გიგი გაჩეჩილაძე: ,,მე და ჩემმა ცოლმა დაბრკოლებები უკვე გადავლახეთ”

გიგი გაჩეჩილაძე: ,,მე და ჩემმა ცოლმა დაბრკოლებები უკვე გადავლახეთ",,სარკე”, ხათუნა მაღრაძე

საქართველოს სპორტული და სამეჯლისო ცეკვების ფედერაციის პრეზიდენტის, ქორეოგრაფ გიგი გაჩეჩილაძის საქმიანობაში ბევრი სიახლეა. მისი მშობლების, თენგიზ და ლარისა გაჩეჩილაძეების მიერ შექმნილ სტუდია ,,თელადან” ქორეოგრაფებს ამერიკაში, გიგის დის ქმართან, ცნობილ ქორეოგრაფ გოჩა ჩერტკოევთან, აგზავნიან, რომ იქ ბევრი რამ ისწავლონ და მერე მოსწავლეებს გადასცენ. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ 2024 წლის ოლიმპიადაზე საქართველოს ფედერაცია წარადგენს “ბრეიკ დანსს”, რომელიც ოლიმპიურ თამაშებს შორის მოხვდა.

დინამიკურად მიედინება გაჩეჩილაძეების ცნობილი ოჯახის ცხოვრებაც, უფროსი და უმცროსი თაობები ერთმანეთს ხშირად ეჯახებიან, კამათობენ, მერე რიგდებიან… მშობლებს და ბებია-ბაბუას აქტიურობით ტოლს არ უდებს სულ უმცროსი გაჩეჩილაძე – გიგის 3 წლის ბიჭუნა მაქსიმე. მნიშვნელოვანი სიახლეებია ამერიკაში მცხოვრებ ოჯახის წევრებთანაც – გოჩა და შორენა ჩერტკოევებთან. ამ ყველაფერზე გიგი ,,სარკეს” დეტალურად უამბობს.

– გიგი, ბოლო დროს პროექტებში აღარ ჩანხართ, არც სხვადასხვა ტელეშოუებში. რას საქმიანობთ, როგორ ცხოვრობთ ამჟამად?

– კი, ეკრანებიდან მოვწყდი და ალბათ იმიტომ, რომ, ერთი მხრივ, ცეკვისთვის ცოტა შემოვბერდი. გარდა ამისა, დიდად არ მიყვარდა და არ მომწონდა მუდმივად კამერების წინ ტრიალი. ჩემთვის უფრო სასიამოვნო უკანა პლანზე ყოფნაა იმ გაგებით, რომ შოუები გავაკეთო.

პროექტში “ცეკვავენ ვარსკვლავები” ბოლო ორი სეზონის გარდა, ყველა სეზონის ქორეოგრაფი ვიყავი. განათებიდან დაწყებული წყვილების მომზადების ჩათვლით, ყველაფერი ჩემი გაკეთებული იყო. ამჟამად მე და ჩემი სტუდიის მოცეკვავეები ამიკო ჩოხარაძის პროექტზე ვმუშაობთ (ამიკოს “რუსთავი 2”-ზე იუმორისტული გადაცემა “გვიანი შოუ” მიჰყავს. რედ.შენ.).

რაც შეეხება ძირითად საქმიანობას, სპორტული და სამეჯლისო ცეკვების ფედერაციის პრეზიდენტი ვარ. ვატარებთ საერთაშორისო ტურნირებს და საკმაოდ კარგი მიღწევებიც გვაქვს. “ბრეიკ დანსი” ოლიმპიურ თამაშებში მოხვდა. ასე რომ, ოლიმპიური სპორტიც გახდა. 2024 წლის ოლიმპიადაზე იქნება წარმოდგენილი, როგორც ოლიმპიური სპორტის სახეობა და მას ჩვენი ფედერაცია წარადგენს. ვფიქრობ, ეს დიდი წარმატებაა. სტუდიაში ვმუშაობ მოცეკვავეებთან და სწორედ ეს ყველაფერი არის ის, რისი კეთებაც მსიამოვნებს.

– პროექტში “ცეკვავენ ვარსკვლავები” მთელმა თქვენმა ოჯახმა დიდი შრომა ჩადო. შემდეგ მოხდა ისე, რომ…

– მოხდა ისე, რომ შევეშვით, რადგან რაღაცები ვერ დალაგდა ისე, როგორც წარმოგვედგინა. რასაკვირველია, იყო გულისტკენაც. ეს იყო პროექტი, რომელიც, როგორც იტყვიან, ბავშვობიდან ჩვენ წამოვზარდეთ. მე მონაწილეც ვიყავი, გოჩა ჩერტკოევი – მსაჯი. გარდა გოჩას მსაჯობისა, ჩვენი სტუდიის ყველა წარმომადგენელი ამ პროექტში იყო ჩართული.

შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, რომ თუ ტელევიზიაში გამოვჩნდები, ეს უკვე კარგია. ჩვენი პროფესია იმდენად გვიყვარს, რომ არ შეგვიძლია ხარისხი მეორე პლანზე გადავწიოთ და ვთქვათ, რომ მთავარი ტელევიზიაში გამოჩენაა. თუ ხარისხიანი პროდუქცია არ შეიქმნება, ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ.

რაც ბოლო დროს იმ პროექტში ხდებოდა, ჩვენთვის მიუღებელი იყო. ჩემთვის მთავარია არა პირადი პოპულარობა, არამედ ის, რასაც ბავშვობიდან ვაკეთებ და რასაც ჩემი მშობლები მთელი ცხოვრება ემსახურებიან.

– იმ პერიოდში, როცა ჟურნალისტები ყოველი ფეხის ნაბიჯზე დაგყვებოდნენ, ბევრი ჭორი ვრცელდებოდა თქვენზე, მუდმივად ყურადღების ცენტრში იყავით. ამას ალბათ სჭირდებოდა მორალური გამძლეობა.

– სიმართლე გითხრათ, მიხარია, რომ ეგ პერიოდი გადავლახე. ეს მართლა ძალიან რთული იყო. თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობდი. ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ის იყო, რომ არც ერთი ადამიანის ცხოვრებაში ყოველდღიურად ისეთი სიახლეები არ ხდება, რომ დასაწერად ღირდეს. როცა ყოველდღე ინტერვიუ გაქვს და ერთი და იმავეს საუბარი გიწევს, ძალიან დამღლელია. გარდა ამისა, საქართველოში ასეთი პოპულარობა დიდად არაფრისმომცემია. ამით ცხოვრებას ვერ ააწყობ ისე, როგორც, ვთქვათ, ამერიკაში.

– პატარა ბიჭის მამა ხართ. როგორ მიედინება თქვენი ახალგაზრდა ოჯახის ცხოვრება?

– კი, საბედნიეროდ ასეა, მყავს ძალიან ლამაზი და მაგარი მეუღლე და გვყავს 3 წლის მაქსიმე, რომელზეც ვგიჟდები. ჩემი საუკეთესო ძმაკაცია. ყოველდღე უკან დამდევს – შენ მაჭამე, შენ დამაძინე, შენ წამიყვანე, გეხვეწებიო. რამდენადაც შემიძლია, ვცდილობ, აქტიური მამა ვიყო. რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლე დედობრივ მზრუნველობას არ აკლებს, მაგრამ მეც მაქსიმალურად ჩართული ვარ აღზრდის პროცესში.

ბავშვმა მამის და დედის სიყვარული თანაბრად უნდა იგრძნოს. როგორც დედას შეუძლია, გაალამაზოს ბავშვის ცხოვრება, ვთვლი, რომ მამასაც აქვს ამის ვალდებულება და არ მინდა, რამე მოვაკლო.

– თქვენსა და თქვენს ცოლს შორის არცთუ მცირე ასაკობრივი სხვაობაა. თანაცხოვრების დროს ამან პრობლემები ხომ არ წარმოშვა?

– ჩემზე ბევრად პატარაა, თითქმის 9 წლითაა უმცროსი. ჩემს მშობლებს შორისაც ზუსტად ამდენივე წელია ასაკობრივი სხვაობა. თავიდან თითქოს პრობლემები არ ყოფილა, მერე პატარ-პატარა დაძაბულობამ იჩინა თავი, მეტწილად სურვილებისა და ინტერესებიდან გამომდინარე.

ერთ უბრალო მაგალითს გეტყვით. კლუბში სიარული ჩემთვის უკვე ძალიან დამღლელია, აღარ შემიძლია, მას კი ამის სურვილი ჰქონდა. კი, ხშირად მივყვებოდი, მაგრამ გულით რომ არ აკეთებ რაღაცას, ადამიანი თვითონაც ხვდება. დგახარ შენთვის და არ გსიამოვნებს იქ ყოფნა. იყო ასეთი წვრილმანები, მაგრამ, პატარ-პატარა უსიამოვნებები რომ გროვდება ერთად, შემდეგ პრობლემა ჩნდება.

