ირმა სოხაძე: ,,რეზო ლათინოამერიკულ ცეკვებში ვერ ავიყოლიე”

ირმა სოხაძე: ,,რეზო ლათინოამერიკულ ცეკვებში ვერ ავიყოლიე",,სარკე”, რუსუდან ადვაძე

მომღერალმა ირმა სოხაძემ კარანტინის პერიოდში სხეულის გაჯანსაღებისთვის მისთვის ახალ ხერხს მიმართა – ლათინოამერიკულ ცეკვებს ასრულებს.

,,ვცდილობ, ყოჩაღად ვიყო და დღეს ყველა ამას უნდა ვცდილობდეთ. როგორც ბებიაჩემი მეუბნებოდა, ჯერ შენს თავს უნდა შემოუძახო, რომ სხვები გაამხნევო. ყურები თუ ჩამოვყარეთ, კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით”, – გვითრა ქალბატონმა ირმამ. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც თვითიზოლაციის პერიოდში ჩაიწერა.

ირმა სოხაძე:

– ყველამ ვიცით, რომ ფსიქოლოგიური ფონი ძალიან მნიშვნელოვანია იმუნიტეტისთვისაც და ყველაფრისთვის. ადამიანი არის ისეთი, როგორც გრძნობს და განიცდის მოვლენებს. ამიტომ ცოტა ოპტიმისტურად უნდა ვიყოთ, თუმცა საღი გონებით რომ მინდა, ამ ყველაფერს შევხედო, ცოტა ვიბნევი, რადგან არ ვიცი, რა ხდება.

არ ვიცით, რა ხანგრძლივობის იქნება ეს მოვლენები, რა შედეგები მოჰყვება; არ ვიცით, როცა გვეტყვიან, ქუჩაში გადითო, იქნება თუ არა ხელმეორედ აფეთქების საშიშროება. ზოგჯერ ოჯახის წევრებზეც არ გადადის და საიდან გადადის, კაცმა არ იცისო. ახლა ამბობენ, არც ზედაპირებიდან გადადისო.

იმდენი რამ არ ვიცით, იმდენი კითხვის ნიშანი და გაურკვევლობაა, რომ ძალიან ვიბნევი. ამიტომაც საღი თვალით ამ ყველაფრის აღქმა მიჭირს. ალბათ უნდა მოვნახოთ რაღაც საყრდენი, რამაც უნდა გაგვაძლებინოს.

– როგორ შეიცვალა თქვენი დღის რეჟიმი, როგორ ძლებთ სახლში?

– სახლში მე და ჩემი მეუღლე ვართ. ჩემი შვილი, ნატა,  ცალკეა მეუღლესთან და ბავშვებთან, დედაჩემიც მარტო ცხოვრობს. დედასთან კვირაში ერთხელ ისე შენიღბული მივდივარ, რომ ვერც მცნობს. ხელს ვუქნევ და მოვდივარ. მასთან ერთი ახლობელი ქალია, რომელიც მხოლოდ პურზე შეიძლება ჩავიდეს მარკეტში შენიღბული ფორმით.

დედა 89 წლის არის და ისეთ იზოლაციაში გვყავს, ფანჯარას ვუღებთ დღეში ორჯერ მხოლოდ, რომ ცოტა ჰაერი ჩაყლაპოს. 4 წელია, რაც მამა აღარ არის და სულ მეუბნებოდა, რა არის ჩემი ცხოვრებაო. თან ვყვებით ყველანაირად, მაგრამ სულ წუწუნებს, სავარძლის ფორმა მივიღე და სულ ტელევიზორს ვუყურებო.

ახლა ვეუბნები, დედა, იმდენი იწუწუნე, მთელი სამყარო შენსავით დაგვსვი ტელევიზორთან და შენს დღეში ჩაგვყარე-მეთქი. ამაზე ბევრს იცინის, ჩემი ბრალიაო.

