გია აბესალაშვილი: ,,სისულელეა, რომ მსახიობი კაცები ვერ ინარჩუნებენ ოჯახს”

გია აბესალაშვილი: ,,სისულელეა, რომ მსახიობი კაცები ვერ ინარჩუნებენ ოჯახს'',,სარკე”, ია ქუთათელაძე

თუმანიშვილის თეატრის მსახიობი, გია აბესალაშვილი, სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა თეატრალურ გარემოში. სკოლის პერიოდში სუხიშვილების სტუდიაში ცეკვავდა, სწორედ იმ დროს გადაწყდა ქართული ცეკვების ანსამბლის ჩამოყალიბება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში და იქ მიიწვიეს, თან შეჰპირდნენ, რომ დაეხმარებოდნენ და უნივერსიტეტის სტუდენტიც გახდებოდა.

სწავლა სულ ახალი დაწყებული იყო, როცა ქუჩაში უცნობმა ქალებმა ფოტოები გადაუღეს, ხოლო ცოტა ხანში მიწვევა მიიღო კინოსტუდიიდან – რეჟისორი რეზო ჩხეიძე იღებდა ფილმს “წერილები ბამიდან”. გია როლზე დაამტკიცეს და 6 თვე ციმბირში, “ნია გრუზინსკაიაში” გაატარა გადაღებებზე.

თბილისში დაბრუნებულს სამუშაო სტაჟი სჭირდებოდა. რეზო ჩხეიძემ თუმანიშვილის თეატრში მოაწყო გამნათებლად. შემდეგ მიშა თუმანიშვილის რჩევით თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა და დღემდე დიდი რეჟისორის მიერ დაარსებულ თეატრს ერთგულად ემსახურება.

უამრავი როლი თეატრსა და კინოში, სატელევიზიო გადაცემები, ფილარმონიის კონცერტები, საბავშვო სტუდია “თეთრი ფარდა” – ეს არასრული სიაა გია აბესალაშვილის შემოქმედების. ისეთი დატვირთული პერიოდებიც ახსოვს, როცა ზოგიერთ წინადადებაზე უარის თქმა უწევდა. ახლა ის დრო ენატრება, განსაკუთრებით რთული კი პანდემიის პერიოდი გამოდგა.

– ბატონო გია, ცნობილია, რომ არ ფიქრობდით მსახიობობაზე, არადა თქვენი ცხოვრება ისე წარიმართა, წარმატებული მსახიობი გახდით. გაიხსენეთ ის პერიოდი.

– ნამდვილად არ მიფიქრია, მსახიობი გავმხდარიყავი. ის კი არა, სუხიშვილების სტუდიაში რომ ვცეკვავდი, ოჯახში ამასაც არასერიოზულად უყურებდნენ. მამაჩემი ხშირად მეუბნებოდა, როდის უნდა მორჩე ცეკვას და სერიოზული პროფესია აირჩიოო.

უნივერსიტეტში ყალიბდებოდა ხალხური ცეკვების ანსამბლი, რომლისთვისაც მე და ჩემი მეგობრები შეგვარჩიეს. გვითხრეს, რომ გამოცდების ჩაბარებაშიც დაგვეხმარებოდნენ. ავარჩიე ფაკულტეტი, სადაც ნაკლები კონკურსი იყო. სახელს დიდხანს ვიმახსოვრებდი – მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების ეკონომიკა და დაგეგმვა.

ჯერ კიდევ სწორად ვერ ვამბობდი ამ სახელს, რომ ქუჩაში გამაჩერა ორმა ქალმა. გამესაუბრნენ, სურათები გადამიღეს და მითხრეს, მივსულიყავი კინოსტუდიაში. აღმოჩნდა, რომ რეზო ჩხეიძე იღებდა ფილმს “წერილები ბამიდან”. ციმბირში არსებობდა პატარა ქალაქი “ნია გრუზინსკაია”, სადაც კომკავშირული საგზურებით იმყოფებოდნენ ქართველები, რკინიგზა გაჰყავდათ. ფილმი იქ უნდა გადაეღოთ.

ჩაგვსხეს მატარებელში, რომელიც 14 დღე მიდიოდა დანიშნულების ადგილამდე. ჩემთან ერთად იყო მსახიობი გურამ ლორთქიფანიძე (ლორთქია). მივდიოდით დაუსრულებლად, ფაქტობრივად არ იცვლებოდა პეიზაჟი. როგორც წესი, ვქეიფობდით ვაგონში. ბატონ გურამთან ვერ მოიწყენდი. ეს იყო ადამიანი ფეიერვერკი. იქ როცა ჩავედით, საცხოვრებლად ისევ ვაგონში დაგვაბინავეს. ორი დღის შემდეგ ლორთქიამ ჩამოსწია ფანჯარა და ვიღაც ქალს ჰკითხა, რომელი სადგურიაო. ეგონა, ისევ გზაში ვიყავით.