ორივემ მაქსიმალურად ვეცადეთ, ეს დაბრკოლება გადაგველახა და ახლა თავს მშვენივრად ვგრძნობთ. ერთმანეთს ბევრ დროს ვუთმობთ და ბევრს ვმოგზაურობთ. ახლახან შვეიცარიაში ვიყავით დასასვენებლად, გვინდა, აპრილის დასაწყისში კვიპროსს ვესტუმროთ.

– მოგზაურობის დროს მაქსიმე თან დაგყავთ?

– მინდა, წავიყვანო, მაგრამ იმასაც ვხვდები, რომ მასთან ერთად დასვენება არ გამოგვივა. მაქსიმე 2 წლიდან საბავშვო ბაღში დაგვყავს. ჩემი აზრით, ბაღი საჭიროა იმისთვის, ადამიანებთან ურთიერთობა ისწავლოს, მეგობრები გაიჩინოს, თუნდაც იჩხუბოს. ძალიან აქტიურია. სტუდიაში რომ მომყავს, მეგობრები მეხმარებიან. ყველას ერთად დაგვღლის, ძალას გამოგვაცლის, თვითონ კი ისევ დარბის და არ ჩერდება.

– ოჯახში მატებას ხომ არ ელოდებით?

– არა. მეც ვთვლი და მეუღლეც მეთანხმება, რომ ბავშვს უნდა შევუქმნა ყველაფერი, რაც სჭირდება. მაქსიმეს სკოლაში რომ გავუშვებთ და შევხედავ, ფინანსურად მყარად ვდგავარ, მეორე შვილზე ალბათ მაშინ ვიფიქრებთ. ჩემს ბავშვობაში, 90-იან წლებში, ხშირად არ მქონდა ფუფუნება, რაც მინდა, რომ ჩემს შვილს ჰქონდეს.

– რას გულისხმობთ ბავშვის ფუფუნებით გაზრდაში?

– მინდა, ყველაფერი საუკეთესო ჰქონდეს. ნებისმიერ დროს, სადაც უნდა შევიდეს და რაც უნდა მოითხოვოს, თუ ეკუთვნის, უნდა მიიღოს. “თუ ეკუთვნის” – ეს სიტყვები მაქსიმესთვის ნიშნავს იმას, რომ კარგად უნდა მოიქცეს. სიგარეტის ნამწვი თუ დაინახა ქუჩაში, ამბობს, ეს ცუდმა ბიძიამ დააგდო და ეს კარგი არ არისო. თავისი სათამაშოებიც უნდა მიალაგოს, შეიძლება მხოლოდ დახმარება გვთხოვოს. წამალი თუ დამჭირდა, ცდილობს, თავისი ხელით დამალევინოს. მიხარია, რომ ასეთი ლამაზი ოჯახი შედგა.

– თქვენი ცნობილი სიძის, გოჩა ჩერტკოევის და დის, შორენას, ამბავიც გვაინტერესებს. ხშირად ჩამოდიან საქართველოში?

– მას შემდეგ, რაც პროექტი “ცეკვავენ ვარსკვლავები” დამთავრდა, საქართველოში არ ყოფილან. ამ პერიოდის განმავლობაში მეც მხოლოდ ერთხელ ვიყავი ამერიკაში. ჩვენი ფედერაციის წევრები მათთან ტრენინგებზე არიან და მათ სტუდიაში მუშაობენ. როცა ისინი დაბრუნდებიან, სხვა ჯგუფს გავუშვებთ. გოჩასგან ბევრ რამეს სწავლობენ და მერე აქ ჩვენს დამწყებ მოცეკვავეებს უზიარებენ. გარდა ამისა, გოჩამ ერთი დიდი მთა იყიდა კოსტა რიკაზე, რომელსაც წინ ულამაზესი სანაპირო აქვს.

– ალბათ ამ სანაპიროსთან დაკავშირებით ბიზნესგეგმები აქვს.

– როგორც ვხვდები, როცა პენსიაზე გავა, იქ უნდა გადავიდეს საცხოვრებლად. გარშემო პატარა სასტუმროებსა და კოტეჯებს ააშენებს. ძალიან ლამაზი ადგილია. არსებობენ გარკვეული ჯიშის ფრინველები, რომლებიც მარტო ამ სანაპიროზე ბინადრობენ. იქვე ახლოს არის პატარა ყურე, რომელსაც ვეშაპის კუდს ეძახიან. სწორედ ამ ადგილზე მრავლდებიან ვეშაპები. მოკლედ, დამსვენებლებისთვისაც საინტერესო ადგილია და მკვლევრებისთვისაც.

