“ჯვრისწერისას გონზე მოვიდა, მღვდელს მადლობა უთხრა და გარდაიცვალა” – 23 წლის მარიამ ძაგნიძის ტკივილიანი ამბავი

"ჯვრისწერისას გონზე მოვიდა, მღვდელს მადლობა უთხრა და გარდაიცვალა" - 23 წლის მარიამ ძაგნიძის ტკივილიანი ამბავიქუთაისელი მარიამ ძაგნიძე სიმსივნეს დაახლოებით 4 წელი ებრძოდა, მაგრამ დამარცხდა. მარიამი სულ რაღაც 23 წლის იყო. მისი მეუღლე ბექა ზაალიშვილი ცოლს ბოლო წუთამდე გვერდიდან არ მოშორებია.

მარიამ ძაგნიძეს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი ქუთაისში დაუსვეს. მანამდე ყვარელში ექიმი ნერვის ანთებაზე მკურნალობდა. როდესაც ოჯახმა საქართველოში ყველა რესურსი ამოწურა, მარიამი ქმართან ერთად საფრანგეთში წავიდა – მკურნალობის გაგრძელება ლტოლვილის სტატუსით უნდოდა. საავადმყოფოში მოხვედრამდე ცოლ-ქმარს ქუჩაში ეძინა. მერე კი, როცა  ექიმებმა უთხრეს, რომ მარიამის დღეები დათვლილი იყო, სამშობლოში დაბრუნდნენ.

სიკვდილამდე სულ რამდენიმე საათით ადრე მარიამსა და ბექას მოძღვარმა ჯვარი დასწერა. ახალგაზრდა ქალი გონებაზე მოსულა, მღვდლისთვის მადლობა გადაუხდია და მალევე გარდაცვლილა.

ახალგაზრდა ქალის ტკივილიანი ამბავი “სარკეს” მისი ძმის ცოლმა, თიკო კუხიანიძემ, მოუყვა:

– საფრანგეთში რომ ჩავიდნენ, კორონავირუსის ამბები დაემთხვათ. 5-6 თვე ექიმის გარეშე იყვნენ. მერე მედიკამენტოზური ქიმიები დაუწყეს. ამის მერე ფეხზეც წამოდგა, გაიარა კიდეც, ჭამაც დაიწყო.

მერე დაგვირეკეს, წაიყვანეთო. გვითხრეს, რომ აზრი აღარაფერს ჰქონდა, რადგან მეტასტაზები უკვე ტვინთან იყო მისული და მომენტებში გონებაც ეთიშებოდა.

ბოლო ქიმიები გაუკეთეს იმისთვის, რომ მგზავრობა შეძლებოდა და სამშობლოში ცოცხალი ჩამოსულიყო.

– როგორ არიან ბავშვები?

– გარდაცვალების დროს პატარას ეძინა, უფროსი კი ყველაფერს შეესწრო. დაინახა, როგორ წავიდა დედა და სრული შოკი მიიღო.

პატარას გაღვიძებისთანავე უკითხავს, ჩემი ლამაზი დედიკო სად არისო. ჩემს დედამთილს უთქვამს, ანგელოზებმა წაიყვანესო. რატომ მოგვტაცეს, მამიკო სად იყო ამ დროსო.

მარიამი ქუთაისში დაიკრძალა. ჩემი დედამთილი და მამამთილი ემიგრაციაში იყვნენ წლების განმავლობაში. მარიამი და მისი და-ძმა ბებია-ბაბუამ გაზარდეს, ხანშიშესულები არიან, 73-74 წლისანი. მარიამის მეუღლემ გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა, სულგრძელად მოიქცა და თქვა, მარიამი ქუთაისში დაგვეკრძალა, რადგან მოხუცებს კახეთში წასვლა-წამოსვლა გაუჭირდებოდათ. მერე რა იქნება, არ ვიცით, ალბათ ჩამოიყვანს ხოლმე ბექა ბავშვებს ქუთაისში.

 რუსუდან ადვაძე, სარკე