უძველესი ისტორიული წყაროები გორის შესახებ

უძველესი ისტორიული წყაროები გორის შესახებ

გორი საქართველოს ქალაქებს შორის ერთ-ერთი უძველესია. შიდა ქართლის ადმინისტრაციული ცენტრი არსებობის მრავალსაუკუნოვან პერიოდში ინარჩუნებდა სტრატეგიულ მნიშვნელობას არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მნიშვნელოვანია, გვესმოდეს საქართველოს თითოეული ქალაქის ისტორია, სწორედ ამიტომ, დღეს მიმოვიხილავთ ქალაქის შესახებ არსებულ წყაროებს და თავიდან აღმოვაჩენთ გორს, როგორც ისტორიული მნიშვნელობის ქალაქს.

ისტორიკოსი ჯუანშერი

ჯუანშერი მე-11 საუკუნის ისტორიკოსი იყო. სწორედ ისაა პირველი, რომელიც მოიხსენიებს გორს და ქალაქში მიმდინარე მოვლენებს განიხილავს მე-7 საუკუნის კონტექსტში.

ჯუანშერის თანახმად, ქართლის ერსიმთავრის, სტეფანოზის შვილმა, არჩილმა, მემკვიდრეობით მიღებული განძი დღევანდელი გორის ტერიტორიაზე დამარხა. ისტორიკოსი ამ სამალავს ,,ტონთიოს” სახელით მოიხსენიებს, რაც ,,ოქროს მთას” ნიშნავს. ქალაქის სახელწოდებაც სწორედ აქ არსებული კლდოვანი გორაკისგან წარმოდგება, სადაც გორის ცნობილი ციხე-სიმაგრე არის გაშენებული (ძვ. წ. I ათასწლეულის ბოლო საუკუნეები). როგორც ცნობილია, უძველეს დროში სწორედ გორის ციხის გარშემო იყო გაშენებული ქალაქური ტიპის დასახლება.

ფსევდოშაპუჰ ბაგრატუნი

გორის შესახებ ერთ-ერთი უძველესი ისტორიული წყაროს ავტორია ფსევდოშაპუჰ ბაგრატუნი. თავის ნაშრომში ,,ისტორია” ავტორი მე-10 საუკუნის მოვლენებს აღწერს, კერძოდ იმ პერიოდს, როდესაც ერთმანეთს აფხაზთა მეფე თეოდოს III და სომხეთის მეფე სუმბათ II ებრძოდნენ (მე-10 საუკუნის 70-იანი წწ.). სწორედ ამ მოვლენების კონტექსტში მოიხსენიებს ისტორიკოსი ფსევდოშაპუჰ ბაგრატუნი ქალაქ გორს.

ისტორიული წყაროები გორის დაარსების შესახებ

გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ქალაქი გორის დაარსება დავით აღმაშენებელს უკავშირდება მე-12 საუკუნის დასაწყისში. როგორც ისტორიული წყაროებით დასტურდება, დავითმა გააძლიერა გორის მნიშვნელობა არა მხოლოდ ქართლისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვისაც. მეფეს მოსახლეობის გაზრდა დაუსახავს მიზნად, რისთვისაც მან ქალაქში ვაჭარ-ხელოსნები ჩამოასახლა. გორმა უფლის-ციხის ადგილი დაიკავა და მალე სამეფო ქალაქი გახდა. გორს სათავეში მეფის მოხელე, ქალაქის მოურავი ჩაუდგა.

ვინაიდან გორი ფეოდალური ქალაქი იყო, მას გაძლიერებული დაცვა სჭირდებოდა. ამიტომ, საკუთარი ციხის გარდა, ქალაქს ზღუდეც ჰქონდა შემოვლებული, რომელშიც ალაყაფის კარი იყო დატანებული. თავის მხრივ, ზღუდესაც გაუყვებოდა მთელ სიგრძეზე თხრილი (სიღრმე 4 მ, სიგანე 5 მ).

ჟან შარდენი

ჟან შარდენი ცნობილი ფრანგი მოგზაური იყო, რომელიც საქართველოს მე-17 საუკუნეში ეწვია. შარდენი გვაწვდის ცნობებს ქართლის მეფის, ვახტანგ VI-ის შესახებ და წერს, რომ იმ პერიოდში გორი შესამჩნევად გაიზარდა და საქართველოში ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო ქალაქი გახდა. მოგზაურის მიხედვით, ვახტანგ VI-მ ქალაქი რეზიდენციად მიუჩინა თავის ძმას, სიმონს, როდესაც თავად ირანში გაემგზავრა. შარდენი თავის ისტორიულ ნაშრომში ,,სერ ჟან შარდენის მოგზაურობა” აღწერს გორის ციხესაც და ამბობს, რომ იქ მისი მოგზაურობის პერიოდში დაახლოებით 100 სპარსი მეციხოვნე იდგა, ქალაქში კი უმეტესად ვაჭრები ცხოვრობდნენ.

არქეოლოგიური ცნობები გორის შესახებ

გორის შესახებ ისტორიული წყაროების გარდა არქეოლოგიური გათხრების შედეგებიც გვაწვდის საინტერესო ინფორმაციას. არქეოლოგიური მასალები მოწმობს, რომ დღევანდელი გორის ტერიტორიაზე ძველი და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნაზე არსებობდა ქალაქური ტიპის დასახლება. უძველესი არქეოლოგიური ძეგლი ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარია, რომელიც მტკვრის პირას, ადგილ ღამბარაულზე იყო გაშენებული.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია კერამიკა, რომელიც ძვ. წ III ათასწლეულის მტკვარ-არაქსის კულტურისთვის არის ტიპობრივი. 1946 წლის გორის ციხის ჩრდილოეთით ჩამოწოლილმა მეწყერმა ანტიკური ხანის კულტურული ფენა გააშიშვლა, რის შედეგადაც აქ არქეოლოგებმა ღირებულ მასალებს მიაკვლიეს. მათ შორის იყო ალიზის კედელი, თხელკეციანი ქვევრები, წითლად შეღებილი ბრტყელი და ღარისებრი კრამირი, შავპრიალა და წითლად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნატეხები. გორის ციხის ჩრდილოეთით აღმოჩენილი ფენები ძვ. წ. I ათასწლეულის მიწურულითა და ახ. წ. დასაწყისი საუკუნეებით თარიღდება.

შეჯამება

როგორც ვნახეთ, ქალაქი გორის ისტორია ერთ-ერთი უძველესია, რასაც ისტორიული და არქეოლოგიური წყაროების სიმრავლე მოწმობს.