ტელევიზორის ისტორია და მისი ფუნქციები 2023 წელს

ტელევიზორის ისტორია და მისი ფუნქციები 2023 წელს

ტელევიზორი თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ატრიბუტია, მაგრამ ცოტამ თუ იცის ამ გასაოცარი მოწყობილობის ისტორია. ტელევიზორი ჩვენს გართობაზე, შემეცნებაზე, ინფორმაციის გაზიარებასა და ხანდახან შემაწუხებელი სიჩუმის შევსებაზე ზრუნავს. 1800-იანი წლებიდან დაწყებული, ამ ჯადოსნურმა ყუთმა გრძელი გზა განვლო და გარდასახვაც არაერთხელ მოუწია, რომ დღეს თანამედროვე, მაღალტექნოლოგიურ მოდელად ქცეულიყო.

სტატიაში ერთად გადავეშვებით ტელევიზორის ისტორიაში, გავიცნობთ პირვანდელ მოდელებს და ზედმიწევნით გავუყვებით განვითარების გზას, რომელიც ამ მოწყობილობამ საუკუნეების განმავლობაში გაიარა.

ტელევიზორის საწყისები

მოძრავი გამოსახულების შექმნა პირველად 1800-იან წლებში სცადეს. მცდელობის ავტორი და ტელევიზორის ისტორიის ერთ-ერთი პიონერი პაულ ნიპკოვი იყო. გერმანელმა გამომგონებელმა მბრუნავი დისკი შექმნა, რომელსაც ფოტოების აღბეჭდვა და გადაცემა შეეძლო. მართალია, ამ გამოგონებით ნიპკოვმა მეცნიერებაში ახალი სიტყვა თქვა, მაგრამ ტექნოლოგია მეტად შეზღუდული იყო და მოძრავი სურათების გაშვება არ შეეძლო.

პირველი გამართულად ფუნქცირებადი ტელევიზორი ნიპკოვის მცდელობიდან საუკუნის თავზე შეიქმნა. 1925 წელს, შოტლანდიელმა გამომგონებელმა ჯონ ლოგი ბერდმა შეძლო სამი მეტრის დისტანციაზე გადაეცა მოძრავი გამოსახულება. ეს მოვლენა ტელევიზორის ისტორიაში ერთგვარი გარღვევა იყო, ვინაიდან ამან შემდგომში გზა გაუხსნა ინოვაციებს. მსოფლიოს მასშტაბით მეცნიერებმა და ინჟინრებმა მუშაობა დაიწყეს უკვე არსებული ტექნოლოგიის განვითარებისთვის.

მაუწყებლობის აღმასვლა

1930-იან წლებში ტელევიზორმა კომერციული დანიშნულებაც შეიძინა. პირველი სატელევიზიო სადგურები ამერიკასა და ევროპაში გაჩნდა. იმდროინდელი სატელევიზიო პროგრამა შედგებოდა საინფორმაციო გამოშვებების, გადაცემებისა და სპორტული მაუწყებლობებისგან. ახალი გამოგონება ადრეულ წლებში ძვირი იყო, შესაძლებლობების მხრივ კი – შეზღუდული. მიუხედავად ამისა, ტელევიზორმა მალევე მოიპოვა პოპულარობა და უფრო ბევრ სახლში დაიმკვიდრა საპატიო ადგილი.

1950-1960-იან წლებში ტელევიზორი გართობის საუკეთესო საშუალება გახდა. ეს ის პერიოდია, როდესაც სიტკომებმა, საპნის ოპერებმა და სატელევიზიო თამაშებმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვეს მაყურებლებს შორის. მაყურებლების შენარჩუნებისთვის სატელევიზიო არხებს შორის კონკურენცია გაიზარდა და, როგორც ხდება ხოლმე, მაუწყებლობის ხარისხიც გაუმჯობესდა.

ფერადი ტელევიზორი

ტელევიზორის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა ფერადი მაუწყებლობის შექმნაა, რაც 1950-იან წლებში გახდა შესაძლებელი. ადრეული წლების ფერადი ტელევიზორი შავ-თეთრზე გაცილებით დიდი და ძვირი იყო, შესაბამისად, ბევრს არ მიუწვდებოდა მასზე ხელი. წლების განმავლობაში ფერადი ტელევიზორიც დაიხვეწა და ყველასთვის საყვარელი მოწყობილობა გახდა.

