,,დაურეკა შეყვარებულმა, რომელსაც 20 წლის წინ დაშორებია და მალე შეუღლდნენ” – ეთერ ბულუხაძის სასწაულებით სავსე ცხოვრება

,,დაურეკა შეყვარებულმა, რომელსაც 20 წლის წინ დაშორებია და მალე შეუღლდნენ" - ეთერ ბულუხაძის სასწაულებით სავსე ცხოვრება,,სარკე”, რუსუდან ადვაძე

ხატმწერმა ეთერ ბულუხაძემ ხატების წერა სრულიად მოულოდნელად, 55 წლის ასაკში დაიწყო. ათეისტურ ოჯახში დიდი წინააღმდეგობაც შეხვდა – ქმარი უკრძალავდა ამ საქმეს, სანამ სასწაულის მოწმე თავად არ გახდა.

ქალბატონი ეთერი ახლა 73 წლის არის. 5 შვილის დედა გახლავთ. მეორე შვილი, დავით ჩოხელი, 10 წლის ასაკში გარდაეცვალა. მის სახლში ხატები პირველად დავითის ავადმყოფობის დროს მიაბრძანეს, რადგან ამას თავად ბავშვი ითხოვდა. ბიჭუნას გარდაცვალების დღეს კი ღმერთზე გაბრაზებულმა მშობლებმა ხატები გაანადგურეს.

ეთერ ბულუხაძე გვიან მიხვდა, რომ დიდი ცოდვა ჩაიდინა, მაგრამ ღმერთმა მასზე წყალობა მოიღო და ხატწერის საოცარი ნიჭით დააჯილდოვა.

დღეისათვის ეთერ ბულუხაძის მიერ შესრულებული ხატები თბილისში, კახეთსა და იმერეთში მდებარე ექვსი ეკლესიის კანკელებს ამშვენებს. მთლიანად საქართველოში კი ფაქტობრივად ტაძარი არ არსებობს, სადაც მისი შექმნილი ხატი არ არის დაბრძანებული, რომელთაგან უმრავლესობას მირონი სდის.

ეთერ ბულუხაძე: 5 შვილის დედა ვარ. ერთი იქით განზომილებაში მყავს და ოთხი – აქეთ. ჩემი დათო 10 წლის იყო, რომ გარდაიცვალა. ნეფრიტი დაემართა, თირკმლების დაავადება. 2 წელი ვუმკურნალეთ, მაგრამ ვერაფერს გავხდით. ახლა 47 წლის უნდა იყოს… 3 გოგო დამრჩა და მერე ბიჭი ისევ დაიბადა, თითქოს მან გააგრძელა დათოს სიცოცხლე. დათო იანვარში გარდაიცვალა და დაჩი იმავე წლის სექტემბერში დაიბადა. ის დიდი უბედურება მან გადაგვატანინა.

დათომ სიკვდილის წინ სახლში ბევრი ხატი მოგვატანინა. ითხოვდა, ილოცეთო. არადა, მგონი, მაშინ ეკლესიაში ნამყოფიც არ იყო. მეუბნებოდა, დედა, ამ ხატების წინ დაიჩოქე და ილოცეო. მე კი დაჩოქების მერიდებოდა და პირჯვრის გადაწერისაც მრცხვენოდა. როცა დაიძინებდა, მაშინ ვიჩოქებდი და პირჯვარს ვიწერდი. სასწაული ბავშვი იყო. ჩვენი სახლიდან სასაფლაო ჩანს. დურბინდი ჰქონდა და სულ იმ სასაფლაოსკენ იყურებოდა. გრძნობდა, რომ იმქვეყნად უნდა წასულიყო.

2 წელი მოსკოვის საავადმყოფოში გვეწვინა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ორივე თირკმელი დაჩირქებული ჰქონდა და მაშინ გადანერგვა არც არსებობდა. გარშემო ყველა ტიროდა, მაგრამ მე ვერც წარმომედგინა, რომ შვილი მომიკვდებოდა.

