COVID-19 და ერდოსტეინი
პერსპექტიული „თიოლის“ როლი დაავადების მწვავე ფაზასა და პოსტკოვიდურ პერიოდში

COVID-19 და ერდოსტეინი

„ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც პლანეტაზე ადამიანის უწყვეტ დომინირებას ეღობება წინ, ვირუსია“. თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული მეცნიერის, ნობელის პრემიის ლაურეატის (ბაქტერიების ტრანსდუქციის ანუ გენეტიკური მასალის „აღებ-მიცემობის“ ფენომენის აღმოჩენისთვის), ჯოშუა ლედერბერგის ეს სიტყვები ავბედითი წინასწარმეტყველება აღმოჩნდა…

ჩვენი ცივილიზაცია გლობალურ და ყოვლისმომცველ ეგზისტენციალურ კრიზისშია ჩაფლული და ამ არნახული მასშტაბის სტაგნაციის მიზეზი 120 nm-იანი (ნანომეტრი ანუ მეტრის მემილიარდედი) ახალი კორონავირუსია, რომელმაც „წარმატებით“ გააგრძელა ვირუსების თითქმის 100 წლის წინ ე.წ. ესპანური გრიპით დაწყებული „სისხლიანი მარში“.

2021 წლის პირველი თებერვლის მონაცემებით, COVID-19 დაავადებამ, გლობალური მასშტაბით, 5,7 მილიონამდე ადამიანის (მათ შორის, საქართველოს 15 000-ზე მეტი მოქალაქე) სიცოცხლე შეიწირა.

COVID-19-ის საშიშროება არ შემოიფარგლება მხოლოდ მწვავე ინფექციის პერიოდით. სამწუხაროდ, შემთხვევათა საკმაოდ დიდ ნაწილში გარკვეული პერიოდით რჩება სხვადასხვა მტანჯველი სიმპტომი, ხოლო 10%-ში ყალიბდება ე.წ. გახანგრძლივებული კოვიდი ჩივილების „გრძელი კუდით“ და გართულებების მრავალფეროვანი სპექტრით.

აღნიშნული დაავადების მართვა მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას სხვადასხვა კლასის თერაპიული საშუალებების გამოყენებით, რომელთა შორის, შესაძლებელია, განხილულ იქნას ე.წ. თიოლებიც. ამ ჯგუფის შედარებით ახალ და პერსპექტიულ წამომადგენელზე, ერდოსტეინზე (ერმუცინი®) სასაუბროდ ვეწვიეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) შინაგანი მედიცინის #1 დეპარტამენტის ხელმძღვანელს, თსსუ და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, საქართველოს შინაგანი მედიცინის კოლეგიის გენერალურ მდივანს, პროფესორ კახაბერ ჭელიძეს.

– ბატონო კახა, COVID-19-ის სავარაუდო პათოგენეზურ მექანიზმებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ოქსიდაციურ სტრესს. თუ შეიძლება, მოკლედ რომ შევეხოთ ამ ფენომენს და მის როლს SARS-CoV-2 ინფექციით განპირობებულ დაავადების მიმდინარეობაში.

– თავისუფალი რადიკალების (ატომები, მოლეკულები ან იონები კენტი ვალენტური ელექტრონით) რაოდენობის მატებით და ანტიოქსიდაციური პოტენციალის დაქვეითებით გამოწვეული ოქსიდაციური სტრესი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს COVID-19 დაავადებების პათოგენეზში. თავისუფალი რადიკალების აგრესიის შედეგად განვითარებული პათოლოგიური კასკადი (მიტოქონდრიების სტრესი, დნმ-ის დაზიანება, აუტოიმუნური/პროანთებითი რეაქციები და უჯრედების სიკვდილი) განაპირობებს ორგანიზმის სხვადასხვა სტუქტურების უნივერსალურ დაზიანებას. არსებობს უახლესი მტკიცებულებები COVID-19-ის მძიმე მიმდინარეობასა და ლეტალურ გამოსავალში მძლავრი ბუნებრივი ანტიოქსიდანტის – გლუტათიონის დეფიციტის დრამატული როლის თაობაზე.  თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გლუტათიონის მრავალფეროვან ფუნქციაში შედის ე.წ. ციტოკინური შტორმის გამშვები მექანიზმის ბლოკირება (ნუკლეარული ფაქტორი კაპა-ბეს ანუ NF-kB-ს ინჰიბიცია), მაშინ გასაგები ხდება, რა საბედისწერო როლი შეიძლება შეასრულოს COVID-19 დაავადების დროს „მომაკვდინებელი ქარიშხლის“ განვითარებაში გლუტათიონის დეფიციტმა. რადგან გლუტათიონი თიოლური მოლეკულაა, ლოგიკურია, რომ მისი დეფიციტის კომპენსირება შესაძლებელია სხვა თიოლური საშუალებების ჩანაცვლებით. სწორედ ეს ლოგიკა განაპირობებს COVID-19 დაავადების მართვაში ერდოსტეინის (ერმუცინი®) პერსპექტივას.

