მაია ასათიანი: ,,პირადი ცხოვრება მაქვს, მაგრამ ოჯახის შექმნა არ მინდა”

მაია ასათიანი: ,,პირადი ცხოვრება მაქვს, მაგრამ ოჯახის შექმნა არ მინდა",,სარკე”, ავთო ჩიტიძე

ტელეჟურნალისტ მაია ასათიანს სულ რამდენიმე დღე დასჭირდა, რომ ,,რუსთავი 2″-ში 20 წლიანი ცხოვრება დაესრულებინა და თავის გუნდთან ერთად “TV პირველზე” გადასულიყო. ახალ არხზე გადასვლის ტემპი იმდენად სწრაფი იყო, რომ საკუთარ თავს ემოციებში ჩაფლვის უფლება ვერ მისცა.

ყოველთვის ამბობს, რომ ნებისმიერი კრიზისი უფრო აძლიერებს. მან შეძლო ყველაზე დიდ ტრაგედიასთან – ერთადერთი შვილის, ნუცას, დაკარგვასთან, ერთად ცხოვრება. ამის მერე რა უნდა ყოფილიყო, რომ ვერ მორეოდა?! რთული ცხოვრებისეული ეტაპისა და ახალი გამოწვევების შესახებ მაიამ ,,სარკესთან” ისაუბრა.

– ასეთ დიდ ცვლილებებს კარიერაში მოჰყვა თუ არა თქვენს ცხოვრებაშიც ერთგვარი განახლება?

– წლებთან ერთად ვისწავლე საკუთარი თავის მართვა. ვაკეთებ მხოლოდ იმას, რისი გაკეთებაც მსიამოვნებს, ვერიდები ტოქსიკურ ადამიანებს. ჩემი მიკროსამყარო შევქმენი.

მიყვარს მცენარეები და სიმწვანე. დიდ სიამოვნებას მანიჭებს მათი დარგვა და მოვლა. მიყვარს ასევე ცხოველები. მოკლედ, პატარა სამოთხე მოვიწყვე. სახლში 45 კვ მეტრი ფართობის ეზო მაქვს, სადაც ვფუსფუსებ.

-ინტერვიუს თქვენს ახალ სახლში ვწერთ. რა მოთხოვნები გქონდათ, როდესაც ახალი ცხოვრების დასაწყებად ახალ სახლს ეძებდით?

– ზუსტად ვიცოდი, რომ იმ სახლში, სადაც მე და ნუცა ვცხოვრობდით, მისი დაკრძალვის შემდეგ ვეღარ გავჩერდებოდი, რადგან ყველაფერი მოგონებებთან იყო დაკავშირებული და ძალიან მტკივნეული იყო. დაკრძალვიდან სამი დღის შემდეგ ვუთხარი ჩემს მეგობრებს, რომ სახლი უნდა გამეყიდა და დამხმარებოდნენ.

-წამოიღებდით იმ ნივთებს, რომლებიც ტრაგედიამდე ცხოვრებას გაგახსენებთ.

-ყველაფერი იქ დავტოვე, გარდა ძალიან პირადი ნივთებისა. ჩავალაგე ერთი ჩემოდანი და ისე წამოვედი. იმ სახლში ყველა ნივთი დაკავშირებული იყო ჩემს მთავარ ტკივილთან. აქ ცხოვრება ახლიდან დავიწყე.

-პირად ცხოვრებაში რა ეტაპია ?

-ამ ეტაპზე ჩემი სრულყოფილი ცხოვრებისთვის სულ არ არის საჭირო ხელზე ბეჭედი, რადგან ასე კარგად ვგრძნობ თავს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირადი ცხოვრება არ მაქვს. ბევრს უკვირს, რატომ არ ვიღებ ოჯახის შექმნის გადაწყვეტილებას. უბრალოდ, არ მინდა, რადგან მიყვარს საღამოობით ჩემს ბაღში მარტო ჯდომა. როცა ჩემს ცხოვრებაში რაღაც ისტორია მთავრდება, შემდეგ უკვე შემიძლია ამაზე ხმამაღლა საუბარი. ახლა ეს ეტაპი არ არის.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”