,,ისეთ ნემსს უკეთებდნენ, რომელმაც სიმსივნე გაზარდა” – 24 წლის მეკო ჩიტიშვილის უმძიმესი ბრძოლა

,,ისეთ ნემსს უკეთებდნენ, რომელმაც სიმსივნე გაზარდა" - 24 წლის მეკო ჩიტიშვილის უმძიმესი ბრძოლა,,სარკე”, რუსუდან ადვაძე

მეკოს სიცოცხლე უნდა გადარჩეს – ამ ლოზუნგის ქვეშ ახლა მთელი საქართველოა გაერთიანებული. 24 წლის მეკო ჩიტიშვილი ძვლის სიმსივნეს ებრძვის.

გოგონას დასახმარებლად მისი მეგობრები თავდაუზოგავად იბრძვიან და ყველას მოუწოდებენ, ვისაც რამდენის გაღება შეუძლია, მეკოს უწილადონ. გოგონას მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება და პირველი ნაბიჯი, რაც მისი სიცოცხლის გადასარჩენადაა საჭირო, ფეხის მოკვეთაა.

მეკო ჩიტიშვილის სიცოცხლე სასწორზე ქართველმა ექიმებმა დადეს. ერთ-ერთმა ნერვის ანთების დიაგნოზი დაუსვა და თვეების განმავლობაში ისეთი ინექციები დაუნიშნა, რომლებმაც სიმსივნე კარგად გამოკვება და მდგომარეობა უფრო დაამძიმა. მეორემ კი ტკივილი, რომელიც გოგონას ღამეებს ათენებინებდა, ნევროზს დააბრალა და ანტიდეპრესანტებით “უმკურნალა”.

გოგონას დედაც ონკოლოგიური პაციენტი ჰყავს. ოჯახს რაც გააჩნდა, ყველაფერი მის გადასარჩენად გაიღო. ახლა კი მეკოა დასახმარებელი. მისი მეგობარი, სალომე თაბაგარი, გვიამბობს ამ განსაცდელის შესახებ (ინტერვიუ ჩაწერილია ივნისში):

– მეკო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტია – ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის.  უკვე 5 წელია ვიცნობთ, ანუ მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტში ჩავაბარეთ. ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან, ფაქტობრივად ერთი ოჯახი გვაქვს მეგობრებს. პრობლემები 6 თვის წინ დაეწყო. მაშინ მეგობრებს ესემესი მოგვწერა, რომ ფეხი სტკიოდა. თავიდან ძლიერი ტკივილი არ ჰქონდა. ხანდახან სტკიოდა, უელავდა. ძირითადად ღამით აწუხებდა. დილით “ფეისბუქზე” რომ შევიდოდი, 3-4 საათზე გამოგზავნილი წერილი მხვდებოდა – ფეხი მტკივა და ვერ ვიძინებო.

ერთი თვე ისე გავიდა, რომ არ გაუარა. რადგან ეს ყოველდღიური ტკივილი არ იყო, მეგობრებმა ვიფიქრეთ, რომ ცვალებადი ამინდების ბრალი იყო ან სიცივის გამო ემართებოდა. ამას როგორ ვიფიქრებდით?!

– ექიმთან არ წასულა?

– მეკოს დედაც ონკოპაციენტია. ამ წელიწადში მკერდზე  ორი ოპერაცია გაიკეთა. საშვილოსნოზეც ოპერაცია აქვს  გასაკეთებელი. ქიმიოთერაპია და უამრავი წამალი დასჭირდა. აღარ ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ მეკოც წასულიყო ექიმთან.

ის ესემესიც თვალწინ მიდგას – ხომ ვიცი, რამხელა ხარჯი იქნება ჩემი ექიმთან წასვლა და ამ დროს ალბათ ისეთი არაფერი მაქვსო. აღარც ჩვენ მიგვიქცევია ყურადღება.

