლეს მოუყვანია ცოლი.

– თურმე ნინა გქვიათ. ფილმ ,,ცისფერი მთებისა” არ იყოს, საიდან ორი ,,სათაური”?

– ხათუნა ჩემმა ძმამ დამარქვა, მერე ყველამ აიტაცა. ძალიან ცოტა ადამიანმა იცის, რომ ნინო მქვია.

– იყო ნინო ხოფერიას სამზარეულო რეცეპტების არაჩვეულებრივი წიგნი. თქვენი ნათესავი ხომ არ იყო?

– მე და ჩემი მეუღლე, ორივენი ხოფერიები ვიყავით. ნინო ხოფერია იყო ჩემი მამამთილის დედა.საავტორო უფლებები ჩემს სახელზეა გაკეთებული,მხოლოდ ჩვენ გვაქვს მისი გამოცემის უფლება.

– ყოფილი ქმარი თქვენი სახლიდან დაკრძალეთ…

– როცა დარეკა და შვილებს უთხრა, ცუდად ვარო, ბიჭები გაიქცნენ, მაგრამ ვეღარაფერი უშველეს. დავკრძალეთ იმ სახლიდან, სადაც ყველანი ერთად ვცხოვრობდით ბედნიერები. როგორ შემეძლო, ასე არ მოვქცეულიყავი?! ჩემს ცხოვრებაში მან შექმნა ყველაფერი… სიყვარული არსად წასულა, ჩემი 18 წელი მუდმივად ჩემთან არის თავისი სიხარულით, ტკივილით, ჩხუბით… დაკრძალვამდე 20 წუთით ადრე გავიფიქრე, რომ მიდიოდა ადამიანი, რომელიც ერთ დროს სიგიჟემდე მიყვარდა და ისე ავღრიალდი, ვერ მაჩერებდნენ.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”