თამარ ივერის ოჯახის ბინადრები – როი, სისი, ჯინა, ენცო, ფუცი, პელე

თამარ ივერის ოჯახის ბინადრები - როი, სისი, ჯინა, ენცო, ფუცი, პელე,,სარკე”, ნანა კობახიძე

ცნობილ ქართველ სოპრანოს, თამარ ივერს, შინაურ ცხო-ველებთან მეგობრობა ისევე მნიშვნელოვნად მიაჩნია, როგორც ადამიანებთან. მათზე ზრუნვა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და შვილებსაც ამ სულისკვეთებით ზრდის.

თამარი ამჟამად ოჯა-ხთან ერთად თბილისში, დიდი დიღმის კერძო დასახლებაში ცხოვრობს. ჰყავს 6 ოთხფეხა მეგობარი: 2 ძაღლი და 4 კატა. გერმანული ნაგაზი როი, ეზოში ბინადრობს, დანარჩენები კი ოჯახთან ერთად, ერთჭერქვეშ ცხოვრობენ. მომღერალი მუდმივად ზრუნავს ოთხფეხა მეგობრების კომფორტსა და ჯანმრთელობაზე და ამისთვის ფინანსებს არ იშურებს.

თამარმა პატარა ცუგას, ბივერ იორკს სისი დაარქვა იმ ძაღლის ხსოვნისთვის, რომელმაც 12 წელი მასთან იცხოვრა. მომღერალი სისის თილისმასავით სულ თან დაატარებდა. მისი და რაულ ცხადაძის ქორწილში სისი საპატიო ადგილს იკავებდა.

თამარ ივერი:

– სახელი სისი მის გამო შევიყვარე. იორკშირული ტერიერი იყო, სამფერა, ულამაზესი. სულ თან დამყავდა, მსოფლიო მოვატარე. თვითმფრინავში საათობით მეჯდა ჩანთაში და არ მაწუხებდა. ჭკვიანი, უპრეტენზიო, საოცრად მომთმენი, უწყინარი ძაღლი იყო. მისი სიკვდილი მძიმედ განვიცადე, დეპრესია დამემართა. მის ხსენებაზე დღემდე ცრემლი მდის.

გულშიჩამწვდომი პოსტი დავდე “ფეისბუქზე”. უცხო ადამიანები მეუბნებოდნენ, თამარ, ისე აღწერეთ სისის ცხოვრება და სიკვდილი, მას შემდეგ შეგვიყვარდითო. სისი ჩემი სულის ნაწილი იყო.

– მისი მოსახელე ცუგა ჰგავს სისის?

– ორივე ჯიში, იორკშირული ტერიერი და ბივერ იორკი, მცირე ტანისანი არიან. ამტანობით და კომფორტული ხასიათით გამოირჩევიან. შპიცივით სიცელქე და მოუსვენრობა არ ახასიათებთ.

პირველი სისი არაფრით დამირღვევდა მყუდროებას, არ გამაღვიძებდა. ეს კი ყეფით მაღვიძებს, თუკი ოთახთან ვინმე ჩაივლის. სხვა მხრივ, მსგავსება შეინიშნება. ურჩევნიათ, თვალებში მოგაჩერდნენ, ვიდრე სათამაშოებით გაერთონ. დედიკოსავით გეწებებიან.

გამძლეობით გამოირჩევიან. ეს პატარა არსებები მზად არიან, კილომეტრები იარონ შენთან ერთად ისე, რომ თითქოს არც იღლებიან.

პირველი სისი საათობით მეჯდა ჩანთაში თვითმფრინავში, მის არსებობას ვერც იგრძნობდი, არც შარდავდა, არც ყეფდა. ამერიკაშიც წავიყვანე. არასდროს მავნებლობდა. შემეძლო საათობით დამეტოვებინა სახლში და რეპეტიციაზე წავსულიყავი, არაფერს აფუჭებდა.

– 4 კატა ოჯახში – საიდან მოიყვანეთ, როგორ მოაგროვეთ?

– მეტისი ფისოები ქუჩიდან ავიყვანე. ერთი ტრასასთან დარბოდა და შეიძლებოდა მანქანას გაეტანა. მეორე გაჭირვებიდან გამოვიხსენი. ასე მრავალი კატა გადამირჩენია.