მერე, ტკივილმა რომ აღარ გაუარა, როგორც იქნა,  მივიდა ერთ-ერთ ექიმთან, რომელმაც, ნერვის ანთებაზე რომ ნიშნავენ, ის ნემსები გამოუწერა. 33 ნემსი გაიკეთა. ეს იყო ვიტამინები, რომლებიც თურმე სიმსივნეს კვებავს.

– ეს ნევროპათოლოგის ,,შემოქმედება” იყო?

– არ ვიცი, რომელ ექიმზეა საუბარი, მაგრამ აუცილებლად გავარკვევთ. როგორც ვიცით, ჯერ ოჯახის ექიმთან მივიდა და მერე – სხვასთან. თურმე ერთი ინექციის გაკეთებაც კი არ შეიძლებოდა, რადგან ფაქტობრივად სიმსივნე გამოიკვება.

გამხდარი გოგოა და ამ 33 ნემსის გაკეთების გამო კუნთი ისეთ დღეში ჰქონდა, ვეღარ დადიოდა. რა თქმა უნდა, ტკივილები ისევ ჰქონდა და სხვა ექიმთან წავიდა.

იმ ექიმმა საერთოდ სასაცილოდ აიგდო –  დამამშვიდებლები გამოუწერა, რადგან, როგორც ჩანს, ეს ტკივილები ნევროზული ეგონა. რას უშველიდა დამამშვიდებლები?! ასე გაატარებინეს თვეები.

– ვინ დაუსვა დიაგნოზი?

– კომპიუტერული ტომოგრაფიით დადასტურდა. რამდენიმე ექიმთან ვიყავით და ნდობა გვაქვს დაკარგული. ბიოფსია გაუკეთეს. ონკოლოგმა კახა თოდუამ კარგი რეკომენდაციები მოგვცა. ფეხზე სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია. მუხლის ქვემოთ ძვალი, რბილი, კუნთი, ყველაფერი სიმსივნეს აქვს შეჭმული. ძვალი ძალიან არის გათხელებული. ბიოფსიის პასუხი მალე იქნება და მერე გაირკვევა, სად, რომელ ქვეყანაში გაგრძელდება მკურნალობა.

– ფეხი მოსაკვეთია?

– დიახ, ფეხი აუცილებლად მოსაკვეთია. ეს უკვე მეათეხარისხოვნად მიგვაჩნია, რადგან საქმე სიცოცხლის გადარჩენას ეხება. დრო ძალიან ცოტა გვაქვს და უამრავი თანხა გვჭირდება. ახლა ფეხი  ძალიან აწუხებს.

ბიოფსიას რომ აკეთებენ, უზარმაზარი ნემსით შედიან, ძვალს ეხებიან და ძალიან გაუღიზიანდა.  ისეთი ტკივილები აქვს, ღამე ვერც ახლა იძინებს,  გამაყუჩებლებს იღებს, ხან სიცხე აქვს.

ფეხი ხან გაუვლის და ხან ისევ სტკივა. ზოგადად სარკომას ტკივილი ღამით ახასიათებს და მთელი ღამეები ღვიძავს.

უამრავი ხარჯი იყო აქ – კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღება, ანალიზები, ბიოფსია… საზღვარგარეთ კიდევ უნდა გაკეთდეს ეს გადაღებები თუ ბიოფსია, რადგან ამ მონაცემებს არ ენდობიან. ამჟამად რა თანხაც მოვაგროვეთ, საკმარისია, რომ მკურნალობა დავიწყოთ, მაგრამ ოპერაციისთვის სამყოფი არ არის.

– სად უნდა გაკეთდეს ოპერაცია?

– ბიოფსიის პასუხს რომ მივიღებთ, მერე გადაწყდება. ბიოფსიის პასუხს თურქეთიდანაც ველოდებით და იქიდანაც მოგვივა კალკულაცია, მაგრამ ძალიან ბევრმა გვითხრა, იქნებ თურქეთში არ წაიყვანოთო. გვირჩევენ ავსტრიას, გერმანიას, ისრაელს და საფრანგეთს. ვნახოთ, ბიოფსიის პასუხის შემდეგ რას გვეტყვიან კახა თოდუა და ტრავმატოლოგი რამაზ აღლემაშვილი.

