გურამ შარაძეს იმ საბედისწერო დღეს შვილიშვილებისთვის კანფეტები მიჰქონდა

გურამ შარაძეს იმ საბედისწერო დღეს შვილიშვილებისთვის კანფეტები მიჰქონდა2020 წლის 17 ოქტომბერს აკადემიკოსი გურამ შარაძე 80 წლის გახდებოდა. ამ დღეს ბევრმა იკითხა, ნეტა, ახლა როგორი იქნებოდაო. ამ კითხვაზე პასუხი იოლია – ისევ ხმაურიანი, მებრძოლი, ისევ თავჩარგული წიგნებსა და ნაშრომებში.

“ძნელი წარმოსადგენია, როგორი იქნებოდა 80 წლის გურამ შარაძე, თუმცა ცხადად ვხედავ, რომ დღეს ქართველ ხალხს ხელთ ექნებოდა ილიასა და აკაკის გამოცემებისდარი იაკობი, ექვთიმე, ვაჟა-ფშაველა, ყაზბეგი… ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის შემდეგი ტომები, ვიქტორ ნოზაძის ნაშრომები. გამოქვეყნებული იქნებოდა გამოსაცემად გამზადებული “გურია” და კიდევ ვინ იცის, რამდენი მნიშვნელოვანი სამაგიდო წიგნი… აღარ ისმის ერისკაცის ხმა!”- დაწერა რუსუდან კობახიძემ სოციალურ ქსელში.

ამბობენ, რომ გურამ შარაძე იმ ტრაგიკულ დღეს, 2007 წლის 20 მაისს, ძალიან მშვიდი იყო. თავისი საყვარელი დედაქალაქის მთავარი პროსპექტი, რუსთაველი, ფეხით გაიარა, სახლისკენ მიდიოდა. 20 საათსა და 30 წუთზე კი მელიქიშვილის გამზირზე ტყვიები გავარდა. 67 წლის მეცნიერს იარაღი ზურგიდან ესროლეს. ეკრანებიდან მისი გასისხლიანებული ცხედრის ნახვამ საზოგადოება შოკში ჩააგდო.

მას შემდეგ 13 წელი გავიდა და, მიუხედავად იმისა, რომ ამ დანაშაულისთვის გიორგი ბარათელი გაასამართლეს, ოჯახი და საზოგადოება ისევ სვამს კითხვას, ვინ მოკლა გურამ შარაძე და ბურუსით მოცული მკვლელობის გამოძიებას ითხოვს.

“ისე გამოვიდა, რომ ნაცნობებიდან ბოლოს მე ვნახე, სანამ ეს ამბავი მოხდებობა 15-20 წუთით ადრე. რუსთაველზე, კაფე “ნიკალასთან” მეგობრებთან ერთად ვიჯექი. ბატონი გურამი ფეხით მოდიოდა. საერთოდ რუსთაველზე ფეხით ხშირად მოსეირნობდა ხოლმე. იქვე, საკონდიტროში შევიდა. იმის მიუხედავად, რომ ჩვენი ყოფილი კოლეგის გასვენებაში წინა დღითაც მყავდა ნანახი, იქიდან გამოსულმა რომ დამინახა, გაუხარდა, გადავეხვიეთ ერთმანეთს. ჩანთა ეკავა. მითხრა, ამ საკონდიტროში შოკოლადი აქვთ ქლიავის ,,ნაჩინკით”, მიყვარს და სახლში ბავშვებისთვის მიმაქვსო. ჩვენც გაგვასინჯა.

შემდეგ ჩემი მეგობრებიც, გურამიც და მეც ერთად წამოვედით. ნორმალურად, მშვიდად ვსაუბრობდით. არანაირი აღელვება ან შეშფოთება არ ეტყობოდა. შემდეგ ჩემი მეგობრებიც სახლში წავიდნენ, გურამმაც გზა სახლისკენ ფეხით განაგრძო. 15 წუთში კი დამირეკეს, გურამი მოუკლავთო. ვერაფრით ვიჯერებდი”, – ყვებოდა მაშინ პარლამენტის ყოფილი წევრი კობა ამირხანაშვილი პრესასთან.

“ვმარხულობ მოძღვრის კურთხევით, ეკლესიურად ვცხოვრობ. ჩემთვის ეს ცხოვრების წესია, მოთხოვნილებაა. არ ვფიქრობ, სამოთხე მელის თუ ჯოჯოხეთი. ჩემი შვილის გარდაცვალებამდე შიშნარევი ფიქრი მქონდა ხოლმე სიკვდილზე. ახლა კი პირიქით – ვესწრაფვი ჩემს შვილთან მალე მისვლას.

