ალექსანდრე გოგინავა: ,,გული მწყდება, რომ მამა ჩემს შვილს ვერ მოესწრო”
,,მართლა ყველანაირი კანონზომიერება დაირღვა.''

ალექსანდრე გოგინავა: ,,გული მწყდება, რომ მამა ჩემს შვილს ვერ მოესწრო",,სარკე”, რუსუდან ადვაძე:

რამდენიმე თვის წინ ფოთში ცნობილი თერაპევტი, გია გოგინავა, გარდაიცვალა. მიზეზი კორონავირუსი გახდა. ის ასევე ცნობილი ინფექციონისტის, ალექსანდრე გოგინავას, მამა იყო. მამა-შვილი საქართველოში კორონას დაფიქსირების პირველივე დღეებიდან ჩაებნენ ვირუსთან ბრძოლაში და უამრავი ადამიანის სიცოცხლე იხსნეს, მაგრამ ექიმს ვერც საკუთარმა გამოცდილებამ უშველა და ვერც შვილის დახმარებამ…

ბატონი ალექსანდრე ,,სარკესთან” ყვება:

_ მამას 35 წლიანი სტაჟი ჰქონდა თერაპევტად მუშაობის. ბევრ კარგ საქმეს აკეთებდა თავისი ქალაქისთვის და ადამიანებისთვის. პაციენტს, რომელსაც მასთან მისვლა არ შეეძლო, მამა თავად აკითხავდა და ხშირად შეუძენია მისთვის მედიკამენტი. ასეთმა ქცევებმა განაპირობა ჩემი არჩევანი.

თავადაც შეგვხდათ კორონავირუსი.

მეც საკმაოდ მძიმედ გადავიტანე. პნევმონია მქონდა, ჟანგბადის მოწოდება მჭირდებოდა…ეს ვირუსი ბოლომდე შესწავლილი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს სწორად აკეთებ, ზოგჯერ მაინც პროგრესირებადი ხდება. მამას არც ქრონიკული თუ ფონური დაავადება ჰქონია. ჯანმრთელი და აქტიური ადამიანი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ დროულად მოხდა ყველანაირი ჩარევა, აუხსნელად წარიმართა ყველაფერი და წუთი არ გავა, ამაზე არ ვიფიქრო. ბევრ ვარიანტს განვიხილავ, მაგრამ პასუხი მაინც არ მაქვს.

ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მდგომარეობა თითქოს სტაბილური იყო და მე-10 დღის შემდეგ დაიწყო მდგომარეობის დამძიმება. განვითარდა ფილტვების ანთება, სუნთქვის უკმარისობა და შემდეგ უკვე გადმოვიყვანეთ თბილისში.

ამ ყველაფერს დაერთო ინფარქტი, გულის დაზიანება, რამაც თავისი როლი ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ ინფარქტის კუთხით მდგომარეობა დასტაბილურდა, ფილტვების დაზიანების ხარისხმა იმატა და სამწუხაროდ დამთავრდა ყველაფერი.

მამა ხვდებოდა, რომ ყველაფერი ცუდად მიდიოდა?

– რეალურად აფასებდა მდგომარეობას. ალბათ ამანაც ნეგატიურად იმოქმედა მასზე. პარამეტრებს უყურებდა, ხვდებოდა, რომ არ იყო საქმე კარგად და ნერვიულობდა, თუმცა მაინც ბოლომდე იბრძოდა. ვფიქრობდით, რომ მამა უნდა გადარჩენილიყო, მაგრამ მართლა ყველანაირი კანონზომიერება დაირღვა.

– თქვენს ცოლსაც ხომ არ ჰქონდა კოვიდი?

– მან მსუბუქად გადაიტანა. მაშინ უკვე ფეხმძიმედ იყო. საბედნიეროდ, ეს ვირუსული ინფექცია არ აზიანებს ნაყოფს…

ძალიან მწყდება გული, რომ მამაჩემი ვერ მოესწრო შვილიშვილს. უხაროდა, რომ შვილიშვილი ეყოლებოდა და მინდოდა, ამ ბედნიერებას მოსწრებოდა. ათმაგად გულსატკენია, რომ ვერ მოვერიეთ ვერაგ ვირუსს. ჩემი შვილი მისთვის პირველი შვილიშვილი უნდა ყოფილიყო.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ,,სარკეში”