გოგა მესხის დედა: ,,ჩემი მეუღლე გაქრა, ჩემთვის სამყარო ჩამოიქცა” – საბჭოთა ესტრადის ვარსკვლავის ცხოვრების გზა

გოგა მესხის დედა: ,,ჩემი მეუღლე გაქრა, ჩემთვის სამყარო ჩამოიქცა" - საბჭოთა ესტრადის ვარსკვლავის ცხოვრების გზა,,სარკე”, ია ქუთათელაძე

გასული საუკუნის 70-იან წლებში თბილისში შესანიშნავი საესტრადო ანსამბლი ,,აისი” შეიქმნა, რომლის სულისჩამდგმელი და დამაარსებელი საცირკო-საესტრადო სასწავლებლის ხელმძღვანელი და ფილარმონიის მთავარი რეჟისორი, ხელოვნების დამსახუ-რებული მოღვაწე, გაიოზ ქართველიშვილი გახლდათ. ანსამბლს მრავალფეროვანი რეპერტუარი ჰქონდა – საესტრადო სიმღერები, ჯაზური კომპოზიციები, ცეკვები, საესტრადო-გასართობი ნომრები…

ანსამბლის მომღერლები ძირითადად საცირკო-საესტრადო სასწავლებლის კურსდამთავრებული, ნიჭიერი გოგონები იყვნენ. მათ შორის გამორჩეული გახლდათ ნანა ცისკარიძე, რომელსაც უცხოეთში კონცერტების წაყვანასაც ანდობდნენ. თავისი გარეგნობით, ხმითა და მეტყველებით გამორჩეული გოგონა მსმენელს პირველივე წუთიდან ატყვევებდა. ნანამ ანსამბლთან ერთად მსოფლიოს 25 ქვეყანა მოიარა.

ლამაზი გოგონა საქართველოს ტელევიზიის დიქტორად მიიწვიეს, ჰქონდა საუკეთესო ოჯახი და ბედნიერი იყო, მაგრამ 1993 წელს ერთბაშად და მოულოდნელად ყველაფერი შეიცვალა – აფხაზეთის ომმა საყვარელი მეუღლე, ზურაბ მესხი, წაართვა.

დრო გავიდა, ნანას ერთადერთი ვაჟიშვილი გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ დედას შვილი სცენისთვის არ ემეტებოდა, გენეტიკამ თავისი გაიტანა და დღეს გოგა მესხი უკვე ცნობილი მომღერალი და რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალის გრან პრის მფლობელია.

წარსულის საუკეთესო ფრაგმენტებს და დღევანდელობას ნანა ცისკარიძე ,,სარკესთან” იხსენებს:

– ბედნიერი ბავშვობა მქონდა. დავიბადე და გავიზარდე ლამაზ, ჯანსაღ გარემოში. სამი ვაჟის შემდეგ ჩემს მშობლებს გოგო შეეძინათ და ყველანი მანებივრებდნენ.

თბილისური, გულიანი ეზო გვქონდა. დღეს ლეგენდადქცეული დიდი ჯანო ბაგრატიონი და თბილისის ტრუბადური, კომპოზიტორი გოგი ცაბაძე, ჩვენი მეზობლები იყვნენ. ეზოში ლამაზი ფაცხა იდგა და ყოველ შაბათს მთელი სამეზობლო იქ იკრიბებოდა. ყველა ოჯახი თავის ნახელავ გემრიელობებს ამატებდა და დილამდე ისმოდა ულამაზესი, გულშიჩამწვდომი სიმღერები.

სიმღერა როდის დავიწყე, არ მახსოვს. მგონი, რაც გავჩნდი, იმის შემდეგ სულ ვმღეროდი. ერთხელაც სახლში მარტო ვიყავი და გათამამებულმა დავიწყე ხმამაღლა სიმღერა. რაც ვიცოდი, ყველაფერი ჩამოვაბულბულე ეშხში შესულმა. თურმე ფაცხაში ბატონი ჯანო და ბატონი გოგი ისხდნენ და მისმენდნენ.

