,,დედამთილ-მამამთილმა აბორტი გამაკეთებინეს, შვილიც წამართვეს და ჯანმრთელობაც“

,,დედამთილ-მამამთილმა აბორტი გამაკეთებინეს, შვილიც წამართვეს და ჯანმრთელობაც“,,სარკე”

მე რომ ჩემს პრობლემაზე ვინმესთან მომეყოლა, იქნებ იმ ვიღაცას ეთქვა, შვილო, შენ ჭკუაზე მოდი, ასეთ რამეს ნუ აკეთებო. მორჩილად, მონურად თავწარგული ვშრომობდი ოჯახში და ყველა უსამართლობაზე თვალს ვხუჭავდი, ვტიროდი, მაგრამ ჩუმად, ვბრაზობდი, მაგრამ ხმისამოუღებლად. ახლა იმდენი რამ დამიგროვდა, ამოთქმა დავიწყე. შენ რამსიგრძე ენა გაგიხდაო, მეუბნებიან დედამთილ-მამამთილი. მეც მიკვირს, სიტყვის შებრუნებას რომ ვბედავ, მაგრამ უკვე აღარავის დავაჩაგვრინებ თავს. რაც წლები დამრჩა, მას აღარავის გავანადგურებინებ.

ჩემმა ქმარმა ცოლად რომ მომიყვანა, 20 წლის ვიყავი. დედამთილმა მითხრა, ისეთი უნდა იყო, როგორიც ჩემს ოჯახს შეეფერებაო და მეც ვცდილობდი, იმედები არ გამეცრუებინა.

ერთი შვილი გავაჩინე.მინდოდა, სამი შვილი მაინც მყოლოდა, მაგრამ ამის უფლება არ მომცეს. მამამთილიც წინააღმდეგი იყო და დედამთილიც. ამბობდნენ, შენი ქმარი გაინძრეს, ფული იშოვოს და ბავშვებზე მერე იფიქრე. სხვის კისერზე გინდათ შვილების გაჩენაო.

ორსულობა რამდენჯერმე შემაწყვეტინეს, აბორტები გამაკეთებინეს. ბოლო ორსულობა დავმალე.დედამთილმა მაინც შემატყო და იძულებული გამხადეს, ბავშვი მომეშორებინა. ბოლო აბორტმა ჯანმრთელობა წამართვა. ნაყოფი უკვე დიდი იყო და ბევრი გართულება გამოიწვია. ვმკურნალობდი, მაგრამ საჭირო იყო საშვილოსნოს ამოღება და ამომიღეს.

ჩემი მული გათხოვდა და ოთხი შვილი გააჩინა. ჩემი მამამთილი სიამაყით ამბობს ხოლმე, ჩემი შვილი გმირი ქალია, ქვეყანას ოთხი შვილი გაუჩინაო. დედამთილიც ტრაბახობს, როგორი მარჯვე და ოჯახის ქალი გაზარდა. თავში სისხლი მაწვება და ლამის გამისკდეს. მეც მინდოდა ბევრი შვილი, მაგრამ ამის უფლება არ მომცეს, უფრო მეტიც, ჯანმრთელობაც წამართვეს.