– მეკომ თუ იცის ყველაფერი თავისი მდგომარეობის შესახებ?

– თავიდან ვუმალავდით, მაგრამ ახლა აზრი აღარ აქვს და უკვე ყველაფერი იცის. ოპერაციის დღეს ხომ არ ვეტყოდით, რომ სარკომა ჰქონდა და ფეხი უნდა მოეკვეთათ. ჯობდა, ნელ-ნელა შეგუებოდა.

თავს კარგად გრძნობს იმ მხრივ, რომ ჩვენ ვყავართ და გვერდიდან არ ვშორდებით. იმხელა ძალას ვაძლევთ, რომ… ლამის მთები გადავდგათ მეკოს გამო, მაქსიმუმს ვაკეთებთ მეგობრები. თუ ჩაუღრმავდება ხოლმე ამ ყველაფერს ან ვინმე დაურეკავს და გულისამაჩუყებელი საუბარი ექნება, მერე უჭირს მდგომარეობიდან გამოსვლა.

ყველას ვთხოვ, სიღრმისეულად არ ჩაეძიონ. ზოგჯერ ბევრი ნუგეშიც არ არის სასარგებლო. ძლიერი შემართებით კი არის, მაგრამ ფიზიკურად ძალიან უჭირს.

– როგორი გოგოა თვითონ, როგორ დაახასიათებდით?

– უზომოდ თბილი ადამიანია. ამხელა სამეგობრო იმიტომაც ვუდგავართ ასე გვერდით, რომ თვითონაც ზუსტად იმავეს გააკეთებდა სხვისთვის, თავს არავისთვის დაზოგავდა. უზომოდ მეგობრულია.

ადამიანების მსგავსი მდგომარეობა ყოველთვის გულთან ახლოს მიჰქონდა. არავის მიმართ დარჩენილა გულგრილი. ცხოველები ძალიან უყვარს, განსაკუთრებით ფისოები. გეოგრაფია პროფესიით და მოგზაურობა და ლაშქრობა ძალიან უყვარს. ძალიან ბევრ ადგილას ერთად ვყოფილვართ. ხელსაქმეც კარგად ეხერხება…

ძალიან ნიჭიერი გოგოა. უნივერსიტეტში ყოველ სემესტრში სტიპენდიას იღებდა. 50%-იანი გრანტი ჰქონდა და ნახევარი დაფინანსებით სწავლობდა. ახლა  მაგისტრატურაში სწავლისას სულ სტიპენდიები აქვს.

ბევრი გეგმა გვაქვს დასახული და ამ კარანტინის დროსაც სულ ამაზე ვლაპარაკობდით. არ გვინდა, ამ სიმსივნემ ჩვენს გეგმებს ხელი შეუალოს. მეკოს ძალიან უნდოდა, სამსახური ეშოვა და კარიერა აეწყო. ამხელა შრომა ჩავდეთ სწავლა-განათლებაში და ხომ უნდა განვახორციელოთ ჩვენი მიზნები?!

– მეკოს ჯანმრთელობის პრობლემები მანამდეც ჰქონდა თუ ეს ყველაფერი მოულოდნელად დაიწყო?

– მეკო მუდამ სუსტი იყო და ავად მარტივად ხდებოდა. უცებ შესცივდებოდა, წელი ასტკივდებოდა და ა.შ., მაგრამ ეს ამბავი მაინც მოულოდნელი იყო. ხომ არიან ძალიან ჯანმრთელი ადამიანები. მეკო ასეთი არ იყო, მაგრამ შესამჩნევად და საგანგაშოდ სუსტიც არ ყოფილა. გამხდარი და მცივანა – ეს ჩვეულებრივი ამბავია. ექიმები ვერ გვეუბნებიან, რამ გამოიწვია სიმსივნე.

– თვითონ რას უკავშირებს, მაგალითად, ტრავმა ხომ არ აქვს ფეხზე მიღებული?

