ფსევდონიმი

ფსევდონიმილელა ცუცქირიძე

“ზომიერად ფერ-ხორციანი, მოწიფული ქალბატონი”, – კარლსონის სიტყვებს საკუთარ თავზე ირგებს ხოლმე თინა, როცა მეგობრებთანაა, როცა საქმეებისგან დაღლილები შეიყრებიან მანდილოსნურ ბაასობებზე. “მანდილოსნური ბაასობებიც” მისი სიტყვებია, მეგობრების თავშეყრას რომ დაარქვა. ძირითადად სამნი არიან – თინა, რუსიკო და ქეთო. დასხდებიან ხან კაფეში, ხან ერთმანეთთან სახლებში, ხრუპავენ ყავას ან ჩაის, ყლურწავენ ღვინოს ან არაყს და ჭუკჭუკებენ, ბაასობენ, გულს იოხებენ, ცოტა ხნით ყოველდღიურ ორომტრიალს, პრობლემებს ივიწყებენ.

უყვარს თინას ეს ბაასობები. აქ, თავის გოგოებთან, ბევრად თავისუფლად და მშვიდად გრძნობს თავს, ვიდრე საზოგადოებაში. ზოგადად, მორიდებული ადამიანია, ყველასთან ახლო ურთიერთობა არც შეუძლია და არც გამოსდის. რომანტიკულია, შემოქმედებითი ნატურა, ბევრს კითხულობს, წერს ლექსებს, ჩანახატებს, ოღონდ არავის აჩვენებს და უკითხავს, თავისი გოგოების გარდა.

– მიდი, რა, თინ, გამოეცი ერთი წიგნი, – მერამდენედ ურჩიეს მეგობრებმა.

– ვაიმე, რა წიგნი, გაგიჟდით?! რომელი მწერალი მე ვარ, – დაიმორცხვა.

– ეს ხომ ასეთი კდემამოსილი უნდა იყოს მთელი ცხოვრება, რა! – გაბრაზდა რუსიკო.

– რა ვიცი, უბრალოდ, არ მინდა, – მხრები აიჩეჩა თინამ.

– “ფეისბუკზე” მაინც დადე ან სადმე, ლიტერატურულ საიტებზე, – უთხრა რუსიკომ.

– არა, რა საჭიროა, ეს ისე, ჩემთვის ვწერ. რად მინდა ან წიგნი ან სადმე დადება? – ისევ იუარა თინამ.

– წერე მაშინ და შეაწყვე კომბლესავით ჭერში, – გაწყრა რუსიკო.

– რატომ ჭერში, თქვენ ხომ გიკითხავთ და გაკითხებთ, – გაუღიმა თინამ.

– სხვებმაც, მინდა, რომ წაიკითხონ, შე ეგოსიტო, – არ გაჩერდა რუსიკო, – ცუდი რომ იყოს, ამას ხომ არ გირჩევდით, მეგობრები ვართ, მტრები ხომ არა.

თინას მართლა ერიდებოდა თავისი ნაწერების გამომზეურება. კი ამბობდა, ჩემთვის ვწერო, მაგრამ სინამდვილეში, სხვების აზრიც აინტერესებდა. რამდენჯერმე გაბედა და ატვირთა კიდეც “ფეისბუქზე” ლექსი, მაგრამ ისე, რომ მხოლოდ თავად ხედავდა. აი, იმის გამბედაობა კი აღარ ჰყოფნიდა, ნახვის საშუალება სხვებისთვისაც მიეცა. არადა, ჰყავდა მეგობრებში ადამიანები, რომლებიც აქვეყნებდნენ საკუთარ ნაწერებს და ამის სულაც არ ერიდებოდათ. თინა ყოველთვის ინტერესით კითხულობდა, თუ მოსწონდა, იწონებდა, თუ არა, გვერდს უვლიდა.

ნეტავ რას განიცდიდნენ ამ დროს ის ადამიანები, რომელთა ნაწერებს უცხოებიც კითხულობდნენ და აკომენტარებდნენ? ნეტავ როგორი იყო ეს განცდა? თინასაც უნდოდა, იგივე განეცადა, მაგრამ ვერა, ვერ ბედავდა და არა მხოლოდ მორიდების გამო, უფრო დიდი მიზეზი იმ ადამიანების შიში იყო, რომლებიც დაუნდობლად დასცინოდნენ და აკრიტიკებდნენ ყველას, ვინც არ მოსწონდათ.

