რა ტრადიციები გააუქმა ლორთქიფანიძეების დიდმა ოჯახმა

რა ტრადიციები გააუქმა ლორთქიფანიძეების დიდმა ოჯახმა,,სარკე”, რუსუდან ადვაძე

მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე ყოველ აღდგომადღეს მამის, რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის, საფლავზე  მიდის, მერე კი დედას, მსახიობ ქეთევან კიკნაძეს, სტუმრობს, სადაც სადღესასწაულო სუფრას ლორთქიფანიძეების მთელი შთამომავლობა მიუსხდება ხოლმე (ინტერვიუ ჩაწერილია აპრილში).

წელს პირველად და, იმედია, უკანასკნელად ტრადიცია დაირღვა. საშიში ვირუსის გავრცელების გამო ქალბატონი ნანაც სახლშია გამოკეტილი თავის ერთადერთ ქალიშვილ ქეთი წიქვაძესთან და მის ორ ვაჟთან ერთად. მასთან ინტერვიუს ჩაწერისას გაირკვა, რომ ქეთი (ლეკას როლის შემსრულებელი სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” – რედ.) კარგახანია სახლშია გამოკეტილი, მაგრამ არა – პანდემიის, არამედ სულ სხვა მიზეზით.

ნანა ლორთქიფანიძე:

-სახლში ვართ და ვიცავთ ყველა რეკომენდაციას, რომლებსაც ექიმები და მთავრობა გვაძლევენ. შეგნებული გვაქვს, რომ ასე უნდა მოვიქცეთ, რადგან მთელი მსოფლიო იმაზე ლაპარაკობს, ხსნა სახლში დარჩენაშიაო და სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ძალიან რთულია ეს ყველაფერი, ბევრი აუცილებელი საქმე გვაქვს, მაგრამ გადავდეთ.

უიმედოდ არ ვარ, მაგრამ პერიოდულად რაღაც შიში ყველას გვიპყრობს. შემდეგი ორი-სამი კვირის პროგნოზი  კი ცუდია, მაგრამ არ მგონია, მძიმე დანაკლისი განვიცადოთ და ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწიროს. მაინც ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

ამ ოპტიმიზმის საფუძველს, პირველ  რიგში, ჩვენი არაჩვეულებრივი ექიმები მაძლევენ და სახელმწიფო, მათთან ერთად კოორდინირებულად რომ იქცევა. ერთადერთი, რაც მაშინებს, უპასუხისმგებლო ადამიანების საქციელია.

– ფაქტობრივად ჩაკეტილ მდგომარეობაში ყოფნა თქვენს ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე როგორ მოქმედებს?

– ბავშვებს უფრო უჭირთ და ვაძლევთ უფლებას, უფრო ხშირად ითამაშონ კომპიუტერული თამაშები, ვიდრე აქამდე ვრთავდით ნებას. როცა ონლაინ გაკვეთილები აქვთ, მაშინ მეცადინეობენ და რა ქნან სხვა? სხვა დროს არ ვაძლევთ ამის უფლებას, მაგრამ ახლა გვეცოდებიან, რადგან გარეთ ვერ გადიან, მეგობრებს ვერ ნახულობენ, ვერ ერთობიან.

მე, პირადად, მთელი დღე საქმეში ვარ. დილა რომ თენდება, ვიწყებ ლაგებას, სადილის მომზადებას. ოთხი ადამიანი ვართ სახლში და სულ რაღაც გვჭირდება,  თან მე სულ სანიტარულ პროცედურებში ვარ. სადარბაზოშიც კი ქლორს ვასხამ და, როგორც შემიძლია, ვასუფთავებ. დღე ისე გადის, ვერც ვიგებ.

– ქეთი ყვებოდა ,,სარკესთან” თქვეენზე, გადაჭარბებულად უყვარს სისუფთავეო.

– ჩემს ამ ქცევას სხვები ავადმყოფობას ეძახიან, მაგრამ მე ნორმად მიმაჩნია. შეიძლება ცოტა გადაჭარბებულად მართლაც ვიქცევი, მაგრამ ახლა ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში ვარ?! მეუბნებიან, დენი დაგარტყამსო, რადგან “შტეფცელში” ვყოფ თითებს და ისე ვწმენდ. კორონა არ ვიცი, მაგრამ შეიძლება დენმა მართლა დამარტყას.

საღამოს ფილმებს, სერიალებს ვუყურებთ. ხან რაღაცას ვკითხულობთ. ჩემი ქალიშვილი დღეში ორჯერ ინტენსიურად ვარჯიშობს. ახლა მოვილაპარაკეთ, რომ დღეში ერთი საათი ყველამ ვიცეკვოთ. მუსიკას შევარჩევთ და ხან ქართულს ვიცეკვებთ, ხანაც – ევროპულს, როგორ ხასიათზეც ვიქნებით, იმის მიხედვით.

