ოთარ კობერიძე გარდაცვლილ ლია ელიავას წერილებს სწერდა – ორი ვარსკვლავის სიყვარული

ოთარ კობერიძე გარდაცვლილ ლია ელიავას წერილებს სწერდა - ორი ვარსკვლავის სიყვარული,,სარკე”, ირინე მჭედლიძე

წლების წინ ,,სარკისთვის” ინტერვიუ ვთხოვეთ ქართული კინოს ვარსკვლავების, ოთარ კობერიძისა და ლია ელიავას ქალიშვილს – ნანა კობერიძეს. სიამოვნებით დაგვთანხმდა და მიგვიღო. თითქოს სახლის კედლებიც კი მისი მშობლების მოგონებებით იყო გაჟღენთილი. ქალბატონი ნანაც მშვიდი, ლამაზი ხმის ტემბრით გვიყვებოდა დედ-მამის ცხოვრებაზე, მათ სიყვარულზე, სიხარულსა და დიდ ტკივილზეც.

ნანა კობერიძე მხატვარი გახლდათ. სამწუხაროდ, 2017 წელს ის მძიმე სენით გარდაიცვალა. ქალიშვილი დარჩა და თბილი ამბები, რომლებსაც ვარსკვლავ დედ-მამაზე ყვებოდა.

,,ვინ არის ეს ლია ელიავა, მე ვარ მთავარ როლში!”

სიყვარული, რომელზეც წლების განმავლობაში ლეგენდებს ყვებოდნენ, ლეო ესაკიას ფილმის ,,ბაში-აჩუკის” გადასაღებ მოედანზე დაიწყო. ოთარ კობერიძე თავისი ცხოვრების დიდ სიყვარულთან შეხვედრას ასე იხსენებდა:

,,რეჟისორს ის სცენა უნდა გადაეღო, სადაც ლია ელიავას გმირს აბდუშაჰილი ბაში-აჩუკთან გასაცნობად მიჰყავს. ლიამ კარგა ხანს დაიგვიანა.

– კი, მაგრამ, ვინ არის ეს ლია ელიავა, მე ვარ მთავარ როლში თუ ის?! – გაბრაზებულმა ვკითხე რეჟისორს.

– აი, მოვა და ნახავ, ვინ არის ლია ელიავა. მერე მიხვდები, რატომაც ველოდებით ამდენ ხანს, – მითხრა ლეო ესაკიამ.

მართლაც, ლია რომ გამოჩნდა, დავიბენი, ენა მუცელში ჩამივარდა და მაშინვე შემიყვარდა”.

– ,,ბაში-აჩუკი” დედაჩემისთვის პირველი ფილმი იყო. სწორედ ამ ფილმზე მუშაობისას შეხვდნენ ერთმანეთს და ერთ წელიწადში დაქორწინდნენ. მათ ერთმანეთი სიგიჟემდე უყვარდათ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ისეთი სიყვარული, როგორიც ლიას და ოთარს შორის იყო, არ არსებობს. ძალიან ლამაზი და კარგი ოჯახი შექმნეს და ბედნიერი ვარ, რომ მათი შვილი მქვია.

ოთარისგან ვიცი, რომ ლია დაინახა თუ არა, კინაღამ გადაირია, პირველი დანახვისთანავე შეუყვარდა. სულ ახსოვდა ის წუთი, როცა ლიას სილამაზემ გამოანათა. მაშინ ლია მოსკოვში სამსახიობოზე სწავლობდა, ჩამოვიდა თბილისში, “ბაში-აჩუკში” ითამაშა და დარჩა, მამას ცოლად გაჰყვა.

მაშინ მამა ცოლს გაცილებული იყო. მყავს ნახევარძმა, რომელთანაც დედაჩემს ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა. სხვათა შორის, დედაც განათხოვარი იყო – მოსკოვში სულ ერთი წელი ცხოვრობდა ქმართან. აღარ უნდოდა მეორედ, თანაც ასე მალე გათხოვება, მაგრამ ოთარი შეუყვარდა. ერთმანეთზე ბოლომდე საოცრად შეყვარებული წყვილი იყო, – ყვებოდა ქალბატონი ნანა “სარკესთან”.

ლია ელიავას ოთარ კობერიძე ,,ბაში-აჩუკამდე” ჰყავდა ნანახი.

– დედაჩემის მეგობარი სამსახიობო სტუდიაში ცეკვას ასწავლიდა, ოთარი კი იმ სტუდიაში სწავლობდა. დედაჩემის მეგობარმა გამოსაშვებ საღამოზე წამიყვანა და ოთარი მაშინ ვნახე პირველად. ესპანურს ცეკვავდა და ეს ცეკვა დღესაც მახსოვს.

