იტალიელმა მოძღვარმა თავისი სასუნთქი აპარატი ახალგაზრდას დაუთმო – ,,ისე მოკვდა, როგორც ნამდვილი მღვდელი”

იტალიელმა მოძღვარმა თავისი სასუნთქი აპარატი ახალგაზრდას დაუთმო - ,,ისე მოკვდა, როგორც ნამდვილი მღვდელი"72 წლის იტალიელმა მღვდელმა, ბერგამოს კათოლიკური ეკლესიის მოძღვარმა, დონ ჯუზეპე ბერარდელიმ, საკუთარი თავი გაწირა უცნობი ადამიანისთვის.

მას კორონავირუსი დაუდგინდა, თუმცა უარი თქვა იტალიაში დეფიციტურ რესპირატორზე, რომელიც სამრევლომ პირადად მას უყიდა. მან გადაწყვიტა, სასუნთქი აპარატი მასზე ახალგაზრდა პაციენტისთვის გადაეცა.

-დონ ჯუზეპე, როგორც ნამდვილი მღვდელი, ისე მოკვდა. ღრმად ვარ შეძრული იმ ფაქტით, რომ მან უარი თქვა სასუნთქ აპარატზე და გადაწყვიტა, ახალგაზრდისთვის გადაეცა და ის გარდაიცვალა, – ყვებიან იტალიურ მედიაში (იხილეთ ბმული).

მსგავსი თავგანწირვის მაგალითები საქართველოშიც გვაქვს.

იტალიელმა მოძღვარმა თავისი სასუნთქი აპარატი ახალგაზრდას დაუთმო - ,,ისე მოკვდა, როგორც ნამდვილი მღვდელი"1962 წელს ქართველმა ექიმმა, იოსებ ჟორდანიამ თავისი სამაშველო რგოლი 6 წლის გოგონას დაუთმო და თვითონ დაიღუპა.

იმ საბედისწერო დღეს თვითმფრინავი ,,დუგლასი” დაგეგმილ რეისს ასრულებდა ბუენოს-აირესიდან რიო-დე-ჟანეიროსა და ლისაბონში. გალეაოს აეროპორტში მშვიდობით დაეშვა. 23 საათსა და 3 წუთზე ხომალდი ასაფრენად მოემზადა, მაგრამ პილოტმა გამოაცხადა, პრობლემა  გვაქვსო – თვითმფრინავის ცხვირი არ ტრიალებდა. პილოტი მიხვდა, რომ ხომალდი ბილიკის დარჩენილ ნაწილზე ვერ გაჩერდებოდა და მარჯვნივ გადაუხვია.

შასის ბორბლები ქვიშაში ჩაეფლო, ოთხივე ძრავამ დაკარგა ეჟექტორები და მობრუნების კონუსები, რამაც თვითმფრინავი ააჩქარა – დაეჯახა აეროპორტის კედელს, გადაკვეთა მეზობელი ბილიკი და საბოლოოდ ოკეანეში ჩაეშვა და 8 მეტრის სიღრმეზე ჩაიძირა. ავიაკატასტროფას 15 ადამიანი ემსხვერპლა – ერთი ეკიპაჟის წევრი და 14 მგზავრი.

გადარჩენილი მგზავრებიდან ერთ-ერთი, პროფესორი პავლე შუშანია იოსებ ჟორდანიას შესახებ იგონებს:

,,როდესაც თვითმფრინავი წყალზე გაჩერდა, მგზავრებმა (რომ არ დამძიმებულიყვნენ და წყალში არ ჩაძირულიყვნენ) ტანსაცმელი გაიხადეს და მაშველ რგოლებს ეცნენ.

მე და იოსებ ჟორდანია თვითმფრინავის ფრთაზე ვიდექით. ამაოდ ვეხვეწებოდი, მომეჭიდე და ნაპირამდე გაგიყვან-მეთქი. თავი გააქნია, ასე ორივე დავიხრჩობით, სჯობს, თავს უშველოო. მან არც ცურვა იცოდა და მაშველი რგოლიც არ ჰქონდა – თვითმფრინავის სალონიდან გამოსვლამდე პატარა გოგონას მისცა, რომელიც, როგორც მოგვიანებით გავიგე, უბილეთო იყო და სავარაუდოდ, მაშველი რგოლიც ამიტომ არ ჰქონდა.

ლაინერი თანდათან მიიწევდა ფსკერისკენ. ისღა დამრჩენოდა, მარტო გამეცურა ნაპირისკენ. ცურვა რომ სცოდნოდა და ცოტაც გაეძლო, მაშველი მასაც მიუსწრებდა”.
იტალიელმა მოძღვარმა თავისი სასუნთქი აპარატი ახალგაზრდას დაუთმო - ,,ისე მოკვდა, როგორც ნამდვილი მღვდელი"ასეთივე გმირობა გამოიჩინა არქიმანდრიტმა გრიგოლ ფერაძემ, რომელიც ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. მეორე მსოფლიო ომის დროს ის ვარშავაში დააკავეს და ოსვენციმის ბანაკში გადაიყვანეს.