ბევრი ისეთი რამისთვის მოვიცალე, რასაც სხვა დროს ვერ ვაკეთებდი. მაგალითად, არასოდეს გამომიცხვია პასკა, ყოველთვის ვუკვეთავდი. რაღაცას რომ ვაკეთებდი, მეორე გასაკეთებელი მრჩებოდა, მეორეს თუ მოვასწრებდი, მესამე და ა.შ. სულ უკმაყოფილო ვიყავი, რომ ბოლომდე ისე არ იყო ყველაფერი გაკეთებული, როგორც მე მინდოდა.

ახლა ყველაფერს ჩემს გემოზე ვაკეთებ, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ძალიან ვიღლები. პროდუქტების საყიდლადაც მე დავდივარ, რადგან ვერავის ვანდობ. მე უნდა ავარჩიო, რაც გვჭირდება, თან ყველა წესის დაცვით.

ქეთიც ძალიან მოწესრიგებულია და ყველა წესს იცავს.  ქუჩაში ბახილებით დადის, შემოდის თუ არა, იხდის და ვაგდებთ. მოწესრიგებულია, მაგრამ პროდუქტის ყიდვა მაინც უფრო ჩემი საქმეა.

სახლში ყოფნა მიყვარს, მაგრამ, როცა აკრძალულია, უფრო მეტად გინდება გასვლა და მეც მიჭირს მუდმივად შინ ყოფნა. აქტიურ ცხოვრებას ვარ მიჩვეული, ბოლო პერიოდში სულ გადაღებები მქონდა.

მენატრებიან მეგობრები, დედა… დედა ისეთ ასაკშია, რომ ძალიან გვეშინია მასთან მისვლა. ძალიან დიდი ხანია, იზოლაციაში გვყავს. ფაქტობრივად პირველივე წუთებიდან, რაც ეს ამბავი გახმაურდა.

– მარტო ხომ არაა ქალბატონი ქეთევანი?

– არა, ჩემი უფროსი და, ნინო, ცხოვრობს მასთან.  ისინიც ოთხნი არიან – ნინო, ნინოს ქალიშვილი და მისი შვილი. ძალიან იშვიათად მხოლოდ ნინო გადის სახლიდან პროდუქტის მოსატანად. მარაგი ისე მოაქვს, რომ ერთი კვირა მაინც არ გავიდეს. დედა ყველას გვამშვიდებს, ყველაფერი კარგად იქნებაო. ასეთი ოპტიმისტი გვყავს.

– აქტიურია თვითონაც, საჭესთანაც ზის ისევ.

– დიახ, ძალიან აქტიურად ცხოვრობს. საჭესთანაც ზის, მეგობრებთანაც დადის, ღონისძიებებსა და კონცერტებზეც. ძალიან უყვარს სეირნობა, ფეხითაც ბევრს დადიოდა. ახლა მასაც უჭირს და გადასულია სამზარეულოში ტრიალზე, სულ რაღაცას აკეთებს. თან ყველაფერს ძალიან გემრიელად ამზადებს. მისი გაკეთებული ყველაფერი უზომოდ მიყვარს.

რაც ეს ამბები დაიწყო, სულ ორჯერ ვიყავი მათთან, მაგრამ ახლა აღარ მივდივარ. ჩვენ რომ ყველამ ერთმანეთი მოვინახულოთ… ძალიან ბევრნი ვართ, ღმერთმა გვამრავლოს!

ასე ვართ ერთმანეთისგან მოწყვეტილი. მესინჯერში ჯგუფი გვაქვს, სადაც ბიძაშვილებს, მამიდაშვილებს და ა. შ. ვიდეოზარით ველაპარაკებით.

დედას ბავშვები ძალიან ენატრება, ამის გამო მეცოდება, მაგრამ რას ვიზამთ. ძალიან ცუდი რამ დაგვემართა. ყოველ დილით ნიუსებს რომ ვუსმენ, სადაც ამბობენ, რომელ ქვეყანაში რამდენი ადამიანი გარდაიცვალა, სულ ვტირი, საშინლად განვიცდი.

განსაკუთრებით მოხუცები მეცოდებიან. საქართველოში სამივე გარდაცვლილი მოხუცია. დასცალდეთ, რა ჩვენს მოხუცებს ბუნებრივად სიკვდილი!

– თქვენი ქალიშვილი, ქეთი, როგორ გრძნობს თავს ამ სიტუაციაში?

