გულის იშემიური დაავადება – რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ

გულის იშემიური დაავადება - რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებგვესაუბრება მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის – საუნივერსიტეტო კლინიკის კარდიოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი სერგო ორჯონიკიძე.

– ბატონო სერგო, რა არის სტაბილური სტენოკარდია?

– სტაბილური სტენოკარდია ან, როგორც დღეს უწოდებენ, ქრონიკული კორონარული სინდრომი, წარმოადგენს კორონარული არტერიების დაავადების ერთ-ერთ კლინიკურ გამოვლინებას. იგი ხასიათდება მოჭერითი ხასიათის დისკომფორტით ძირითადად გულმკერდის არეში, ვითარდება ფიზიკური დატვირთვის შედეგად და იხსნება ან მსუბუქდება შესვენების ან ნიტრატის გამოყენებიდან 5 წუთის განმავლობაში. კორონარული არტერიების დაავადება ათეროსკლეროზული ფოლაქის წარმოქმნისა და კორონარულ არტერიებში (გულის კუნთის მკვებავ არტერიებში) სისხლის მიმოქცევის ფუნქციური ცვლილებების განმაპირობებელი დინამიური პროცესია. სტენოკარდია გულის კუნთის იშემიის შედეგია. იგი აღმოცენდება, როცა ადგილი აქვს შეუსაბამობას გულის კუნთის ენერგიაზე მოთხოვნილებასა და მიწოდებას შორის. იშემიის დროს, მიუხედავად პათოგენეზური ფაქტორების მრავალფეროვნებისა, კარდიომიოციტების (გულის უჯრედების) დაზიანების ძირითადი მექანიზმი ენერგეტიკული კრიზისია. უკიდურეს შემთხვევაში გულის კუნთის ნაწილი კვდება – ეს უკვე მიოკარდიუმის ინფარქტია.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მათ შორის, კორონარული არტერიების დაავადება საკმაოდ გავრცელებული და სერიოზული პრობლემაა და სიკვდილობის ძირითად მიზეზს წარმოადგენს დღევანდელ მსოფლიოში. ამ შემთხვევების უმეტესობა მცირე და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებზე მოდის. ამიტომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკას, ადრეულ გამოვლენასა და მკურნალობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

– რა ზრდის გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკს?

– გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკ-ფაქტორები საკმაოდ მრავალფეროვანია. ასაკის, სქესისა და მემკვიდრეობითი განწყობის გარდა, აღსანიშნავია ის რისკ-ფაქტორები, რომლებზეც შესაძლებელია ზემოქმედება. ესენია: უმოძრაო ცხოვრების წესი, თამბაქოს მოხმარება, არაჯანსაღი კვება, ჭარბი წონა, სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია.

– რა სიმპტომებით ხასიათდება გულის იშემიური დაავადება და როგორ ხდება დიაგნოზის დასმა?

– როგორც უკვე აღინიშნა, დაავადება ხასიათდება სხვადასხვა ინტენსივობის მოჭერითი ხასიათის დისკომფორტით გულმკერდის წინა ზედაპირზე, ყელში, ყბაში, მხარსა და ხელში. როგორც წესი, ვითარდება ფიზიკური დატვირთვის შედეგად და იხსნება ან მსუბუქდება შესვენების ან ნიტრატის გამოყენების შემდეგ. ზოგიერთ პაციენტთან სტენოკარდია შეიძლება სუნთქვის გაძნელებით, უჩვეული დაღლილობის შეგრძნებითა და ძლიერი ოფლიანობით გამოვლინდეს. არსებობს გულის იშემიური დაავადების სხვა მიმდინარეობა, მაგალითად, როდესაც არსებობს ცვლილებები მოსვენების და/ან დატვირთვის ელექტროკარდიოგრამაზე. ამ მდგომარეობას “მუნჯი იშემია” ეწოდება. ის ხშირად გვხვდება ხანდაზმულ და შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებში.

სტენოკარდია მნიშვნელოვნად ზღუდავს ადამიანთა ჩვეული ცხოვრების წესს. მცირდება ფიზიკური აქტივობის უნარი, ხანგრძლივად მოძრაობა, აღმართზე სიარული, კიბეზე ასვლა. ხშირია სუნთქვის გაძნელება, სისუსტე, თავბრუხვევა, გამოხატული შფოთვა, შიში და დეპრესიული გუნება-განწყობა.

ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების არსებობის ან ნებისმიარი დისკომფორტის შეგრძნების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან დროული მიმართვა. დიაგნოზის დასასმელად, გასინჯვასთან ერთად, საჭიროა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ჩატარება.

– რატომ არის COVID-19-ის პანდემიის პირობებში კორონარული შემთხვევების განვითარების განსაკუთრებით მაღალი რისკი და რატომ არიან პაციენტები მომატებული რისკის ქვეშ გართულებების განვითარების თვალსაზრისით?

– მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირების რისკი ყველასათვის თანაბარია, ცალსახად ნათელია, რომ თანმხლები დაავადებების არსებობა, ისეთების, როგორიცაა: გულის უკმარისობა, ჰიპერტენზია, გულის ქრონიკული იშემიური დაავადება, დიაბეტი, სიმსუქნე და ა.შ, COVID-19-ის მქონე პაციენტებში დაკავშირებულია უფრო მძიმე მიმდინარეობასთან და უარეს გამოსავალთან. COVID-19 პირდაპირი და არაპირდაპირი გზით მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. ამასთან, პანდემიის გამო იზოლაციის პერიოდში მნიშვნელოვნად გაუარესდა ცხოვრების წესი, რაც გულისხმობს ნაკლებ ფიზიკურ აქტივობას, წონის მატებას, თამბაქოს მოხმარების ზრდას, ეს ყველაფერი კი, თავის მხრივ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დამოუკიდებელ რისკ-ფაქტორებს წარმოადგენს. ამასთან, გაიზარდა მედიისა და სოციალური სივრცის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის ნეგატიური გავლენა პაციენტების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. დადასტურებულია მწვავე შემთხვევების მქონე პაციენტების დაგვიანებული მიმართვიანობა სპეციალიზირებულ კლინიკებში, გეგმიური ვიზიტების გადავადება ან გაუქმება. ეს ყოველივე ერთიანობაში მნიშვნელოვნად ართულებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტების მდგომარეობას. ამ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის სწორი რეკომენდაციების მიცემა – ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა, საჭიროა არტერიული წნევის ციფრების, გულისცემის სიხშირისა და რეგულარობის, სისხლში შაქრის დონის კონტროლი, არ შეიძლება ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიღების თვითნებურად შეწყვეტა. დაავადების სიმპტომების გაუარესების ან ახალი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

– რას ისახავს მიზნად გულის იშემიური დაავადების მკურნალობა?

– ზოგადად, სტაბილური სტენოკარდიის მკურნალობის მიზანია ავადობისა და სიკვდილობის შემცირება, პირველ რიგში კი, მიოკარდიუმის ინფარქტის პრევენცია, რაც სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდას იწვევს და სტენოკარდიის სიმპტომების შემცირება, რაც სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას განაპირობებს.

გულის იშემიური დაავადების, როგორც ერთიანი პათოლოგიის მკურნალობაში, ისევე, როგორც მიოკარდიუმზე დამაზიანებელი გავლენის შემცირებაში, კვლავაც შეუცვლელი როლი აკისრია მედიკამენტოზურ თერაპიას. ლოკალური დაზიანებისას  თანამედროვე მედიცინა ანგიოპლასტიკას და ინტერვენციულ მიდგომას ირჩევს, თუმცა, მედიკამენტოზური თერაპია არც ამ დროს კარგავს აქტუალობას.

არსებობს სხვადასხვა კლასის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულის იშემიური დაავადების მართვის დროს, რომელიც ავადმყოფთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისკენ გახლავთ მიმართული. როგორც უკვე ვახსენეთ, იშემიის დროს კარდიომიოციტების (გულის უჯრედების) დაზიანების ძირითადი მექანიზმი ენერგეტიკული კრიზისია, ამიტომ აქცენტი უნდა გაკეთდეს მათი დაცვის სტრატეგიაზე, ანუ მიდგომაზე, რომელიც უზრუნველყოფს ენერგიის სინთეზის გაუმჯობესებას. მეტაბოლური მიდგომა მნიშვნელოვან თერაპიულ იარაღს წარმოადგენს გულის იშემიური დაავადების მკურნალობისას.

დღეისათვის არჩევის მეტაბოლურ პრეპარატს, რომლის მოქმედების მექანიზმი სრულადაა შესწავლილი, ხოლო კლინიკური ეფექტურობა დადასტურებულია მრავალრიცხოვანი ევროპული კვლევებით, წარმოადგენს ახალი ერთჯერადი მიღების ორიგინალი პრედუქტალი OD 80 მგ. იგი რეკომენდებულია ევროპისა და აშშ კარდოლოგთა ასოციაციების მიერ, როგორც მკურნალობის აუცილებელი კომპონენტი პაციენტებისათვის გულის ქრონიკული იშემიური დაავადებითა და გულის უკმარისობით.

პრედუქტალი OD 80 მგ თავისუფლად შეიძლება იქნას დანიშნული ნებისმიერ ანტიანგინალურ პრეპარატთან კომბინაციაში.

მიღების წესი მარტივია – 1 კაფსულა დღეში საუზმის დროს. იქიდან გამომდინარე, რომ სტენოკარდია ქრონიკული მდგომარეობაა, პრეპარატის მიღება რეკომენდებულია ხანგრძლივი დროის განმავლობაში და არა კურსობრივად, რაც, სამწუხაროდ, ხშირად გვხვდება კლინიკურ პრაქტიკაში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დაუშვებელია ექიმის დანიშნულების თვითნებური შეცვლა ან შეწყვეტა მასთან კონსულტაციის გარეშე.