ლელა თოლორდავა: ,,მეგობარმა ემიგრანტმა მითხრა, მინდა, ეს წიგნი ჩემმა ქმარმა და დედამთილმა წაიკითხონო”

ლელა თოლორდავა: ,,მეგობარმა ემიგრანტმა მითხრა, მინდა, ეს წიგნი ჩემმა ქმარმა და დედამთილმა წაიკითხონო",,სარკე”, ირაკლი ვაჩიბერაძე

,,ბადანტე” – ასე ჰქვია ემიგრანტ ლელა თოლორდავას წიგნს, რომელიც გამოვიდა და მკითხველებამდე მივიდა ის ამბები, რომლებიც საქართველოდან წასული უამრავი ადამიანის ყოველდღიურობაა. ,,ბადანტე” იტალიური სიტყვაა და ქართულად მომვლელს ნიშნავს. ჟურნალისტი თავის წიგნში თანამამემამულეებზე, მათ გაუსაძლის ყოფაზე, ტკივილსა და მონატრებაზე წერს.

ლელა თოლორდავა:

– შორიდან ყველაფერი ლამაზად ჩანს. “თქვენ რა გიჭირთ, კარგი ხელფასი გაქვთ და არაფერი გაკლიათ” – ასეთია სხვების თვალით დანახული ემიგრანტების ცხოვრება. სინამდვილეში კი უმთავრესი გვაკლია – თავისუფლება. განსაკუთრებით მათ, რომლებიც 24 საათიანი ბადანტეები არიან. ჩვენ სხვების ოჯახებს შეხიზნული ხალხი ვართ, საკუთარი ცხოვრება არ გაგვაჩნია, მოხუცი ბებია-ბაბუების მოვლა-პატრონობაში ვათენებთ და ვაღამებთ. ფაქტობრივად პიროვნულად აღარ ვარსებობთ, არავინ ვართ, ვართ მხოლოდ ბადანტეები. კონკრეტული საათებია განსაზღვრული დასვენებისთვის, სხვა დროს სახლიდან გასვლის უფლება არ გვაქვს.

სხვისთვის არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ეს არის ურთულესი ფსიქოლიგიური წნეხი. ამ სამუშაოში აღებული ფული ცოდვით არ დაიხარჯება, მაგრამ იხარჯება და ხმარდება იმ პრობლემებს, რომლებმაც უცხო მიწაზე გადმოგვხვეწა.

ერთმა მეგობარმა მითხრა, რომელიც ჩემსავით ბადანტეა, ქალიშვილს დავავალე, შენი წიგნი იყიდოს და ჩემს ქმარს და დედამთილს ხმამაღლა წაუკითხოს, გაიგონ, როგორ ვცხოვრობო.

ეს წიგნი ყველამ უნდა წაიკითხოს, განსაკუთრებით იმ ოჯახებმა, რომელთა დედები, მეუღლეები, დები ბადანტეებად მუშაობენ იტალიაში ან სხვა ნებისმიერ ქვეყანაში. იცოდნენ, რა შრომის ფასად გვიჯდება ოჯახების შენახვა.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ,,სარკეში”