მაცაცო თოხაძე: ,,43 წლის ასაკში ბარი და თოხი პირველად ავიღე ხელში”

მაცაცო თოხაძე: ,,43 წლის ასაკში ბარი და თოხი პირველად ავიღე ხელში",,სარკე”, ლელა დევდარიანი

პოპულარული სიმღერების ავტორ-შემსრულებელმა, მაცაცო თოხაძემ, 43 წლის ასაკში თოხი და ბარი აიღო ხელში და სოფელს მიაშურა. მან და მისმა ქმარმა ერთი წლის წინ ჭოპორტში აგარაკი ააშენეს, ბაღჩისა და ბოსტნის გაკეთება კი დიასახლისმა ითავა და მთელი ეზო გადაბარა.

ახლა ყოველ ნერგს კი არა, ყოველ ფოთოლს უფრთხილდება და ერთი სული აქვს, თავისი მოყვანილი პროდუქტებით ქმარს, თავის სამ შვილს და ახლობლებს როდის ასიამოვნებს (ინტერვიუ ჩაწერილია აპრილში).

– მაცაცო, როდის დაინტერესდით სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებით?

– ყველაფერი მაინტერესებს და ბავშვობიდან მოყოლებული ბევრი ჰობიც მაქვს. 43 წლის ასაკში კი აღმოვაჩინე, რამხელა სიამოვნება ყო-ილა მიწასთან მუშაობა. წელს ყველაფერს პირველად ვაკეთებ. ინტერნეტით ვსწავლობ, რჩევებს გამოცდილ ადამიანებს ვეკითხები.

შარშან საკუთარი ხელით გავაშრე პომიდვრის თესლი და წელს ჩითილებიც გამოვიყვანე. თუ გამიმართლა, იმდენი პომიდორი მექნება, ჩემ გარშემო ყველას ვუწილადებ. მოგეხსენებათ, ჭოპორტის პომიდორი როგორიც არის.

თოხი და ბარი ცხოვრებაში პირველად დავიჭირე  ხელში. მიწის რაღაც მონაკვეთი ხელით გადავბარე.  მერე ჩემი მეუღლის მეგობარს შევეცოდე, ხელის პატარა ტრაქტორი ჩამოიტანა და მთელი ეზო გადამიბარა. ჰოდა, რადგან დიდი ადგილი გამიჩნდა, პომიდორს აღარ დავჯერდი და დავთესე – სტაფილო, ბოლოკი, კიტრი, გოგრა, ყველანაირი მწვანილი…

ხეხილი შარშან ჩავყარეთ და ყოველ ჩასვლაზე ახალ ტოტებს და ფოთლებს ვითვლი. ამ ყველაფერს ჩათრევა სცოდნია. მიწიდან როცა სტაფილოს ან სხვა რამეს ამოვიღებ, შეიძლება სიხარულისგან გულმა დამარტყას.

– ახლა მესმის, რატომ გინდათ ასე ძალიან, რომ შეზღუდვები მოიხსნას. როგორც იტყვიან, მიწა გეძახით.

– ერთი სული მაქვს, გამიხსნან თბილისის კარი, რომ ჩემს ჭოპორტში გავქანდე და ჩემს ვარდებს მივეფერო. იქ ისეთ ბაღნარს ვაშენებ, 1-2 წელიწადში მეწვიეთ და სილამაზით გაგაოცებთ. ეზოს უნდა მივხედო. იცით, სოფელში რამდენი საქმეა? ჩემი ბოსტანი მელოდება, ხეები, ყვავილები.

ახლა მთელი ჩემი გონება ხვნა-თესვას და ყვავილნარს ეკუთვნის. მინდა, ჩემი ნაშრომით დიდი სიამოვნება მივანიჭო ოჯახს, შვილებს, მეგობრებს.

– ,,ფეისბუქში” ხშირად დებთ უმცროსი ვაჟის, 3 წლის დათას ფოტოებს, საიდანაც ჩანს, რომ ჭოპორტში მშვენივრად ერთობა. თვითიზოლაციის დროს არ გიჭირთ მისი სახლში გაჩერება?

