ქეთი ბერძენიშვილი: ,,კიბო” – ამ სიტყვას გაფართოებული თვალებით ვუყურებდი” – რა გზა გაიარა ჟურნალისტმა მძიმე დიაგნოზის დასმიდან გამოჯანმრთელებამდ

ქეთი ბერძენიშვილი: ,,კიბო" - ამ სიტყვას გაფართოებული თვალებით ვუყურებდი" - რა გზა გაიარა ჟურნალისტმა მძიმე დიაგნოზის დასმიდან გამოჯანმრთელებამდჟურნალი ,,სარკე”, ირაკლი ვაჩიბერაძე

რადიო ,,ძველი ქალაქის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი, ქეთი ბერძენიშვილი, რამდენიმე თვის წინ რთული რეალობის წინაშე დადგა. მოულოდნელად დასმულმა დიაგნოზმა მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. მორფოლოგიურმა და ჰისტოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ მას სიმსივნე ჰქონდა. მეორე დღიდანვე დაუღალავი ბრძოლა დაიწყო ამ სენთან და თითქმის ერთი წლის თავზე უკვე იცის, რომ გამარჯვებულია.

რა გზა გაიარა ჟურნალისტმა დიაგნოზის დასმიდან გამოჯანმრთელებამდე, ამის შესახებ ის ,,სარკის” მკითხველებს დეტალურად უამბობს.

– ქეთი, თავდაპირველად რა მიზეზით მიმართეთ ექიმს, სანამ გაიგებდით, რომ სიმსივნე გქონდათ?

– 2019 წლის აპრილში ქავილი დამეწყო. გაზაფხულზე, როცა მცენარეები იწყებენ ყვავილობას, უამრავი ისეთი ბალახი ამოდის, რომლებიც ალერგიულია. მე ალერგიული ვარ და ქავილი ამას დავაბრალე. შესაბამისი მედიკამენტების მიღების შემდეგ არ გამიარა. მივხვდი, რომ პრობლემა შინაგანი ორგანოებიდან მოდიოდა. ამიტომ სპეციალისტებს მივმართე.

არაერთი გამოკვლევის შემდეგ, რომლებიც ქუთაისსა და თბილისში ჩავიტარე, აღმოჩნდა, რომ პრობლემა ღვიძლიდან მოდიოდა. ამ ორგანოზე მცირე ზომის წანაზარდი იყო, რამაც ნაღვლის სადინარების სწორი ფუნქციონირების დარღვევა გამოიწვია.

მკითხველისთვის რომ რთული არ იყოს სამედიცინო ტერმინოლოგიის გაგება, მარტივად გეტყვით, რომ ქავილი სწორედ აქედან მომდინარეობდა.

– რა გითხრათ ექიმმა, რას ვარაუდობდა?

– აუცილებელი იყო ქირურგიული ჩარევა. მდგომარეობა რეალურად შევაფასეთ ოჯახში, მით უფრო, დედა ექიმია, პათოლოგანატომი – პროფესორი მაგული ჩხობაძე. საერთო მოსაზრებით და წინასწარი კვლევების საფუძველზე გადაწყდა, რომ ოპერაცია უნდა გამეკეთებინა.

საბედნიეროდ, საქართველოში, ბათუმში, “ევექსის” დაქვემდებარებაში არის ღვიძლის ცენტრი, რომელსაც არაჩვეულებრივი ექიმი, კახა ქაშიბაძე ხელმძღვანელობს. ოპერაცია მან გამიკეთა წარმატებით. ამის შემდეგ ნაოპერაციები მასალა მორფოლოგიურ და ჰისტოლოგიურ კვლევებზე გადაიგზავნა. კვლევამ კი აჩვენა, რომ სიმსივნის საწყისი სტადია იყო.

– როგორ იმოქმედა ამ დიაგნოზმა თქვენზე და თქვენს ოჯახზე?

– რა თქმა უნდა, რთულია, როცა პირველად იგებ დიაგნოზს. წავიკითხე, რომ ეწერა “კიბო”. გაფართოებული თვალებით ვუყურებდი, მაგრამ იქვე ვიცოდი, რომ ეს უკვე მოკვეთილი იყო და ყველანაირად ვეცდებოდი, აღარ განვითარებულიყო.

რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებისთვის რთული აღმოჩნდა, გაეაზრებინათ და მიეღოთ ეს დიაგნოზი. საჭირო იყო მკურნალობა, ასევე შესაძლებელი იყო, კიდევ ერთი ოპერაცია დამჭირვებოდა. საქართველოში ბუნდოვანი იყო მკურნალობის პერსპექტივა. ბევრმა მითხრა, რომ აქ შემოსული წამალი არაეფექტურია, ამიტომ გადავწყვიტეთ საზღვარგარეთ წასვლა.

