11 წლის ნიაკო ბახუტაშვილმა სიკვდილამდე დედას გვირილები დაუკრიფა – ,,ყველა იმედი მომიკვდა, მთელ ოჯახს ცუდ სიზმარში გვგონია თავი”

11 წლის ნიაკო ბახუტაშვილმა სიკვდილამდე დედას გვირილები დაუკრიფა - ,,ყველა იმედი მომიკვდა, მთელ ოჯახს ცუდ სიზმარში გვგონია თავი",,სარკე”, ირაკლი ვაჩიბერაძე

2 მაისს მთელი ქვეყანა შეძრა ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მომხდარმა ტრაგედიამ. ნიაკო ბახუტაშვილი ველოსიპედით სეირნობდა. ამ დროს გზაზე დიდი სიჩქარით მიმავალი ავტომობილი გამოჩნდა და გოგონას დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბავშვი საბურავების ქვეშ მოიყოლა.

უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მოზარდი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, მაგრამ  მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მძღოლი პოლიციას თავად ჩაბარდა.

– ბავშვს ფაქტობრივად არც ერთი კიდური საღი არ ჰქონდა. ბავშვი დეფორმირებული, საშინელ მდგომარეობაში იყო.

სასწრაფო რომ ადგილზე მოვიდა, ექიმმა თავი გადააქნია, ეს რა ჯოჯოხეთი დაგვხვდაო, მაგრამ მაინც გადაიყვანეს საავადმყოფოში. საცოდაობა დატრიალდა, – უთხრა ,,სარკეს” მაშინ თვითმხილველმა.

როგორი ბავშვი იყო 11 წლის ნიაკო, რაზე ოცნებობდა და ფიქრობდა, შვილმკვდარმა მამამ, კახა ბახუტაშვილმა, გვიამბო.

– ბატონო კახა, პირველ რიგში, გისამძიმრებთ!  მთელი საქართველო შეძრა თქვენს ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ. რა მოხდა იმ საბედისწერო დღეს?

– ტრაგედიის დღეს ტყიბულში ვიყავი – მაღაროში ვმუშაობ. მეუღლე და ბავშვები ქუთაისში, ბებიასთან  იყვნენ. ჩემი შვილი ველოსიპედით სეირნობდა და მალე სახლში უნდა წასულიყო. შემდეგ ჩემმა მეუღლემ დაუძახა, ანანო, სახლში წავიდეთო. ამ დროს ბავშვმა საავტომობილო გზის ველოსიპედით გადაკვეთა გადაწყვიტა.

იქვე იყო დედაც, რომელიც ამბობს, რომ მანქანა საერთოდ არ ჩანდა. უცებ კი ჩემს მეუღლეს ავტომობილი დაუნახავს და უყვირია, ნია, არ წამოხვიდეო, მაგრამ  ბავშვი მანქანამ გაიტანა. დიდი სიჩქარით მოძრავმა ავტომობილმა ჩემი შვილი საშინელ დღეში ჩააგდო.

– გავრცელებული ინფორმაციით, კომენდანტის საათი იწყებოდა და მძღოლს სურდა, დანიშნულების ადგილზე დროულად, ჯარიმის გარეშე მისულიყო. ცნობილია, რა სიჩქარით მოძრაობდა ის ავტომობილი?

– როგორც გამომძიებელმა მითხრა, მინიმუმი, 180-ით მაინც მოძრაობდა. ხომ წარმოგიდგენიათ, მანქანა ამ სიჩქარით მოძრაობდა ქუთაისის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე, სადაც საავტომობილო გზის მიმდებარედ ათეულობით ბავშვი თამაშობს.

– თქვენ ვისგან შეიტყვეთ თავს დამტყდარი უბედურების შესახებ?

– მე რომ ტყიბულიდან ქუთაისში ჩამოვედი, ბავშვი უკვე დაღუპული იყო. მე ექთანმა დამირეკა და მითხრა, ბავშვი ავარიაში მოყვა და კლინიკაში მობრძანდითო. შოკში ჩავვარდი! წარმოდგენა არ მქონდა, რა გამეკეთებინა. თუმცა არ მეგონა, ამ მასშტაბის ავარია თუ იქნებოდა. ვერც ის წარმომედგინა, ბავშვი გარდაცვლილი თუ დამხვდებოდა.

