სალომე ბოკუჩავა: ,,ჩუსტებით და მიკროფონით ხელში გავვარდით ქუჩაში, რომ გადაგვეღო”

სალომე ბოკუჩავა: ,,ჩუსტებით და მიკროფონით ხელში გავვარდით ქუჩაში, რომ გადაგვეღო"ჟურნალი ,,სარკე”, ავთო ჩიტიძე

24 იანვარს თურქეთში, საქართველოს საზღვრიდან 500 კილომეტრში, დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. ელაზიღის პროვინციაში 6,7 მაგნიტუდის მიწისძვრამ 40 ადამიანზე მეტი შეიწირა, რამდენიმე ქალაქი კი მიწასთან გაასწორა.

სტიქიის ეპიცენტრში საქართველოდან პირველები წავიდნენ ,,კურიერის” რეპორტიორები, ჟურნალისტი სალომე ბოკუჩავა და ოპერატორი ტატო კახიძე. ისინი 5 დღის განმავლობაში მიწისძვრების ფონზე მუშაობდნენ სტიქიის ზონაში და საერთოდ დავიწყებული ჰქონდათ შიში.

სალომეს და ტატოს ტანდემი თბილისში, ნოემბერში, პარლამენტის წინ გამართული აქციის დაშლის დროს გამოიწრთო. ორივეს უყვარს ექსტრემალური სიტუაციების ეპიცენტრში ყოფნა. მართალია, ოჯახის წევრებს ხშირად ანერვიულებენ, მაგრამ პროფესიული ადრენალინი ყველაფერს ურჩევნიათ.

– როცა გადაწყდა მიწისძვრის ეპიცენტში გამგზავრება, შიშმა არ იჩინა თავი?

სალომე: შიშზე არასოდეს ვფიქრობ, როდესაც ცხელ წერტილში თუ სტიქიის ზონაში მივდივარ სამუშაოდ. ასე მოხდა თურქეთის მიწისძვრის დროსაც. შიში მაშინ მოდის ჩემთან, როცა ყველაფერი სრულდება, სიუჟეტებიც გასულია და სახლში ვარ. მაშინ ფიქრობ, რომ შეიძლებოდა ამა თუ იმ მომენტში, მე და ოპერატორს რამე მოგვსვლოდა.

– ერთ-ერთი პირველები ჩახვედით სტიქიის ზონაში?

სალომე: საქართველოდან პირველი გადამღები ჯგუფი ვიყავით სტიქიის ზონაში. იმის გამო, რომ სწრაფად ჩავსულიყავით, ზესტაფონიდან არც გავჩერებულვართ. წყალსაც კი ვიზოგავდით მანქანაში, რომ გაჩერებისთვის დრო არ დაგვეკარგა და 950 კილომეტრი სწრაფად გაგვევლო. სტიქიის ზონაში მსოფლიოს წამყვანი ტელეკომპანიები მუშაობდნენ. ვამაყობდით, როდესაც ჩვენ და ,,სიენენი” ჩართვაზე გვერდიგვერდ ვიდექით.

– ალბათ ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში მნიშვნელოვანია, ვინ გყავს გვერდით. ჟურნალისტი და ოპერატორი როგორ აძლიერებთ ერთმანეთს?

ტატო: როცა ერთმანეთის ძალას ვგრძნობთ და ვიცით, რომ მიზანია, რაც შეიძლება ოპერატიულად ვაჩვენოთ რეალური სურათი, ხანდახან შეუძლებელსაც კი ვაკეთებთ.

სალომე: როცა ჟურნალისტები ვსაუბრობთ ექსტრემალურ სიტუაციაში მუშაობის სირთულეებზე, ვთანხმდებით, ჟურნალისტსაც და ოპერატორსაც გვერდით ძლიერი ადამიანი სჭირდება, რომ ერთმანეთზე არ გვქონდეს სანერვიულო.