სიამის კატას დავარქვით ჯინა, ახლობლისგან შევიძინე. ბრიტანული კატა რამდენიმე თვის წინ მაჩუქეს – უზარმაზარია. თავიდან ვიტო დავარქვი, რაღაცით კორლეონეს წააგავს. ამ სახელზე რეაქცია არ ჰქონდა, ამიტომ შევუცვალეთ და ენცოს ვეძახით, ხანაც ბიჭოს – ამ სახელებზე რეაგირებს.

სახლში სულ მყავდა ცხოველები. თუ ვატყობდი, რომ ოჯახის სხვა ბინადრებს ვერ ეგუებოდნენ, “ვაშვილებდი”, საიმედო ადამიანებს ვაძლევდი. მერეც ვაქცევდი ყურადღებას, ვნახულობდი, რა პირობებში იყვნენ.

– ფაუნის ამდენი ბინადარი სახლში… ჰიგიენის დაცვა რთული არ არის?

– ვცდილობთ, გავუმკლავდეთ. სახლში გვაქვს 4 კატის ქვიშა, მათ ვაყრით სპეციალურ ფხვნილს სუნის გასანეიტრალებლად. ვინც მოდის, არავის უთქვამს, სახლში ცხოველის სუნიაო. დაბალბეწვიანები არიან და მაინცდამაინც ბეწვი არ სცვივათ.

სისი სახლში მოსაქმებას ვერ გადავაჩვიეთ, ტილოებით დავსდევთ. ალბათ იმიტომ, რომ ბუნებაში ვერ ვასეირნებთ, ეზოშიც ვერ ვუშვებ თავისუფლად. ვფრთხილობთ, ნაგაზმა არ დატოროს. ნაგაზი როი ჯერ წლისაც არ არის, ლეკვია და შეიძლება სისის უნებურად თათი ჩასცხოს, ზიანი მიაყენოს.

ფისოებსაც ვარიდებთ. კატების მიმართ როის კეთილგანწყობა აქვს, სურს, გაიცნოს, ყნოსავს, მაგრამ კატები აქეზებენ, ბრჭყალებით იწევენ. არ მინდა, ნაგაზს მათ მიმართ აგრესია გაუჩნდეს, ამიტომ იზოლირებული გვყავს.

კატებს როის შიშით გარეთ გასვლა უჭირთ, ეზოში ღობე გავავლეთ, რომ კონფლიქტს ავარიდოთ. ვფიქრობთ, ამის გამო მთლიანი ეზოც გადავტიხროთ. ჩვენც ვწვალობთ იმ მხრივ, რომ არ გვინდა, ნაგაზი დავაბათ. ტალახი ამოაქვს ვერანდაზე, სტუმრებსაც ახტება. ჯერ ლეკვია. რომ გაიზრდება და დაღვინდება, ამ პატარა ღობეებსაც ავიღებთ.

– კატები სისის როგორ ეგუებიან?

ნაგაზის ეშინიათ და იქოჩრებიან, ამ პატარა არსებაში კი მტერს ვერ ხედავენ, მასთან მეგობრობენ, თუმცა ზოგჯერ მიჩაგრავენ, საკვებს უჭამენ, მისი ჯამიდან მიირთმევენ.

– ამბობენ, თუ პატრონს სხეულის რომელიმე ორგანო დაზიანებული აქვს, კატა გრძნობს და იმ ადგილას ეხუტებაო. თქვენს ფისოებს აქვთ ეს უნარი? რა თვისებები ახასიათებთ?

– მეტის ფისოებს დავარქვით ფუცი და პელე. ფუციმ თათებით იცის მასაჟის გაკეთება მუცელზე, ხელებსა და კისერზე. ამით სიყვარულს გამოხატავს. ძალიან სასაცილო სანახავია. პელე “ფრენებს” აკეთებს ჰაერში, ამიტომ შევარქვით ეს სახელი.

ძაღლებმა ისეთი წრფელი სიყვარული და ერთგულება იციან, რაც ადამიანებს შორისაც იშვიათია. თუ ხედავს, რომ მშობლიურად გიყვარს, თავადაც გპასუხობს. კატებზე ამას ვერ ვიტყვი. კატა ბუნებით ცოტა ველური და მტაცებლურია.

ადრეც მყოლია კატები, რამდენიმე ერთდროულად. როცა ვხედავ, ადამიანები კნუტს აგდებენ, ფისო გაჭირვებაშია ან საფრთხე ელის, შინ მომყავს და ვუვლი, ვპატრონობ. 2-3 წლის რომ ხდებიან, მიდიან, იპარებიან. 3 კატა გამექცა ასე.