საავადმყოფოშიც მეუბნებოდა, დედა, ილოცეო. ვფიქრობდი, ამდენმა პროფესორმა ვერაფერი გააკეთა და ჩემი ლოცვა რას უშველის-მეთქი. როცა დათო გარდაიცვალა, ჩემმა მეუღლემ ხატები ჩამოხსნა და სასტუმრო ოთახში შემოყარა, ყვიროდა, ვერ გადაგარჩინესო. მეც ვიდექი და ვხევდი, ვგლეჯდი ამ ხატებს.

ღმერთს აუჯანყდით?

– დიახ. მე რატომ უნდა დამმართნოდა ეს, ღმერთო, ჩამოინგერი-მეთქი, გავიძახოდი. ღმერთმა ამის გამო კი არ დამსაჯა, პირიქით, დამასაჩუქრა და ხატწერის ნიჭი მომცა. ალბათ ამაში ჩემი შვილის სულიც დამეხმარა.

დათო ცოცხალი იყო, რომ გავიგე, ისევ ორსულად ვიყავი. ჩემს დას აბორტზე ჩუმად ველაპარაკებოდი და თურმე მისმენდა. წამოდგა, დედა, არაფრით გაბედო, რომ ეგ ბავშვი მოკლა, ძმა მეყოლება და დაჩი დაარქვიო. საიდან იცოდა ეს, არც ვიცი.

– აღარ გაიკეთეთ აბორტი?

– სამჯერ წავედი, რომ ეს ბავშვი მომეცილებინა, მაგრამ ექიმმა არ გამიკეთა. ქმარი მეუბნებოდა, ოჯახს დავანგრევ, აბორტი რომ გაიკეთოო, მაგრამ ექიმთან სამჯერ მაინც გავიპარე. არც მახსოვს, რატომ მეუბნებოდნენ უარს. მუცლის მოსაშლელ რაღაც წამლებსაც ვსვამდი, მაგრამ ისეთი ვაჟკაცი დაიბადა… 9 თვე სახლიდან არ გავდიოდი, ისე მრცხვენოდა. თუ ღმერთს უნდა, წინ ვერაფერი დაუდგება.

– როგორ დაიწყეთ ხატწერა?

– თბილისში, სანზონაში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიასთან ვცხოვრობთ. როცა ეს ადგილი ეკლესიისთვის აკურთხეს და ჯვარი დადგეს, იქ რომ ჩავივლიდი, სულ ვფიქრობდი, ნეტავ, იმის უნარი მომცა, ამ ტაძრისთვის ერთი პატარა ხატი დავწერო და შევწირო-მეთქი.

– ხატავდით?

– არა, ჩემი შვილები უფრო კარგად ხატავდნენ. ერთმა გოგონამ სამხატვრო აკადემია დაამთავრა და გერმანიაშიც ისწავლა. ახლა დიზაინერია. ბიჭიც არქიტექტორია. მეორე გოგო ისრაელში ცხოვრობს და ოთხი ვაჟი ჰყავს. საინჟინროზე სწავლობს და ხატვასთან შეხება მასაც ჰქონდა. ხატვა მიყვარდა და ბავშვებსაც თითქოს ვასწავლიდი, მაგრამ ფუნჯი არასოდეს ამიღია ხელში.

ხატების წერა სრულიად მოულოდნელად დავიწყე. ჩემი გოგონა შვეიცარიაში წავიდა სასწავლებლად და მის ამბავს ისე განვიცდიდი, ეკლესიაში პირველად მაშინ მივედი და ლოცვა დავიწყე.

ჩემი მეუღლე შორს იყო სარწმუნოებისგან და სულ რაღაცას ვიმიზეზებდი, რომ არ გაეგო, ტაძარში მივდიოდი. ძალიან კარგი მოძღვარი მყავდა – მამა იოანე, რომელიც მაშინ თბილისში, ლურჯ მონასტერში მოღვაწეობდა. ბევრი აბორტი მქონდა გაკეთებული და ამას ძალიან განვიცდიდი.

მოძღვარმა მითხრა, ამ ცოდვის გამოსასყიდად სახარება გადაწერეო. ავდექი და ერთის მაგივრად, ოთხი სახარება გადავწერე. ბოლო სახარებას რომ ვწერდი, ჩემი დის შვილიშვილი დამიჯდა წინ და ფანქრით დავხატე. ყველა გადაირია, რამხელა ნიჭი გქონიაო. მაშინ ვთქვი, ახლა ხატებს დავწერ-მეთქი. მაშინ 55 წლის ვიყავი და შვილებმა მითხრეს, რაღა დროს შენი ხატვააო.