6 თვე გავატარეთ ციმბირში, ტაიგაში. ძალიან ლამაზია იქაურობა, თვალუწვდენელი ტყეებია. გვაფრთხილებდნენ, ტყეში მარტო არ შევსულიყავით, რადგან შეიძლება, გზა ისე დაგვბნეოდა, უკან ვერ გამოვსულიყავით. ერთხელ მე და ჩემი პარტნიორი, ლილი ხურითი, შევედით ტყეში კენკრის მოსაკრეფად. ორიენტირად ავირჩიე ტრაქტორის ხმა, რომელიც მუშაობდა. კენკრის მოგროვებით გავერთეთ, ამასობაში შესვენების დრო დადგა და ტრაქტორი გაჩუმდა. ჩვენ სხვა რა გზა გვქონდა, დავსხედით და დაველოდეთ, როდის ამუშავდებოდა, რომ იმ ხმას მივყოლოდით და გამოვსულიყავით.

თბილისში 6 თვის შემდეგ დავბრუნდი. უნივერსიტეტში რომ აღვედგინე, სამსახურის ცნობა მომთხოვეს. ისევ ბატონი რეზო ჩხეიძე დამეხმარა და სცენის გამნათებლად მომაწყო თუმანიშვილის თეატრში. ყველაფერს ვაკეთებდი, სცენის მუშაც ვიყავი, დეკორაციის ამწყობიც, გამნათებელიც. ზოგჯერ სცენაზეც მიშვებდნენ, სპექტაკლში სტატისტი მსახიობი თუ სჭირდებოდათ. სიტყვას მე ვინ მათქმევინებდა, უხმოდ შესვლა და გამოსვლა კი შემეძლო. ხან დაჭრილის, ხან გარდაცვლილის როლებსაც ვასრულებდი.

შემდეგ მიშა თუმანიშვილიც დაინტერესდა, მკითხა, შენ აქ რომ მუშაობ, სწავლის გაგრძელებას არ აპირებო. ვიუარე, თეატრალურზე სწავლა არ მინდა-მეთქი და გაგიჟდა კაცი, აბა, აქ რა გინდა, დროს რატომ კარგავ, აუცილებლად ჩააბარეო. სახლში არც მითქვამს, რომ თეატრალურში უნდა მეცადა ბედი. როგორც გითხარით, ჩემი ცეკვით გატაცება არ მოსწონდათ და მსახიობობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო.

თეატრალურში პირველივე გამოცდაზე ხუთიანი მივიღე. ვიფიქრე, იქნებ მართლა ნიჭიერი ვარ-მეთქი და გავაგრძელე. ბევრი რომ არ ვილაპარაკო, სტუდენტი გავხდი და ჩემს მსახიობობას ოჯახიც შეურიგდა.

– ინსტიტუტის შემდეგ დაბრუნდით თუმანიშვილის თეატრში.

– ინსტიტუტში ჩემი პედაგოგი ბატონი მიშა თუმანიშვილი გახლდათ. ის იყო გენიალური პედაგოგი, რომელმაც შემაყვარა ჩემი პროფესია და თეატრი. ჩვენს ჯგუფში სწავლობდნენ ლევან აბაშიძე, მიშა ჯოჯუა, თემურ გვალია, ლალი კეკელიძე, ქეთი ფეიქრიშვილი, ვახო კუხიანიძე, ლაშა კალაძე, ხათუნა მჭედლიძე. სამწუხაროდ, დღეს ზოგიერთი ცოცხალი აღარ არის. მე და თემურ გვალია შემოვრჩით თეატრს.

სტუდენტი სანამ ვიყავი, ჯარში არ წავსულვარ, შემდეგ ბატონი რეზო ჩხეიძე ახერხებდა ჩვენს დატოვებას. ბოლოს მაინც დაგვიჭირეს მე და თემურ გვალია და მამამისმა, რომელიც კომისარი იყო, გაგვიშვა ჯარში. შორს არც წავსულვართ, ცხინვალში ვმსახუ-რობდით. ჩვენთან ერთად იყვნენ ერეკლე ბადურაშვილი და დათო გოგიაშვილი.