პირველი უიღბლო ქორწინების შემდეგ ოჯახის შექმნაზე აღარ ვფიქრობდი, მაგრამ ოთარმა ისე დაჟინებით და ლამაზად მთხოვა ხელი, რომ უარი ვერ ვუთხარი. როცა ფილმი “მამლუქი” ეკრანებზე გამოვიდა, ჩვენ უკვე ქალიშვილი გვყავდა, – იხსენებდა ლია ელიავა.

დაობლებული ბავშვობა

ქართული კინოს ვარსკვლავობამდე ოთარ კობერიძემაც მძიმე გზა გაიარა და ლია ელიავამაც. ოთარს ბავშვობაში დედა გარდაეცვალა, მალევე კი მამითაც დაობლდა.

მეორე მსოფლიო ომში წასვლა უნდოდა, მაგრამ არასრულწლოვანი იყო და უარი უთხრეს. ამიტომ დაბადების მოწმობაში ასაკი ერთი წლით მოიმატა და ომში მაინც წავიდა. ჩეხოსლოვაკიაში ბრძოლის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და კინოში აღმოჩნდა.

ლია ელიავასაც უმძიმესი ბავშვობა ჰქონდა. მამამისი ეკონომისტი გახლდათ – შალვა ელიავა, რომელსაც განთლება გერმანიაში ჰქონდა მიღებული. 1937 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ დააპატიმრა და დახვრიტა.

ლია ელიავა 3 წლის იყო, როცა დედას, ეკატერინე კერესელიძეს, დააშორეს – შალვა ელიავას მეუღლე გადაასახლეს. მათ სახლში კი სხვები შეასახლეს. პატარა ლიას ბებია და ბაბუა ზრდიდნენ.

– მამა ნაკლებად მახსოვს. მხოლოდ საწოლთან თავდახრილი კაცის სახე ჩამრჩა მეხსიერებაში. მონატრებულ დედას კარადაში შემორჩენილი მისი ორი კაბის სურნელით ვიხსენებდი და გულში ვმალავდი ბავშვურ ტკივილს, რომელიც ყოველდღე მახსენებდა თავს.

სკოლიდან შინ მიმავალს სოლოლაკში ჩვენი ყოფილი სახლი უნდა გამევლო, იქით გახედვას სასტიკად მიკრძალავდნენ. თვალს მალულად ვაპარებდი მესამე სართულისკენ. ფანჯარაში, ფარდის მიღმა ჩანდა ჩვენი ავეჯის ნაწილი, ლამაზი “ბუფეტის” კუთხე. იქ ყველაფერი ისევე იყო, ოღონდ ჩვენსმაგივრად სხვები ცხოვრობდნენ.

17 წლის ვიყავი, დედა რომ გადასახლებიდან დაბრუნდა. მეუბნებოდნენ, დედაშენი ლამაზი, ელეგანტური, სიცოცხლით სავსე ქალიაო და მოუთმენლად ველოდი მასთან შეხვედრას. თან მეშინოდა, არ ვიცოდი, რა მეთქვა – ჩემს ცხოვრებაში შემოდიოდა ყველაზე ახლობელი და ამავე დროს უცხო ქალი, რომელსაც ჩემი ყოფა უნდა შეეცვალა.

ვაგონიდან ორი ქალი გადმოვიდა, დაბამბული ქურთუკები ეცვათ. ორივეს სახე შეშუპებული ჰქონდა. გავშეშდი. დედაჩემი ხომ ასეთი არ იყო. პირველად მას დეიდა კატიუშა დავუძახე. ახლაც მახსოვს მისი ელდანაცემი სახე. ეს დღემდე ვერ მიპატიებია ჩემი თავისთვის. დიდი ხანი დამჭირდა, რომ დედას შევჩვეოდი, – წერია ლია ელიავას მოგონებათა წიგნში “ლია ელიავა”.

გულების ,,ოსკარი”

ოთარ კობერიძის და ლია ელიავას წყვილი შეუმჩნეველი არავის რჩებოდა. ლელა ანჯაფარიძე, რომელსაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტებით უამრავი ადამიანი იცნობდა, გარდაცვალებამდე წერდა:

,,ლია ელიავა სულ რაღაც 2 სართულით მაღლა ცხოვრობდა და ალამაზებდა არამხოლოდ ჩვენს სადარბაზოს, ეზოს და თბილისს, არამედ მთელ სამყაროს. თუ დამიჯერებთ, ბინიდან რომ გავდიოდი, ვიცოდი, ლია ელიავამ დამასწრო თუ არა, რადგანაც კიბეც კი ლამაზდებოდა მის ეშხიან ჩამორბენასთან ერთად.