აი, ამას წინათაც ერთი პატარა, მშვენიერი საბავშვო ლექსის გამო ავტორი მიწასთან გაასწორეს. თინა ავტორს არ იცნობდა, მაგრამ მის ადგილზე წარმოიდგინა თავი და მთელი ღამე ფიქრებში გაათენა: “როგორ შეიძლება, ასეთები იყვნენ ადამიანები? კარგი, გასაგებია, შეიძლება, რაღაც არ მოგეწონოს, ან ლექსი, ან მოთხრობა და ამის გამო ლანძღვა, დაცინვა, ქირქილი?”.

– თინ, იცი რა? – ქეთოს ხმამ გამოიყვანა ფიქრებიდან.

– მოდი, მე დავდებ შენს ნაწერებს.

– არა-მეთქი, რამდენჯერ ვთქვი უკვე.

– გოგო, კი არ მივითვისებ და ჩემი სახელით კი არ დავდებ, – გაეცინა ქეთოს, – ფსევდონიმით დავდებ.

– ფსევდონიმით? – ცოტა არ იყოს, დაფიქრდა თინა.

– აუ, ეგ მაგარი იქნება! – წამოიძახა რუსიკომ, – აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრეთ?

– რა ვიცი, რამ გამოგვაჩურჩუტა ისედაც ჩურჩუტები. არადა, დარწმუნებული ვარ, ბევრს მოეწონება. მერე დაინტერესდებიან, ნეტავ ვინ დგას ამ ფსევდონიმის უკანო. მერე ამ ქალბატონს კომპლექსებიც მოეხსნება და გამოაცხადებს სახელს, გვარს. მერე დადგება გამომცემლობების რიგი, არა, მე გამოვცემ თქვენს წიგნს, არა – მეო. მერე მოვა პრემიები, დიდება, დაფნის გვირგვინი… უჰ, – ძლივს გაჩერდა ქეთო, – ამაზე გინდა თქვა უარი კომპლექსების გამო?

– ზუსტად, – აჰყვა რუსიკო, – ან რა ვიცი, რაღა დროს კომპლექსებია.

– აი, დავდებთ ახლა თინას ლექსებს სიყვარულზე რომ აქვს და ცხარე ცრემლით გვატირებს, ატირდებიან სხვებიც, გაგვივარდება სახელი ჩვენც, ეს რა ლექსებს დებენო, იქნებ ამ ფსევდონიმის უკან სულაც თავად იმალებიანო, დაგვესევიან თაყვანისმცემლები და დავიწყებთ ახალ ცხოვრებას.

– ჰმ, იწყობთ ჩემი ლექსებით ახალ ცხოვრებას, არა? – გაეცინა თინას.

– შენ არ გინდა დაფნა და მთაწმინდა, გენაცვალე და, – მხრები აიჩეჩა რუსიკომ.

– გეგონოს არ უნდა, – უთხრა ქეთომ, – უნდა, მაგრამ ხომ გითხარი, კომპლექსები აქვს-მეთქი.

– კომლექსები არა, ის კიდევ, – გაეღიმა თინას.

– მაშინ მოგვეცი ნაწერების დადების უფლება, – არ მოეშვა ქეთო.

– რაც გინდათ, ის ქენით. ოღონდ ფსევდონიმით და არავინ, არავინ უნდა იცოდეს, რომ ეს ჩემი ნაწერებია.

– ვაიმე, მგონი, დაგვთანხმდა, – რუსიკოს გადახედა ქეთომ.

– სანამ გადაუფიქრებია, სასწრაფოდ ფსევდონიმი შევურჩიოთ და ლექსი დავპოსტოთ, – ტელეფონს ეცა რუსიკო.

“რა დავირქვა?” – აფორიაქდა თინა. ფსევდონიმზე ხომ აქამდე არასდროს უფიქრია. ისე, მართლა როგორ ვერ მოიფიქრა. გაეხსნა ახალი გვერდი ფსევდონიმით და იქ დაედო თავისი ნაწერები. თუ ვინმეს არ მოეწონებოდა, გული კი დასწყდებოდა, მაგრამ მაინც უფრო მშვიდად იქნებოდა.

– დროზე, გვითხარი ფსევდონიმი, – მოესმა ამ დროს გოგოების ხმა.

– ცოტა ხნით მაცადეთ, რა.

გოგოებმა ერთმანეთს გადახედეს, ხმა აღარ ამოუღიათ. თინა კი ისევ ფიქრებს მიუბრუნდა.

