ინგა თევზაძე: ,,ნინო რამიშვილი მე და თენგიზს სიყვარულს გვიკრძალავდა”

ინგა თევზაძე: ,,ნინო რამიშვილი მე და თენგიზს სიყვარულს გვიკრძალავდა",,სარკე”

თენგიზ სუხიშვილის მეუღლე, ინგა თევზაძე ,,სარკესთან” თავისი სიყვარულის ამბავს ყვება:

– ბათუმში მამასთან ერთად ორი კვირით ვისვენებდი. სანაპიროზე ვისხედით და ჟურნალ-გაზეთებს ვკითხულობდით. თენგიზი მოგვიახლოვდა, მოგვესალმა და გაზეთი გვთხოვა. შევხედეთ ერთმანეთს, მოგვეწონა და შეგვიყვარდა კიდეც. მაშინ გავიცანი. ქალბატონი ნინო 52 წლის იყო, თენგიზი – 22-ის, მე – 17-ის. დაველაპარაკეთ ერთმანეთს, მათ ძალიან მოვეწონე და შემომთავაზეს მათთან ანსამბლში მისვლა. იმხანად სხვანაირი სიტუაცია იყო. სუხიშვილების ანსამბლში გოგონების ცეკვა ბევრად მარტივი იყო, ვიდრე ვაჟების. გოგონები მხოლოდ გარეგნობით ფასდებოდნენ.

ილიკოს ძალიან ბევრი გოგო ჰყავდა ქუჩიდან მიღებული. დაინახავდა გოგოს, მოეწონებოდა და თავისთან იწვევდა. ჯერ კოსტიუმებს არგებდნენ იმიტომ, რომ ქართული კოსტიუმი ცოტა ძნელი მოსარგებია, ძნელად თუ უხდება ვინმეს…

ჩამაცვეს კაბა, გამომაწყვეს. ჩაცმული ძალიან მოვეწონე ქალბატონ ნინოს და მითხრა, ხვალიდან რეპეტიციებზე ივლიო. ერთ კვირაში რუსთავში კონცერტი ჰქონდათ და უკვე სცენაზე ვიდექი. მას მერე დავრჩი და დავრჩი.

1960 წლის დეკემბერში მივედი ანსამბლში და 1968 წელს გავთხოვდი. შეიძლება ახლანდელ ახალგაზრდებს გაუკვირდეთ კიდეც, მაგრამ მაშინ ასე იყო მიღებული, ჩვენი მშობლების დროსაც 5 წელი მაინც ხვდებოდნენ ერთმანეთს და მერე ქორწინდებოდნენ. ჩვენ არ გვქონდა გადაწყვეტილი ოჯახის უცებ შექმნა.

– ქალბატონი ნინო როგორ შეხვდა ამ ამბავს?

– მოგეხსენებათ, ანსამბლში დიდი სიმკაცრე და წესრიგი იყო. ქალბატონ ნინოს არ მოსწონდა, როცა ანსამბლის წევრებს შორის რამე ხდებოდა, ასეთივე მკაცრი იყო შვილის მიმართაც. არ მოსწონდა ჩვენი ხშირი ურთიერთობა და გვითხრა კიდეც, თქვენ ძალიან შეტოპეთ და ეს არ მომწონსო.

ერთხელ, ავსტრიაში გასტროლებზე ყოფნისას, დანიშნულ დროს 5 წუთი გადავაცილეთ. დგას ავტობუსი, ყველა ადგილზეა და ჩვენ არ ვართ. მე და თენგიზი კინოში შევედით. ვერ განვსაზღვრეთ დრო და 5 წუთი დაგვაგვიანდა. ატყდა ერთი ამბავი, ეს არაფრით შეიძლებოდა. ქალბატონმა ნინომ თენგიზს უთხრა: ,,დაიმახსოვრე: შენც ანსამბლის ისეთივე წევრი ხარ, როგორიც დანარჩენები, სამსახურში შენ ჩვენი შვილი არ ხარ და ამისთანა რამეს ადგილი აღარ ჰქონდეს!”.

ჩვენს დაქორწინებას ქალბატონი ნინო და ბატონი ილიკო ნორმალურად შეხვდნენ. ორივეს ძალიან ვუყვარდი, სასურველი რძალი ვიყავი. უბრალოდ, მათ არ მოსწონდათ ჩვენი ასეთი გატაცება ერთიმეორით, რადგან ეს ხელს უშლიდა პროფესიუოლ საქმიანობას. ყველასთვის იყო აკრძალული, ჩვენთვისაც და მორჩა! თუმცა ანსამბლში ბევრი წყვილი დაქორწინდა.

,,სარკე