ჟურნალისტისთვის ნომერი პირველი იმედი ოპერატორია და ტატოც ასეთია. მასთან ერთად ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი იმედიანად ვარ. თვალებში შეხედვით ვხდებით, ამა თუ იმ სიტუაციაში რა გვჭირდება. ჩვენ ერთად ვიმუშავეთ 18 ნოემბერს პარლამენტთან აქციის დაშლის პერიოდშიც.

– ტატო, თქვენზე უკეთესად ალბათ არავინ იცის სალომეს ძლიერი და სუსტი მხარეები. შეგიძლიათ ამის შესახებ გვითხრათ?

სალომე ბოკუჩავა: ,,ჩუსტებით და მიკროფონით ხელში გავვარდით ქუჩაში, რომ გადაგვეღო"ტატო: არაფრის ეშინია. სუსტი მხარეები მას უბრალოდ არ აქვს.

სალომე: როცა ტატოსთან ერთად ვმუშაობ, ვთამამდები. თვითონაც რისკიანია და გაძლევს საშუალებას, შენც მაქსიმუმი გააკეთო. ახლაც, როცა თურქეთში მიწისძვრის ეპიცენტრში ვიყავით, ტატომ მითხრა, მოდი, აკრძალვის ყვითელი ჯებირები გადავლახოთ და დანგრეულ სახლებში იმდენ ხანს ვიმუშავოთ, სანამ არ შეგვამჩნევენო. ასე გამოგვივიდა აკრძალული ზონიდან რამდენიმე კადრი, შემდეგ კი პოლიციამ კვლავ დაგვატოვებინა ის ზონა, რომელიც ადამიანებისთვის საშიში იყო.

იმდენად საშიშ შენობაში ვიყავით, რომ შუშების მტვრევის ხმა ისმოდა. იქიდან როგორც კი გამოვედით, ნახევრად დანგრეული სახლის დემონტაჟი განხორციელდა, რადგან ისედაც დაინგრეოდა.

ტატო: ერთ-ერთ სახლში, სადაც შევედით, ჩაკეტილ ოთახში კატა იყო გამომწყვდეული და სამშვიდობოს გამოვიყვანეთ. შემდეგ ისე უხაროდა, გვერდიდან არ გვცილდებოდა.

– შემზარავი სურათი დაგხვდათ სტიქიური უბედურების ზონაში?

სალომე: ჩვენ წინ გაცოცხლდა ის ფილმები, სადაც ნაჩვენებია ადამიანებისგან მიტოვებული ნახევრად დანგრეული ქალაქი. წარმოიდგინეთ, შევდიოდით ქალაქში, საიდანაც ხალხი გარბოდა. მოვასწარით და გადავიღეთ რამდენიმე სახლი, როდესაც ადამიანების ევაკუაცია ხდებოდა. იყო კადრები, რომლებიც სიცოცხლისა და სიკვდილის ერთგვარ მიქსს წარმოადგენდა. ძალიან ემოციური იყო იმ ადამიანების სახეების ყურება, რომლებიც ჯებირების მიღმა იყვნენ და ხედავდნენ, როგორ ანგრევდნენ მათ საცხოვრებელ სახლებს, რადგან ისინი უკვე გამოუსადეგარი იყო.

მოსახლეობა როცა გვეკითხებოდა, საიდან ვიყავით და იგებდნენ, რომ საქართველოდან ჩავედით, ცრემლებით გვიყვებოდნენ რაღაცებს საქართველოსთან კავშირზე, ჩვენ კი მათი არ გვესმოდა. წარმოიდგინეთ, მათ დაკარგეს საყვარელი ადამიანები და კიდევ ჰქონდათ იმის თავი, რომ ჩვენთან საქართველოს სიყვარულზე და თავიანთ მოგონებებზე ელაპარაკათ.

– იქ 5 დღე გაატარეთ და ალბათ იყო განმეორებითი ბიძგები. როგორი რეაქციები გქონდათ ამ დროს?

ტატო: ყოველ ახალ ბიძგზე მიმძაფრდებოდა ის განცდები, რომლებიც ადამიანებმა იქ შეიგრძნეს. ჩაცმულებს, ჩართული კამერით გვეძინა სასტუმროშიც, რადგან ბიძგები მუდმივად იყო და სულ მზადყოფნაში უნდა ვყოფილიყავით, რომ შენობა დაგვეტოვებინა.

