რეზო სირაძემ ქართული მწერლობის დასაბამის თარიღი შეცვალა

რეზო სირაძემ ქართული მწერლობის დასაბამის თარიღი შეცვალა,,სარკე”, ნანა კობახიძე

ქართული ლიტერატურის ისტორია იწყება იაკობ ხუცესის ,,შუშანიკის წამებით”, როგორც ქართული მწერლობის უძველესი  ნაწარმოებით, რომელიც მე-5 საუკუნის მე-2 ნახევრითაა დათარიღებული. ასეც გაჟღერდა 2018  წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნისა და დახურვის ცერემონიალზე, მაგრამ   ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, აკადემიკოსმა რევაზ სირაძემ, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში ფუნდამენტური კვლევით დაასაბუთა, რომ ჩვენი მწერლობის უძველესი აგიოგრაფიული ძეგლი არის ,,წმინდა ნინოს ცხოვრება”. მისი ადრეული რედაქციის შექმნის თარიღად კი მე-4 საუკუნის მე-2 ნახევარი დაადგინა.

მეცნიერმა ამით ქართული მწერლობის დასაბამი მთელი საუკუნით გადასწია. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოსაზრება ბევრმა მკვლევარმა გაიზიარა, ბოლომდე არ იქნა დამკვიდრებული ჩვენს სამეცნიერო და საგანმანათლებლო სისტემაში.

დღეს ამ საკითხის წამოწევას ბატონი რეზოს მოწაფეები ცდილობენ. მისმა მოწაფემ, ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ლალი ურდულაშვილმა,   რევაზ სირაძის შრომას მიუძღვნა სამეცნიერო სტატია. მას სოციალურ ქსელში დადებითი გამოხმაურება და მხარდაჭერა მოჰყვა. დიდი მეცნიერის უმნიშვნელოვანეს აღმოჩენაზე ქალბატონი ლალი ,,სარკესთან” საუბრობს.

– რევაზ სირაძის კვლევამდე თუ იყო მეცნიერებაში აზრი, რომ ქართული ლიტერატურის პირველი ძეგლი შეიძლებოდა ყოფილიყო ,,წმინდა ნინოს ცხოვრება”?

– ცალკეული მეცნიერები გამოთქვამდნენ მოსაზრებას, რომ ,,წმინდა ნინოს ცხოვრება” შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო ადრეული, ვიდრე ჩვენამდე მოღწეული მისი რედაქტირებული ტექსტები, თუმცა ბატონმა რეზომ საფუძვლიანი კვლევის შედეგად პირველმა დაადგინა, რომ ის არის ჩვენი ქრისტიანული მწერლობის დასაწყისი და განეკუთვნება მე-4 საუკუნის მე-2 ნახევარს.

ეს არამხოლოდ კულტუროლოგიური, არამედ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხია. ეს არის საუკუნის მიგნება.

– როდის შეიქმნა რევაზ სირაძის ეს მნიშვნელოვანი ნაშრომი?

– რევაზ სირაძის მონოგრაფია ,,წმინდა ნინოს ცხოვრება და დასაწყისი ქართული აგიოგრაფიისა” გამოქვეყნდა 1997 წელს,  მანამდე მისი ცალკეული სამეცნიერო სტატიები იბეჭდებოდა პერიოდიკაში. ბატონი რეზო ამ თემაზე ათეული წლები მუშაობდა.

მოგეხსენებათ, ჩვენამდე მოღწეულია ამ თხზულების რამდენიმე რედაქცია. ბატონმა რეზომ ტექსტის რედაქციათა შედარება-შეპირისპირების საფუძველზე, ბერძნულ-სომხურ წყაროთა შეჯერებით და ისტორიული მასალის გათვალისწინებით აღადგინა უძველესი ტექსტი, განაცალკევა ადრეული პლასტები და მიიღო დასკვნა, რომ ,,წმინდა ნინოს ცხოვრების” უძველესი და უპირველესი რედაქცია მე-4 საუკუნის მე-2 ნახევარს განეკუთვნება.

