გულნარა წიკლაურმა თავის გადასარჩენად ღილაკზე თითის დაჭერა ვერ მოასწრო – ნიუ იორკში გარდაცვლილი ქართველი მხატვრის  ბედისწერა

გულნარა წიკლაურმა თავის გადასარჩენად ღილაკზე თითის დაჭერა ვერ მოასწრო - ნიუ იორკში გარდაცვლილი ქართველი მხატვრის  ბედისწერარუსუდან ადვაძე, სარკე

იანვრის დასაწყისში ნიუ იორკში ქართველი მხატვარი, 65 წლის გულნარა წიკლაური, გარდაიცვალა. ის რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ სახლში, საკუთარ ლოგინში მკვდარი იპოვეს. ერთდროულად განვითარებული ინფარქტი და ინსულტი – ასეთია ამერიკელი ექიმების დასკვნა გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

გულნარა წიკლაური ქუთაისში დაიბადა და გაიზარდა. ამ ქალაქში ყველა იცნობდა, როგორც ერთ-ერთ აქტიურ და განათლებულ ადამიანს. ამერიკაში წასვლამდე ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი გახლდათ.

ამერიკაში 2001 წელს წავიდა. ამბობდა, რომ იქ დარჩენას არ აპირებდა, მაგრამ ზუსტად იმ დროს მომხდარმა ტრაგედიამ მიაღებინა გადაწყვეტილება. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტს ნიუ იორკში შეესწრო. საკუთარი თვალით ნახა, ცეცხლმოკიდებული ცათამბჯენებიდან როგორ ხტებოდნენ ადამიანები. ტერაქტის გამო აღარ მუშაობდა მეტრო, გადაიდო ფრენები და მხატვარმა საბოლოო არჩევანიც გააკეთა – შეერთებულ შტატებში დარჩა.

პირველი, რაც ამერიკაში დახატა, იყო “11 სექტემბერი”. ამ ნახატის ფოტო დღეს კონგრესის ბიბლიოთეკაშია ვაშინგტონში. ნახატმა მსოფლიოს ბევრი გალერეა, გამოფენა მოიარა.

“გულნარა წიკლაური – აბსოლუტურად თვითმყოფადი, ცნობადი, მოაზროვნე, ძალიან ნიჭიერი მხატვარი, ანალიტიკოსი და ფსიქოლოგი. მისი შემოქმედება ფართოდაა ცნობილი ამერიკაში. მისმა ღრმა, კონცეპტუალურმა, ფილოსოფიურმა ნახატებმა დამსახურებული აღიარება მოიპოვეს. გულნარა წიკლაურის შემოქმედების თაყვანისმცემელთა აუდიტორია არის მრავალრიცხოვანი, მრავალფეროვანი და მრავალეროვანი.

გულნარა წიკლაურის ნამუშევართა გამოფენები იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და ამერიკაში. ნიუ იორკისა და ამერიკული ხელოვნებისთვის მხატვრის გამოფენები დიდი შენაძენია, რადგან მისი “მოაზროვნე”, სიმბოლური განზოგადოებებით სავსე ხელოვნება არის არაორდინარული და თვითმყოფადი. ამასთან, მისი ენერგეტიკული ტალღა ისეთი ძლიერია, რომ თითოეული ნახატი გაიძულებს, შეჩერდე, დააკვირდე, დაფიქრდე და შეადარო ისინი საკუთარ ქმედებებსა და პრობლემებს…

გულნარა წიკლაური არა მხოლოდ ფერმწერია, იგი არის წიგნის ილუსტრატორიც და დიზაინერიც. განსაკუთრებით გამოავლინა თავი, როგორც ავეჯის არაჩვეულებრივმა დიზაინერმა.

გულნარა წიკლაურის შემოქმედებითი ნამუშევრები არა მხოლოდ მაღალმხატვრულია, ისინი ასახავენ თანამედროვეობის ყველაზე აქტუალურ პრობლემებს. მისი ნამუშევრების გამოფენები ნიუ იორკში საზოგადოების დიდ ყურადღებას იქცევს.