სალომე: ერთხელ ბიძგები ვერ ვიგრძენი. ტატომ დამიკაკუნა კარზე, კამერით ხელში იყო და სათადარიგი კარიდან გამიყვანა. ჩუსტებით და მიკროფონით ხელში გავვარდით ქუჩაში, რომ გადაგვეღო, სადმე კიდევ ნგრევა ხომ არ გამოიწვია.

– ყველაზე ემოციური რა იყო ამ დღეების განმავლობაში?

სალომე: ერთ-ერთი საცხოვრებელ სახლის ნანგრევებიდან ადამიანის ხმა ისმოდა. მაშველები ელაპარაკებოდნენ კიდეც და მუშაობდნენ, რომ ამოეყვანათ. 5 საათი გაგრძელდა ეს პროცესი. ეთერისთვის მოვემზადეთ, რომ გვეჩვენებინა კადრები, მაშველებს თუ როგორ ამოჰყავდათ ცოცხალი ადამიანი, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ შევძელით. ის ადამიანი გარდაიცვალა.

ყველაზე შემზარავი კი ის ჩუმი გლოვა იყო, რაც მთელ ქალაქში იგრძნობოდა. კაცები ჩუმად ტიროდნენ, ცრემლებად იღვრებოდნენ. ამ ყველაფრის ყურება ძალიან მძიმე იყო. გულისმიერი და კეთილი ხალხი იყო. ხელისუფლება ბანაკებში დაბინავებულ მოსახლეობას საჭმელს აწვდიდა, ისინი კი მოდიოდნენ და ჟურნალისტებსაც გვინაწილებდნენ.

– მუშაობისას ყველაზე მეტად რა გიშლიდათ ხელს?

სალომე: იმის გამო, რომ ხშირად ვარღვევდით აკრძალულ წესებს, ჩვენით იქაური პოლიცია დაინტერესდა. პასპორტები ჩამოგვართვეს და გადაამოწმეს სასტუმრო, სადაც ვცხოვრობდით. შემდეგ მოგვიჩინეს უშიშროების თანამშრომელი, რომელიც ყველგან გვხდებოდა, სადაც მივდიოდით. ერთხელ გვკითხეს, სად ვაპირებდით წასვლას. ჩვენ დავუმალეთ, ვუთხარით, რომ უნდა დაგვეძინა, სინამდვილეში კი იმ ქალაქისკენ წავედით, სადაც ეპიცენტრი იყო.

იქ როცა მივედით, თურქეთის უშიშროების თანამშრომელიც დაგვხვდა. ვერ მოვატყუეთ. გვთხოვდნენ, რომ მათ მიმართ ძალიან კრიტიკულები არ ვყოფილიყავით, როცა მოსახლეობას ჩავწერდით. რეალურად კი სახელმწიფო ძალიან ეხმარებოდა ხალხს.

ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ, პირველ რიგში, დაკარგული ადამიანების პოვნაზე კეთდებოდა აქცენტი და არა – მატერიალურ ზარალზე. ადგილობრივებიდან ერთი კომენტარიც ვერ ჩავწერეთ ისეთი, სადაც იტყოდნენ, რომ დიდი ზარალი მიიღეს. ყველა წუხდა ადამიანებზე.

– ექსტრემალურ და სტიქიის ზონაში მუშაობას თავისი ადრენალინი ახლავს. როგორ სიუჟეტებზე არ გიყვართ მუშაობა?

სალომე: ჟურნალისტებს გვაქვს ტერმინი ,,პარკეტული გადადაღებები” და მაგას ვერ ვიტან! სადაც მოვლენები სწრაფად არ ვითარდება, ჩემთვის მოსაწყენია. მიყვარს საპროტესტო აქციებსა და წითელი ლენტის მიღმა მუშაობა.

ფოტოებზე – სალომე ბოკუჩავა და ტატო კახიძე თურქეთში