გამოსახულების გაფერადებამ თავიდან ბოლომდე შეცვალა წარმოდგენები ტელევიზორის შესახებ. 1950-იანი წლებიდან ტელევიზორის დანიშნულება არა მხოლოდ ფუნქციურია, არამედ ვიზუალურიც. კაშკაშა ფერები და მკვეთრი გამოსახულება მაყურებლის განტვირთვის ახალი საშუალება ხდება.

საკაბელო ტელევიზია

1980-1990-იანი წლები ტელევიზორის ისტორიაში განსაკუთრებული პერიოდია, ვინაიდან ამ დროს დაიწყო საკაბელო და სატელიტური მაუწყებლობა. ახალმა ტექნოლოგიებმა მაყურებელს სატელევიზიო არხებისა და პროგრამების მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზა. შედეგად, ტელევიზორის ყურება განსხვავებული ინტერესების მქონე ადამიანებმა დაიწყეს, რამაც ინდუსტრიის მნიშვნელოვანი გაზრდა გამოიწვია.

საკაბელო ტელევიზია დღესაც ინარჩუნებს პოპულარობას, თუმცა კონკურენციის გაწევა უწევთ ისეთი სტრიმინგ-სერვისებისთვის, როგორიცაა ნეტფლიქსი, ჰულუ და სხვა. მსგავსი სერვისი საქართველოშიც გაჩნდა კავეა პლუსის სახით. მთავარი უპირატესობა, რაც სტრიმინგ-სერვისებს აქვთ ტელევიზორებზე, არის უფრო მრავალფეროვანი კონტენტი და ხელმისაწვდომობა.

ტელევიზორი დღეს

დღევანდელი ტელევიზორი თითქმის არაფრით ჰგავს მის შავ-თეთრ წინაპარს და უფრო მეტიც, რამდენიმე წლის წინანდელი ვერსიისგანაც მკვეთრად განსხვავდება. ტექნოლოგიურმა პროგრესმა და მაყურებლის ცვალებადმა გემოვნებამ ძირეულად შეცვალა ტელევიზორის ყურების პროცესი.

პირველ მნიშვნელოვან ცვლილებაზე ზევით უკვე ვისაუბრეთ. საკაბელო ტელევიზიის მთავარი კონკურენტი სტრიმინგ-სერვისები გახდა. სატელევიზიო კომპანიებისთვის ეს შეიძლება ცუდი ამბავი იყოს, მაგრამ მაყურებლისთვის უფრო მეტ კომფორტს ნიშნავს. სტაბილური ინტერნეტი და სმარტ-ტელევიზორი საკმარისია იმისთვის, რომ მუდმივად მიგიწვდებოდეს ხელი პროგრამების, ფილმების, სერიალების მრავალფეროვან ჩამონათვალზე. სწორედ სტრიმინგ-პროგრამები არის გართობის მოწინავე მეთოდი 2023 წელს და ტელევიზორებსაც უფრო მეტი ადამიანი იყენებს იმავე მიზნნით.

ჭკვიანი ტელევიზორების შექმნამ ყურების პროცესი იმაზე კომფორტული გახადა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. თანამედროვე ტელევიზორები ინტერნეტთან არიან დაკავშირებული და ონლაინ-სტრიმინგის შესაძლებლობას ქმნიან. ჭკვიან ტელევიზორებში დამატებითი ფუნქციონალებიც არის ჩაშენებული, მაგალითად, ხმის კონტროლი და ინდივიდუალური რეკომენდციები. თანამედროვე ტელევიზორის შერჩევა შენი ბიუჯეტისა და კონკრეტული პრეფერენციების მიხედვით სახლიდან გაუსვლელადაც შეგიძლია.

კონტენტის მხრივ, დღევანდელი ტელევიზორი ყველაზე მრავალფეროვანია. დღეს-დღეობით ყველანირი ინტერესის მქონე მაყურებელს შეუძლია იპოვოს სასურველი არხი და პროგრამა. სიანფორმაციო და სპორტული გადაცემების, თოქ-შოუებისა და სერიალების გარდა, არსებობს პროგრამებიც, რომლებიც კომპლექსურ საკითხებზე აგებენ კონტენტს.

შეჯამება

როგორც ვნახეთ, ტელევიზორმა მბრუნავი დისკიდან მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობამდე მოსასვლელად დიდი გზა განვლო. ამ გზის თითოეულ ეტაპზე გართობისა და შემეცნების მოწინავე საშუალება იყო, დღეს კი ჭკვიანი მოწყობილობის გარეშე თანამედროვე ადამიანის ცხოვრება რთულად წარმოსადგენია.