პრინცი მაჩაბელი – ქართველი, რომელმაც ამერიკელებს პირველი სუნამო აჩუქა

პრინცი მაჩაბელი - ქართველი, რომელმაც ამერიკელებს პირველი სუნამო აჩუქა,,სარკე”, ირინე მჭედლიძე

,,ზღაპრიდან მოსული პრინცი” ­_ წერდა გასული საუკუნის 20-იანი წლების ამერიკული პრესა ჯორჯ მაჩაბელზე, იგივე გიორგი მაჩაბელზე. ის მართლაც ჰგავდა პრინცს _ გარეგნობით, ჩაცმულობით, მანერებით, მისი სამშობლოც ზღაპარივით მოჩანდა ოკეანის გაღმიდან.

_ თქვენ იტალიელი ხართ? _ ხშირად ეკითხებოდნენ ნიუიორკელები თავად მაჩაბელს.

– ქართველი, _  პასუხობდა ის და თითქოს ამ სიტყვას თავის სულს ატანდა.

სამშობლოს მონატრება როცა გაუსაძლისი ხდებოდა, ქართულ ჩოხას იცვამდა  და უცხო მიწაზე ამაყად დააბიჯებდა. მერე კი  ნოსტალგიით შეპყრობილი ქმნიდა სუნამოებს, აღმოსავლურ არომატში ხვევდა  ამერიკას და ოცნებობდა საქართველოზე. სამწუხაროდ, მის ოცნებას ასრულება არ ეწერა. პრინცი მაჩაბელი უცხო მიწამ მიიბარა. ის ნიუ იორკშია დაკრძალული.

დღემდე არსებობს გიორგი მაჩაბელის კლასიკური სუნამოების ხაზი _ ,,პრინცი მაჩაბელი”. ამერიკაში მისი ისტორიაც კარგად იციან _ ქართველი პრინცი იყო პირველი, ვინც ამერიკელებს სუნამო აჩუქა. ,,პრინცი მაჩაბელი” დღესაც  მსოფლიო პარფიუმერიის კლასიკად ითვლება.

ფესვები

1885 წელს ვასო მაჩაბლის ოჯახში ვაჟი გაჩნდა. მას გიორგი დაარქვეს. პატარა ძალიან ჰგავდა ბიძას, შექსპირის ტრაგედიების მთარგმნელ ივანე მაჩაბელს. ბიძასა და ძმისშვილს შორის მსგავსებას წლების შემდეგაც ხშირად აღნიშნავდნენ. ბედითაც თითქოს ერთმანეთს დაემსგავსნენ, ორივეს ცხოვრება ტრაგიკულად წარიმართა. როცა ივანე მაჩაბლის გაუჩინარებაზე საუბრობენ, ერთ-ერთ ვერსიად იმასაც ასახელებენ, რომ ის ამერიკაში წავიდა და იქ გარდაიცვალა. იქნებ ივანე მაჩაბლის საფლავიც იქვეა, სადაც სუნამოების პრინცი განისვებებს, ვინ იცის…

გიორგიმ თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია დაამთავრა, შემდეგ  _  ბერლინის სამთო აკადემია. სტუდენტობის დროს მისი ერთ-ერთი თავშესაქცევი სუნამოების შეზავება იყო. ახალგაზრდა თავადი მაშინ რას წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ ჰობი მილიონებს მოუტანდა. აკადემიის დასრულების შემდეგ თავგადასავლების საძებნელად გაეშურა, მთელი მსოფლიო მოიარა, მძღოლიც იყო, მეზღვაურიც და შიკრიკიც კი.

მშვენიერი ნორინა

სიმპათიურ, ახალგაზრდა თავადს უამრავი ლამაზმანი შეტრფოდა, მისი გული კი მხოლოდ ერთმა დაიპყრო _ იტალიელმა მსახიობმა ნორინა ჯილიმ. მისი თეარალური ფსევდონიმი მარია კარმი გახლდათ.  ის თამაშობდა გერმანულ, იტალიურ თეატრებსა და მუნჯ ფილმებში.1916 წელს გიორგიმ და ნორინამ იქორწინეს. საყვარელი ქალის ხათრით მაჩაბელმა იტალიური ენაც შეისწავლა.