– როგორც ამბობენ, კატას პატრონზე მეტად ის სახლი უყვარს, სადაც ბინადრობს.

– დიახ, შეიძლება. იმასაც ამბობენ, 5 საათის შემდეგ კატას ავიწყდება პატრონის სახლი, ვეღარ აგნებსო, თუმცა წავიკითხე, რომ ერთმა ოჯახმა კატა მოსკოვიდან მურმანსკში წაიყვანა და სოფელში დატოვა. წელიწადნახევრის შემდეგ კი კატა მურმანსკიდან მოსკოვში ჩავიდა და პატრონის კორპუსს მიადგა. ასეთი სასწაული შემთხვევებიც ხდება.

ჩემი ფისოები კი ისე წავიდნენ, უკან არც მოუხედავთ. მიზეზს ვერ ვხვდები. ყველა სტერილიზებული მყავდა.

– ალბათ თქვენი ოჯახის წევრებსაც ასევე უყვართ ოთხფეხა მეგობრები.

– ჩემი მეუღლე ნაგაზითაა დაკავებული. 4 თვე ძალიან კარგი მწვრთნელი, ალექსანდრა ჭიჭინაძე წვრთნიდა. რაულს მაინცდამაინც არ უყვარს კატები, მაგრამ ჩემი სიყვარულით მიიღო და გაითავისა. სხვათა შორის, თავის დროზე არც მამაჩემს უყვარდა კატები, დედაჩემის ხათრით იტანდა. მშობლების ოჯახშიც სულ გვყავდა ცხოველები, წიწილებიც გვყოლია.

ჩვენს შვილებს, 5 წლის ტყუპებს, ცხოველების მოყვარულებად ვზრდით. შთავაგონებ, რომ მათ არ უნდა ატკინონ და როგორც არ გინდა, მოგექცნენ შენ, ისე არ უნდა მოექცე მათ. მიხარია, რომ ბავშვები ოთხფეხა ბინადრებთან მეგობრობენ. ეს ხელს შეუწყობს მათ ზნეობრივ და ჰუმანურ ადამიანებად ჩამოყალიბებას.

– ცხოველებს იცავთ. შარშან, ზამთარში ცხოველთა დამცველების შეკრებაზეც მონაწილეობდით. ქურქის გამო კი მაყურებლებმა სკანდალიც აგიგორეს. როგორ გაუმკლავდით?

– იმ შეკრებაზე სოლიდარობის ნიშნად მივედი. ზამთრის სუსხიანი დღე იყო, ხელოვნური შავი ქურქი მეცვა. ტელევიზიამ გააშუქა და ხალხისგან აგრესია წამოვიდა, თამარ ივერს ცხოველთა დაცვის მიტინგზე ბეწვის ქურქი ეცვა, სიტყვით გამოვიდა და ინტერვიუც მისცაო. “ფეისბუქზე” განვმარტე, რომ ეს იყო არა ნატურალური ბეწვი, არამედ ხელოვნური. არ დაიჯერეს.

ისე გამომიყვანეს, თითქოს ნატურალური ქურქით შემოსილი ცხოველთა დაცვის თემაზე საზოგადოებას ვმოძღვრავდი. იძულებული გავხდი, ის ქურქი ტელევიზიაში მიმეტანა და ტელეწამყვანებისთვის მეჩვენებინა. მათ დამიმოწმეს, რომ ხელოვნური ბეწვი იყო.

სამწუხაროა, რომ ჩემი ქურქი გახდა სალაპარაკო მაშინ, როცა იმ შეკრებაზე ზოგს ნატურალური ტყავის ფეხსაცმელი ეცვა, ზოგს ტყავის ჩანთაც ეკავა. მხოლოდ მე მესროლეს ლაფი.

– ნატურალური ბეწვის ქურქებს არ იცვამთ?

– კარიერის დასაწყისში შევიძინე რამდენიმე ქურქი, რომლებსაც იშვიათად, უკიდურეს სიცივეში ვიცვამ. ინგლისში, გერმანიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში ქურქის ტარება აღარ არის კარგი ტონი, პირიქით. მას ახალგაზრდები აღარ იცვამენ. შეიძლება მხოლოდ ხანდაზმულებმა ატარონ.

– აღმოჩენილხართ უხერხული სიტუაციაში ნატურალური ქურქის გამო?

