,,დამლაგებელი” – ლელა ცუცქირიძის მოთხრობა

,,დამლაგებელი” - ლელა ცუცქირიძის მოთხრობაჟურნალი ,,სარკე”, ლელა ცუცქირიძე

,,დამლაგებელი”

კაფეში ვართ გოგოები, ვქაქანებთ ხან ერთად, ხან რიგრიგობით. მე, დალიკო და ეკა ხშირად ვხვდებით ერთმანეთს და თითქმის ყველაფერი ვიცით ერთმანეთზე. აი, თიკოს არც ისე ხშირად ვნახულობთ და ახლა მის ამბებს ვისმენთ ხარბად. ასი ყური გვაბია, ყური კი არა, ლოკატორი და ასივე თიკოსკენ გვაქვს დამიზნებული, არიქა, რამე არ გამოგვრჩეს.

– უმუშევრად რომ დავრჩი, ეგ ამბავი უნდა მოგიყვეთ… – გვეუბნება თიკო.

– მოიცა და, რატომ დარჩი? – ცნობისმოყვარეობას ვერ მალავს ეკა.

თიკო პასუხის გაცემას არ ჩქარობს, სიგარეტს იღებს კოლოფიდან, მერე ახსენდება, რომ დახურულ სივრცეში მოწევა აღარ შეიძლება და სიგარეტს უკან, კოლოფში აბრუნებს დანანებით.

– წარმოდგენა თუ მქონდეს, რა, – იჩეჩავს მხრებს თიკო, – მივედი ერთ დღესაც და დელიკატურად გამომიცხადეს, შტატების შემცირებაში მოყევიო, მაგრამ ეგ არაფერი.

– რას ჰქვია, არაფერი? – ეკითხება გაოცებული ეკა, – ამ დროში სამსახურის დაკარგვა… წარმოდგენაც არ მინდა, რა დამემართება, სამსახურიდან რომ გამომიშვან, შოკი!

– ჰოდა, მეც რომ შოკში ჩავვარდი, მაგ შოკს მოჰყვა, რაც მოჰყვა, – ამბობს თიკო, – მოკლედ, ასეთი თვისება მაქვს, როცა ვნერვიულობ, სახლის დალაგებას ვიწყებ, თანაც საფუძვლიანს, ჭერ-კედელ-კუთხე-კუნჭულიანს. რომ გითხრათ, ეს საქმე მიტაცებს-მეთქი, მოგატყუებთ, მირჩევნია, სხვა მილაგებდეს ყველაფერს, მაგრამ ნერვიულობის დროს მარტო ჩემსას კი არა, სხვის ბინასაც გავხეხ-გავაპრიალებ. არანაირი დამამშვიდებელი, ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი თერაპია…

იმას ვამბობდი, დავრჩი უმუშევარი და რას გავაკეთებდი? ვეცი ჩემს ბინას, მოვიარე ჭერი, კედლები, კარადები, ჯამ-ჭურჭელი, იატაკი… ჯაგრისი, სახეხი, ტილო… გავრბოდი და გამოვრბოდი ერთი ოთახიდან მეორეში, სამზარეულოდან – აბაზანაში… ვფერთახვდი და ვამზეურებდი ბალიშებს, საბნებს, ლეიბებს… ვრეცხავდი და ვფენდი ფარდებს და გადასაფარებლებს… ეგ კი არა, სუფთა და გაწიკწიკებული ჩაის ტილოები და თეთრეულიც ხელმეორედ დავრეცხე და დავფინე… მოკლედ, ვარ ერთ ამბავში ერთი დღე, ორი, სამი, ოთხი…

ერთხელაც, აივანზე მორიგი პარტია საბან-ლეიბის ფერთხვისას აღმოვაჩინე, რომ მოპირდაპირე კორპუსის ფანჯრიდან ვიღაც მითვალთვალებს!

– კაცი?! – წამოვიძახეთ.

– საქმეც მაგაშია, რომ არა, – თავი გადააქნია თიკომ, – ქალი, გოგოებო! მოხუცი ქალი, თანაც ბინოკლით!

– ვაა! – ერთმანეთს გადავხედეთ.