დედას და შვილიშვილებს ფაქტობრივად ვეღარ ვნახულობ, მხოლოდ შორიდან ვუქნევ ხელს. ბავშვები თავიდან გაოცებულები იყვნენ, რა ხდებაო, მაგრამ ისინიც მიეჩვივნენ, რომ მათთან ახლოს მისვლა არ შეიძლება.

ამ სიტუაციაში ყველაზე საწყენი ის არის, რომ ვირტუალური ურთიერთობა წამოვიდა წინა პლანზე. ადრე ბევრი წერდა, ვირტუალური ურთიერთობაა ჩვენი მომავალიო და მეცინებოდა, როგორ შეიძლება სითბო, ჩახუტება, ხელის შეხება რამემ ჩაანაცვლოს-მეთქი. ახლ კი ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს რეპეტიციას გავდივართ ან უკვე სპექტაკლს ვთამაშობთ.

ძალიან მაშინებს ეს ამბავი – ეს ხომ არ არის ჩვენი მომავალი და კიდევ სხვა რამ ხომ არ გაჩნდება, ამ კორონას რომ დავემშვიდობებით? კიდევ ხომ არ მოხდება რაიმე სახის კატაკლიზმები, როცა ადამიანები იძულებულები გახდებიან, მინიმუმამდე დაიყვანონ პირადი ურთიერთობები?

ჩემს შვილიშვილებს ინტერნეტით ვეთამაშები. ხან სპილო ვარ, ხან კურდღელი და ასე გაგვყავს საათები. ნუთუ ასეთი ურთიერთობა უნდა შეგვრჩეს ხელში კაცობრიობას?!

ერთი მხრივ, კარგია ინტერნეტი, ვხედავთ მაინც ერთმანეთს, მაგრამ ვაითუ მომავალში ასე ჩანაცვლდეს რეალური ურთიერთობები და ასე დავმახინჯდეთ?!

ბავშვს დაბადების დღეც დისტანციურად მივულოცე. შევდივართ სახლში, ვიცვლით, მაგრამ ერთ კუთხეში ისინი არიან და მეორეში – ჩვენ. ვეუბნებით, ახლოს არ მოვიდნენ. უმცროსი 4 წლისაა, უფროსი ბიჭი, რეზიკო, 9 წლის გახდა. დიდი ბიჭები არიან, ყველაფერს ხვდებიან.

ყველაზე მეტად კი სალომეს შვილი, მაქსი, მენატრება. ოქტომბერში 12 წლის ხდება. ნეტავ, მანამდე დალაგდეს ყველაფერი, ფრენები აღდგეს და აუცილებლად ჩავალ პრაღაში. მაინც იმედი მაქვს, რომ აგვისტოში მშვიდობიან ცხოვრებას დავუბრუნდებით.

კვირა არ გავიდოდა, რეზიკო ერთი-ორი დღე ჩვენთან რომ არ დარჩენილიყო და მასთან ჩახუტებულს არ დამეძინა. ახლა ეს ძალიან მაკლია.

– პრაღაში რა სიტუაციაა, როგორ არიან სალომე და მისი ქმარ-შვილი?

– ყოჩაღად არიან. პრაღაში მორჩილი ხალხია, კარანტინია, რამდენი ხანია არ გადიან ქუჩაში და სპეციალური საშვები აქვთ, მაღაზიაში ან სამსახურში რომ წავიდნენ. სალომეს კვირაში 2-3-ჯერ უწევს სამსახურში წასვლა.