“მაინცდამაინც ახლა არ მოსდის თავში არაფერი. მე რამე ნაზი სახელი მინდა. პეპელა რომ დავირქვა? ვაიმე, სულ გამოვშტერდი, ასე რამ დაგაბნია? ფსევდონიმია, ბოლოს და ბოლოს. ბავშვობის მეტსახელი რომ დავირქვა? არ მქონდა და რას დავირქმევ, თუმცა როგორ არა, მწარედ მახსოვს, ერთი ჩემი მეზობელი ბიჭი ბეჰემოთს მეძახდა სიმსუქნის გამო. ახლაც მაჟრიალებს გახსენებაზე, როგორ განვიცდიდი, ვტიროდი, ის კი იცინოდა, კვდებოდა სიცილით. სხვა რომ არაფერი მახსენდება? თინელი! აი, რას დავირქვამ! თინელი…”

თინა მოგონებებმა წაიღო… ასე მხოლოდ ერთი ბიჭი ეძახდა. შემთხვევით გაიცნო სტუდენტობისას და თინაო, რომ უთხრა, იმან, მე ვახო ვარ, თინა, თინა, თინელიო, წაუმღერა იმან. მერეც, რამდენჯერაც დაინახავდა თინას, გამარჯობა, თინელ-თინელო, ღიმილით წაუმღერებდა და ჩაუვლიდა.

მოსწონდა თინას ეს უცნაური წამღერება, ბიჭიც მოსწონდა. ლექსიც კი დაუწერა, ოღონდ, რა თქმა უნდა, როგორც სხვა დანარჩენი, ეს ლექსიც უჯრაში გამოკეტა. ბიჭს მისთვის არ ეცალა, საკმაოდ პოპულარული იყო და მუდმივად ახლდნენ მისით მოხიბლული გოგონები.

– თინაა! მოიფიქრე დროზე! – მოესმა რუსიკოს ხმა.

– თინელი, – წამოიძახა, – თინელი იყოს ფსევდონიმი.

– ისე, რატომ თინელი? – იკითხა ქეთომ.

– რა ვიცი, უბრალოდ, – მხრები აიჩეჩა თინამ და ის ლექსი გაახსენდა, რომელიც მაშინ, სტუდენტობისას, სწორედ იმ ბიჭს მიუძღვნა.

სწორედ ეს ლექსი, თინელის ფსევდონიმით, ერთდროულად დადეს თავის გვერდებზე რუსიკომ და ქეთომ. თინას ნერვიულობისგან ოფლმა დაასხა, გული აუჩქარდა, ტელეფონს ჩააჩერდა. ცოტა ხანში ლექსის ქვევით პირველი მოწონება გაჩნდა, მერე მეორეც, მერე მესამე…. მოწონებებს კომენტარები მოჰყვა.

– ხედავ? – გაიხარეს გოგოებმა, – ნახე, რამდენი იწონებს, 20 ლაიქი, 21, უკვე 30-ია…. აი, კომენტარიც, აი, კიდევ, კიდევ…

თინა სავარძელში იჯდა, ხმას ვერ იღებდა, გული გამალებით უცემდა, აი, თურმე, როგორი განცდაა, როცა უცხოები შენს ნაწერს იწონებენ, რა კარგია, რა სიხარულია! აქამდე სად იყო, აქამდე რატომ არ დებდა არაფერს!

იმ დღეს მხოლოდ იმ ერთი ლექსის დადება იკმარეს გოგოებმა, მეორე დღეს ჩანახატი დადეს ისევ თინელის ფსევდონიმით, მესამე დღეს ისევ ლექსი, მერე მოთხრობა…

მალე თინამ გოგოების რჩევით ახალი გვერდი გააკეთა, “თინელის გვერდი” დაარქვა და ნაწერების განთავსება იქ დაიწყო. ბევრი – არა, მაგრამ რამდენიმე ერთგული მომწონებელი ჰყავდა, რომლებიც მუდმივად უგზავნიდნენ ნაირ-ნაირ ბრჭყვიალა და მოციმციმე გიფებსა და ღიმილაკებს, ნაწერებს უქებდნენ.

მაგრამ რისიც ეშინოდა, ის მაინც მოხდა. გამოჩნდა ისეთიც, რომლმაც ნაწერები არა მხოლოდ დაიწუნა, პირდაპირ დასცინა კიდეც. განსაკუთრებით იმ ლექსის გამო, რომელიც თინამ პირველად დადო. არ უნდოდა, მაგრამ განიცადა, მერე რა, რომ ფსევდონიმით წერდა და არავინ იცოდა, ვინ იყო სინამდვილეში.

– კარგი ერთი, ნუ მიაქცევ ყურადღებას. ეგეთები კიდევ გამოჩნდებიან და ამას შეგუებული უნდა იყო, – ურჩიეს გოგოებმა.

თინამ ვერ მოითმინა, იმ საღამოსვე შევიდა ცინიკოსის გვერდზე, აინტერესებდა, ვინ იყო, რეალური არსება იყო თუ მასავით ფსევდონიმს ამოფარებული.