– ჰოო! თავიდან ყურადღება დიდად არ მიმიქცევია, მაგრამ მერე ძალაუნებურად დავაკვირდი და მივხვდი, რომ ნამდვილად მე მიყურებდა. კარგი, მიყურებდა, მიყურებდა, ცნობისმოყვარეებს რა დალევს ქვეყანაზე, ან შეიძლება, ჩიტებს უყურებდა და უბრალოდ, მის თვალთახედვაში მოვხვდი, ან შეიძლება, სახლიდან ვერც გამოდიოდა და სხვების თვალიერებით ირთობდა თავს და შევრჩი ჩემი ლეიბ-საბან-ბალიშებით, სარეცხით და ჯაგრისებით… მაგრამ ერთი დღე კიდევ მესმის, ორი, მაგრამ სამი?! ოთხი?! ხუთი?!

– გოგო, სახლი ექნებოდა დასალაგებელი და ალბათ გაკვირდებოდა. იქნებ დამლაგებელს ეძებდა, ჰა? – ვუთხარი, – ასე თუ ტრიალებდი და ბზრიალებდი, შენზე უკეთესს ვის იპოვიდა?

– მაგაზეც ვიფიქრე, მაგრამ მე რომ მოვრჩი დალაგებას და ეს ქალი რომ ბინოკლით ჩემს თვალთვალს არა?

– ვააჰ, ეგ რა ჰიჩკოკისებური ამბავი დაგმართნია, – ინტერესისგან თვალები აუციმციმდა დალიკოს.

– ჰო, მეც მაშინვე ჰიჩკოკის ფილმი, “ფანჯარა ეზოს მხარეს” გამახსენდა. აი, ის, კაცი ფეხის მოტეხვის გამო სახლიდან რომ ვერ გადის და მოპირდაპირე სახლის ფანჯრების ყურებით ერთობა და მოულოდნელად მკვლელობის მოწმე ხდება, – დალიკოს აჰყვა ეკა.

– და რომელი მკვლელი მე ვარ, ვიღაცამ მითვალთვალოს, ნუ გამაგიჟეთ, – გაეცინა თიკოს.

– ჰო, მაგრამ ეგ ჩვენ ვიცით, იმ ქალმა ხომ არა? – მეც გამეცინა, – მე მაინც მგონია, რომ ვიღაცას მიგამსგავსა და იმისთვის, რომ დარწმუნებულიყო, მისი ნაცნობი იყავი თუ არა, ბინოკლით გაკვირდებოდა.

– მოკლედ, იჯდა ქალი ფანჯარასთან და კონკრეტულად მე მითვალთვალებდა. გათენდებოდა, გავიხედავდი, უკვე პოსტზე იყო და ბინოკლი ჩემკენ ჰქონდა მოშვერილი. თავდაპირველად მეც ცნობისმოყვარეობა მკლავდა ამ ქალის მიმართ, მერე გარკვეულწილად შიში გამიჩნდა. მეზობლებს დიდად არ ვეკონტაქტები, მაგრამ ვისთანაც მაქვს ურთიერთობა, მათ ვკითხე და, ეგ ბინა გაიყიდა რამდენიმე თვის წინ და წარმოდგენა არ გვაქვს, ახლა ვინ ცხოვრობსო.

მოკლედ, უმუშევრობისგან გამოწვეულ ნერვიულობას ამ ქალის თვალთვალით გამოწვეული ნერვიულობაც დაემატა, როგორია, ვიღაც რომ გითვალთვალებს, თანაც ბინოკლით და სულ გავრეკე. გარეკვის დროს კი რას ვაკეთებ?

– ალაგებ, – გამოვიცანი.

– ვაიმე, ახლა არ თქვა, გავქანდი და იმ ქალს დავულაგე სახლიო! – წამოიძახა ეკამ.

– არა, იმ ქალს არა, მაგრამ ჩემი ბინა კი გადავალაგე მეორედ, მესამედ, მეოთხედ…

– და რაღა შენს ბინას ალაგებდი, ღმერთო ჩემო, აქ არ ვართ და აქ არ არის ჩვენი ბინები! – დარდით ლამის მოკვდა დალიკო.

