თბილისის ცენტრში გაზრდილი მაკა ძაგანია სოფლად გადასახლდა – ,,ბოსტანი, მიწა რომ არა, ამ უმუშევრობას, ამ პერიოდს ვერ გადავიტანდი”

თბილისის ცენტრში გაზრდილი მაკა ძაგანია სოფლად გადასახლდა - ,,ბოსტანი, მიწა რომ არა, ამ უმუშევრობას, ამ პერიოდს ვერ გადავიტანდი",,სარკე”, რუსუდან ადვაძე

მსახიობ მაკა ძაგანიას ცხოვრება კოვიდპანდემიამ თავდაყირა დააყენა. ქმარ-შვილთან ერთად აგარაკზე გადასახლდა და მიწათმოქმედებას მიჰყო ხელი. დედაქალაქის ცენტრში გაზრდილი ახალგაზრდა ქალი ახლა თბილისურ ჰაერს ვეღარ იტანს და ცდილობს, სოფლად ისეთი კომფორტი შეიქმნას, რომ ქალაქად დაბრუნება აღარ სჭირდებოდეს. მაკა ,,სარკეს” მოუყვა:

– ალბათ ვერ გადავიტანდი ამ პანდემიას, უმუშევრობას და საოცარ პერიოდს, რომ არ ყოფილიყო ჩემი აგარაკი, მიწა, ჩემი ბოსტანი, ყვავილები და ა.შ.

– მიწათმოქმედებაში რა შედის თქვენთვის – თოხი, ბარი, თესვა, მარგვლა?…

დიახ, ყველაფერი ჩემი ხელით მოვიყვანე. ბუნება თვითონ გაძლევს ნიშანს, რითი უნდა გამოიკვებო. დილით გავიდოდი, ბადრიჯანი დამხვდებოდა, ესე იგი, იმ დღეს ბადრიჯნისგან უნდა შემექმნა კერძი.მოვიყვანეთ,მწვანილი, ბულგარული წიწაკა…ჩემი ქმარი რომ გავიდა ბოსტანში და 20 კილო პომიდორი დაკრიფა, შოკში ჩავვარდი!

ლილოს დასახლებას რომ გამოსცდები, იქვეა ჩვენი აგარაკი. გაზრდილი ვარ თბილისში, თაბუკაშვილზე, შუა ცენტრში, სადაც, კარგად იცით,როგორი დაბინძურებულია ჰაერი, მაგრამ ეგ არასოდეს მაწუხებდა, მიჩვეული იყო ჩემი ორგანიზმი. ახლა ერთი მანქანის გამონაბოლქვიც ტვინში მირტყამს.

მიწა ყოფილა ყველაზე ძვირფასი რამ ყოფილა,ის არასოდეს დაგტოვებს მშიერს… სოფელი არასოდეს მქონია და, შესაბამისად, არც მიწასთან ურთიერთობა.  ახლა კი მივხვდი, რომ მიწასთან ურთიერთობა ყველაფერს გავიწყებს. ხელის გაუხეშება და ფრჩხილის გაშავება არც მანაღვლებს.

მიკვირს, სოფლები რომ იცლება და ქალაქში გამორბიან.ამ სიამოვნებას როგორ ცვლიან კორპუსებზე. ღმერთო, რა საშინელებაა ბეტონი,ყველგან ბეტონი!..40 წლის ასაკში ვიპოვე საკუთარი თავი,მივხვდი, რა მინდა.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”