“ბევრი არაფერი უდევს, რაღაც უაზრო პოსტები, აქა-იქ ცოტა გამონათებებიც, თუმცა ვის რად უნდა მისი გამონათებები, დგას ამხელა კაცი და ცინიკოსობს, მეტი საქმე არ აქვს,  ეტყობა, გარდა იმისა, რომ აქ აკაკუნოს”, – გაიფიქრა გვერდის თვალიერებისას. მერე ფოტოებს დაუყვა. “რა ნაცნობი სახე აქვს? – მერე შემთხვევით ძველ ფოტოს გადააწყდა და…  – ის არის!” – გაოცებული დააკვირდა. ფოტოდან ის ბიჭი უყურებდა, ვახო, ვინც თინელს ეძახდა. როგორ შეცვლილა, მოტეხილა. ეტყობა, ვერაფერს მიაღწია ცხოვრებაში და გაბოროტდა, არადა, რა ბიჭი იყო, რამდენ გოგოს მოსწონდა. “რა ვქნა ახლა, გავჩუმდე და ხმა არ ამოვიღო? მაგრამ, რატომ?”.

თინამ კარგა ხანს იფიქრა, მერე ვეღარ მოითმინა და მამაკაცს მესინჯერში თინელის გვერდიდან მისწერა:

– გამარჯობა, ვახო.

– გამარჯობა, – მაშინვე უპასუხა კაცმა.

– თქვენ ჩემი ლექსი დაიწუნეთ.

– ვიცი, მერე? უფლება არ მაქვს თუ რა? სასაცილოა, მაგ აბდაუბდას რომ ლექსს ეძახით. ახლა აქ საქმის გასარჩევად თუ მწერთ….

– არა, არანაირი საქმის გარჩევა. უბრალოდ, მინდოდა, მეთქვა, რომ ეს ლექსი მართლა არაფრად ვარგა, ერთი სიტყვით, ადრესატს შეეფერება, – უპასუხა.

– ადრესატს არ ვიცნობ და არც მაინტერესებს, – კაცის უხეში ტონი მესინჯერშიც ადვილად იკითხებოდა.

– იცნობთ, როგორ არა, თან ძალიან კარგად. ადრე ძალიან პოპულარული იყო გოგონებში და ყველას ზევიდან უყურებდა. ახლა კი… როგორც ჩანს, შეუმდგარ და კომპლექსებიან ადამიანად ჩამოყალიბდა. საწყალი, ისე შემეცოდა.

– და მერე, მე რატომ მეუბნებით ამას? საქმე არ გაქვთ თუ გულის გადაშლა დააპირეთ? არა, თუ მოგწონვართ, პირდაპირ მითხარით, მიკიბვ-მოკიბვის გარეშე.

– მეგონა, იცნობდით, ეს ადამიანი ხომ თქვენ ხართ. ეს ლექსი თქვენ მოგიძღვენით თავის დროზე.

კაცი დადუმდა.

“დაიბნა”, – გაეღიმა თინას.

– თინა-თინელ-თინელი… – მოიწერა კაცმა, – მივხვდი, ვინც ხარ. მახსოვხარ. არ ვიცოდი, ლექსებს თუ წერდი, თან მე თუ მიძღვნიდი.

– არა, მხოლოდ ის ერთი ლექსი, რაღაც სისულელე.

– არა, სულაც არაა სისულელე.

– ნახვამდის.

– თინა, თინელ, მოიცადე, ცოტა ხნით ვისაუბროთ.

– რაზე?

– რა ვიცი, როგორ ხართ, რას საქმიანობთ… რამდენი წელი გავიდა… მაშინ მეგონა, სულ სხვანაირად წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება, მაგრამ… ოჯახური პრობლემები, ცოლები, გაყრები, ჩავარდნილი ბიზნესები… – აწუწუნდა კაცი.

– გასაგებია. მეც ასე ვიფიქრე.

– ლექსი ახლა სულ სხვა თვალით წავიკითხე. ძალიან კარგია.

– არა, არ ვარგა-მეთქი და თუ რატომ, მიზეზიც გითხარით. ახლა კი კარგად ბრძანდებოდეთ.

– არ წახვიდე რა, ვისაუბროთ.

თინამ არაფერი უპასუხა. სასაუბრო დატოვა. სხვათა შორის, კმაყოფილი იყო, რომ თავადაც შეძლო დამცინავ კომენტარზე სათანადო პასუხის გაცემა და სულაც აღარ აინტერესებდა ის, რომ კაცმა უკვე იცოდა, ვინ იმალებოდა თინელის ფსევდონიმის უკან.