დღეს იძახიან, აი, ჰოლივუდში რომ დაბადებულიყო, ისეთ წარმატებას მიაღწევდაო, “ოსკარებსო” და ასე შემდეგ. სავარაუდოდ, მიაღწევდა, მაგრამ ასე ძალიან, მუდმივად, დაუღლელად და უღალატოდ არავის ეყვარებოდა ისე, როგორც საქართველოში. მან ერთი კი არა, თითოეული ჩვენგანის გულის ,,ოსკარი” მიიღო…

ერთხელ მე და ჩემმა უახლოესმა მეგობარმა, მაკა მეძმარიაშვილმა, ვიჩხუბეთ და გაბუტულები ვიდექით ეზოში. ასე 10 წლის ვიქნებოდით. ამ დროს ოთარ კობერიძე და ლია ელიავა გამოვიდნენ სადარბაზოდან. მაკა მივარდა ოთარი ბიძიას და, იცით, როგორ გადამიხადა სამაგიერო?

– ოთარი ბიძია, თქვენ ლელას უყვარხართ! – უთხრა და გაიქცა სახლში (იცოდა, რომ მოვკლავდი). სანამ მაკას მოვკლავდი, თავად კინაღამ მოვკვდი სირცხვილით.

ოთარი დაიბნა. ლიას კი თვალები აუციმციმდა, ჩამეხუტა და იმდენი იცინა, რომ მაკაც გადამირჩა.

ლია ელიავას მართლა ყველა ეტრფოდა, ყველას უნდოდა, მასავით ნიჭიერი და ლამაზი ყოფილიყო. ის კი იყო საოცრად უამბიციო, უბრალო, გულწრფელი და უაღრესად კეთილისმსურველი ადამიანი, ზუსტად ისეთივე, როგორიც მისი მზისა და მთვარისა ,,ბაში-აჩუკიდან”…

თურმე ჩემს მამიკოს ბავშვობაში ლია ელიავა უყვარდა. იმასაც ამბობდა, ჩემი საცოლე იყოო. ერთხელ ვკითხე, პაემანზე ყოფილხართ-მეთქი. როგორ არაო, მიპასუხა. რომ ჩავეკითხე, პაემანი, იცით, რა ყოფილა? ლია სახლში რომ ბრუნდებოდა, ჯემალიკო და მისი ძმაკაცები 10 მეტრით უკან მიჰყვებოდნენ და აცილებდნენ.

მერე ლია გათხოვდა, ჯემალიკომ გალიჩკა მოიყვანა ცოლად და მთელი ცხოვრება ოჯახებით ვმეგობრობდით…

ჯემალიკოს თუ ვინმე ქალი შესახედავად მოეწონებოდა, ამბობდა: ,,ძალიან ლამაზია!” და მერე დაუმატებდა: “სულ ცოტათი ლიას ჰგავს”.

მამა რომ გარდაიცვალა, ქალბატონი ლია მოვიდა, ისეთი ლამაზი… იებით ხელში. დიდხანს უყურებდა უკვე ,,იქ” წასულ ჯემალიკოს. ვუთხარი:

– ლია დეიდა, ხომ იცით, როგორ ძალიან უყვარდით.

– მეც ძალიან მიყვარდა, – მიპასუხა.

ლია ელიავა და ოთარ კობერიძე – ასეთი ლამაზი წყვილი იშვიათად მინახავს… მარტო შესახედავად კი არა, რაღაც განსაკუთრებული სიმყუდროვე სუფევდა მათ ლამაზ ბინაში, სიმშვიდე და კეთილგანწყობა. საოცარი ქალიშვილი ჰყავდათ – ნანა. ვკვდები, როდესაც ვწერ წარსულში. მან დედიკოსგან და მამიკოსგან ყველაფერი საუკეთესო შეისისხლხორცა. მჯერა, რომ ახლა სადღაც შორს და ულამაზეს ადგილას ისევ ერთად არიან”.

ორნელა მუტის თეთრწვერა სიყვარული

ოთარ კობერიძეს და ლია ელიავას უამრავი ადამიანი ეტრფოდა. ისინი მთელი საბჭოთა კავშირიდან იღებდნენ ბარათებს, სადაც თაყვანისმცემლები მათ სიყვარულს უხსნიდნენ.

– ორივეს თავ-თავისი გზა ჰქონდა. ოთარი ძალიან ხშირად გადიოდა ქალაქიდან გადაღებებზე და სახლში დიდი ხნით არ იყო. ამდენად, როცა ჩამოდიოდა, ერთმანეთს მონატრებულები სითბოს და სიყვარულს ამჟღავნებდნენ.