ასევე დასახა კვლევის ახლებური მეთოდები ტექსტის საანალიზოდ. მისი შრომა უმნიშვნელოვანესია იმით, რომ მან გადაათარიღა ქართული მწერლობის დასაბამად დღემდე მიჩნეული თარიღი.

– რა რეზონანსი ჰქონდა სამეცნიერო წრეებში რევაზ სირაძის ამ გამოკვლევას? ფაქტობრივად ეს სენსაციური მიგნება უნდა ყოფილიყო, რატომ არ დაინერგა?

– მას მხარი დაუჭირა მეცნიერთა გარკვეულმა ნაწილმა, ფილოლოგებმა, ისტორიკოსებმა, მაგრამ მთლიანობაში საკითხი ოფიციალურად არ გადაიჭრა. საქმე ის არის, რომ ბატონი რეზოს ეს მონოგრაფია, როგორც უკვე ვთქვი, გამოიცა 1997 წელს. მოგეხსენებათ, 90-იან წლებში მძიმე ვითარება იყო საქართველოში და,  ვფიქრობ, ამანაც შეუშალა ხელი.

ანგარიშგასაწევია ფაქტიც, რომ ზოგადად ადამიანებს, თუნდაც დიდ მეცნიერებს, უჭირთ ხოლმე სიახლის მიღება და სხვა პიროვნების დიდი მიღწევების აღიარება – ეს ადამიანური მომენტი ყოველთვის იყო და არსებობს დღესაც.

– თავად ბატონი რეზო როგორ ხსნიდა ამ საკითხს?

– მახსოვს, თქვა, ალბათ 20 წელი მაინც უნდა გავიდეს, რომ აღიარონ ამ მეცნიერული თვალსაზრისის მართებულობა, ასე უცებ ამ აზრს ვერ მიიღებენ, გაუჭირდებათო. ეს იყო წინასწარმეტყველებასავით.

დღეს, მონოგრაფიის გამოცემიდან 23 წლის შემდეგ, ღვთის ნებით, საკითხი გააქტიურდა და, ვფიქრობ, დადგა დრო, ქართულმა ფილოლოგიურმა მეცნიერებამ აღიაროს ბატონი რეზოს მეცნიერულად დასაბუთებული თვალსაზრისი, რომ “წმინდა ნინოს ცხოვრების” უპირველესი რედაქცია განეკუთვნება მე-4 საუკუნის მე-2 ნახევარს, სწორედ ეს არის ჩვენი მწერლობის დასაბამი და არა – იაკობ ხუცესის “შუშანიკის წამება”, რომელიც მე-5 საუკუნის მე-2 ნახევრის ძეგლია.

ბატონი რეზო კერძო საუბარში აღნიშნავდა, ეს არამხოლოდ მეცნიერულად დასტურდება, ლოგიკურადაც ღრმად მწამს, რომ ქართველთა განმანათლებელი ,,წმინდა ნინოს ცხოვრება” უნდა იყოს პირველი უძველესი აგიოგრაფიული ძეგლიო.

– როდის შეიტყვეთ პირველად ამ სამეცნიერო თვალსაზრისის შესახებ?

– 1995 წელს ვაბარებდი ასპირანტურის გამოცდებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ქართული ლიტერატურის გამოცდას ესწრებოდნენ პროფესორები: ლევან მენაბდე (კათედრის იმჟამინდელი  ხელმძღვანელი), რევაზ სირაძე, ელგუჯა ხინთიბიძე, თენგიზ კიკაჩეიშვილი და სხვები.

ლევან მენაბდემ მკითხა: “ვინ არის ის მეცნიერი, რომელმაც გადაათარიღა ქართული მწერლობის დასაბამი?”. მაშინ ბატონი რეზოს მონოგრაფია გამოცემული არ გახლდათ, თუმცა ამ თემაზე მისი ცალკეული სტატიები დაბეჭდილი იყო პერიოდიკაში. სამწუხაროდ, ამ კვლევებს არ ვიცნობდი.