– არა, როგორც ამბობს, ტრავმა არ მიუღია. როცა ფეხის ტკივილები დაეწყო, მაშინ უნივერსიტეტში ერთთვიანი არდადეგები გვქონდა. სულ სახლში იყო და გარეთ არ გამოდიოდა. თან ქსანში ცხოვრობს და ექიმთან ვიზიტის დაგვიანების ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. მერე მივიდა და კი მოგახსენეთ, რაც დამართეს.

– არ აპირებთ ამ უვიცი ექიმების პასუხისმგებლობის დაყენებას?

– გაცეცხლებულები ვართ, მაგრამ ახლა იმდენად ვართ გადართული, რომ მეკო მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ, ადამიანური რესურსიც აღარ გვყოფნის, მათაც მივხედოთ. მე, მაგალითად, დღეში 20-ად ვიჭრები, მეკოსთვის სხვადასხვა საქმეს ვაკეთებ.

ყველაფერს ვიზამთ, რომ ეს საქმე ასე არ დარჩეს და იმ ექიმებმა პასუხი აგონ! როცა მოვიცლით და იმედია, ძალა და ნერვებიც გვექნება, ვეცდებით, მათი ასეთი მოპყრობა პასუხისგების გარეშე არ დავტოვოთ.

– როგორ არის ახლა მეკოს დედა?

– განადგურებულია. ჯერ საკუთარ მდგომარეობის გამო ნერვიულობდა და მერე მეკოც დაემატა. სანამ მეკო ბიოფსიას გაიკეთებდა, დედამისი წინა დღეს მეუბნებოდა, რით ვერ დამთავრდა ჩვენი ცუდი ამბები, მთელი წელია ყველა ცუდი ამბავი ერთმანეთს მიებაო.

ერთი წელია დედამისს ასეთი დიაგნოზი აქვს და იმედი გვქონდა, მეკოს მაინც არ ექნებოდა სერიოზული დაავადება. კატასტროფა დაემართათ და ოჯახი ძალიან ცუდად გრძნობს თავს.

– დედამისი ახალგაზრდაა?

– 46 წლისაა და პატარა გოგოსავით გამოიყურება. როგორ შეიძლებოდა ასე ორივეს დამართნოდა… მეკო, როცა ნერვიულობს, ამის გამომჟღავნება არ უყვარს.  მხოლოდ ვიწრო სამეგობროს თუ გვეტყოდა, რომ თავს ცუდად გრძნობდა, რადგან ბევრი პრობლემა მიეწყო ერთმანეთს. გულჩათხრობილია და თავისი ტკივილის გამჟღავნება არ უყვარს.

დედამისზე კი ძალიან ნერვიულობდა. ის უფრო ემოციურია და სახეზე აწერია, როგორ ცუდად გრძნობს თავს. საკუთარ მდგომარეობაზეც ხომ ძალიან ნერვიულობდა და ახლა განადგურებულია. მეკო ძალიან ედგა გვერდით და ამშვიდებდა. ახლაც ეუბნება, ყველაფერი კარგად იქნებაო და აქეთ ამშვიდებს.

– ოჯახში კიდევ ვინ ჰყავს მეკოს?

– მხოლოდ დედა და 16 წლის ძმა. მამა ცალკე ცხოვრობს.

– თუ სხვა ქვეყანაში გადაწყდა ოპერაციის გაკეთება და მკურნალობა, წასვლას ვირუსული პანდემია ხომ არ შეაფერხებს?

– ამაზე ჩვენც ვღელავდით. გერმანიაზე გვითხრეს, რომ საზღვრებზე კონტროლო გამკაცრებული აქვს და თან ისიც უნდა მოაგვაროთ, რომ ორკვირიან კარანტინში არ მოხვდესო.

გამოგვეხმაურნენ ადამიანები, რომლებმაც გვითხრეს, რომ, როცა კლინიკას წინასწარ ეცოდინება, მკურნალობას მაშინვე დაიწყებენ და დრო აღარ დაიკარგება. რადგან ბიოფსიის პასუხი ჯერ არ გვაქვს, პირდაპირი კომუნიკაციაც არ გვქონია კლინიკებთან და არ ვიცით, რა როგორ იქნება.