ნუკი კოშკელიშვილი: ,,ჩემთვის დიდი სტრესი იყო, როცა ჩემი შვილი დედას და მამას ნორმალურად ვერ ამბობდა”

ნუკი კოშკელიშვილი: ,,ჩემთვის დიდი სტრესი იყო, როცა ჩემი შვილი დედას და მამას ნორმალურად ვერ ამბობდა",,სარკე”, ავთო ჩიტიძე

ამერიკაში მცხოვრები ყოფილი ტელეწამყვანი და მოდელი, ნუკი კოშკელიშვილი საზოგადოებას ვიდეოების საშუალებით სხვადასხვა საკითხზე ესაუბრება,მათ საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და რჩევებსაც იძლევა.

ნუკიმ საუბარი წამოიწყო პრობლემაზე, რომელიც მის პატარა ბიჭუნას, 3 წლის ოლივერსაც შეეხო – მას ლაპარაკის დაწყება დაუგვიანდა. როგორ შეხვდა ამ რეალობას ახალბედა დედა, ნუკი ჩვეული გულახდილობით ,,სარკეს” უყვება:

– შვილთან ურთიერთობაში ყოველთვის მნიშვნელოვანია მეტი ყურადღება. არაფერი უნდა გამოგრჩეს. იმის გამო, რომ ახალბედა დედა ვარ, სულ ვცდილობ, მობილიზებული ვიყო.

ოჯახში როდესაც იზრდება ერთი ბავშვი, ხშირად იჩენს თავს დაგვიანებული თუნდაც ლაპარაკის დაწყება. ბავშვები, რომლებიც ბაღში დადიან, უფრო სწრაფად იწყებენ ლაპარაკს. ჩემი შვილი ისე ვერ ლაპარაკობს, როგორც მისი თანატოლები, თუმცა საგანგაშო არაფერია.

ამის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც კონკრეტული დიაგნოზი, თუნდაც აუტისტური სპექტრი, ასევე სხვა უამრავი რამ. ყველაფერი ინდივიდუალურია და ზოგ ბავშვს ყოველგვარი მიზეზის გარეშე უბრალოდ გვიან უნდა ლაპარაკის დაწყება.

– როდის მიხვდით, რომ უკვე სპეციალისტისთვის უნდა მიგემართათ?

– პანდემიამ და ჩაკეტილობამ ძალიან შეუშალა ხელი ბავშვების განვითარებას. მიჯაჭვულები იყვნენ ეკრანებზე. პანდემიის პერიოდში დედებს საქმე კი არ შეუმცირდათ, მოემატათ – ბავშვის მოვლა, სახლის დალაგება, საჭმლის მომზადება და ამ დროს არის ცდუნება, მოდი, ცოტას დავისვენებ და ბავშვს ვიდეოს ჩავურთავ, რომ გაერთოსო.

4 წლამდე ბავშვისთვის დიაგნოზის დასმა არ შეიძლება, თუ არ არის აუტისტური სპექტრის ყველა თვისება გამოხატული.ხშირად არის, ბავშვი არ ლაპარაკობს და შემდეგ უცებ ერთიანად იწყებს ლაპარაკს. ამას აქლემის სინდრომს ეძახიან. ბავშვი ფეხს იდგამს, ლაპარაკს იწყებს და უცებ დაღმასვლა აქვს. ამ დროს სჭირდება მშობლის დახმარება, რომ უცებ დაძლიოს ეს ბარიერი.

-რა მომენტში წახვედით თერაპევტთან?

– ამერიკაში არსებობს სპეციალური პროგრამა იმ ბავშვებისთვის, რომლებიც არ ლაპარაკობენ. ჩვენთანაც მოვიდა ფსიქოლოგების და პედაგოგების ჯგუფი და მათ მიიჩნიეს, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ მეტ ჩართულობას მოვახდენდით ბავშვის განვითარებაში.

-ნერვიულობდით ამ პრობლემის გამო?

-ბუნებრივია, ძნელია, როდესაც ხედავ, რომ სხვა ბავშვი აკეთებს იმას, რასაც შენი ვერ აკეთებს. როცა წლინახევრის ბავშვი ლექსს ამბობს და შენი შვილი დედას და მამას ვერ იძახის ნორმალურად, ეს ჩემთვის დიდი სტრესი იყო.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”