გუმანით მივხვდი, რომ ეს უნდა ყოფილიყო რევაზ სირაძის სამეცნიერო თვალსაზრისი, მაგრამ თქმა ვერ გავბედე, რაკი არ ვიცოდი დაზუსტებით. მაშინ ბატონმა რეზომ ჩვეული თავმდაბლობით ჩაილაპარაკა, არ არის აუცილებელი, იცოდესო.

გამოცდიდან როგორც კი გამოვედი, მისი გამოქვეყნებული კვლევები მოვიძიე და დავრწმუნდი, რომ ეს იყო ბატონი რეზოს შემოტანილი სრულიად ახალი თვალსაზრისი ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში, რომელსაც, როგორც ჩანს, ადასტურებდა და იზიარებდა ლევან მენაბდეც, ალბათ სხვა მეცნიერებიც.

– დღეს რევაზ სირაძის სამეცნიერო აღმოჩენის გააქტიურებას კიდევ ვინ ცდილობს მისი მოწაფეებიდან?

– პროფესორმა გიორგი ალიბეგაშვილმა თავის წერილში, ბოლო დროს გამოცემულ ,,ქართული ლიტერატურის” ოთხტომეულში მოკლედ წარმოადგინა რევაზ სირაძის კონცეფცია, სადაც ნათლად ჩანს ბატონი რეზოს კვლევის მართებულობა და ხაზი.

ახლახან ვასილ მაღლაფერიძემ ტელესკოლის გაკვეთილებში გააჟღერა ბატონი რეზოს თვალსაზრისი, რომ “წმინდა ნინოს ცხოვრება” ქართული აგიოგრაფიის პირველი უძველესი ძეგლია და რომ მას უკვე ბევრი მიმდევარი ჰყავს. საკითხს ამ კუთხით სხვა მეცნიერებიც იკვლევენ.

-,,წმინდა ნინოს ცხოვრება” შეტანილია სასკოლო სახელმძღვანელოებში?

– 2000-იანი წლების დასაწყისში გამოიცა ,,ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია” (ავტორები ვახტანგ როდონაია, მანანა გიგინეიშვილი და ლაურა გრიგოლაშვილი), სადაც პირველ ნაწარმოებად შესულია ,,წმინდა ნინოს ცხოვრების” ერთ-ერთი ვერსია, თუმცა ის მოსწავლეებს მიეწოდებათ, როგორც მხოლოდ საკითხავი მასალა.

რეზო სირაძე კი მოითხოვდა, რომ თხზულება შესულიყო, როგორც საპროგრამო-სავალდებულო ტექსტი. საკითხი დღემდე მოგვარებული არ არის. ეს განათლების სამინისტროს პრეროგატივაა.

გასაზიარებელია სახელმძღვანელოთა ავტორების მოსაზრებაც, რომ ტექსტის სირთულისა და რედაქციათა სიმრავლის გამო რთულია მისი შეტანა სასკოლო სავალდებულო მასალაში. ალბათ მართებული იქნება თუნდაც ადაპტირებული ვერსია დადგინდეს და შევიდეს ყველა სახელმძღვანელოში, რათა მოსწავლეებმა შეიმეცნონ, რომ მშობლიური ლიტერატურა იწყება მე-4 საუკუნიდან ,,წმინდა ნინოს ცხოვრებით” და არა მე-5 საუკუნის ,,შუშანიკის წამებით”.

სკოლის მოსწავლეებს ხომ არ ევალებათ ტექსტის მეცნიერულ დონეზე შესწავლა და ანალიზი. საკმარისია, მათ მხოლოდ შინაარსი მივაწოდოთ.

– მოწაფეები რევაზ სირაძეს საოცრად ამაღლებული გრძნობით იხსენებენ. რა იყო მისი ხიბლი, როგორც პედაგოგის და პიროვნების?