მაქსის ძალიან კარგი ონლაინ გაკვეთილები აქვს და კმაყოფილია. პროგრამას არ ჩამორჩნენ და ყველაფერი კარგად მიდის. ადრიანს (სიძე – რედ.შენ.) აქვს ონლაინ ლექციები. სალომესაც აქვს ონლაინ ინტერვიუები, ჩართვები, მაგრამ სამსახურში მისვლა მაინც უწევს. ახალი ამბები მისახედია. სახლიდან ყველაფრის გაკეთება ცოტა რთულია და უწევს მისვლა, რის გამოც ძალიან ვღელავ,

დაინფიცირების შემთხვევებმა პრაღაში აშკარად იკლო. პრეზიდენტი ითხოვდა, 11 მაისამდე გაგრძელებულიყო საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ პარლამენტმა მხოლოდ 30 აპრილამდე გააგრძელა. ეს ძალიან დამაიმედებელია, რადგან აქვთ იმის მოლოდინი, რომ ყველაფერი მალე დამთავრდება.

– ქართველ მამაკაცებს, როგორც წესი, სახლში ჯდომა უჭირთ, ცოლზე იყრიან ხოლმე ჯავრს. ადვილი გასაძლებია სახლიდან გაუსვლელად ცხოვრება თქვენი წყვილისთვის თუ დაძაბულობა გაჩნდა?

– მე და ჩემს მეუღლეს სახლში ერთად ყოფნა სულაც არ გვიჭირს. როცა ბევრი საერთო გაქვს ადამიანთან… ხან ინტერნეტში რაღაცას ვუსმენთ – მომღერლებს, კონცერტებს. გარეთაც დავდივართ, რადგან ჯერ არც ერთი ვართ 70 წლის – რეზოს 1 წელი აკლია, მე – 6 წელი და შეგვიძლია სეირნობა, მაგრამ უფრო მარტო გავდივარ სასეირნოდ. პირბადეს, სათვალეს, ხელთათმანებს, ქუდს მოვირგებ და დავდივარ.

– ბატონი რეზო სასეირნოდ არ დაგყვებათ?

– ფეხით არ დამყვება. სამაგიეროდ, მანქანით დავდივართ ერთად და ძირითადად მაშინ, როცა სუპერმარკეტში ვართ წასასვლელი. ვცდილობ, 5-6 დღის სამყოფი საკვები ერთად ვიყიდო, რომ ყოველდღე არ ვიაროთ და ასევე ერთად მივდივართ ბავშვებთან. მხოლოდ  ასეთ დროს გამოდის სახლიდან, თორემ ისე გამაგრებულია ოთახში და ძალიანაც მოსწონს სახლში ჯდომა.

მე ერთი საშინელება დამემართა – ახალ წიგნს ვერ ვკითხულობ. რაღაც წიგნები მქონდა ნაყიდი, რომლებიც აქამდე არ წამიკითხავს და ვიფიქრე, ახლა წავიკითხავდი, მაგრამ ვერა. სამაგიეროდ, გადავიკითხე უამრავი რამ, რაც უკვე წაკითხული მქონდა.

ბულგაკოვის მოთხრობები გადავიკითხე და შეიძლება “ოსტატი და მარგარიტაც” თავიდან წავიკითხო. დიდი სიამოვნებით შევედი ჩემს საყვარელ სამყაროში. ძალიან მომწონს ჩეხოვის მოთხრობები. რაც უკვე ვიცი და რაც ჩემია, იმის გადაკითხვა მომწონს და ყველას ვურჩევ, ასე მოიქცნენ.

მგონი, ეს უფრო კარგია, ვიდრე ახალ, რთულ ტექსტებთან შეჭიდება, რადგან ახლა ტვინი კარგად არ მუშაობს და ვერ შედიხარ იმ ახალ სამყაროში. ძველ წიგნებში სეირნობა და ბოდიალი ძალიან მესიამოვნა.

ასევე, ყოველდღე ვუკრავ და ცოტას ვცეკვავ კიდეც სახლში. ორგანიზმი მიჩვეული რომ არის ბევრ სიარულს და მხოლოდ ნახევარი საათით მიდიხარ და მოდიხარ დღეში, არ მყოფნის. ამიტომ ვცეკვავ სახლში, ძირითადად ლათინოამერიკულ ცეკვებს აერობიკის ელემენტებით.

– ქმარიც ხომ არ აიყოლიეთ ცეკვაში?

