პოეტი, მთარგმნელი, აღმოსავლეთმცოდნე, გიორგი ლობჟანიძე, მოცეკვავე თეა დარჩიას მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს ფეისბუქწერილით ეხმაურება და წერს:,,ამ თეა დარჩიას ,,გამოცეკვებას” ყურადღებას არ მიაქცევდა ადამიანი, რომ არ იყოს საშინელი ტენდენცია ყოველივე მუსლიმურის, რბილად
რომ ვთქვათ, ,,უცხოდ”, ,,მიუღებლად” და მტრულად გამოცხადებისა.
საქმე იქამდეც კი მიდის, რომ ერთ-ერთი გამომცემლობის სარეკლამო გვერდზე, სადაც გამომცემლობა თანამედროვე ირანელი მწერალი ქალის ძალიან კარგი თარგმანის გამოცემას გვაუწყებს, ვიღც იუზერი წერს: ,, ვაი, საცოდაო საქართველო?! საით მიექანებიი?! ირანელების თარგმნაღა გვაკლდა?!”
ნუ გაუმხელთ ამ საწყალს, რომ ირანელების თარგმანის ტრადიცია ჩვენში საუკუნეებს ითვლის, ხოლო მეთორმეტე საუკუნეში შესრულებული ,,ვისრამიანის” კონგენიალური თარგმანი ქართული ლიტერატურის ისეთივე განუყოფელი და საამაყო მშვენებაა, როგორიც ორიგინალური ,,ვეფხისტყაოსანი”. უი, ჰო, დამავიწყდა, ,,ვეფხისტყაოსანსაც” ხომ წვავდნენ თქვენი იდეური წინაპრები, ეს სპარსელთა ზღაპრობანიაო! მართლა საით მივექანებით? და მართლა ფრთხილად, საქართველო! წინ ,,ირანის ირანის ისლამური რესპუბლიკაა!”
ასეთი თეა დარჩიები სწორედ იქ მყავს ნანახი – მახინჯი ქალებისაგან შემდგარი უშიშროების დანაყოფები, რომლებიც პირდაპირ ქუჩაში უსწორდებოდნენ, სცემდნენ, აფურთხებდნენ, პომადას ხელით უშლიდნენ ტუჩებიდან არა მათ მსგავს ქალებს და განსაკუთრებულად ლამაზებს კიდევ უფრო განსაკუთრებული სისასტიკით! #არათეოკრატიულმმართველობას! #არამრევლისდაცულზნეობრივნორმებს”
მოცეკვავე თეა დარჩიამ ,,რადიო თავისუფლების” კითხვაზე, თუ რას გულისხმობდა სიტყვებში: ქართველი გოგოები ყურანს რომ სწავლობენ და კითხულობენ, აღარაფერი ქართული მათში აღარ არის”, ასე უპასუხა:
-ჩემი აზრით, ქართველი მაშინ არის ქართველი, როცა არის მართლმადიდებელი, ცდილობს მაინც და როცა კითხულობს ბიბლიას, ახალ აღთქმას, ფსალმუნს, ლოცვებს, ეზიარება და ცდილობს, აღსარებაში იყოს გულწრფელი. ქართველმა თუ ყურანი ისწავლა და მუსლიმი გახდა – მე ეგ ისტორიიდან ვიცი, რომ ამას ისე ებრძოდნენ ქართველი მეფეები, რომ გოგოებში იმხელა თვითშეგნება იყო, თავს იკლავდნენ, რომ არ გამუსლიმანულებულიყვნენ.

