კახა ცაბაძე: ,,მამაჩემი ტრაგიკული ბიოგრაფიის კაცი გახლდათ”

კახა ცაბაძე: ,,მამაჩემი ტრაგიკული ბიოგრაფიის კაცი გახლდათ''სარკე, ია ქუთათელაძე

კომპოზიტორი კახა ცაბაძე ,,სარკესთან” იხსენებს მამას, კომპოზიტორ გოგი ცაბაძეს, რომელიც სცენაზე სიმღერით გარდაიცვალა:

– მამა ტრაგიკული ბიოგრაფიის კაცი გახლდათ. მამამისი 1937 წლის რეპრესიებმა შეიწირა, დედამ აი-ვაგლახით გაზარდა შვილები. 12 წლის იყო, ფეხი რომ დაკარგა. ასეთი სიმწარეგამოვლილი სიკეთის, სიყვარულის მაგალითს იძლეოდა.

გოგის დიდი მეგობრობა აკავშირებდა პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკისთან. უყვარდათ სხვადასხვა კუთხეში ხეტიალი. გზად მიმავლებმა ეკლესია დაინახეს. პეტრემ იკითხა, ეს რა ეკლესიააო. არავინ იცოდა მისი სახელი. ამაზე სიმღერა დაიწერა: ,,ამ ეკლესიას მე დავარქვი შენი სახელი”. ბოლოს გაირკვა, ბოდორნის ეკლესია ყოფილა…

მამას ყველა და ყველაფერი უყვარდა – ადამიანები, ცხოველები, ბუნება. ძაღლი გვყავდა, სახელად ბემბი. ერთხელაც დასასვენებლად სოხუმში წავედით. იქაური მუშა მაკარი  ბარგის ატანაში გვეხმარებოდა. მამამ უთხრა, ნომრამდე ბემბი მიგაცილებსო. ბემბიმ ზეპირად იცოდა მამის ნომერი. აირბინა კიბეები და გაჩერდა კართან. გაგიჟდა მაკარი, ძაღლიც რა განათლებული გყავთ, ციფრებს კითხულობსო.

მამა სიმღერით გარდაიცვალა, ალბათ დიდი მადლია ხელოვანისთვის ასეთი გარდაცვალება. იდუმალ მინიშნებას ვხედავ, რომ, რასაც მთელი ცხოვრება ემსახურა, დაუფასდა და იმქვეყნად სიმღერით გაიკვლია გზა-სავალი, ხალხის სიყვარული წაჰყვა.

ცოტა გული მტკივა, რომ მისი დაბადების 95 წლისთავი იმ ადამიანებს, ვინც კულტურას ემსახურებიან, არ გახსენებიათ.

არ ვიცი, რატომ ხვდებიან თანამდებობებზე ადამიანები, ვისთვისაც კულტურული ფასეულობები ბევრს არაფერს ნიშნავს. ან რა არის დაყოფა მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად, როგორ შეიძლება ხელოვანი რომელიმე პოლიტიკური დაჯგუფების ან მთავრობის კუთვნილება იყოს და მუდმივად მათ ნავში იჯდეს?!

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ,,სარკეში”