– კედლებზე დადის! დათას სახლში ვერაფერი გამოკეტავს. ეზოში ყოველდღე ჩავდივართ, მაგრამ სკვერები ცარიელია და ბავშვებთან თამაში ენატრება. ამას წინათ 9 საათს რომ 10 წუთი აკლდა, ძლივს წამოვიყვანე სახლში ტირილით. 3000 ლარიანი თამაში ნამდვილად არ გვიღირდა. არ ვიცი, როდემდე გვიპირებს ხელისუფლება სახლებში გამოკეტვას, მაგრამ საღამოს 9 საათზე სახლში გამოქანება – ნამეტანია!

– უფროსი ვაჟები სად არიან, რას საქმიანობენ?

– ჩემი უფროსი შვილი, ლუკა, ელექტრონულ მუსიკას ქმნის. ახლა კლუბები დაკეტილია და ალბათ საშინელი დეფიციტი აქვს საკუთარი სივრცის და პუბლიკის. რამდენიმე თვეა, რაც ცალკე გადავიდა საცხოვრებლად.

ჯეი ჩემთან ცხოვრობს. ისიც ელექტრონულ მუსიკას ქმნის. მისი კომფორტის ზონაც კლუბია და თავისუფლებას ელოდება.

– თქვენი ქმარი როგორ ეგუება თვითიზოლაციის წესებს?

– ჩემი მეუღლე ექიმია. ბოლო წლებში სადაზღვევო სფეროში იყო. მთელი ცხოვრება მუშაობს და სახლში ყოფნა მისთვის ძნელია, მაგრამ, მგონი, უკვე მიეჩვია, თანაც ნამეტანი და ასეც არ ვარგა.

– როგორც ამბობენ, პანდემიამ და სახლებში გამოკეტვამ ბევრ წყვილს შეუქმნა პრობლემა ურთიერთობაში, ამდენი ხნით ერთ სივრცეში ყოფნა რთული ასატანი აღმოჩნდა მათთვის. თქვენს ოჯახურ ცხოვრებაში რა ხდება ამ მხრივ?

– მადლობა ღმერთს, ასატანად არ გვაქვს საქმე. ჩემთან ურთიერთობა კარანტინშიც ადვილია. ჩემს ქმარს სახლში ჯდომა რომ მობეზრდა, ჩვენთან ერთად დადის სკვერში სასეირნოდ. თუმცა მაინც მირჩევნია, აქტიურად იმუშაოს, დილას გავიდეს და საღამოს მოვიდეს.

– რა აღმოაჩინეთ და გადააფასეთ ამ პერიოდში?

– ჩემში არც არაფერი შეცვლილა და არც ახალი რამ აღმომიჩენია. ყოველთვის ასეთი ვიყავი – ოპტიმისტი, უშიშარი, მებრძოლი, მზრუნველი და ჯიუტიც. აქამდეც ვიცოდი, რომ ჯანმრთელობა, სიმშვიდე და ბედნიერება ყველანაირ მატერიალურ კეთილდღეობაზე მაღლა დგას და ახლაც ასეა.

– შემოქმედებითი საქმიანობის შესახებ მოგვიყევით. ახალი შთაგონება, მუზა ხომ არ მოვიდა?

– აი, მანდ ყველაზე დიდი “ფანჯარა” მაქვს და დედა ამის გამო მეჩხუბება. ძალიან ვიღლები, მთელი დღის განმავლობაში ფაქტობრივად არ ვჯდები. მგონი, სანამ ბავშვს საბავშვო ბაღში არ შევიყვან, მუსიკისთვის ვერ მოვიცლი.

– სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც იტალიელი კაცი მღერის თქვენს სიმღერას – ,,საკუთარი ბედნიერება”. გვიამბეთ, როგორ ჩაიწერა ეს ვიდეო.

– ეს ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო. 10 წელია ამ სიმღერას მთელი საქართველო მღერის, მაგრამ უცხოელის შესრულებით პირველად მოვისმინე. ის ფლორენციელია – სიმონე ერმინი. კარგი მუსიკოსია. ქართველ ქალზეა შეყვარებული და ალბათ მისი ეშხით ისწავლა.

მივწერე და ძალიან გაუხარდა. მითხრა, რომ ამ სიმღერის მოსმენისას გული უჩერდება. მერე მთხოვა, იტალიურად ვთარგმნი და ვიმღერებო. დავთანხმდი და ისე ამეკვიატა ის იტალიური ვერსია, რამდენიმე დღე იტალიურად ვმღეროდი გულში.