ეზოში ყველა ბავშვზე პატარა ვიყავი და მეტსახელად ბატონმა ჯანომ პიტა ნანა დამარქვა. ჰოდა, ახლა ეს პიტა ნანა ისე მღეროდა, მათაც კი მოაწონა თავი. საღამოს მამასთან მოვიდნენ და უთხრეს, ნანა ისეთი ხმის და ნიჭის პატრონია, აუცილებლად მომღერალი უნდა გამოვიდესო. სიმბოლურად გზაც კი დამილოცეს. შეიძლება ითქვას, რომ ამ ორი ულამაზესი ადამიანის ნათლული ვარ სცენაზე.

მაშინ საცირკო-საესტრადო სასწავლებელი ახალი დაარსებული იყო. ასეთი სულ სამი სასწავლებელი არსებობდა საბჭოთა კავშირში – მოსკოვში, ლენინგრადსა და თბილისში. ეს კი შესანიშნავი ხელოვანის, უნიჭიერესი შემოქმედის, გაიოზ ქართველიშვილის დამსახურება გახლდათ.

საქვეყნოდ ცნობილი პედაგოგები გვყავდა. ყველას ვერ დავასახელებ, საკმარისია გითხრათ მერი შილდელი, გოგი ცაბაძე, რეზო ლაღიძე, ლეო ანთაძე… აქვე ვიტყვი, რომ ისეთი პროფესიონალი, მახვილი თვალის და დახვეწილი გემოვნების ადამიანი, როგორიც ბატონი გაიოზი ბრძანდებოდა, ცოტა თუ შემხვედრია ცხოვრებაში. უდიდესი როლი მიუძღვნის ქართული ფილარმონიის წინსვლასა და წარმატებებში. თუ ვინმეს ეკუთვნის ფილარმონიის წინ ვარსკვლავის გახსნა, ეს ბატონი გაიოზია.

საქართველოში უკვე არსებობდა ანსამბლები: “რერო”, “დიელო”, “ორერა”, ,,ივერია”. ბატონმა გაიოზმა გადაწყვიტა, თავისი სასწავლებლის კურსდამთავრებული, ნიჭიერი ახალგაზრდებისგან ანსამბლი “აისი” ჩამოეყალიბებინა, რომელიც განსხვავებული იქნებოდა. ეს განსხვავება კი გამოიხატებოდა იმით, რომ ძირითადი შემადგენლობა გოგონები ვიყავით, რომლებიც ვმღეროდით, ქართულ ცეკვებს ვასრულებდით. ასევე იყვნენ იუმორისტები შესანიშნავი ნომრებით. ერთი სიტყვით, ძალიან საინტერესო და წარმატებული გამოდგა ბატონი გაიოზის ეს ჩანაფიქრი.

– ორჯერ გახდით საკავშირო კონკურსის ლაურეატები, მოგზაურობდით საზღვარგარეთ, გქონდათ უამრავი კონცერტი. ამაზეც გვიამბეთ.

– ყველას კარგად მოეხსენება, რომ გასული საუკუნის 70-იან წლებში, როცა ჩვენ დავიწყეთ მოღვაწეობა, არსებობდა დიდი და მძლავრი საბჭოთა კავშირი და მის დედაქალაქ მოსკოვში იღებდნენ ყველა გადაწყვეტილებას, მათ შორის კულტურის სფეროშიც. ესტრადის პროფესიონალ შემსრულებელთა კონკურსს, რომელიც მოსკოვში იმართებოდა, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.