თავისუფლებაზე ფიქრი

გიორგი მაჩაბელმა მთელი თავისი ცხოვრება საქართველოს დამოუკიდებლობაზე ფიქრსა და ბრძოლას შეალია. ჯერ მეფის რუსეთისგან ცდილობდა მის დახსნას, შემდეგ ბოლშევიკებისგან.

პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიაში საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი დაარსა. გიორგი ყველაზე სახიფათო  დავალებებს ასრულებდა, უშიშრად გადადიოდა ერთი ქვეყნიდან მეორეში. მოლაპარაკებებს ხან მთავრობის წევრებთან მართავდა, ხანაც რევოლუციონერებთან.
იმ დროს გერმანელები ეძებდნენ გავლენიან ჯგუფს, რომელიც გერმანიის პროტექტორატით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის იდეას მხარს დაუჭერდა.

გერმანელებსა და საქართველოს განამათავისუფლებე კომიტეტს სორის შეთანხმება დაიდო, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემთხვევაში გერმანია საქართველოს დაიცავდა, ოსმალეთი კი მის ისტორიულ საზღვრებს აღიარებდა.

გიორგი მაჩაბლის გეგმები უფო შორს მიდიოდა. მას საქართველოში მონარქიის აღდგენა სურდა.  მომხრე იყო გერმანელი პრინცის, კაიზერ ვილჰელმ II-ის უმცროსი ვაჟის, იოახიმისა და ქართველი თავადის, მიხეილ  მაჩაბლის ულამაზესი ქალიშვილის, მარინას ქორწინების, თუმცა ეს გეგმა ჩაიშალა. გერმანული მონარქია დაემხო, მარინა მაჩაბელი კი იტალიის კონსულს გაჰყვა ცოლად და რომში დასახლდა.

უშიშარი თავადი

გიორგი მაჩაბელს გერმანელების დახმარებით წყალქვეშა გემებით საქართველოში ფული და იარაღი შემოჰქონდა. მეფის რუსეთი მას, როგორც გერმანიის აგენტს, ყველგან დაეძებდა. ის კი ისევ უშიშრად განაგრძობდა თავის საქმეს.

1916 წელს წყალქვეშა ნავით საქართველოში ჯერ ერთი ექსპედიცია გამოგზავნა, ერთი თვის შემდეგ კი მეორე ექსპედიციას თავადაც გამოჰყვა. როგორც ამბობენ, ამ დროს საქართველოშო დიდძალი იარაღი და ფული შემოიტანეს.

პუბლიცისტი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის  ლიდერი, რეზო გაბაშვილი იგონებს, რომ ძებნილი მაჩაბელი სქართველოში გულადად დააბიჯებდა. ,,რუხი ჩოხით გამოწყობილი გიორგი ისე დაიარებოდა, თითქოს არაფერი ამბავი ყოფილიყოს და როცა ვეუბნებოდი, კაცო, შენი თავი თუ არ გებრალება, ჩემს ცოლ-შვილს უნდა გაუფრთხილდე, შენ თუ ჩავარდი, ჩვენ ყველას დაგვახრჩობენ-მეთქი, არხეინად მიპასუხებდა, ნუ გეშინია, მე სხვანაირი ბედი მაქვსო”.

მეორე ექსპედიციის ერთ-ერთი წევრი მიხაკო წერეთელი კი მაჩაბელზე ასეთ ისტორიას ყვებოდა: ,,ჯერ სხვები ჩავიდნენ ნავში რიგრიგობით და საკმაოდ კარგი, წყნარი განწყობილებით. მეტ-ნაკლებად ოდნავი ღელვა ყველას ეტყობოდა. არ ღელავდნენ მხოლოდ ისინი, ვისაც გამოცდილი ჰქონდათ ამგვარი მოგზაურობა… უცებ ამიტანა მოულოდნელმა შიშმა. უკან დავიწიე და უარი ვთქვი ისე, რომ დავაპირე წასვლა. ამ დროს სახეშეცვლილმა გიორგი მაჩაბელმა დააძრო რევოლვერი და ჩემთვის სრულიად უცნობი, მანამდე განუცდელი ხმით მითხრა: ,,ჩადი, თორემ აქვე დაგაწვენ!”. ეს ისეთი მტკიცე გადაწყვეტილებით იყო ნათქვამი, ის ნამდვილად მომკლავდა. მე სწრაფად ჩავირბინე და შევუერთდი სხვებს”.