ყველამ იცის, როგორი მძიმე 90-იანი წლები გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ. თეატრი არ თბებოდა, უმეტესწილად არ გვქონდა შუქი. სარეპეტიციო დარბაზში ,,სალიარკის” ერთი ღუმელი დავდგით, რომელზედაც ჩაიდანში მუდმივად დუღდა წყალი. იჯდა ბატონი მიშა შეფუთული, პალტოთი, ქუდით, ორი კაშნეთი, ხვრეპდა ცხელ უშაქრო ჩაის და ასე ატარებდა რეპეტიციებს. ჩვენ კი, ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდები, არც სიცივეს ვგრძნობდით, არც შიმშილს.

იმ წლებში უამრავი შედევრი დადგა თუმანიშვილმა, რომლითაც ნამდვილად იამაყებს ნებისმიერი თეატრი. ბატონ მიშასთან ურთიერთობა ზეიმი იყო. იმდენ რამეს ვსწავლობდი, ვფიქრობდი, აქამდე სად ვიყავი-მეთქი. ალბათ არც შეიძლებოდა, სხვაგან ასე დამენახა, ასე მესწავლა ცხოვრება. მის პროფესიონალიზმზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

– თქვენ ის თაობა ხართ, რომელიც მოესწრო ეროსი მანჯგალაძეს, გოგი გეგეჭკორს და სხვებს. როგორ გახსენდებათ ისინი?

– ბუმბერაზი მსახიობები, პირველ რიგში, დიდი ადამიანები იყვნენ. თეატრში ერთ საგრიმიოროში ვიყავით ეროსი მანჯგალაძე, გოგი გეგეჭკორი, ვანიჩკა საყვარელიძე. საგრიმიორო ისეთი პატარა იყო, ძლივს ვეტეოდით. ისინი რომ ოთახში იყვნენ, ჩვენ ვერც ვბედავდით შესვლას. დაგვინახავდნენ თუ არა, წამოდგებოდნენ და გვეტყოდნენ, აბა, ბიჭებო, ნუ გერიდებათ, შემოდით და გრიმი გაიკეთეთო.

ერთხელ ბორია წიფურიამ რუხში გააკეთა დიდი ზეიმი გეორგიევსკის 200 წლისთავთან დაკავშირებით. ეროსი წამყვანი იყო. მითხრა, თეატრში მაინც არ ხარ დატვირთული, წამოდი, ერთი ლექსი წაიკითხე, თან ჩვენთან იქნები და ბევრ კარგ რამეს ნახავო. სიხარულით წავყევი. ღონისძიების შემდეგ დიდი ლხინი გაიმართა, ნამდვილი დაუვიწყარი სანახაობა.

იქიდან მატარებლით წამოვედით. სამტრედიაში ბატონი ეროსი ჩავიდა. მატარებელი დიდი ხნით გაჩერდა. ბაქანზე ქალი ხვეტდა ფოთლებს. ჩვენ ეროსის სიმღერით ვაცილებდით. იგი მივიდა დამლაგებელ ქალთან, მოხვია ხელები, აიტაცა და მასთან ცეკვით ჩამოუარა ბაქანს. ასეთი იყო – უბრალო და ძალიან დიდი.

– არსებობს აზრი, რომ მსახიობი მამაკაცები ნაკლებად არიან ერთგულები და ხშირად ვერ ინარჩუნებენ ოჯახს. თქვენ გაქვთ მყარი ოჯახი. რა არის თქვენი ოჯახის მთავარი ღირებულება?

– ეს აზრი სისულელეა. მე ბევრი მინახავს არამსახიობი და მრავალცოლიანი, დღეს ერთთან არიან, ხვალ მეორესთან, ზეგ მესამეს ეპოტინებიან. ასეთი ადამიანებისთვის ერთგულებაც უცხოა და ეტყობა, არასრულფასოვნების კომპლექსი სტანჯავთ.

მე ოჯახშიც გამიმართლა ისევე, როგორც ბევრ სხვა რამეში. მე და ჩემი მეუღლე სიყვარულით შევუღლდით. ოჯახი ისე როგორ იარსებებს, ზოგჯერ უსიამოვნება არ მოხდეს, მაგრამ ძირითად თემებზე ყოველთვის თანხმობა გვაქვს. ერთადერთი, რაც აკლდა, იყო ის, რომ ჩემი პროფესია დიდ დროს მართმევდა, მეუღლეს კი უნდოდა, ყოველთვის გვერდით ვყოლოდი. ვთვლი, რომ ნორმალური ქართული ოჯახი გვაქვს.

ორი ქალიშვილი მყავს. ძალიანაც არ მინდოდა, მაგრამ უმცროსმა მსახიობობა აირჩია. ერთი წელია ონლაინ სწავლობს. ვფიქრობ, ყველაფრის სწავლა შეიძლება, მაგრამ მსახიობი ონლაინ როგორ უნდა გახდე, ვერ წარმომიდგენია.