გულნარა წიკლაური ბრუკლინის პრეზიდენტმა დააჯილდოვა, როგორც ექსტრაორდინარული მხატვარი. მისი ორი ნამუშევარი – “ანტისემიტიზმი”და “9/11-2001″ იმსახურებენ განსაკუთრებულ ყურადღებას არამხოლოდ ავტორის უმაღლესი ოსტატობის, არამედ მათი ტრაგიკული აქტუალობის გამო”, – დაიწერა გასულ წელს ქართველი მხატვრის შესახებ ებრაულ პრესაში.

“სარკესთან” კი გულნარა წიკლაურის პიროვნული შტრიხები და ცხოვრების გზა მისმა ქუთაისელმა მეგობრებმა გაიხსენეს.

ნანული ცხვედიანი, ჟურნალისტი: წლების განმავლობაში ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი იყო. ქალაქში ყველა იცნობდა და აფასებდა. მშობლები გაშორებულები იყვნენ და გულიკო და მისი და დედამისმა დიდ გაჭირვებაში გაზარდა. დედა მკერავი იყო, სულ შრომობდა. გულნარამ უნივერსიტეტში ისწავლა, ყველაფერს თავისით მიაღწია.

უნიჭიერესი და განათლებული ადამიანი გახლდათ. ქალაქის კომკავშირის რაიკომის მდივანიც იყო, სხვა თანამდებობებზეც იმუშავა. მერე კონკურსში გაიმარჯვა და ისე გახდა საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი.

მერე ამერიკაში წავიდა და აღარ დაბრუნდა. თვითნასწავლი მხატვარი გახლდათ. აქ არ ჰქონდა გასაქანი. მოგეხსენებათ, მხატვართა კავშირის წევრი თუ არ იყავი და სამხატვრო აკადემია არ გქონდა დამთავრებული, გამოფენაზე ვერ მოხვდებოდი. როგორც მხატვარს, არ ჰქონდა თავისუფლება. როგორც ვიცი, თავის დროზე ამერიკაში დასარჩენად არ წასულა და დაბრუნებას აპირებდა, მაგრამ ფრენის შიში დაემართა და დარჩა.

ამერიკაში სხვა ტექნიკით დაიწყო ხატვა. საკუთარ თავზე ძალიან ბევრი იმუშავა, სხვადასხვა პრესტიჟული კონკურსების გამარჯვებულია. პროფესიონალები მის შემოქმედებას ძალიან მაღალ შეფასებას აძლევდნენ. წერდნენ, რომ თანამედროვე მხატვრობის ისტორია მას გვერდს ვერ აუვლიდა, რადგან საოცარი თვითმყოფადობით გამოირჩეოდა და საოცარი მანერა ჰქონდა. მართლაც საკმაოდ საინტერესო ნახატები აქვს, ფილოსოფიურია, თავისი კონცეფცია და ინდივიდუალური ხედვა აქვს.

სამწუხაროდ, ვერ ეღირსა, სამშობლოში გამოფენა გაეკეთებინა, არადა ამაზე ოცნებობდა.

– სამშობლოში დაბრუნებას არ აპირებდა?

– მივწერე, როდის ჩამოხვალ-მეთქი და მიპასუხა, როდესაც ჩემი ბინის მშენებლობა დამთავრდებაო. ქუთაისში, სადაც მათ სახლი ჰქონდათ, იმ ადგილას დიდი კორპუსი ააშენეს და იმ სახლს გულისხმობდა. ვერ მოესწრო მის ნახვას. მარტში უნდა ჩამოსულიყო და თავისი სახლი ენახა.

– მისი გარდაცვალების შესახებ რა იცით?