ამ კონკურსში გამარჯვებისათვის უამრავი კოლექტივი იბრძოდა. ჩვენ პირველი ადგილის მფლობელები ორჯერ გავხდით და მთელმა საბჭოთა კავშირმა გაგვიცნო. ყველა პოპულარული გადაცემა, რაც იმ დროს მოსკოვის ტელევიზიასა და რადიოში არსებობდა, ცდილობდა, სხვისთვის დაესწრო ჩვენი მიწვევა. მიგვიპატიჟეს კრემლის ყრილობათა დარბაზში ბანკეტზე, რომელსაც მთელი პოლიტბიურო და თავად გენერალური მდივანი ლეონიდ ბრეჟნევიც კი ესწრებოდა. ჩვენთან ერთად იყვნენ ალა პუგაჩოვა, გენადი ხაზანოვი და რაიმონდ პაულსი.

მერე დაიწყო დაუსრულებელი კონცერტები, გასტროლები საზღვარგარეთ. მსოფლიოს 25 ქვეყანა შემოვიარეთ. ავღანეთში მეფის სასახლეში მიგვიწვიეს და მეფის და მისი ოჯახის წევრებისთვის გავმართეთ კონცერტი.

კუბაში კონცერტებს ფიდელ კასტრო დაესწრო. ორგანყოფილებიან კონცერტს ყოველთვის ქართული ცეკვით ვამთავრებდით. კუბელებს თავადაც საოცარი ქალები ჰყავთ, მაგრამ ჩვენი გოგონების სილამაზით ისე მოიხიბლნენ, ყველას სახელი და გვარი ზეპირად ისწავლეს და დარბაზში მათ სახელებს გაჰყვიროდნენ. ისე დიდხანს გვიკრავდნენ ტაშს, ფარდა ხუთ-ექვსჯერ იხურებოდა და იხსნებოდა.

– ვიცი, რომ თქვენი ქმარიც ანსამბლის წევრი იყო. როგორია თქვენი სიყვარულის ისტორია?

– ზურა პირველ კურსზე გავიცანი. ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება. ძალიან ნიჭიერი იყო, დიდი იუმორის მქონე, შესანიშნავად მღეროდა, ცეკვავდა. ანსამბლშიც ერთად ვიყავით.

საერთოდ, გამორჩეული ოჯახი ჰქონდათ მესხებს, ყველანი საუცხოოდ მღეროდნენ. ზურა ანსამბლის, სამეგობროს სული და გული იყო.  ლხინი და სუფრა მის გარეშე წარმოუდგენელი იყო.

ერთი ვაჟი შეგვეძინა. დღეს ბევრი იცნობს ჩემს შვილს, როგორც მომღერალ გოგა მესხს. სიყვარულით სავსე, ბედნიერი ოჯახი გვქონდა. მოგეხსენებათ, 90-იან წლებში საქართველოში რა რთული სიტუაცია იყო. დაიწყო აფხაზეთის ომი, რომელმაც უამრავი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. ზურა ძალიან წუხდა, ამბობდა, ჩვენ, ზრდასრული კაცები, აქ ვართ და ომში პირტიტველა ბიჭები იხოცებიანო.

ერთ დღესაც გამოგვიცხადა, მე და ბიძინა მახარაძე ზურა კობეშავიძის აგარაკზე მივდივართ, ახალი იუმორისტული ნომერი უნდა მოვამზადოთო. წავიდა და წავიდა. თურმე ომში წასულა. ძალიან ვინერვიულეთ. მაინც იმედიანად ვიყავით და ველოდებოდით. 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა და ზურას კვალიც დაიკარგა. ასე უგზო-უკვლოდ გაქრა ჩემი მეუღლე და ჩემი ბედნიერებაც დასრულდა.

ახალი დაწყებული მქონდა საქართველოს ტელევიზიაში დიქტორად მუშაობა. ჩემთვის სამყარო ჩამოიქცა და აღარაფერი მინდოდა. ანსამბლიდანაც წამოვედი და ტელევიზიიდანაც. ერთი წელი ფაქტობრივად სრულიად სიბნელეში, უდიდეს მწუხარებაში გავატარე. რომ არა ჩემი მეგობარი, მომღერალი მალალო ლორთქიფანიძე, რომელსაც ერთი დღე არ მივუტოვებივარ, არ ვიცი, როგორი იქნებოდა ჩემი ყოფა.