გვითხრეს, რომ კიბოსთან ბრძოლის ყველაზე კარგი გამოცდილება საფრანგეთში აქვთ. იქ მკურნალობა ძალიან ძვირია. მეგობრებმა ჩემ დასახმარებლად კამპანია წამოიწყეს. უამრავმა გამოხატა თანადგომა – მეგობრებმა, ნათესავებმა, ნაცნობმა თუ სრულიად უცნობმა ადამიანებმა. ჩემთვის ეს ისეთი მძიმე აღმოჩნდა, ყოველ შემოსულ ლარზე ვტიროდი, ისე მერიდებოდა ამ ხალხის. უდიდესი მადლობა თითოეულ მათგანს!

– ამის შემდეგ წახვედით საფრანგეთში. მოგვიყევით იქ ჩატარებულ კვლევებსა და მკურნალობის მეთოდებზე.

– პარიზში სექტემბრის დასაწყისში წავედი. საქართველოდან წავიღე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი და კვლევის შედეგი, მაგრამ იქ ყველა კვლევა თავიდან ჩამიტარეს. გავიარე რამდენიმე კომპიუტერული (ძალიან მაღალი დონის) გამოკვლევა, ამიღეს სისხლის ანალიზები, შემიმოწმეს ონკომარკერები. ამ ყველაფერს საკმაო დრო დასჭირდა.

ძალიან გამიმართლა, რომ აღიარებულ ქირურგთან, პროფესორ ჟან-კრისტოფ ვაილანთან მოვხვდი. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოში ოპერაცია უმაღლეს დონეზე იყო ჩატარებული. მიუხედავად ამისა, იყო საფრთხე, სიმსივნე გავრცელებულიყო და მეტასტაზები სხვა ორგანოებზე გადასულიყო. ამიტომ პროფესორმა ვაილანმა საჭიროდ ჩათვალა კიდევ ერთი ოპერაციის გაკეთება.

10 დეკემბერს გამიკეთდა საკმაოდ რთული, შვიდსაათიანი ოპერაცია. რეაბილიტაციის პერიოდიც რთული იყო. მდგომარეობას დედაჩემი მიმარტივებდა, რომელსაც ერთი წუთითაც არ მივუტოვებივარ.

– როდის შეიტყვეთ, რომ დაავადებას მოერიეთ და მალე სრულიად ჯანმრთელი დაუბრუნდებოდით სამშობლოს?

– საავადმყოფოში 28 დღე ვიწექი. 3 იანვარს, დილით, პროფესორის ასისტენტი შემოვიდა და მითხრა, რომ ნაოპერაციები მასალის კვლევის შედეგების მიხედვით ჯანმრთელი ვარ. სიმსივნე საბოლოოდ დამარცხებულია და აღარც ქიმიოთერაპიის კურსი მჭირდება. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, შევხვდი პროფესორ ვაილანს, რომელმაც დამიდასტურა, რომ ჯანმრთელი ვარ და პრევენციული ტიპის მკურნალობა და კვლევები დამინიშნა. საქართველოში წამოსასვლელი ბილეთი მაშინვე დავჯავშნე.

– რას ურჩევდით პაციენტებს, რომლებსაც საქართველოში უხდებათ მკურნალობა?

– ძალიან მინდა, საქართველოში ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა მაღალ დონეზე იყოს და არ უწევდეთ სხვა ქვეყნებში წასვლა. ამისთვის, რა თქმა უნდა, ხელისუფლების სწორი, სისტემური მიდგომაა აუცილებელი. ბევრი ჩემი ნაცნობი თუ მეგობარი მკურნალობდა საქართველოში და ბევრის შემთხვევაში დადებითი შედეგი დადგა. ძალიან მინდა, ყველა გამოჯანმრთელდეს და ბედნიერად იცხოვროს შიშის გარეშე.

ყოველთვის უნდა ირწმუნონ, რომ ბრძოლას აქვს აზრი. არ უნდა დანებდნენ და შინაგანად მზად იყვნენ. ეს არ არის მარტივი გზა, მაგრამ არასოდეს დაყარონ ფარ-ხმალი. რაც მთავარია, უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის, ჯანმრთელობის პატივისცემა და ხშირად გავაკონტროლოთ. საწყის სტადიაზე კიბო განაჩენი არ არის.

ერთი წუთითაც არ დამიშვია, რომ სხვაგვარად იქნებოდა და ვერ დავამარცხებდი. ამის რწმენას, პირველ რიგში, საკუთარი თავი, დედაჩემი, ჩემი ოჯახი, მეგობრები და ამ ადამიანების დიდი სიყვარული მაძლევდა.

– ფაქტობრივად მეორედ დაიბადეთ. ალბათ ახალი ენერგიით აგრძელებთ ცხოვრებას და მუშაობას.

– ჩემს საქმიანობას გავაგრძელებ. ძალიან მომენატრა რადიო, მიკროფონი, ხალხთან ურთიერთობა, ჩემი უსაყვარლესი მეგობრები.

დაბოლოს, ერთს დავამატებ: საფრანგეთში და ბევრ სხვა ქვეყანაშიც ქუჩებში სრულიად უცნობი ადამიანები ერთმანეთს უღიმიან, გამარჯობას ეუბნებიან და კეთილ დღეს უსურვებენ. ესეც ერთგვარი თერაპიაა კარგი განწყობისთვის. ასე რომ, გავუღიმოთ ერთმანეთს.