სიცილი ამიტყდა, მერე თიკოს მივუბრუნდი:

– კარგად მოგითმენია, მე რომ ვყოფილიყავი, მივეჭრებოდი და დავამხობდი თავზე ყველაფერს.

– ჰოდა, ქანცი რომ გამწყდა დალაგებისგან და ჩემი ნერვებიც ასტრალში გავიდა, ზუსტად ასე მოვიქეცი.

– მიხვედი?!

– მივედი რომელია, აფოფრილ-აშლილი. კარი თვითონ იმ ქალმა გამიღო, ჯერ ვერ მიცნო, მერე დამაკვირდა და შეცბა. შევაჭერი მის ბინაში, შემომყვა ცუხცუხით, მივუტრიალდი, მივიმწყვდიე კედელთან, ავესვეტე და დავუტრიალე თვალები და თითები ერთდროულად.

აბა, სწრაფად, მითხარი, რატომ მითვალთვალებ-მეთქი. დამშვიდდითო, დაიბნა, აირია, დაირია. მეთქი, ქალო, რა დავმშვიდდე, ერთი თვეა, კოშმარებში მაცხოვრებ, დგახარ ბინოკლით, ნაგლად მითვალთვალებ, ვინ ხარ, მოგზავნილი ხარ, რა გინდა, რას ამირიე ჩემი ისედაც არეული ცხოვრება, რას მერჩი-მეთქი.

არაფერს, არაფერს, დაწყნარდითო. რა დავწყნარდე, ქალო, მითხარი, ბოლოს და ბოლოს, რას მერჩი-მეთქი, ვუკივლე და ამ კივილზე გამოვარდა ოთახიდან…

– თქვი დროზე, ვინ გამოვარდა?

– ეე, ვინ გამოვარდა და ტიპი, რომელიც ხშირად მხვდებოდა ქუჩაში და რომელიც ისე ძალიან მომწონდა, რომ რამდენჯერმე ვიფიქრე კიდეც, ავდგები, მივალ, ვეტყვი, ეი, შენ, შემომხედე, მე თიკო ვარ და ძალიან მომწონხარ-მეთქი. შევხედე ამ ტიპს და ჩამივარდა ენა.

რა ხდებაო, დამიბრიალა თვალები და სანამ ავუხსნიდი, რა ხდებოდა, ვინ ხარ, აქ რა გინდა, უმწეო მოხუც ქალს დადგომიხარ თავზე, უკივი და ერთ ამბავს აწევ, აბა, აქედან დაახვიე ახლავე, შე ქაჯო და ასეთო და ისეთოო, დამავლო ხელი ქეჩოში, გამსვა გარეთ და მომიჯახუნა კარი მთელი ძალით.

ჯერ ვიდექი გაოგნებული, მერე ავუტეხე ბრახუნი, ვიფიქრე, ავუხსნი, რაც ხდება, მართლა ქაჯი რომ არ ვარ და რომ ძალიან სერიოზული მიზეზი მაქვს საკივლელად და საჩხუბრად, მაგრამ რად გინდა?

კი გააღო კარი, მაგრამ არ მომისმინა, დაახვიე აქედან, ხომ გითხარი, თორემ იცოდე, პასუხს აღარ ვაგებ ჩემს საქციელზეო. რაღა უნდა მექნა, ჯანდაბას, თავს ხომ არ შევაკლავდი. გამოვბრუნდი უკან გაბრაზებული, გაოგნებული, აღშოთებული და შეშფოთებული.

– გიჟების ოჯახში მოხვედრილხარ, – ვუთხარი მე.

– კიდევ კარგი, მაგ ტიპს მართლა არ აუხსენი სიყვარული, – უთხრა ეკამ.

– ეეჰ, და რატომ გითვალთვალებდა ის ქალი, ვერ გაარკვიე? – გულდაწყვეტილმა ჰკითხა დალიკომ.

– თუ დამამთავრებინებთ… მოკლედ, წამოვედი სახლში. ვიფიქრე, თუ კიდევ შევამჩნევ იმ ქალს ბინოკლით მოთვალთვალეს, პატრულში დავრეკავ და ეგაა-მეთქი, მაგრამ არც იმ დღეს, არც მეორე დღეს ქალი ფანჯარაში აღარ გამოჩენილა.