მან და მეგობრებმა გამომიყვანეს ტრანსიდან, მიმიყვანეს ანსამბლ “თაიგულში” და თავიდან დამაყენეს სცენაზე. სცენამ და მეგობრებმა გადამატანინეს ეს დიდი ტრაგედია. ჩემთვის 27 სექტემბერი არის ორმაგი თარიღი, ბედნიერების დასაწყისი, რადგან 27 სექტემბერს შევუღლდით და ბედნიერების დასასრულიც, რადგან 27 სექტემბერს ჩემი მეუღლე გაქრა.

– ბევრმა იცის თქვენი შვილის სახელი და გვარი. გოგა მესხი დღეს შემდგარი მომღერალია. როგორ გაზარდეთ მარტოხელა დედამ, როდის დაიწყო სიმღერა?

– გოგა მარტომ გავზარდე და, რომ იტყვიან, მზე და მთვარე მასზე ამომდის. უზომოდ მადლობელი ვარ ჩემი მაზლის, მამუკა მესხის, რომელმაც გოგას უმამობა არ აგრძნობინა და მუდმივად გვერდით მედგა მის აღზრდაში.

კარგად ვიცი, როგორია ხელოვანის გზა, რთული, ძნელად გასავლელი, გულისტკენაც ბევრია და იმედგაცრუებაც. ამ გზაზე სავალად არ მემეტებოდა შვილი და თითქოს შევძელი კიდეც, უარი ეთქვა თავის სურვილზე, მომღერალი გამოსულიყო. სამედიცინო ინსტიტუტში ჩააბარა სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე, კარგად სწავლობდა. მესამე კურსზე იყო, რომ გამომიცხადა, რა ვქნა, დედა, არ არის ეს ჩემი საქმეო და გამოვიდა. თეატრალურ უნივერსიტეტში ჩააბარა.

გოგა ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, როცა ზაზა წურწუმიამ ანსამბლი “ვივო” შექმნა და იქ დაიწყო სიმღერა. მონაწილეობდა სატელევიზიო პროექტებში: “ვარსკვლავების აკადემია”, “ჯეოსტარი”, “ერთი ერთში”. ამჟამად ჯანსუღ კახიძის სახელობის ორკესტრის შემადგენლობაშია მაკა ზამბახიძესთან, ნეკა სებისკვერაძესთან და გიორგი სუხიტაშვილთან ერთად ვატო კახიძის შესანიშნავ პროექტებში მონაწილეობს.

გოგა ძალიან მორიდებულია, წინ გამოხტომას ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს. არადა ოთხი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია, არის ევროპის სახე. ყოველთვის მიკრძალავს ვინმეს შეწუხებას. მეუბნება, არ მინდა, მიცნობდნენ, როგორც ნანა ცისკარიძის შვილს, მინდა, მიცნობდნენ ჩემი ნიჭითა და შესაძლებლობებით, როგორც გოგა მესხსო.

ერთი შვილიშვილი მყავს, ოქროსფერთმიანი ელენიკო, ბაჯაღლო ბედნიერება, რომელმაც თავიდან შემაყვარა სიცოცხლე.

საქვეყნოდ ცნობილი ბალერონი ნიკოლოზ ცისკარიძე თქვენი უახლოესი ნათესავია. გვიამბეთ მის შესახებაც.

– ნიკოლოზის ბაბუა და მამაჩემი ძმები იყვნენ. დედამისი, ლამარა, ჩემს უფროს დად ითვლებოდა. ლამარა უნიჭიერესი იყო, სკოლა ოქროს მედალზე ჰქონდა დამთავრებული, ინსტიტუტი – წითელ დიპლომზე. ჩემს სკოლაში ფიზიკას ასწავლიდა. ისეთი მკაცრი იყო, მის ყველა გაკვეთილზე საუკეთესოდ მომზადებული მივდიოდი, პატარა შეცდომასაც არ მაპატიებდა. ნიკასაც მკაცრად ზრდიდა.