– რეზო სირაძე იყო უნიკალური მოვლენა არამარტო მეცნიერებაში, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. განსაკუთრებული იყო თავისი ხედვით, სტუდენტებისადმი დამოკიდებულებით. ყოველთვის აღძრავდა ფიქრისთვის ახალგაზრდის გონებას. ერთი ფრაზით, თუნდაც მცირე შენიშვნით ისეთ საფიქრალს დაგიტოვებდა, რომ შეიძლებოდა მისგან საკვლევი თემა გამოკვეთილიყო.

ბატონი რეზო ამბობდა, ყველაზე უკეთ მისმენს ის, ვინც მეკამათებაო. შეკითხვები კი არ აღიზიანებდა, არამედ ახალისებდა და სტიმულს აძლევდა, რომ მეტი სააზროვნო მიეცა სტუდენტებისთვის.

ის გახლდათ ადამიანი, რომელსაც არ უჭირდა სხვისი  ნიჭის და სიკეთის აღიარება. ზოგადად სიკეთე იყო მისთვის წარმმართველი, უმაღლესი ამქვეყნიური კატეგორია, უმთავრესი ღირებულება. თვითონაც სიკეთეს ემსახურებოდა. სხვისი სიხარულით გახარება სჩვეოდა. მისთვის უცხო იყო შური და სიყალბე, საოცარი იუმორით  სავსე გახლდათ. “ადამიანური, ერთობ ადამიანური”, – ასე დაასათაურა ერთი სტატია და ამ თვისებით გამოირჩეოდა თავადაც.

ბატონი რეზო საბჭოთა პერიოდში, წლების განმავლობაში უმაღლესი სასწავლებლების მისაღებ გამოცდებზე იყო ქართული ენისა და ლიტერატურის კომისიის თავმჯდომარე.

იმ კორუფციის ჟამს შეუძლებელი იყო მისი მოსყიდვა. მიუხედავად იმისა, რომ ემუქრებოდნენ კიდეც, მას ვერაფერი აშინებდა. მისთვის მთავარი იყო სიმართლე და ობიექტურობა.

ბატონი რეზოსთვის მთავარი იყო ადამიანის პიროვნული თვისებები, მისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა გვარიშვილობას და წარმომავლობას. თუ ახალგაზრდაში მონდომებას და პიროვნულ თვისებებს ხედავდა, მას აუცილებლად გაუხსნიდა გზას. მისი ყოფილი სტუდენტი და ასპირანტი გახლდათ ოქტაი ქაზუმოვი, აზერბაიჯანელი ახალგაზრდა.

ოქტაის ტელეიმედმა მიუძღვნა გადაცემა ,,იმედის გმირები”. ბატონი რეზოც ჩაწერეს, როგორც ოქტაის პედაგოგი. მან ისეთი სითბოთი, სიყვარულით და გულისხმიერებით დაახასიათა ოქტაი, რომ ამ გადაცემის ნახვის შემდეგ აზერბაიჯანელმა მოსახლეობამ  მადლიერების ნიშნად ბატონი რეზოს სახელი სათაყვანებლად აქცია.

– თუ შეიძლება, მოკლედ აღგვიწერეთ ბატონი რეზოს, როგორც მეცნიერის, პორტრეტიც.

– მას ქართული ფილოლოგიის ემბლემა უწოდეს. მსოფლიო მასშტაბის მეცნიერი გახლდათ. აკაკი შანიძემ მიავლინა კვლევის ჩასატარებლად ბულგარეთში, ბაჩკოვოს მონასტერში (იგივე ქართველთა პეტრიწონის მონასტერი). ბერებთან კელიაში ცხოვრობდა.

კედელ-კედელ შეისწავლა თითოეული ფრესკა და წარწერა. მანვე აღმოაჩინა ერთი ფრესკის ქვეშ ქართული წარწერა, რომელიც მეცნიერული ალღოთი ივარაუდა. სპეციალური აპარატის დაშუქებით წარწერა გამოჩნდა.

ენების ფლობის საოცარი უნარი ჰქონდა. სოფიის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორად აირჩიეს, იქ ბულგარულად კითხულობდა ლექციებს, მოხსენება წაიკითხა იუნესკო-შიც. თსუ-ის რუსული ფილოლოგიის ფაკულტეტზე რუსულად კითხულობდა ლექციებს ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიაში.