– ამ ამბავს დაემთხვა ის, რომ ქეთიმ გაიკეთა ოპერაცია ფეხზე – ჯვარედინი იოგა ჰქონდა გაწყვეტილი. თხილამურებზე დგომისას წაიქცა და ამ პერიოდში ისედაც სახლში უნდა ყოფილიყო და თან კარგახანს. 10 მარტს გაიკეთა ოპერაცია და ფეხი ჯერჯერობით ისევ ფიქსატორში აქვს. ინტენსიური ვარჯიში სჭირდება რეაბილიტაციისთვის.

შეგუებული იყო, რომ სახლში მოუწევდა ყოფნა და არ უჭირს. თან ახლა უფრო მეტი კონტაქტი გვაქვს ბავშვებთან, ერთმანეთთან. აქამდე სულ გადარბენაზე ვიყავით. როგორც ჩანს, მოგვენატრა ერთმანეთი და შეხმატკბილებულები ვართ.

– სერიალ ,,იდეალური დედის” გადაღებები უნდა დაწ-ყებულიყო, სადაც ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობთ. ალბათ დროებით შეწყდა. ქეთიც გადაიღეს ჩემი ცოლის დაქალების” ერთ სერიაში. გადაღებები როგორ მიმდინარეობდა ასეთ პირობებში? 

– ,,იდეალური დედის” გადაღებები დავიწყეთ, მაგრამ ამ ამბების გამო მალევე გავჩერდით. ყველაზე მეტად სწორედ ის გადაღებები მენატრება.

ქეთი ერთ სერიაში გადაიღეს ახალ პროექტში – ,,ჩემი ცოლის დაქალები კარანტინში”. ახალი ნაოპერაციები იყო, მოაკითხეს და წაიყვანეს.

ძალიან შეზღუდული იყო გადამღები ჯგუფის წევრების რაოდენობა. გრიმიორიც კი არ ჰყავდათ, გრიმი თვითონ გაიკეთა. მხოლოდ ოპერატორი იყო, რეჟისორი და ორი მსახიობი. რეჟისორი და ოპერატორი მთლიანად ეკიპირებულები იყვნენ. სადაც იღებდნენ, იქ დეზინფექცია გაკეთდა და ა.შ. იმ სერიას ორი დღე იღებდნენ.

– ყველასთვის უჩვეულო აღდგომა დადგა – ჩვენი საყვარელი ადამიანების საფლავებზე გასვლის გარეშე. საერთოდ როგორია თქვენს ოჯახში სააღდგომო ტრადიციები?

– ყველა ერთად ვსადილობდით აღდგომადღეს დედაჩემთან. დილით ავდგებოდით, ჩავუჭახუნებდით ერთმანეთს კვერცხებს და მივდიოდით დედასთან.

სააღდგომო ლიტურგიაზე ღამისთევით არ დავდიოდი. ცოტა ხნით გადავდიოდი სახლთან ახლოს მდებარე ეკლესიაში. ვერ ვძლებდი მთელი ღამით, რადგან ხერხემლის პრობლემები მაქვს და დიდხანს ფეხზე დგომა არასოდეს შემეძლო.

ახალგაზრდობაში, ჯერ კიდევ მაშინ, როცა აკრძალული იყო ეკლესიაში სიარული, მივდიოდით და ვათენებდით. ბოლო წლებში ვეღარ ვძლებდი.

რაც მამა გარდაიცვალა, კვირადღესაც მივდიოდი მის საფლავზე პასკითა და კვერცხით. მას ძალიან უყვარდა პასკა და აღდგომის კვერცხი.

ორშაბათს და სამშაბათს გადიან სხვები, მაგრამ მე მინდოდა, მამაჩემისთვის კვირას, აღდგომადღეს, მიმელოცა და დილაობით მივდიოდი. დედა და ჩემი დები ორშაბათს ან სამშაბათს გადიოდნენ. გული მწყდება, რომ წელს ეს ვერ მოვახერხე.

მამა სანამ გარდაიცვლებოდა, არასოდეს მიყვარდა სასაფლაოზე წასვლა, ბებიის საფლავზეც კი, რომელმაც გამზარდა, მასზე ვგიჟდებოდი და ყველას მერჩივნა. სასაფლაოზე არაფერი მეგულებოდა. მიკვირდა, იქ მისული ადამიანები ტირილს რომ იწყებდნენ, რადგან ჩემთვის იქ აბსოლუტური სიცარიელე იყო. ახლობლების საფლავებზე მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით მივდიოდი.