საკუთარ სიცოცხლესთან გამოთხოვების ეგოისტური შიში არასოდეს მქონია. მთელი ცხოვრება მეშინოდა, დედაჩემი არ მომკვდარიყო და ამიტომ მეჯავრებოდა სიკვდილი. ჩემი შვილის გარდაცვალების შემდეგ კი უფრო ფილოსოფიური და ადვილად მისაღები გახდა ჩემთვის გარდაცვალება”, – უყვებოდა გურამ შარაძე “სარკეს” 2003 წლის აპრილში.

ამ დროს მისი შვილი, ლაშა, 5 წლის გარდაცვლილი იყო. გურამ შარაძე ამბობდა, რომ ლაშა მამის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას შეეწირა. თავადაც საფრთხის მოლოდინში იყო და ამბობდა:

“ჩემს ცოლს ანდერძი დავუტოვე, მე თუ მომკლავენ, მკვლელს მადლობა უთხარით, რადგან ჩემს შვილთან მისასვლელ გზას შემიმოკლებს. პასუხი იმას მოსთხოვეთ, ვინც ჩემი და ჩემი შვილის მოკვლა დაავალა. ოღონდ სიკვდილით არც ის დასაჯოთ. მკვლელებისთვის ყველაზე დიდი სასჯელი ის იქნება, ლაშა და გურამ შარაძეების სისხლით რომ ექნებათ ხელები შეღებილი”.

ლაშა შარაძე თბილისში ცნობილი ექიმი გახლდათ. იმ ავბედით დღეს, როცა მისი ცხედარი იპოვეს, მეცნიერი ასე იხსენებდა:

“როდესაც ჩემმა მძღოლმა შეიხედა ოთახში, იბღავლა – ლაშაო. მე მეგონა, რომ მძინარე ლაშა დაინახა და გაუხარდა, მაგრამ ჩემი მძღოლი აივანზე გამოვარდა და ძირს დავარდა. მე ეს არ დამინახავს, დავუძახე: “ჯემალ, კარი გააღე, კიბეებზე ჩამოდი”. როცა მის სახეს შევხედე, მივხვდი, რომ შვილი მომიკლეს.

უბედურება ტრიალებდა, ცოლი და რძალი მე მყავდა გაკავებული. ადას გული წაუვიდა, მაშინ გავიგე, რომ ფეხმძიმედ ყოფილა. შემდეგ მეც აღარაფერი მახსოვს. გონს რომ მოვედი, სასწრაფოს მიკროავტობუსში ვიწექი, თავზე ექიმი მადგა. მიკროავტობუსთან იდგნენ: გენერალური პროკურორი ჯამლეთ ბაბილაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე, ჯანმრთელობის მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე…

ზღვა ხალხმა მოიყარა თავი. მოგვიანებით გავიგე, რომ პრეზიდენტს დაუვალებია უშუალოდ მათთვის. მერე ბატონმა ზურაბ ჟვანიამ მითხრა, პრეზიდენტმა რომ დამირეკა, ისეთი არაადამიანური ხმა ჰქონდა, ვიფიქრე, ომი დაიწყოო.

კახა თარგამაძე დავინახე თუ არა, შევყვირე: ,,კახა, მომიკლეს მძინარე შვილი?..”. ტრაგედიამდე რამდენიმე თვით ადრე, თებერვალში პრესკონფერენცია მოვაწყვე და ვთქვი, ჩემი პოლიტიკური მკვლელობის მოახლოებას ვგრძნობ-მეთქი. ერთ-ერთი ჟურნალისტი წამოდგა და მეკითხება: “რა, ბატონო გურამ, თქვენც გელანდებათ ტერაქტები?”. მე კი არ მელანდება, ამის საშიშროებას ძალიან კარგად ვგრძნობ-მეთქი, ვუპასუხე. ჩემი სიმართლისათვის დამსაჯეს, მაგრამ, ვერ წარმომედგინა ასეთი სასჯელი, შვილს თუ მომიკლავდნენ…”.

გურამ შარაძეს სირთულეები ბავშვობიდან მოჰყვებოდა.

– ზოგიერთს ბავშვობის ადრეული წლები არ ახსოვს, მე კი ძალიან კარგად მახსოვს. ერთი წლის ვიყავი, მამაჩემი ომში რომ წავიდა. მახსოვს, დედას რომ ჩავეხუტებოდი, საოცარი ქვის სიცივე მაკრთობდა. ყოველთვის მაინტერესებდა, რა იყო ეს ქვა, რომელიც მას ყელზე წმინდა გიორგის ხატთან ერთად ეკიდა. როგორც მერე გავარკვიე, დედამ შეჰფიცა უფალს, სანამ ჩემი მეუღლე ომიდან არ დაბრუნდება, ამ ქვას ასე ვატარებო.