გიორგი მაჩაბელს უკავშირდება მითად ქცეული ერთი ამბავიც. პირველი მსოფლიო ომის დროს ვასო დუმბაძესთან ერთად შეიმუშავა გეგმა, გერმანელებს  საიდუმლო საბუთები გადასცა და ამერიკული ყუმბარების შეკვეთაში კალიბრები  შეცვალა. ყველა ჭურვი, რომლებიც დამზადებული იყო რუსეთის არმიის გენერალური შტაბისათვის, სხვა კალიბრის აღმოჩნდა, ქვემეხებს არ ერგებოდა. რუსეთის იმპერიის არმია ჭურვების გარეშე დარჩა და უკან დახევა დაიწყო.

ის, რომ 1918 წელს ქვეყანამ დამოუკიდებლობას მიაღწია,ამაში დიდი წვლილი საქართველოს განმათავისუფლებელ კომიტეტს მიუძღვის. ამიტომაც წერდნენ მაშინ, ნოე ჟორდანიას ხელში შეაჩეჩეს ქვეყნის დამოუკიდებლობა, სინამდვილეში კი ქვეყნის ბედი საქართველოს განმათავისუფლებელმა კომიტეტმა ევროპაში გადაწყვიტაო.

გიორგი მაჩაბელი პირველი ეროვნული მთავრობის დიპლომატი გახლდათ. 1918–21 წლებში იტალიაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი იყო.

ემიგრაციაში

„გიორგი ათას საბანში რომ ჩაახვიო და სადმე დამალო, ვინც იქ მივა, მაშინვე შეიტყობს: აქ საქართველოს სუნიაო…” _ წერდა გრიგოლ რობაქიძე მაჩაბელზე, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ ევროპაში გაქცეულ მთავრობის წევრებს შეუერთდა.

მიხაკო წერეთლი იგონებს: „ბერლინში მიმავალმა სტამბოლითგან რომში ვნახე. საზღვარი არა ჰქონდა გიორგის მწუხარებას და ამბობდა: საქართველოს საკითხი დიდი ხნით გადაიდვა, მაგრამ ნიჭიერი და ენერგიული კაცები რომ ჰყოლოდა მმართველად დამოუკიდებელ საქართველოს, შეიძლება ეს უბედურება არ დაგვმართოდაო…”.

საფრანგეთში ემიგრაციასი მყოფი მთავრობის საქმეებში არ ერეოდა. ის თვლიდა, რომ მხოლოდ მემორანდუმების წერით ქვეყანას ვერ უშველიდნენ, საჭირო იყო ფანანსები, რომ ფეხზე დამგარიყვნენ და საქართველოს დამოუკდებლიბისთვის ისე ებრძოლათ. როცა ნივთიერი საყრდენი გვექნება, მაშინ მემორანდუმებსაც საჭირო ძალა შეემატება და იმოქმედებსო, ამბობდა თურმე მაჩაბელი.

„ემიგრანტებს დიდი გასაჭირი მოგველის, გაჭირვებული და მშიერი უცხოეთში ვერც ღირსებას შეინახავს და ვერც ქვეყნისთვის იმუშავებს პოლიტიკურად. ამიტომ მთელ ჩემს ენერგიას დავხარჯავ, რომ ამერიკაში სიმდიდრე შევიძინო და ეს ბოლოს გამოგვადგება დამოუკიდებელი საქმიანობისათვის”, – უთქვამს ამერიკაში მიმავალ გიორგი მაჩაბელს მიხაკო წერეთლისთვის ბერლინში…

იყო და არა იყო რა

1922 წელს გიორგი მაჩაბელი მეუღლესთან ერთად ამერიკაში გაემგზავრა. ნიუ იორკში წამოიწყო პარფიუმერიის ბიზნესი, ფაქტობრივად არაფრისგან შექმნა ბრენდი, რომელმაც მილიონობით დოლარი მოუტანა.