ფანქრით დავიწყე ხატვა. საქმეს მოვრჩებოდი თუ არა, დათოს ოთახში შევრბოდი და ხატების წერას ვიწყებდი. კანონიკა თვითონ შევისწავლე და არც ერთ ხატში, რომელიც შევასრულე, კანონიკა არასოდეს დამირღვევია. 6 ეკლესიის კანკელების ხატებია ჩემ მიერ შესრულებული. ჩემ მიერ დაწერილი ხატები, თითქმის ყველა, ეკლესიაშია დაბრძანებული. მათ საზღვარგარეთაც მიაბრძანებენ ხოლმე.

თავიდან, მოძღვარს რომ ვაჩვენე ფანქრით შესრულებული ხატი, გაუკვირდა და მითხრა, აუცილებლად უნდა გააგრძელოო. ჩემი მეზობელია მამა ბესარიონ ბულაშვილი, რომელმაც მითხრა, ეთერი დეიდა, კანკელის ხატებიც შენ უნდა დაწეროო და დაფები მომიბრძანეს. კურთხევა რომ მომცა და მითხრა, შენ ამას შეძლებო, სამ დღეში ესკიზები გავაკეთე, მაგრამ სახლში ისეთი წინააღმდეგობა მქონდა, რომ ეს საქმე შევწყვიტე.

მერე ისე მოხდა, რომ დავვარდი და მარჯვენა ხელის მტევანი თითქმის სულ დამემსხვრა. უფალს ვეხვეწებოდი, ოღონდ ახლა ეს ამბავი გადამატანინე და ხატწერას აუცილებლად გავაგრძელებ-მეთქი. ხელი მალევე შემიხორცდა და ხატწერა გავაგრძელე. თავიდან ძალიან ვიწვალე. წმინდა ნიკოლოზის ხატს 5 თვე ვწერდი. წავშლიდი და თავიდან ვიწყებდი. ლამის შევეშვი, მაგრამ თვალები პირველ 15 წუთში შევქმენი და ისეთი მეტყველი გამოვიდა, თითქოს მეუბნებოდნენ, ხატვა გააგრძელე, არ შეეშვაო.

ჩემი მეუღლე ისეთი წინააღმდეგი იყო, ჯვრის გაკეთების უფლებასაც არ მაძლევდა და მეჩხუბებოდა, როცა ვხატავდი. ერთ დღეს კი ნამდვილი სასწაული მოხდა – წმინდა ნიკოლოზის ხატს ვწერდი ფიცარზე და შემომივარდა ოთახში, თავი დაანებეო. უცებ უკან-უკან დაიხია და გაიძახოდა, არა, არაო. გავიდა და დაწვა. ერთი თვე ისე გავიდა, ხმა არ ამოუღია. მერე მითხრა, იცი, რომ იმ დღეს წმინდა ნიკოლოზმა მცემაო.

იმ დღის შემდეგ ქმარს ჩემთვის არასოდეს უთქვამს, რატომ ხატავო. პირიქით, სულ მამარაგებდა ფიცრებითა და საღებავებით. უხაროდა, ეკლესიებში რომ მივაბრძანებდით ჩემს ხატებს. მოდიოდა ტაძარში, ნახულობდა, სანთელსაც ანთებდა, მაგრამ ისე წავიდა ამქვეყნიდან, რომ მოძღვარი არ ჰყოლია და არც აღსარება უთქვამს, რის გამოც ძალიან ვწუხვარ.

ცოცხალი არსებასავით იყო წმინდა ნიკოლოზის ის ხატი. ახლა ოჯახებში დაბრძანდება, მირონიც სდიოდა. როცა ჩვენი სახლიდან წააბრძანეს, ჩემმა ქმარმა ტირილი დაიწყო. ყველა ვტიროდით, თითქოს მთელი სახლი დაცარიელდა. იმ დღეს ჩემ მიერ დაწერილმა ქრისტეს ხატმა დაიწყო მირონდენა.