ნიკა სულ პატარა იყო, ბალეტზე სიარულის სურვილი რომ გაამჟღავნა. გაგიჟდნენ ცისკარიძეები, ჩვენი მამაკაცებიდან ყველა მღეროდა, ცეკვავდა და ქეიფობდა, ბალერონი ცისკარიძე არაფერში გვჭირდებაო. ლამარაც ძალიან დაკავებული იყო სკოლაში და ინსტიტუტში მუშაობით, ნიკას სატარებლად დრო არ ჰყოფნიდა. ბიჭს იმდენად უნდოდა ბალეტზე სიარული, დედას სთხოვა, შენ ერთხელ მიმიყვანე, მერე მე თვითონ ვივლიო და მაშინდელი პავლოვის ქუჩიდან პლეხანოვის გამზირზე ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მარტო დადიოდა.

7 წლის იყო, ოპერის თეატრში ჭაბუკიანმა საბალეტო სპექტაკლი რომ დადგა. ნიკას სამწუთიანი პარტია ჰქონდა.  ლამარამ დამირეკა ტირილით, ნიკა სამი წუთი ცეკვავდა და ხუთი წუთი დარბაზი ტაშს უკრავდა, დიდ დანაშაულს ჩავიდენ, ეს ნიჭი რომ დავუკარგოო. სწორედ ამის მერე გადაწყვიტა, მოსკოვში წაეყვანა. იქ არანაირი სანაცნობო არ ჰყავდა, ნიკამ ყველაფერს თავისი ნიჭით მიაღწია.

,,დიდ თეატრში” როცა უნდა აეყვანათ, გვარის გამოცვლა სთხოვეს. დარეკა და გვითხრა, მეუბნებიან, გვარი გამოიცვალეო. მერე შენ რას ფიქრობ-მეთქი, ვკითხე. რას ამბობ, ნანა, სულ რომ არ მაცეკვონ, ჩემს ქართულ გვარ-სახელს არ გამოვიცვლიო.

ნიკას პაპა იურისტი იყო, მამაჩემიც. თავის უზომოდ დაკავებულ სცენურ ცხოვრებაში მაინც გამონახა დრო და იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. ამაყობდა, ცისკარიძეების ტრადიცია გავაგრძელეო. ძალიან თბილია და  მოსიყვარულე. როცა გოგამ მომღერლობა აირჩია, მითხრა, ნანა, გამოუშვი ჩემთან, ხომ იცი, ყველას ვიცნობ, ვარსკვლავად ვაქცევო. ვუთხარი, რას ამბობ, ნიკა, შენ თითქმის დაკარგული ხარ, ახლა ეს ერთადერთი იმედიც დამეკარგება-მეთქი და არ გავუშვი.

მამაჩემი, მისი პაპა და დედამისი ერთად არიან დაკრძალული, ამიტომ ჩვენ ერთად გავდივართ საფლავებზე. ნიკას უზომოდ უყვარდა დედა და დღემდე ტირის მისი გახსენებისას.

– როგორ აისახა პანდემია და საქართველოში შექმნილი ფინანსური კრიზისი თქვენს ცხოვრებაზე?

– რაც შეგვიძლია, ვიცავთ რეგულაციებს. როგორც ყველას, ჩვენც შეგვიმცირდა შემოსავალი, რადგან გოგას კონცერტები არ აქვს და გაჩერებულია.

მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ხელისუფლებას. წლების განმავლობაში დავიწყებული იყო ომში დაღუპული მებრძოლების ოჯახები, ამ ხელისუფლების პირობებში კი დაგვენიშნა პენსია, რომელიც შეიძლება ვიღაცისთვის ბევრი არ იყოს, მაგრამ ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი და საკმარისია.