მესამე დღეს კი კარზე ზარია, გავაღე და დგას ეს ქალი. შეიძლებაო? მობრძანდით-მეთქი, მხრები ავიჩეჩე, გავდექი განზე, უკვე გადავლილი მქონდა დიდი სიბრაზე. თან მეც მაინტერესებდა, რატომ მითვალთვალებდა და იქნებ თქვას-მეთქი, ბოლოს და ბოლოს.

შემოვიდა, დაჯდა, ბოდიში მინდა, მოგიხადოთო, მითხრა. მე კარგი მინდოდა, გამეკეთებინა და ასე ცუდად კი გამოვიდაო. რა კარგი-მეთქი, რა გინდოდათ, რას მერჩოდით-მეთქი. არაფერსო, პირიქითო, ძალიან მომწონდითო.

იცით, რაო? მეო, იშვიათად გავდივარ გარეთო, ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელსო, ამიტომ ძირითადად თავს ფანჯარაში ყურებით ვირთობ, ვათვალიერებ ეზოს, ფანჯრებს, აივნებს და თან ჩემს სადარდებელზე ვფიქრობო.

დღეს ხვალ აღარ ვიქნები და ეს ჩემი შვილი კი დარჩება უპატრონოდ, არც ცოლი, არც შვილიო. პატარა ხომ აღარაა, სადაცაა, ორმოცის გახდებაო. ჰოდა, ვდარდობ ამასო, ამ დარდსა და ფიქრში ვარ სულო და აი, დაგინახე ერთხელაცო, როგორ ტრიალებდი აივანზე, ლეიბებს ფენდი, ფერთხავდიო… დავინტერესდიო, ვიფიქრე, რა მარჯვე ქალია, რა კოხტად აკეთებს ყველაფერს, რა ციბრუტივით ტრიალებს, ბედნიერი ამის ოჯახი და ქმარიო.

მერე ვიფიქრე, იქნებ არ ჰყავს ქმარი, იქნებ მარტოხელაა, ერთი კარგად უნდა დავაკვირდე-მეთქი. ავიღე ჩემი შვილის ბინოკლი და დავიწყე თვალთვალიო. ნეტავ, იცოდეთ, როგორი აღფრთოვანებული ვიყავი თქვენით, სად არიან ახლა ასეთი მარჯვე გოგოები და უფრო აღფრთოვანებული, როცა მივხვდი, რომ ოჯახი არ გყავდათო.

ვიჯექი, გიყურებდით და თან გეგმებს ვაწყობდი, როგორ გამეცნო ჩემი შვილი, როგორ შემეხვედრებინეთ ერთმანეთს და ამასობაში თქვენც შეგიმჩნევივართ და ის მოხდა, რაც მოხდაო. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ეს იყო ჩემი თვალთვალის მიზეზიო.

– ანუ, სარძლოდ მოსწონხარ დედიკოს?- გამეცინა.

– მოვწონვარ? – გაეცინა თიკოსაც, – მოვწონვარ კი არა, მოვწონდი.

– ეგ როგორ?

– როგორ და ასე. მეო, ეს იმიტომ გითხარით, რომ არ გეგონოთ, ცუდი ოჯახი მაქვსო. პირიქით, ძალიან კარგი, წესიერი და პატიოსანი ოჯახი მაქვს და გენაცვალე, ეგრე კი არ არისო. კიდევ კარგი, ასე მოხდა და დალაგება კი აშკარად გადასარევად იცით, ვაღიარებ, მაგრამ დანარჩენზე რა გითხრათო, რაც თქვენ იმ დღეს იკადრეთ, ამის მერე საერთოდ რაზეა ლაპარაკი, ჩემი უუკეთილშობილესი, უუწესიერესი, უუზრდილობიანესი, უუპატიოსნესი და უუკარგესი შვილის შესაფერისი ნამდვილად არ ხართო.

ადგა ამაყად, ზევიდან გადმომხედა, ამიბზუა ცხვირი, წავიდა და დამტოვა პირდაღებული. არა, წარმოგიდგენიათ? ქალს თურმე სარძლოდ ვუნდოდი ჩემი ციბრუტობის შემხედვარე.