ამ ხნის განმავლობაში ბევრი სასწაული მოხდა. როდესაც ეკლესიიდან კანკელისთვის დაფები მოაბრძანეს ხატების დასაწერად, ჩემს სახლში არსებულმა ხატებმა მირონდენა დაიწყეს.

ივერიის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ჩვენი სახლის წინ მდებარე ეკლესიის კანკელზეა მოთავსებული, თითებით დავწერე. განუწყვეტლივ სდის მირონი და საოცარი ის არის, რომ არც ერთი წვეთი იღვრება. ხან საიდან იწყება მირონდენა, ხან საიდან და დაფაზევე ჩერდება. რამდენჯერმე დააფინეს ბამბა ძირს, მირონი ჩამოვაო, მაგრამ არ ჩამოსულა, ზედვე რჩება. სანამ ეს ეკლესია აშენდებოდა, კანკელის ხატები 4 წელი ჩემთან იყვნენ. რომ წააბრძანეს, 6 თვის შემდეგ დაიწყო მირონდენა და აღარ შეჩერებულა.

ივერიის ღვთისმშობელს ჩემს სახლში ხელი უსველდებოდა. ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. მის სანახავად მოდიოდნენ, ეამბორებოდნენ და ხან მეგონა, რომ მნახველებმა დაასველეს, ხან – ალბათ შემთხვევით თავად წავუსვი ზეთი-მეთქი. მერე იმ ხელის ადგილი გავასუფთავე და თავიდან გადავუსვი საღებავი. ეკლესიაში კი ხარებადღეს დაეწყო მირონდენა. უცებ წამოსულა მირონი და მივარდნილან მოძღვრები. ინტერნეტიდან იღებენ ჩემს ხატებს, ბეჭდავენ და მათგან უამრავ ხატს სდის მირონი. მოძღვარი მეუბნება, რომ ეს ხატი ბევრ სასწაულს ახდენს და ამას ბევრი მორწმუნე აღიარებს.

– რა იცით, რომ მირონია? ურწმუნონი ხშირად ამბობენ, რომ ეს საღებავის რეაქციაა და რწმენასთან კავშირი არ აქვს.

– რა გითხრათ, ეს ისეთი საღებავია, ასეთი რეაქცია წარმოუდგენელია. თან სურნელოვანია. იცით, როცა კანკელის ხატებს ვწერდი, ოთახში ვარდის საოცარი სურნელი ტრიალებდა. არადა არც საღებავი იყო სურნელოვანი, არც სხვა რამ. პანტანასას ღვთისმშობლის ხატები მაქვს დაწერილი, რომელიც კიბოთი დაავადებულთა შემწედ ითვლება. ერთი – გლდანში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარშია დაბრძანებული, მასთან სულ დაუჯდომელ საგალობლებს კითხულობენ და სასწაულებს ახდენსო.

არ ვეძიები ამ სასწაულებს. ჩემ მიერ დაწერილ წმინდა ნიკოლოზის ხატზე, ოჯახებში რომ დაბრძანდება, ასევე ამბობენ, ყველგან ბედნიერება მიაქვსო. ხშირად მაწერინებენ ღვთისმშობლის ხატს “უჭკნობი ყვავილი”.

49 წლის ქალმა შემიკვეთა ამ ხატის დაწერა. მითხრა, მინდა, ოჯახი შევქმნა და ვიცი, ეს ხატი დამეხმარებაო. ვუთხარი, 30 დღე წაუკითხე დაუჯდომელი-მეთქი. არც ვიცი, ეს სიტყვები რამ მათქმევინა. დაუჯერებელი ამბავია, მაგრამ ფსალმუნის კითხვის 30-ე დღეს დაურეკა შეყვარებულმა, რომელსაც 20 წლის წინ დაშორებია და მალე შეუღლდნენ კიდეც. ცოტა ხნის მერე, როგორც გავიგე, ტყუპებიც შეეძინათ.

