,,ალაზანი დიდია, შიგ ბებერი ჰკიდია” – მწერალი, რომელმაც ეს სიტყვები გაშიფრა, მოულოდნელად გარდაიცვალა – თამარ ბუკიამ ამქვეყნიდან წასვლის თარიღი იცოდა

,,ალაზანი დიდია, შიგ ბებერი ჰკიდია" - მწერალი, რომელმაც ეს სიტყვები გაშიფრა, მოულოდნელად გარდაიცვალა - თამარ ბუკიამ ამქვეყნიდან წასვლის თარიღი იცოდა,,სარკე”, რუსუდან ადვაძე

მწერალი, ლიტერატორი, პროფესორი თამარ ბუკია მოულოდნელად გარდაიცვალა აპრილში. მან ფართო საზოგადოებას თავი დაამახსოვრა ხალხური ლექსის ,,ალაზანი დიდია, შიგ ბებერი ჰკიდია” საიდუმლოს ამოხსნით.

,,ნუთუ არავინ დაფიქრებულხართ, ან ალაზანში რატომ უნდა ეკიდოს ის ბებერი და ან ალაზანში ჩაკიდებულმა პური როგორ უნდა მისცეს მგზავრს? ის პური ხომ ალაზნის წყლით იქნება დამბალ-დაშლილი? სინამდვილეში ლექსში ის ბებერი არაზანშია ჩაკიდული.

არაზანი დიდი თონეა, რომელშიც ბევრი პური ცხვება ერთდროულად. აი, როგორ თავის ადგილას დადგა ყველაფერი: ბებერი დიდ თონეში ბევრ პურს აცხობს, მაგრამ ისეთი ძუნწია, რომ ჩამოვლილ მშიერ მგზავრს პური არ მოუტეხა. ამიტომაც ამბობს ის მგზავრი, პური ვთხოვე, არ მაჭამა, ჩემი ცოდვა ჰკიდიაო”, – დაწერა სოციალურ ქსელში თამარ ბუკიამ და მისი გამოკვლევა დიდი ინტერესის ცენტრში მოექცა.

თამარ ბუკია პროფესიით საქონელთმცოდნე გახლდათ. მას მერე, რაც ეს პროფესია ქვეყანაში აღარავის დასჭირდა, სტუდენტებს ტურიზმს ასწავლიდა. წერდა ლექსებსა და რომანებს, ქსოვდა, ქარგავდა…

მეგობრები და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები სოციალურ ქსელში გაოცებას ვერ მალავენ მისი გარდაცვალების გამო. მხოლოდ რამდენიმემ თუ იცის, რომ მუდამ მხიარულ ქალს ღვიძლის დაავადება აწუხებდა. გარდაცვალების წინა დღეებში თითქმის ყველა მეგობარს დაურეკა, მოიკითხა და ამით სამუდამოდ დაემშვიდობა.

– ლიტერატურულ საიტ ,,ურაკპარაკის” მეშვეობით გავიცანი, – უამბობს “სარკეს” თამარ ბუკიას მეგობარი ია მშვიდობაძე, – თავიდან ვირტუალურად ვიცნობდით ერთმანეთს და მერე მითხრა, მონათესავე სულები ვართ და იქნებ შევხვდეთო. შევხვდით და მას მერე ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს.

უაღრესად ოპტიმისტი გახლდათ და ყველას გვერდში ედგა. “ურაკპარაკის” საიტზე ვინც კი ახალგაზრდა იყო, ყველას ეხმარებოდა, მათ ნაწერებს კორექტურას უკეთებდა, მართლწერაში ეხმარებოდა.

ტურიზმის ხაზით ატარებდა ლექციებს და გარდაცვალებამდე 10 დღით ადრე დამირეკა, რაჭის კურორტებზე მეკითხებოდა. დიდთან დიდი იყო, პატარასათან – პატარა. სტუდენტებთან მეგობრობდა, უზარმაზარ სითბოს გასცემდა.

ყოველმხრივ რაღაცნაირად ნიჭიერი იყო – ქარგავდა, ხატავდა, საოცრად წერდა… ამბობდა, ხილვები მაქვსო – ამ ადამიანს ცისფერი აურა აქვს, ამას – ყვითელიო. იმასაც ამბობდა, ჩემი გარდაცვალების დღე ვიციო. ამას ისე დამაჯერებლად იტყოდა ხოლმე… თარიღს არ ამბობდა, მაგრამ ეს ჩემთვის ძალიან ბევრჯერ უთქვამს.

მთელი ცხოვრება ერთოთახიან ბინაში გაატარა, რომელიც ათოთახიანი ხდებოდა, იმდენი მეგობარი მისდიოდა. ახლახან შეიძინეს ბინა, გაარემონტეს და მეუბნებოდა, რომ მოვრჩები, ყველას ერთად მოგიყვანთო. რა დაემართა, ისიც არ ვიცი.

– ახლობლები წერენ, რომ ღვიძლის პრობლემა ჰქონდა, რომელსაც მერე პანკრეასის პრობლემებიც დაერთო.