– რაც შენ მოყევი, როგორ წმინდე და ბერტყე და ხეხე, მეც მენდომებოდი სარძლოდ, შვილი რომ მყავდეს, – სიცილი აუტყდა ეკას.

– და ის ტიპი აღარ შეგხვედრია? – დავინტერესდი.

– აქ რომ მოვდიოდი, მაშინ დავინახე ქუჩაში. თვითონაც მიყურა, მიყურა, მერე ჩემკენ წამოვიდა, მაგრამ, რომ გამოვიქეციი… ცოტა შემეშინდა, ხომ იცით, ვიფიქრე, რამე არ ამიტეხოს-მეთქი.

– ეგრევე პატრულში დარეკე, ან ჩვენ დაგვირეკე. ისეთ დღეში ჩავაგდებთ, რომ… ეგრე სადაა… – შევუძახეთ.

– არადა, რომ იცოდეთ, რა სიმპათიური ტიპია.

– სიმპათიური კი არა, გიჟია ვიღაცა.

– ახლა დედამისს ვეჩხუბებოდი და გაგიჟდებოდა კაცი, აბა, რა იქნებოდა.

– ეს ნახე, რა, – გადმოგვხედა მე და დალიკოს ეკამ, – მგონი, მაინც მოსწონს ის ტიპი და რომ არ შეშინებოდა, მშვენივრად გაეკეკლუცებოდა კიდეც.

– თქვენ მე სულელი და შტერი ხომ გგონივართ? ეგღა მაკლია! – გააპროტესტა თიკომ.

კიდევ კარგა ხანს ვისხედით კაფეში, მერე გამოვედით, ჩემს მანქანაში ჩავსხედით ყველანი, ჯერ ეკა მივიყვანე სახლამდე, მერე დალიკო, ბოლოს თიკო. ერთმანეთს დავემშვიდობეთ, თიკო მანქანიდან გადავიდა და სადარბაზოსკენ წასულს, დავინახე, როგორ მიუახლოვდა ჩემთვის უცხო მამაკაცი და საუბარი დაუწყო.

,,ის ტიპია! ნამდვილად ისაა! ახლა მაგას ვუჩვენებ სეირს”, – გავიფიქრე, მეგობრის დახმარება გადავწყვიტე, მანქანიდან გადავხტი და მივაჭერი.

– ეს ისაა? – ვკითხე თიკოს და მამაკაცი შევათვალიერე. არა უშავს, ფიზიკურად კარგი ტიპი ჩანდა.

– ისაა, – ჩემი მისვლით დაბნეულმა თიკომ თავი დამიქნია.

– ახლავე დაანებეთ ჩემს მეგობარს თავი, თორემ აი, პატრულში ვრეკავ, – მამაკაცს რიხიანად ვუთხარი და მობილურზე აკრეფილი ნომერი დავანახვე.

– აუ, ნატ, დამშვიდდი, ძალიან გთხოვ რა, ცუდი არაფერი ხდება, – შემეხვეწა თიკო.

– დამშვიდდით, ჩვენ გავარკვევთ ყველაფერს, – გამიღიმა მამაკაცმა.

– ჰო, რა, ნატ, გავარკვევთ. პრინციპში, თითქმის გავარკვიეთ, ბოდიშიც მომიხადა, – მოუთმენლად მითხრა თიკომ, მერე ხელი დამიქნია, – კარგად, ნატ, დიდი მადლობა, რომ მომიყვანე, ხვალ დაგირეკავ, კარგი? – და სანამ პასუხს გავცემდი, მამაკაცთან ერთად სადარბაზოში გაუჩინარდა.

ასე დამთავრდა თიკოს ამბავი, უფრო სწორად, დაიწყო. სიმართლე რომ ვთქვა, მე ეს დაწყებული ამბავი სულაც არ მომწონს, მაგრამ მე ვინ მეკითხება? მთავარია, თიკოს მოსწონს, ალბათ იმ ტიპსაც. ჰო, დედამისს აშკარად არ მოეწონება, მაგრამ არც იმას ეკითხება არავინ…