,,იყო და არა იყო რა! იყო ერთი პრინცი. მან თავისი სატრფო პრინცესასთვის შესანიშნავი სუნამო შეაზავა და ამის შემდეგ ისინი ბედნიერად ცხოვრობდნენ… ეს სიტყვები ზღაპარივით ჟღერს, მაგრამ ზღაპარი სულაც არ გახლავთ. ესაა ნამდვილი ამბავი პრინც მაჩაბლისა და დიდი პარფიუმერიული საზოგადოებისა, რომელიც მან დააარსა აქ, შეერთებულ შტატებში 1920-იანი წლების დასაწყისში”, – ასე იწყებოდა სტატია ერთ-ერთ ამერიკულ ქალთა ჟურნალში.

პრინცი მაჩაბელი - ქართველი, რომელმაც ამერიკელებს პირველი სუნამო აჩუქაამერიკას საკუთარი საპარფიუმერიო მრეწველობა ჯერ კიდევ არ გააჩნდა. რაც მზადდებოდა, ძირითადად ფრანგული პროდუქციის ცუდი ასლები იყო და ისიც ძალიან ძვირი ჯდებოდა. ამიტომ საუკუნის დამდეგს მოდაში შემოვიდა უბრალო ყვავილებისა და თაიგულების არომატი, რომლებსაც მკერდზე იმაგრებდნენ. ნიუ იორკს პირველად ქართველმა თავადმა შეუქმნა პარფიუმერული ბრენდი. იგი თვითონვე ქმნიდა, ამზადებდა, აფორმებდა სუნამოებს და რეკლამასაც თვითონ უკეთებდა.

სუნამოები შეფუთული იყო სამეფო გვირგვინების დიზაინსა და ოქროს დეტალებში.  პარფიუმის ფლაკონები ერთ სტილშია – ყველას გვირგვინის ფორმა აქვს მათ ჯერ გერმანული ფაიფურისაგან ამზადებენ, შემდეგ კი ამერიკაში ქართველი მრეწველის ჯორჯ კობის, იგივე გრიგოლ კობახიძის კომპანიაში უკვე მინისგან. რატომ აირჩია ბრენდის ემბლემად გვირგვინები? ეს ლეგენდარული გვირგვინები ქართული ჯვრებით თავადი მაჩაბლისთვის იყო სამშობლოს სიმბოლო…

გიორგიმ ,,მაჩაბლის გვირგვინები” მთელ ამერიკას მოსდო. 1935 წელს ნიუორკში მე-5 ავენიუზე მაჩაბელის კიდევ ერთი ელეგანტური სალონი უნდა გახსნილიყო, მაგრამ  მოულოდნელად ფილტვების ანთებით გარდაიცვალა.

სუნამოს ხაზი დღესაც გამოდის ამერიკაში, თავადის სახელს ატარებს უცვლელად და მზადდება მისივე თავდაპირველი რეცეპტით, რომლის შეცვლა ვერავინ შეძლო.

ისევ ნორინა

1933 წელს წყვილი განქორწინდა. 1931 წელს ნორინა შეხვდა სულიერ მოძღვარს გურუ მეჰერ ბაბას. 40-ან წლებში  დააარსა რელიგიური საზოგადოება მეჰერ ბაბას სულიერი ცენტრი, რომელიც გადაჭიმული იყო ატლანტის ოკეანის 500 ჰა მიწის ფართობზე.

ნორინა მაჩაბელი გარდაიცვალა კაროლინაში 1957 წელს, 77 წლის ასაკში. მისი ფერფლი დამარხეს მეჰერ ბაბას საფლავის სიახლოვეს ინდოეთში. მის საფლავზე ამოკვეთილია წარწერა: პრინცესა ნორინა იყო და მუდამ დარჩება ბაბად.

1936 წელს ნორინა ჯილიმ ბრენდისუნამოების მწარმოებელ სოლ გენცს 250 ათას დოლარად მიჰყიდა. სუნამოების კლასიკური ხაზი.