როგორც მასთან ერთად მყოფი პატიმრები იგონებენ, მამა გრიგოლთან ერთად ბანაკში ერთი მრავალშვილიანი ებრაელი ყოფილა, რომელსაც ფაშისტებმა გაზის კამერაში გაგუდვა გადაუწყვიტეს. მამა გრიგოლს შებრალებია ეს კაცი, მისი სასჯელი თვითონ აუღია თავზე და მის მაგივრად შესულა გაზის კამერაში.

გრიგოლ ფერაძეს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ქართულ კულტურაში. ის  მოხსენებებს კითხულობდა სამეცნიერო კონფერენციებსა და ევროპის სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრებში. მთელ თავის სახსრებს ახმარდა სხვადასხვა ქვეყნების მუზეუმებსა თუ ბიბლიოთეკებში დაცულ ქართულ ხელნაწერთა მოძიებსა და შესწავლას და ამ მხრივ დიდი შრომაც გასწია.

საქართველოში კი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არავინ არაფერი იცოდა მისი ნაშრომებისა და მოღვაწეობის შესახებ. არავინ იცოდა ისიც, რომ ექვთიმე თაყაიშვილის მიერ საფრანგეთში გახიზნული ქართული საუნჯეც გრიგოლ ფერაძის წყალობით გადაურჩა განადგურებას.

მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა ფაშისტებმა თითქმის მთელი ევროპა დაიპყრეს, შეიტყვეს, საფრანგეთის ერთ-ერთ ბანკში ერთი პატარა ქვეყნის დიდი ქონება ინახებაო. ამ ქონების შესაფასებლად მათ გრიგოლ ფერაძე მიიწვიეს, როგორც ცნობილი მეცნიერი და ექსპერტი. მამა გრიგოლმა ფაშისტებს განუცხადა, ეს ქონება არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს, ის უბრალოდ ქართველებისთვისაა ძვირფასი, როგორც ეროვნული შემოქმედებაო. ფაშისტები ენდნენ გამოჩენილ მეცნიერს და განძზე ფიქრს თავი ანებეს.

მამა გრიგოლი ხშირად იფარებდა ებრაელებს, თავშესაფარსა და საზრდოს უნაწილებდა, რისთვისაც შეიპყრეს და საბოლოოდ ტყვეთა ბანაკში აღესრულა.

2015 წელს კი ქართველი მოძღვრის, მამა ილია კარტოზიას გმირობაზე მსოფლიო პრესა წერდა. ის ადრიატიკის ზღვაში დაიღუპა. გემზე ხანძარი გაჩნდა და მამა ილია სხვების დახმარებას ცდილობდა. ერთ-ერთი გადარჩენილი იგონებს:

,,როდესაც გემზე ხანძარი გაჩნდა, ჩემი შვილი ხელში ავიყვანე და გავიქეცი. მამა ილია მამშვიდებდა, მეუბნებოდა, რომ მეფიქრა ღმერთზე და ღმერთი დამეხმარებოდა. ასე მაძლევდა ძალას. მაჩვენებდა გზას, სად უნდა წავსულიყავი.

მამა ილიას ზურგჩანთაში ხატები ჰქონდა და მას არასდროს იცილებდა. როდესაც სამაშველო ნავებზე გადადიოდნენ, მამა ილიამ დაინახა ქალი პატარა ბავშვით და მათ სამაშველო გემზე თავისი ადგილი დაუთმო, თვითონ კი ცეცხლმოკიდებულ გემზე დარჩა. მოგვიანებით, როდესაც მისი რიგი მოვიდა, გემიდან გადმოყვანის დროს სამაშველო თოკი გაწყდა და მამა ილია ზღვაში ჩავარდა”.

როგორც გადარჩენილი მგზავრი ამბობს, წყალში სამაშველო ჟილეტი გადააგდეს, თუმცა ძლიერი ღელვის გამო სასულიერო პირმა მასთან მიახლოება ვერ შეძლო.

ადრიატიკის ზღვაში, ცეცხლმოკიდებულ ბორანზე საქართველოს რვა მოქალაქე იმყოფებოდა. მათგან შვიდი უვნებლად გადარჩა. დაღუპული მამა ილია კარტოზია მცხეთის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო.

ფოტოებზე: დონ ჯუზეპე ბერარდელი, იოსებ ჟორდანია, წმინდა გრიგოლ ფერაძე და მამა ილია კარტოზია