ძილის წინ დედა ყოველთვის წმინდა გიორგის ხატზე მალოცებდა: წმინდა გიორგი, დამიცავი და მამაჩემი დამიბრუნეო. მამა არ მახსოვდა. უბრალოდ ვიცოდი, რომ არსებობდა ვიღაც კაცი, რომლის დაბრუნებას დედაჩემი ელოდა. ასე გავატარეთ 5 წელი, სანამ ომი დასრულდა და მამაჩემი დაბრუნდა.

ჩამოვიდა ვიღაც კაცი, შავგვრემანი, პირქუში (მამაჩემი საკმაოდ მკაცრი კაცი იყო), მისდამი უსიმპათიურობა უფრო გამიძლიერა ეგოისტობის გრძნობამ – ის იყო კაცი, რომელმაც დედა წამართვა, – ყვებოდა მეცნიერი თავის ბავშვობაზე.

გურამ შარაძე თავის სამ შვილთან მკაცრი არასოდეს ყოფილა. ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მეგობრული მამა იყო.

– მე და ჩემი მეუღლე პირველ შვილს ველოდებოდით, როცა ნათელამ ღამით გამაღვიძა და მითხრა, სიზმარში კაბენის ღვთისმშობელი გამომეცხადა და მითხრა, შვილები შეგეძინებათ და თამარის შვილების სახელები დაარქვითო.

საძიებელში ვნახე და მართლაც აღმოჩნდა თამარის მიერ აშენებული კაბენის ღვთისმშობლის ეკლესია. შვილებს ლაშა, გიორგი და რუსუდანი დავარქვი. მაგრამ მოგეხსენებათ, ლაშა-გიორგი ერთ ადამიანს ერქვა. მე კი ის შუაზე გავყავი და ორ ვაჟიშვილს “გავუნაწილე”. დღესაც საშინლად განვიცდი ამას და ვფიქრობ, იქნებ ლაშა სწორედ ამისთვის წამართვა ღმერთმა? – ყვებოდა გურამ შარაძე.

სამწუხაროდ, მისი ოჯახის ტრაგედია ამით არ დამთავრებულა, 2009 წელს ავადმყოფობის შემდეგ გიორგი შარაძეც გარდაიცვალა.

“დედაჩემს, სანამ ავარიაში არ მოყვა, 8 წლის განმავლობაში თითქმის არც ერთი დღე არ გამოუტოვებია, ქარში, წვიმაში, სულ ლაშას საფლავზე იყო. ტრადიციად გვექცა, როგორც კი ახალ წელს სახლში შევხვდებოდით, მაშინვე ლაშასთან ავდიოდით… აღდგომას, შობას ხომ თავისთავად იქ ვხვდებოდით. აღარაფერს ვამბობ ლაშას დაბადებისა და მკვლელობის დღეებზე…

ლაშა ახალი გარდაცვლილი იყო, როცა შუაღამისას უეცრად გადავწყვიტე და სასაფლაოზე ავედი. როცა მივუახლოვდი, სიბნელეში, საფლავის ქვის წარწერაზე შუქი იყო მინათებული. გული გამისკდა, მაგრამ მაინც მივედი. გიორგი აღმოჩნდა – ვიცოდი, მოხვიდოდიო. იმის მერე იქ აღარასდროს ასულა ცოცხალი. ვერ იტანდა სასაფლაოს. მე პირიქით იქ ვპოულობდი შვებას. ახლა, მით უმეტეს, როდესაც სამივეს საფლავი იქ არის, ეს ადგილი ყველაზე ძვირფასია ჩემთვის. ამ ადგილიდან იწყება ჩემთვის საქართველო”, – ყვება ერთ-ერთ გამოცემასთან რუსუდან შარაძე, რომელიც ამჟამად ოჯახთან ერთად უცხოეთში ცხოვრობს.

გურამ შარაძე ხუმრობდა, რომ შვილიშვილებისთვის უფასო ბილეთი იყო. 2004 წელს თავისი ოჯახის ყველაზე დიდ სიმდიდრეზე “სარკეს” უამბობდა:

– ნიკა შარაძე ჩემი პირველი შვილიშვილია, მეორე გახლავთ გურამ შარაძე, მესამე – ლაშა შარაძე და მეოთხე – მარიამ გოგიძე. როცა მამა გავხდი, გამთენიისას თბილისის ქუჩებში მარტო დავდიოდი. რაც შეეხება ბაბუობას, ნიკა რომ დაიბადა, ვენაში ვიყავი. მეგონა, ჩამოვუსწრებდი მის დაბადებას, მაგრამ… თბილისის მაგივრად ვენის ქუჩებში დავბოდიალობდი და ვამბობდი, ბაბუა ვარ-მეთქი.