– ნიუ იორკში, სახლში გარდაიცვალა. 5 იანვრის შემდეგ რომ აღარ გამოჩნდა, ძებნა დაუწყეს და ახლობლებმა დაკარგულად ჩათვალეს. ვერავინ წარმოიდგინა, რომ სახლში გარდაცვლილი დახვდებოდათ.

ნიუ იორკში ცხოვრობენ ქუთაისიდან წასული და-ძმა, ქართველი ებრაელები, მანანა და გია ჯინჯიხაშვილები. გიას დაუჟინია, სახლში ვნახოთო. მგონი, პოლიციის დახმარებით გააღეს კარი და გულნარა საწოლში იპოვეს. ექიმებმა გარეგნული დათვალიერებისთანავე თქვეს, რომ ერთდროულად ინფარქტი და ინსულტი დაემართა.

გულნარას ინსულტისა და ინფარქტის ნიშნები მანამდეც რამდენჯერმე ჰქონდა და ჯანდაცვის სპეციალურ პროგრამაშიც იყო ჩართული. სპეციალური ღილაკი ჰქონდა, რომელზეც თითი უნდა დაეჭირა, თუ თავს ცუდად იგრძნობდა და მაშინვე მიაკითხავდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერ მოასწრო იმ ღილაკზე თითის დაჭერა.

2-3 წლის წინ იგივე პრობლემა ჰქონდა და მაშინ გადაარჩინეს. ცოტა ხნით ადრეც ცუდად ყოფილა და გადაარჩინეს. ახლა კი საბედისწერო შეტევა დაემართა.

ჩვენ გვეგონა, რომ მხოლოდ ამერიკის მოქალაქე იყო და გაჭირდებოდა მისი საქართველოში გადმოსვენება. საბედნიეროდ, ნიუ ჯერსიში ცხოვრობს ჟურნალ “მამულის” რედაქტორი, ქუთაისელი მანუჩარ კაჭახიძე და მან გაარკვია ყველა დეტალი და ისიც, რომ ორმაგი მოქალაქეობა ჰქონია და საქართველოში გადმოსვენება პრობლემა არ იქნებოდა. ამიტომაც განსაკუთრებული მადლობის ღირსები არიან ქუთაისელებისგან გია ჯინჯიხაშვილი და მანუჩარ კაჭახიძე. მათ უპატრონეს გულნარას ამერიკაში.

აქ მთელი ქუთაისი ფეხზე დგას. გულნარას დიდი სამეგობრო დარჩა ქუთაისში და ყველა ძალიან განიცდის მის ამბავს. პანაშვიდი გადაუხადა მამა გოჩა ჩიტიძემ.

– საკუთარი ოჯახი არ ჰქონია?

– არა, არც საქართველოში და არც ამერიკაში ოჯახი არ შეუქმნია. ეს იყო შემოქმედებას შეწირული ადამიანი, ძალიან მარტოსული, თავის თავში ჩაკეტილი… ჰყავდა მეგობრები და ცოტა ნათესავებიც, მაგრამ ურთიერთობა დიდად არ გამოსდიოდა, თავისთვის იყო, ხელოვანისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალური ხასიათით.

ემა ფილიპაშვილი: მეოთხე კლასში ვიყავით, პიონერთა სასახლეში რომ მივედით ერთად და მას მერე სულ ერთად ვიყავით. ბავშვობიდან წარმატებული გოგო იყო. თბილისში მიიღო უმაღლესი განათლება და ქუთაისში დაბრუნებული სულ მმართველ პოზიციებზე მუშაობდა. ბოლოს კი საჯარო ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობდა.

ამერიკაში სამსახურიდან გაუშვეს და აღარ დაბრუნდა. ამ ამბავმა ათასი მითქმა-მოთქმა გამოიწვია – ფულის შოვნა უნდა და იმიტომ წავიდაო. არადა ადამიანი თავის დასამკვიდრებლად იბრძოდა. იცოდა, რომ კარგად ხატავდა, უნდოდა, აღიარებული მხატვარი ყოფილიყო და მიაღწია კიდეც ამ აღიარებას. ამერიკაში მხატვართა კავშირის წევრი გახდა და იქ ასე იოლია ამის მიღწევა?! ფუტკარივით შრომობდა.