რაც მამა გარდაიცვალა, ძალიან მიყვარს იქ მისვლა და ხშირადაც დავდივარ. თითქოს რაღაცას მივსებს და მსიამოვნებს იქ ყოფნა.  მგონია, მამასთან ვარ. მივდივარ და გულს ვუშლი, ბევრ რამეს ვუყვები. ძალიან მაკლია.

ერთხელ, როცა ასე მოდებულები არ ვიყავით სოციალურ ქსელს, მკითხეს, სოციალური ქსელითა და ინტერნეტით სარგებლობთ თუ არაო. არა, “გუგლი” სახლში მყავს-მეთქი, ვუპასუხე. მამას ყველა კითხვაზე ჰქონდა პასუხი და ეს პასუხები ყოველთვის სწორი იყო.

რაც გარდაიცვალა, ყველას ძალიან გაგვიჭირდა, ყველაფერი გაუფერულდა და ჩვენი ოჯახიც შეიცვალა. ყველაფრის ხალისი დავკარგეთ. მამა ტრადიციების  საოცრად მოყვარული იყო. ყველა დღესასწაულს აღნიშნავდა სახლში – დაბადების დღეს, ახალ წელს,  აღდგომას და ა.შ. ყველა იქ უნდა ვყოფილიყავით. ამდენი ბავშვის ჟრიამული მოსწონდა.

მარიკაც (გიგა ლორთქიფანიძის და, ისტორიკოსი, აკადემიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე – რედ.) მოდიოდა თავისი ოჯახით და ყველა ერთად ვიყავით. დღეს აღარც მარიკაა და აღარც გიგა.

27 იანვარს, ნინოობადღეს, ბებიაჩემის დაბადების დღეა და მუდმივად აღვნიშნავდით მის სიცოცხლეშიც და გარდაცვალების შემდეგაც. ხან ჩვენთან და ხან მარიკასთან ვიკრიბებოდით. ჯერ გიგა გარდაიცვალა, მერე – მარიკა და ისე აეწყო, რომ ბოლო წლებში ბებიის დაბადების დღეს აღარ ვიხდიდით.

ეს ამბავი ისე მაწუხებდა, რომ წელს საკუთარ თავზე ავიღე და 30 ადამიანი შევიკრიბეთ ჩემს სახლში – მარიკას, გიგას და ბებიაჩემის დის ოჯახები. ძალიან კმაყოფილები და ბედნიერები ვიყავით, რაღაცნაირი კარგი დღე იყო. ასეთი დღეები კი ძალიან მრავლად იყო ჩვენს ცხოვრებაში, სანამ გიგა და მარიკა ცოცხლები იყვნენ.

ვფიქრობ, სანამ გარდაცვლილი ადამიანის დაბადების თუ გარდაცვალების დღეები აღინიშნება, ჩვენ შორის მანამდე ცოცხლობენ.

– თქვენს სააღდგომო სუფრაზე რა არის აუცილებელი?

– დედა ყოველთვის აკეთებდა ჩაქაფულს, ლორს ვხარშავდით, პასკა გვქონდა და სხვა გემრიელი რაღაცები. ღომის და ხარჩოს დიდი მოყვარულები ვართ. წელს ამის ხალისი არ გვქონდა და ჩვეულებრივი სადილით შემოვიფარგლეთ.

კვერცხი წითელ პარასკევს შევღებე. ჯეჯილის და კვერცხის ფოტო “ფეისბუქში” დავდე და ისეთი გამოხმაურება ჰქონდა… საოცარი ჯეჯილი ამოვიდა. მსგავსი არასოდეს მქონია და, ვფიქრობ, ეს კარგის ნიშანია. მიწაზეც დავთესე და ბამბაზეც და ორივე არაჩვეულებრივი გამოვიდა. საოცრად ხასხასა და ხშირია.

– როგორ ფიქრობთ, დიდხანს მოგვიწევს კარანტინის რეჟიმში ცხოვრება?

– მგონი, დიდხანს მოგვიწევს, ყოველ შემთხვევაში, არ მგონია, ივნისამდე გამოსწორდეს სიტუაცია. ამდენი ემიგრანტი ჩამოდის ქვეყანაში, უამრავი სპეცრეისი ინიშნება და ალბათ ყველა სარისკოა.

რასაკვირველია, უნდა ჩამოიყვანონ და უნდა მიხედონ. ეს ალბათ გაზრდის ინფიცირებულთა რიცხვს და ეს ყველაფერი როგორმე უნდა ავიტანოთ. სამწუხაროა, შიდა გავრცელება რომ დაიწყო და ახლა ბევრი რამ ჩვენზეა დამოკიდებული. რეკომენდაციები ყველამ უნდა შევასრულოთ და ყველაფერი კარგად იქნება.