– არა, რეზოს ცეკვა არც ახალგაზრდობაში უყვარდა. მაშინ ძალით ვაცეკვებდი და ახლა არც ვცდილობ. მე კი ვცეკვავ, რადგან ეს ჩემთვის ვარჯიშია.

– სახლში ჩაკეტილები ძირითადად საჭმლის კეთებასა და ჭამაზე  არიან გადასული. ესეც ერთგვარი გასართობია.  თქვენც ასე ხართ?

– კერძების კეთება ჩემი ჰობია და შესანიშნავადაც  გამომდის. ჩემმა ქმარმა კი კიდევ ერთი აღტაცების მიზეზს მიაგნო. მეუბნება, შენ ყოფილხარ ყველაზე კარგი კულინარიო. მჭადებს ყოველდღე ვუცხობ და ნაირ-ნაირ საჭმელებს ვუმზადებ. არაფრისგან შემიძლია რაღაც გავაკეთო.

ამას წინათ გავაკეთე ბრინჯი სტაფილოთი, ხახვით და მოხარშული ქათმით. უგემრიელესი გამოვიდა. თევზითაც კარგ რამეებს ვაკეთებ. სამწუხაროდ, ვერ ვმარხულობთ. რეზო სულ მარხულობს ხოლმე, მაგრამ  ახლა, ამ ნევროზულ სიტუაციაში კიდევ სამარხვო საჭმელების კეთება ძნელია.

– ახლა რომ აღმოაჩინა,  შესანიშნავი მზარეული ხართ, მანამდე არ უკეთებდით?

– კი, აბა, ვინ უკეთებდა?! მაგრამ კაცების ამბავი არ იცით? კვირაში სამჯერ მაინც რაღაც წვეულება, შეხვედრა… სამსახურის მერე ხან სად მიდოდნენ ბიჭები და ხან სად.

ახლა მესინჯერით ჩაერთვებიან ხოლმე ერთმანეთს ალბათ 8 კაცი მაინც და ასე უჭახუნებენ ჭიქებს. უზიარებენ იმასაც, ვინ რას მიირთმევს და არის ერთი მხიარულება. მეც ჩავერთვები ხოლმე სიმღერით და ასე ვცდილობთ, შევეგუოთ შექმნილ სიტუაციას, მაგრამ ასე დიდხანს თუ  გაგრძელდა, მერე ალბათ მოთმინება და ენერგია გვიმტყუნებს. სწორედ ამის მეშინია.

პანდემია რომ გადაივლის, მერე ამ ყველაფერზე ალბათ ბევრს ვიცინებთ. ახლა, როცა საშიშროების წინაშე ვდგავართ, ძნელია, მხიარულად იყო, მაგრამ  წუწუნის დრო არ არის. ოჯახის ერთი წევრიც რომ წუწუნებს, საქმე უკვე ვერ არის კარგად. საკუთარი თავი გყავს დასამშვიდებელი და სხვა თუ აწუწუნდა, ვეღარაფერს ჩაეჭიდები. ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ გვერდით მყოფ ოჯახის წევრს შენზე ნაკლებად არ უჭირს.

ძალიან მწყინს, რომ ამბობენ, ოჯახებში დრამებმა მოიმატაო. როგროც ჩანს, კაცები ცოლებზე იყრიან ჯავრს და ჰგონიათ, რომ ცოლებს კარგ მდგომარეობაში აქვთ ნერვები. არადა ქალებს უფრო მეტი ჯაფა ადგებათ ასეთ დროს, ვიდრე კაცებს და ცოტა დაფიქრება მართებთ.

ბევრ კაცს ცოლი მოსამსახურე ჰგონია. სტატისტიკა რომ წავიკითე, ლამის გული გამისკდა. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ჩემს საახლობლოში ასეთი პათოლოგები არ არიან. სულ ვკითხულობ, ვინ არიან, რა დედებმა გაზარდეს, ასეთ დროს რომ ასე იქცევიან.