ვინმეს სახელზე როცა ვწერ ხატს, იმ წმინდანს იმ ადამიანის სურვილების ასრულებას ვევედრები, დაუჯდომელ ლოცვას გაუჩერებლად ვუკითხავ და ისე ვხატავ. ღმერთი კი ისმენს აუცილებლად.

ჩემმა ორმა შვილიშვილმა დაინახა, როგორ შევიდა ანგელოზი ხატში. ორივემ ერთი და იგივე მოყვა სხვადასხვა დროს. ბავშვები ყვებოდნენ, რომ ვერცხლისფერი ანგელოზი დაინახეს, რომელიც შევიდა ხატის ჩარჩოში. ერთმა მამა დავითის ეკლესიაში დაინახა სხვა ხატზე, მეორემ კი ჩვენი სახლის წინ მდებარე ეკლესიაში ჩემ მიერ შესრულებულ ხატზე.

– ბოლოს ხატი დაგიწერიათ აბორტგაკეთებული დედებისათვის. სოციალურ ქსელში წერდით, ეს ხატი შექმნილია იმისთვის, რომ მის წინაშე მოვინანიოთ ეს ენით გამოუთქმელი ცოდვა და მივეხმაროთ ჩვენი არდაბადებული შვილების უმწეო სულებსო. თქვენი დაჩი კი გადარჩენია აბორტს, მაგრამ თავადაც გადევთ ეს ცოდვა?

– 22 აბორტი მაქვს გაკეთებული. ძალიან გამიჭირდა ამ ხატის დაწერა. 3 თვის განმავლობაში დასაწერ დაფას ვერ ვეკარებოდი, იმდენი განსაცდელი დამატყდა თავს. ბოროტს არ უნდოდა, მისი ხელიდან გამომეგლიჯა ის ცოდვილი სულები, რომლებიც ამ ხატის მეშვეობით, მასთან ლოცვა-ვედრებით შეძლებენ მძიმე ცოდვის მონანიებას.

ამ ხატის დაფა ძალიან მორწმუნე ქალმა მომიბრძანა. მან მითხრა, ეს ხატი ძალიან გვჭირდება და გთხოვთ, დაგვიწეროთო. რომ უნდა დამეწყო წერა, ავად გავხდი. მთელი 3 თვე საშინლად ვიყავი. ნაღვლის ოპერაციაც გამიკეთეს და ლამის საოპერაციო მაგიდაზე დავრჩი. ხან ხელი გამიჩერდა, ხან ფეხი…

ბოლოს ვთქვი, როგორ უნდა მომერიოს ბოროტი ძალა, ფორთხვით მივალ დაფასთან და ამ ხატის დაწერას დავიწყებ-მეთქი. დავიწყე დაწერა და იმ დღის შემდეგ კარგად გავხდი. 2 კვირა ვწერდი და ყოველდღე ვკითხულობდი მის დაუჯდომელს. ამას წინათ კი შევქმენი ხატი, სადაც ღვთისმშობელი 22 ბავშვს დასტირის. ეს ჩემი ამბავია.

ახლაც ცრემლები მდის, რომ მახსენდება, მაგრამ მაშინ სინანულს არ ვგრძნობდი. პირიქით, ბედნიერი ვიყავი, აბორტს რომ გავიკეთებდი და გავთავისუფლდებოდი ბავშვის დაბადებისგან. ამდენი შვილი მყავდა, მარტო ვუვლიდი და არც ფინანსური საშუალება მქონდა ამდენი, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ, ღმერთი როცა გაძლევს, უნდა გააჩინო.

ახლა მეცოდებიან ის ადამიანები, რომლებსაც არ სწამთ და ქრისტეს სისხლს და ხორცს არ ეზიარებიან. ყოველდღე ვეზიარები და არ მეშინია საერთო კოვზით ზიარებისა. ჩვენმა ხალხმა ათასი ეპიდემია გადაიტანა და ასეთი მოთხოვნა არასოდეს ყოფილა, რომ ერთჯერადი კოვზებით მოხდეს ზიარება. ერთი კოვზით ზიარება ხომ ეკლესიის ერთიანობას ნიშნავს, ქრისტეს სისხლს და ხორცს კი სულისა და ხორცის საკურნებლად ვიღებთ და არა – დასასნებოვნებლად.