– ჩემთან ჯანმრთელობაზე არასოდეს დაუჩივლია. ბოლოს ძალიან გახდა და სულ მეკითხებოდა, ასე თუ მოგწონვარო. მართალი გითხრათ, სანამ გახდებოდა, უფრო მომწონდა, მაგრამ ამას ისე გეუბნებოდა, თითქოს უნდოდა და იმიტომ გახდა. დაავადებაზე არც გვიფიქრია.

10 დღით ადრე რომ მელაპარაკა, საოცრად ოპტიმისტურად იყო. ბათუმში ლექსების გამოფენაზე ვაგზავნით ხოლმე ნაწარმოებებს და მითხრა, მაშინ რომ ვიყავით ერთად, რა კარგი იყო და იქნებ ისევ გავაგზავნოთო.

ერთი შვილი დარჩა – ნიკუშა და შვილიშვილებს ნატრულობდა. მეუღლეც ჰყავდა და ძალიან მეგობრული ოჯახი ჰქონდათ.

დედა ჰყავს – საოცარი ქალი. ბოლო დაბადების დღე დედასთან გადაიხადა. როგორ გადაიტანს დედამისი ამხელა უბედურებას, არ ვიცი.

საოცრად ხალისიანი იყო, შეეძლო, პატარა ბავშვის ხმით ემღერა.  ძალიან კარგად მღეროდა და ბავშვის ხმით პაროდიებს აკეთებდა. საოცარი იუმორი ჰქონდა.

იმხელა საახლობლო ჰყავს… ახლა კი მარტო დაიკრძალა, არავინ გაჰყვა სამარემდე! მაგიჟებს ამაზე ფიქრი –  ამხელა სამეგობროსა და სანათესაოს პატრონი ასე მარტო წავიდა ამ გზაზე. ისეთი სიცოცხლის მოყვარული იყო… ბოლოს ყველასთან დაურეკია…

მისი გარდაცვალების შესახებ რომ გავიგე, ბოროტი ხუმრობა მეგონა. მერე კი ისეთმა შიშმა ამიტანა – შეიძლება ასე უცებ გაქრე ადამიანი?!

.

,,მეგრელი, მაგრამ მე-7 თაობის თბილისელი ვარ. სიღნაღის უნივერსიტეტში 16 წლის განმავლობაში დეკანი და სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივანი ვიყავი.

საქონელთმცოდნე ვარ პროფესიით. სამრეწველო პროდუქციის ექსპერტიზას ვასწავლიდი, მაგრამ მერე ეს პროფესია აღარავის დასჭირდა. როცა ჩვენს კათედრაზე შემოვიდა ტურიზმი, ამ სფეროში გადავერთე.

მე ვიყავი მინის, კერამიკის, ავეჯის, საშენი მასალების და საიუველირო ნაწარმის მცოდნე. თითქოს გულიდან ამომგლიჯეს და მითხრეს, აღარ არის საჭიროო. სააკაშვილის დროს რომ მონასტერი აირია, ეს მაშინ მოხდა…

ქარგვაც ვიცი, კერვაც, ქსოვაც… ბუნებით კი ნამდვილი ტურისტი ვარ. მამას დავყავდი ხშირად და მაშინ შემიყვარდა. საქართველო, რუსეთი, ბალტიისპირეთი მაქვს შემოვლილი. ახლა კი ჩემს სტუდენტებთან ერთად დავდივარ…

რამე როცა მაინტერესებს, თუ ბოლომდე არ გავარკვიე, თავს ვერ ვანებებ. მამაჩემი ამბობდა, ამან ტყუილი რომ თქვას, ისიც დაეჯერება, რადგან სანამ არ გაიგებს, არაფერს ეშვებაო. ვაჟიშვილიც ჩემნაირია – სანამ ბოლომდე არ გაიგებს, რა რატომ ხდება, სულ უკირკიტებს.

ვწერ სიყვარულზე. აბა, სიყვარულის გარეშე როგორ იქნება?! ლექსებს სიყვარულზეც ვწერ და სხვა თემაზეც. გამოვეცი ერთი რომანი – “გაცვლა”.

ჩემი მოქარგული წმინდა გიორგის ხატი პატრიარქს ვაჩუქე. მითხრა, არ არსებობს, ამას შენ ვერ შეასრულებდიო. დავიბენი, რას ამბობთ, ჩემი ნაქარგია-მეთქი. მითხრა, კი, მაგრამ უფალი თავად გკარნახობდა, რა და როგორ გაგეკეთებინაო”, – უამბობდა თამარ ბუკია რამდენიმე თვის წინ “სარკეს”.

ამონარიდი თამარ ბუკიას ლექსიდან:

,,სიცოცხლე გადის! გაფრენილა ეს ერთი წელიც!..

წეროებივით მიფრინავენ, გვმატებენ ასაკს!

თვალის უპესთან ნაოჭს უკვე ვერაფერს შველი

და არც ის იცი, ეს სიბერე რამდენ ხანს გასტანს”.