ნიკა გარეგნობით მგავს, ხასიათით კი – პატარა გურამ შარაძე. ვამაყობ, რომ ჩემი ღირსეული სეხნიაა. ძალიან ჭკვიანი, მორიდებული, მოკრძალებული და თავმდაბალია. შეიძლება თქვან, დიდი გურამ შარაძე იბრალებს ამასო, მაგრამ დამიჯერეთ, შინაგანად ასეთი ვარ და ბავშვობაში ზუსტად ისეთი ვიყავი, როგორიც დღეს პატარა გურამ შარაძეა. ჩემმა პოლიტიკურმა სარბიელმა და ჩემი ქვეყნის უბედურებამ გამომიცვალა ხასიათი.

ყველანაირად ვცდილობ, შაბათ-კვირა შვილიშვილებს შევუნახო და ერთად წავიდეთ ზოოპარკში და ცირკში… ზოოპარკში შესვლასა და ატრაქციონებში ფული არ მეხარჯება. არც ფოტოგრაფი მართმევს ფულს. ერთი სიტყვით, ჩემი შვილიშვილებისთვის მუდმივი უფასო ბილეთი ვარ.

– რას უტოვებთ შვილიშვილებს სულიერ და მატერიალურ მემკვიდრეობად?

– მათ ჰყავთ ბაბუა გურამ შარაძე, რომლის საფლავს ჩრდილი არ მიადგება და არასდროს დააფურთხებენ. ყველას თავისი ჭერი აქვს. ქუჩაში არ არიან. ყოველდღიური ლუკმაპურისთვის მიწევს ბრძოლა. ამ მხრივ, ძალიან ცუდი მეუღლე, მამა და ბაბუა ვარ.

გურამ შარაძე და ნათელა გახარია თანაკურსელები იყვნენ და მათი სიყვარულიც უნივერსიტეტის კედლებში დაიბადა. როგორც გურამ შარაძე ყვებოდა, მომავალი ცოლი პირველივე დღეებში შეუყვარდა და მისი გულის მოსაგებად ბევრიც იბრძოლა.

– ბუნებაში არც კი მეგულება მეორე ქალი, რომელიც ასეთი დამთმობი იქნება. სიმართლე გითხრათ, არც მომწონს მისი ამგვარი ხასიათი. მინდა, რომ ხანდახან პრეტენზია ჰქონდეს და რამე მოითხოვოს, მაგრამ ამას ვერ მივაღწიე… ჩემთვის ჯვარცმულია, მართლაც რომ თავი შემომწირა, მაჩუქა სამი შვილი. თუ რამეს მივაღწიე, მას დიდი დამსახურება აქვს ამაში. მუშაობისთვის ყველა პირობა შემიქმნა, ოჯახის ტვირთი საკუთარ თავზე აიღო. მისთვის მეოთხე ბავშვი ვიყავი, – ყვებოდა მეცნიერი თავის თანამეცხედრეზე, რომელმაც საფლავში ქმარ-შვილზე დარდი ჩაიყოლა.

“ვერ ვახერხებ გაჩუმებას, როგორც პირად, ისე საზოგადოების ცხოვრებაში მომხდარი უსამართლობის წინაშე. მე ხმამაღლა ვყვირი იმაზე, რასაც დროის გასვლის შემდეგ ჩუმად და ხმისამოუღებლად დაიბრალებს და მიიწერს ვიღაც. თუ უსამართლობას წინ არ აღუდგები, ქვეყანას უზნეობა წალეკავს.

საქართველოს აწმყოსა და მომავლის შეცვლა უკეთესობისკენ შესაძლებელია. მთავარია, ქართველმა ხალხმა შეიგრძნოს, რომ მამულს, ენას და სარწმუნოებას განსაკუთრებით უნდა გაუფრთხილდეს. ერთ-ერთის დაკარგვით ქართველობასაც დავკარგავთ და საქართველოსაც. როგორც ქართველს, ბუნებრივია, რომ ეს არ მინდა და ვაკეთებ იმას, რაც სასიკეთოდ წაადგება ჩემს ერსა და ქვეყანას, თუ როგორ ვახერხებ ყოველივე ამას, ეს, დაე, ჩემმა ხალხმა განსაჯოს”, – ამბობდა გურამ შარაძე.

 ირინე მჭედლიძე, სარკე