– ღმერთმა შეგაძლებინოთ ამ ტრაგედიის გადატანა, გამძლეობას და გაძლიერებას გისურვებთ.

– ვერაფერს ვაკეთებ. გაყინული, გარინდული ვარ. ყველა იმედი მომიკვდა. შოკირებულები ვართ, მთელ ოჯახს ცუდ სიზმარში გვგონია თავი.

– რა შეგიძლიათ, მოგვიყვეთ პატარა ნიაკოზე, როგორი ბავშვი იყო, რა მოსწონდა, რა უხაროდა.

– მე ძირითადად მონასტერში ვცხოვრობ – გოგნის მამათა მონასტერში. ბერებთან სულ დამყავდა, ძალიან უხაროდა და იქ ყოფნა მოსწონდა. რწმენაში იყო. ლაღი, ბედნიერი და სულით სუფთა ბავშვი იყო. ბევრი მიზანი, ოცნება ჰქონდა, თუმცა, სამწუხაროდ, დედამიწაზე ძალიან ცოტა ხანს მოუწია ცხოვრება.

– როგორი მოსწავლე იყო?

– კარგი, ნიჭიერი და მოწესრიგებული მოსწავლე იყო. გარდა იმისა, რომ კარგად სწავლობდა, ძალიან თბილი და მწუხარების გამზიარებელი ბავშვი იყო. ქუჩაში გაჭირვებულს რომ დაინახავდა, ტიროდა. მშობლებს გვთხოვდა, რომ დავხმარებოდით და ჩვენც ასე ვიქცეოდით, რადგან ნიაკო გვეუბნებოდა.

ქუთაისში, მე-17 საჯარო სკოლაში სწავლობდა. მისი კლასელებიც გაგიჟებულები არიან. იგონებენ, განიცდიან. ნიას წარსულით ცხოვრობენ. კლასელები ამბობენ, რომ გამორჩეული ბავშვი იყო.

– წარმოუდგენელი იქნება თქვენი მეუღლის მწუხარება, რომელსაც შვილი თვალწინ გამოეცალა ხელიდან.

– ჩემი მეუღლე ძალიან ცუდად არის. ან როგორ იქნება შვილმკვდარი დედა… შვილის მკვლელობამ გაანადგურა. არ ვიცი, ამ ყველაფერს როგორ გაუძლებს. გაყინული ზის და ტირის.

– მეორე შვილიც გყავთ და მას მზრუნველობა, თქვენი ყურადღება სჭირდება.

– 9 წლის შვილის დაგვრჩა – მარიკო, რომელიც ძალიან კარგი გოგოა. ჯერ ბავშვია, ბოლომდე ვერ იაზრებს, რაც ჩვენს თავს მოხდა, მაგრამ თავის დას ყოველ წუთს ახსენებს. სულ ერთად თამაშობდნენ, ერთობოდნენ, მეცადინეობდნენ. ძალიან კარგი დედმამიშვილობა ჰქონდათ.

– ბოლოს როდის ესაუბრეთ თქვენს შვილს?

– ეს საშინელება 2 მაისს მოხდა. პირველ მაისს “მესენჯერით” ვესაუბრე ტყიბულიდან. ძმისშვილი მყავს და ბავშვს კითხულობდა, როგორ არის, რას შვებაო.

– ტრაგედია მსოფლიოში არსებულ უმძიმეს პანდემიას დაემთხვა, როცა ფაქტობრივად პანაშვიდებიც აკრძალულია ქვეყანაში. ალბათ ბევრმა ადამიანმა ვერც შეძლო, უკანასკნელ გზაზე გაეცილებინა და პატივი მიეგო თქვენი შვილისთვის (ინტერვიუ ჩაწერილია მაისში).

– სამ დღეში დავკრძალეთ. ნათესავებმაც შეძლეს მოსვლა და უახლოესი ადამიანებიც იყვნენ.