იმ ღამეს ვესაუბრე, როცა გარდაიცვალა. 10 დღე არ შემხმიანებია და იმ დღეს მითხრა, იმიტომ ვეღარ დაგიკავშირდი, ძალიან ცუდად ვიყავიო. იმ 10 დღის წინ ღილაკზე დაუჭერია ხელი და სასწრაფოდ გადაუყვანიათ საავადმყოფოში. მე-13 სართულზე ცხოვრობდა. ისე წაიყვანეს, არც კი ახსოვდა. მომიყვა, გონს რომ მოვედი, რეანიმაციაში ვიწექიო. მითხრა, აქ ადამიანი ასე ადვილად არ კვდება, მაგრამ მაინც არ ვარ კარგადო.

6 წლის წინ მიიღო პირველი ინფარქტი. 3 წლის მერე გაუმეორა და გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრეც. ალბათ ძილში დაემართა, თორემ თავთან ღილაკი ჰქონდა, რომელსაც ხელს დააჭერდა თუ არა, ექიმები მასთან გაჩნდებოდნენ. ეს იყო მისი უბედური ბედისწერა.

– იქნებ მტერი ჰყავდა და სხვა რამ მოხდა?

– არა, გამორიცხულია, რადგან ცუდად იყო. ქუთაისში სახლი რომ შენდებოდა, მას ერთოთახიანი და სამოთახიანი ბინები ეკუთვნოდა. მე ვიყავი მისი ნდობით აღჭურვილი პირი და ყველა საბუთი მოვუგვარე. მეუბნებოდა, იქნებ გავყიდო ეგ ბინა და აქ ვიყიდო იმ ფულით რამეო, მაგრამ არ დასცალდა.

იმ დღეს მითხრა, თუ რამე დამემართება, ანდერძი შენამდე მოვა და ამის მიხედვით იმოქმედეო. როგორც მითხრა, მისი კუთვნილი ერთოთახიანი ბინის გადაცემა უპატრონო ბავშვთა სახლისთვის უნდოდა და ვნახოთ, ანდერძში ზუსტად რა ეწერება.

– და და დისშვილი ჰყოლია.

– დიახ, და, ლიანა, მისი კანონიერი მემკვიდრეა, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო როგორ მოახერხებს ამ ქონების განკარგვას… ბავშვი კი ჰყავს ნორმალური და ჯანმრთელი, მაგრამ ჯერ მეშვიდეკლასელია. კარგი დეიდაშვილი ჰყავს და ალბათ ის დაეხმარება დას გულნარას ქონების განკარგვაში. ამ დის გარდა არავინ ჰყავს. მას დარჩება ყველაფერი და დეიდაშვილს ვთხოვთ, დახმარება გაუწიოს.

– ნიუ იორკში მარტო ცხოვრობდა?

– დიახ და და-ძმა ჯინჯიხაშვილები და მანუჩარ კაჭახიძე აქცევდნენ ყურადღებას. ახლაც მათ კისერზე გადავიდა მთელი პროცედურები, რაც მის გარდაცვალებას უკავშირდება. დიდი, ერთგული და პატიოსანი სამეგობრო ჰყავდა აქაც და იქაც და ასეთივე ერთგული და პატიოსანი იყო თვითონაც.

– ნიუ იორკში სახელოსნო ჰქონდა?

– ოჯახმა, სადაც პირველად მივიდა, სამხატვრო სკოლა გაუხსნა. იქ ბავშვებს ასწავლიდა და ანაზღაურებას იქიდან იღებდა. ნახატებსაც ყიდდა. თავისი ნახატები გასაყიდად ძალიან ენანებოდა, მაგრამ ამბობდა, რა ვქნა, ხომ უნდა ვიარსებოო.