იმდენად უყვარდათ ერთმანეთი და სჯეროდათ ერთიმეორის, რომ ჩვენს ოჯახში ეჭვიანობა არ არსებობდა. ორივემ კარგად იცოდა – როცა ხარ მსახიობი და მეორე ნახევრად ირჩევ მსახიობს, იქ აღარავითარი ეჭვი არ უნდა არსებობდეს. სხვანაირად არ გამოდიოდა, მაშინ ერთ-ერთს უნდა დაეთმო კინო, მაგრამ ეს წარმოუდგენელი იყო ისეთი ლამაზი და ნიჭიერი ადამიანისთვის, როგორიც ლია გახლდათ.

აზრადაც კი არ გაუვლიათ, რომ შეიძლებოდა, რომელიმეს ეღალატა. მართალია, იშვიათად იყვნენ ერთმანეთთან, მაგრამ აფასებდნენ იმ წუთებს. ოთარი ძალიან მონატრებული ჩამოდიოდა, ჩამოჰქონდა უამრავი საჩუქარი და მის ჩამოსვლას ყოველთვის უამრავი სტუმარი მოჰყვებოდა.

ვიცი ის, რომ მამაზე ქალები გიჟდებოდნენ და ერთი ამბავი იყო. მართლაც, მამას იმდენად კარგი გარეგნობა ჰქონდა, რომ ცდუნებას ვერავინ უძლებდა. არანორმალურად ბევრი თაყვანისმცემელი ქალი ჰყავდა, უამრავი წერილი მოსდიოდა. რა თქმა უნდა, ეს დედამ იცოდა, მაგრამ ამაზე გართულება არ ჰქონდა, – გვიყვებოდა  ნანა კობერიძე.

ქართული კინოს ისტორია ერთ ლამაზ ამბავს ინახავს. იტალიელმა პაპარაცებმა ოთარ კობერიძეს მაშინ გადაუღეს ფოტო, როცა მსოფლიოს კინოს ვარსკვლავს, ატირებულ ორნელა მუტის იხუტებდა და ამშვიდებდა. როგორც მერე ოთარ კობერიძე ყვებოდა, მას ორნელა მუტი შესჩიოდა, თუ როგორ არ აძლევდა მეუღლე ბავშვის ნახვის უფლებას და როგორ სძალავდა ფულს.

მეორე დღეს კი ტაბლოიდებმა ყდებზე გამოიტანეს მათი ფოტო, წარწერით “ორნელა თავის თეთრწვერა სიყვარულთან”.

დიდ სიყვარულთან განშორება

90-იან წლებში ლია ელიავას ცხოვრებაში უმძიმესი ეტაპი დადგა. ის საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, ერთგულებისთვის და სიყვარულისთვის დასაჯეს. ბევრმა ზურგი აქცია, ბევრმა გული ატკინა. სამოქალაქო ომი კი მისთვის იმდენად მტკივნეულად აღმოჩნდა, რომ ინფარქტი დაემართა.

– დედას ძალიან ბევრმა ახლობელმა ატკინა გული. იყო ძალიან ბევრი ცუდი ზარი, ძალიან ბევრი განუდგა. რაღაც პერიოდის მერე თვითონ მოვიდნენ, აღადგინეს ურთიერთობა. დედა დიდსულოვანი ადამიანი იყო და მათ იმ ყველაფერს არ ახსენებდა, – ყვებოდა ნანა კობერიძე დედაზე.

ლია ელიავა 1998 წელს გარდაიცვალა. ძილში გული გაუჩერდა. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა, 64 წლის იყო.

– დედის გარდაცვალება მახსენდება, როგორც ყველაზე საშინელი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ დედა ჩემ გვერდით არ იქნებოდა, ჩემს შვილს გაზრდილს რომ ვერ ნახავდა. გვიჭირს და დღემდე მშვიდად ვერ ვლაპარაკობთ მასზე.

ავად იყო, გული აწუხებდა და უცებ, ძილში გაიპარა. მაშინ ჩემს ქალიშვილთან ერთად ვენაში ვიყავი. დამირეკეს და სასწრაფოდ წამოვედით. დაკრძალვაზე ძალიან ბევრი ხალხი იყო. მთელი საქართველოდან ჩამოდიოდნენ. რომ ჩამოვედი, მამა ტირილით მომეგება. ჩვენთვის ეს დიდი უბედურება იყო. სტრესისგან გათიშული ვიყავი და ბევრი რამ არ მახსენდება…

მამა, რომლის თვალზეც ცრემლი არასდროს მინახავს, დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ ხშირად ტიროდა. ლია ძალიან ენატრებოდა, რაღაც წერილებს სწერდა. ხშირად მიდიოდა მის საფლავზე და ესაუბრებოდა, თავის ამბებს უყვებოდა, – იხსენებდა ქალბატონი ნანა.

ოთარ კობერიძე 2015 წელს, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. 2 წლის შემდეგ კი ნანა კობერიძეც იმქვეყნად წავიდა.