– კარიერის დასაწყისში ბეწვის ქურქი მეცვა. ფრანკფურტის მეტროში ვიღაც გოგოს საათი ვკითხე. მოულოდნელად რაღაც ჩაილაპარაკა მწარედ. გაოცებულმა ვუთხარი, უკაცრავად, მე საათი გკითხეთ და ვერ მივხვდი, თქვენი აგრესია რამ გამოიწვია-მეთქი. შემობრუნდა და მომაძახა, ვისაც მკვდარი ცხოველები აქვს ტანზე მიკრული, მას არ ველაპარაკებიო.

ერთხელ ინგლისშიც შემრცხვა, ამ “ავადსახსენებელი” ქურქით რომ ჩავედი. ლონდონის ქუჩებში ხან რას მომაძახებდნენ ხოლმე, ხან – რას. ვიღაცამ ტრამვაიშიც გამლანძღა ხელების ქნევით, მაღაზიაშიც ცუდად მომექცნენ…

მივედი ცნობილი მუსიკოსის, ლექსო თორაძის, დასთან, ნინო თორაძესთან და შეწუხებულმა ვუთხარი, ასეთი სიტუაციაა და ვერ ვხვდები, რა ხდება-მეთქი. არ ვიცოდი, რომ ინგლისში ბეწვის ქურქის ტარება ცუდ ტონად ითვლება, დედოფალიც კი არ იცვამს.

ნინომ მიპასუხა, ქუჩებში “ანდენგრაუდი ტიპები” ფერად დეზოდორანტებს ასხამენ ბეწვის ქურქებს. კიდევ კარგად გადარჩენილხარ და სანამ საღებავი შენთვისაც არ შემოუსხამთ, ჯობია, გაიხადოო. არადა იმ სიცივეში სხვა ჩასაცმელი არ მქონდა.

ნინომ თავისი ძვირფასი პალტო მომცა, სანამ ლონდონში ხარ, გეცვასო. მისი პალტოთი გავატარე 20-25 დღე ინგლისში. ბოლოს მაჩუქა, ისე ლამაზად ატარებდი, შენი იყოსო. იმ პალტოს დღემდე ჩემს გარდერობში საპატიო ადგილი აქვს, ძალიან მომწონს.

– რა სიტუაციაა ამ მხრივ ამერიკაში?

– ამერიკა იმდენად დემოკრატიულია, რომ ჩაცმის გამო არაფერს გკადრებენ. თვლიან, რომ არავის აქვს უფლება, შენი არჩევანი შეურაცხყოს. პირიქით, მაღაზიაში რომ შევსულვარ, შავკანიანებს უთქვამთ, რა მაგარი ქურქი გაცვიათო… ეს იყო ჩემი კარიერის დასაწყისში. წლებთან ერთად თავადვე გამიქრა სურვილი, ნატურალური ქურქი მეტარებინა, თანდათან ჩავანაცვლე ხელოვნური ბეწვით და პალტოებით.

– ერთ ინტერვიუში ახსენეთ, ადამიანები ბეწვის ქურქისთვის როგორ სასტიკად ეპყრობიან ცხოველებს.

– ადრე მეგონა, ქურქისთვის მკვდარ ცხოველებს ატყავებდნენ. თურმე ცხოველს აბრუებენ და სანამ მოკვდება, ატყავებენ, თორემ მერე ბეწვი უხეშდება და გამოუსადეგარი ხდება. ავსტრიაში, ვენის ცენტრში ცხოველთა დამცველები ეკრანიდან დოკუმენტურად აჩვენებენ ამ სასაკლაოს, თუ რისი გადატანა უწევთ საბრალოებს.

ევროპაში ხალხის შეგნება გაიზარდა. კარგი იქნება, ცხოველთა დამცველებმა ასე მასობრივად საქართველოს მოსახლეობასაც მიაწოდონ ინფორმაცია.

რაც შეეხება ცხოველის დაკვლას, ევროპაში მათ ელექტროშოკით აბრუებენ, თიშავენ და მერე კლავენ, რომ მტკივნეული არ იყოს. საწუხაროდ, საქართველოში ეს მეთოდი დანერგილი არ არის.

ბავშვობაში ვუყურე, როგორ კლავდა ძროხას რამდენიმე კაცი ნაჯახებით – ეს საშინელება მეხსიერებიდან არ ამომდის. კარგი იქნება, ევროპული გამოცდილება საქართველოშიც დაინერგოს.