ბრწყინვალე მთარგმნელიც გახლდათ. რუსულიდან ქართულად თარგმნა სერგეი ავერინცევის ,,წმინდა ხარება”, ქართულიდან რუსულად კი – იოანე ზოსიმეს “ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი” და სხვა მრავალი.

ხშირად იწვევდნენ ლენინგრადის ,,პუშკინის სახლში” საერთაშორისო ლიტერატურულ სემინარებზე. მასთან მეგობრობდა მსოფლიო მედიევისტიკის ავტორიტეტი ვიქტორ ბიჩკოვი, რომელიც დღემდე არ წყვეტს კულტურულ ურთიერთობას მის ოჯახთან.

ბატონი რეზო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელმძღვანელობდა ქართული ქრისტიანული კულტურისა და სიტყვიერების ისტორიის კათედრას, შექმნა სახისმეტყველების სკოლა. დაწერა ქართული ესთეტიკური აზრის ისტორია, რომელიც დიდი მნიშვნელობის მოვლენაა ქართულ ფილოლოგიურ მეცნიერებაში.

როგორც აკაკი შანიძემ დაწერა ქართული ენის გრამატიკა, კორნელი კეკელიძემ – ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ისე რევაზ სირაძემ შექმნა ქართული ესთეტიკური აზრის ისტორია. მისი კრებული ,,სახისმეტყველება” სამაგიდო წიგნია და არა მარტო სტუდენტებისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ამ წიგნის ერთი თავი – ,,დუმილის ესთეტიკა” – საოცრად ეხმიანება ჩვენს დღევანდელობას.

– 4 წლის წინ რევაზ სირაძის ხსოვნას კრებულიც მიუძღვენით, სათაურით ,,მზისა და ვაზის ძალით აღვსილი”. წიგნის დაწერა რამ შთაგაგონათ?

– წიგნი სავსეა დიდი სიყვარულით და გულწრფელი ემოციებით, რომლებიც ეკუთვნის ჩვენს მასწავლებელს არა მარტო ჩემგან, არამედ ყველა მისი აღზრდილისგან. ბატონმა რეზომ თაობები აღზარდა.

ვმადლობ ღმერთს, რომ მომცა ბედნიერება, 17 წლის ასაკიდან ვყოფილიყავი ბატონი რეზოს მოწაფე, მისი ესთეტიკური ხედვისა და სამეცნიერო პლატფორმის გამზიარებელი. მქონდა პატივი, ვყოფილიყავი მისი ერთ-ერთი წიგნის რეცენზენტი. თავად არაერთხელ იყო ჩემი სამეცნიერო კონსულტანტი.

მისი უეცარი გარდაცვალება, მოწამეობრივი აღსასრული იყო დიდი ტრაგედია და დანაკარგი ჩვენი საზოგადოებისა და მეცნიერებისთვის.

სიმბოლურია, რომ ამ ინტერვიუს ვწერთ 3 ივნისს, ბატონი რეზოს დაბადების დღეს. ერთგვარი მილოცვაა, 84 წელი შეუსრულდებოდა.

სხვათა შორის, თავად ბატონ რეზოს არ უყვარდა ინტერვიუს მიცემა, იშვიათად თანხმდებოდა. მასთან ბოლო ინტერვიუ კი დაიბეჭდა ჟურნალ “სარკეში”, გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე. ამ ყველაფრისთვის მადლობას ვუხდი ,,სარკის” რედაქციას.

ბატონი რეზო ამბობდა: ,,მე არ მჭირდება საყოველთაო აღიარება და დაფასება, ასე ვთქვათ, ტაში, თუ ჩემ შემდგომ ჩემს წიგნებს და ნაწერებს ვინმე წაიკითხავს, ეს იქნება ჩემი აღიარება და დაფასებაც”.

ვფიქრობ, რევაზ სირაძე მომავლის მეცნიერია.