– მშენებლობა უკვე დაწყებულია?

– მაგას ვერ გეტყვით, რადგან ორი თვე მაინც იქნება, რაც შორენასთან და გოჩასთან კონტაქტი არ მქონია. ისინიც გადარბენებზე არიან და მეც. თავიანთი სტუდია აქვთ, მსაჯები არიან. ახლა ტურნირის ჩასატარებლად ემზადებიან. ცალკე კოსტა რიკის საქმე წამოიწყეს და ამ ყველაფერს დრო და ძალისხმევა სჭირდება.

– აუცილებლად უნდა აღინიშნოს, თქვენ რომ არ მიდიხართ უცხოეთში სამუშაოდ, ეს დასაფასებელია, რადგან თქვენს ადგილას ბევრი სწორედ ასე მოიქცეოდა, მით უმეტეს, რომ სხვა ქვეყანაში ცხოვრების გამოცდილება უკვე გაქვთ.

– რამდენიმე წელი გავატარე ამერიკაში, მაგრამ საცხოვრებლად არსად მინდა წასვლა. თუ ოდესმე ისე მოხდა, რომ 90-იან წლებში დავბრუნდით, შეიძლება წავიდე, მაგრამ, ვიმეორებ, ამის სურვილი არ მაქვს. მომწონს ქართული ტრადიციები, თბილისური ცხოვრების წესი. შეიძლება საზღვარგარეთ წავიდე, ყოველდღე ერთი და იგივე სამუშაო ვაკეთო და ანაზღაურებაც სოლიდური მქონდეს, მაგრამ ცხოვრება რასაც ჰქვია, გვერდით ჩამივლის.

აქ ვგრძნობ, რომ ხალხი ცხოვრობს, შეიძლება დალხენილები არ არიან, მაგრამ ცხოვრობენ. იქ კი, ჩემი გადმოსახედიდან, უბრალოდ არსებობენ. ეს არის ჩემი ქვეყანა, ჩემი ქალაქი, ოჯახი და აქ მაქვს საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს.

– მშობლებმა უკვე მთლიანად გადმოგაბარეს სტუდია თუ ისევ აქტიურად მუშაობენ?

– ცოცხალი თავით არ უნდათ პენსიაზე გასვლა, ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. ეს გასაგებიცაა, როცა საქმეში ამხელა შრომა გაქვს ჩადებული. 50 წელი ანუ ნახევარი საუკუნეა, რაც სტუდია არსებობს და იმის იქით კიდევ რამდენი წელი ცეკვავდნენ. დედაჩემი ყოველთვის სტუდიაშია, ბავშვების დასწრებას ამოწმებს, მამაჩემიც ხშირად მოდის, სამუშაო პროცესს აკვირდება და გარკვეული სიახლეები შემოაქვს. მამა მალე 80 წელს მიუკაკუნებს. დამიბერდნენ მშობლები.

– თქვენი მშობლების თაობას სიახლეებთან შეგუება უჭირს. არ კამათობთ ხოლმე დედ-მამასთან?

– ძალიან ხშირად ვკამათობთ, განსაკუთრებით – მე და მამა. მესმის, რომ მას დიდი გამოცდილება აქვს, მაგრამ მუდმივი განახლებაა საჭირო. რაც წლების წინ მუშაობდა, დღეს უკვე მოძველებულია. ერთადერთი, რაზეც მთელი ოჯახი ვთანხმდებით, არის ის, რომ ვიყოთ ხარისხზე ორიენტირებულები. დანარჩენ ყველაფერზე კონფლიქტი გვაქვს. ჩვენ ორნი რომ ვსხდებით, ცოტა ხანში დედაჩემი შემოდის გასაშველებლად. ორივე განერვიულებულები ვრჩებით, მომდევნო ერთი თვე კი შერიგების პროცესი გვაქვს – ესეც ხუმრობით.

სიმართლე გითხრათ, ბოლო დროს უფრო კარგად მესმის მამაჩემის. როცა ჩემი მოსწავლეები გაიზარდნენ და თვითონვე ცდილობენ, ახლებური ხედვა შემოიტანონ სტუდიაში, ეს თითქოს მეც მაღიზიანებს. ალბათ ეს ბუნებრივი პროცესია.