– ერდოსტეინი (ერმუცინი®) ე.წ. მუკოლიზურ საშუალებებს განეკუთვნება. მხოლოდ ნახველის გამათხევადებელი მოქმედებით არის ის ღირებული COVID-19-ის დროს?

– გეთანხმებით, რომ ერდოსტეინის (ერმუცინი®) ძირითადი დანიშნულება ნახველის გათხევადება და სასუნთქი გზებიდან გამოდევნის ხელშეწყობაა. ერდოსტეინი (ერმუცინი®) ამას ბრონქული ლორწოს შემაკავშირებელი გოგირდოვანი ხიდაკების გათიშვის და ნახველის სიბლანტის დაქვეითების გზით ახერხებს. ბრონქული სეკრეტის რეოლოგიის გაუმჯობესების გარდა, ერდოსტეინი (ერმუცინი®) ხელს უწყობს სასუნთქი გზების ამომფენი მოციმციმე ეპითელიუმის აქტივობას და გათხევადებული ნახველის ევაკუაციას.

თუმცა მუკოლიზური მოქმედება არ გახლავთ ამ ინოვაციური მედიკამენტის ერთადერთი სასარგებლო მოქმედება. ერდოსტეინის (ერმუცინი®) უნიკალურობა მის ანტიოქსიდაციურ, ანთებისსაწინააღმდეგო და ანტიბაქტერიულ ეფექტებშია. სწორედ ამ თვისებებით განსხვავდება იგი კლასიკური მუკოლიზური საშუალებებისგან.

ერდოსტეინს (ერმუცინი®) გააჩნია თავისუფალი რადიკალების შებოჭვის და ანტიოქსიდაციური პოტენციალის გაძლიერების უნარი, რაც მას მკვეთრად განასხვავებს სხვა მუკოლიტიკებისგან. COVID-19 დაავადების მართვაში მის პერსპექტივას სწორედ ანტიოქსიდაციური და ციტოკინური შტორმის გამშვები მექანიზმის მაბლოკირებელი ეფექტები განაპირობებს.

ამ მედიკამენტის კიდევ ერთი გამორჩეული თვისება ანთების საწინააღმდეგო მოქმედებაა. სპეციფიკური ანთებითი ცილების, ფერმენტების და სასიგნალო სისტემების სეკრეციის/აქტივაციის დათრგუნვით ერდოსტეინი (ერმუცინი®) აქვეითებს რესპირაციული სისტემის ანთებით დაზიანებას, რითაც აბრკოლებს დაავადების პროგრესირებას და ხელს უწყობს გამოჯანმრთელების პროცესს.

ერდოსტეინის (ერმუცინი®) უნიკალური „პორტრეტის“ ბოლო შტრიხი მისი პირდაპირი თუ არაპირდაპირი ანტიბაქტერიული მოქმედებაა. იგი ხელს უშლის ბაქტერიების ადჰეზიას (შეწებება, დაკავშირება) ბრონქების ლორწოვან გარსთან და აუმჯობესებს ანტიბიოტიკების ეფექტურობას.

ზემოთ აღწერილი თვისებების წყალობით ერდოსტეინი მაღალ ეფექტურობას ავლენს ფართო სპექტრის რესპირაციული (სასუნთქი სისტემის) დაავადებების მართვის პროცესში. მაგალითად, ერდოსტეინით (ერმუცინი®) დამატებითი თერაპია სტატისტიკურად სარწმუნოდ ამცირებს ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავებების სიხშირეს და ხანგრძლივობას; აბრკოლებს დაავადების პროგრესირებას მსუბუქი ფორმებიდან მძიმე მიმდინარეობამდე, აქვეითებს ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის მაჩვენებლებს (Delphi consensus კვლევის მონაცემები).

– ბატონო კახა, რამდენად მნიშვნელოვანია ერდოსტეინის (ერმუცინი®) გამოყენება ე.წ. პოსტკოვიდურ პერიოდში და არსებობს თუ არა ამ ტიპის რაიმე სახის სამეცნიერო მტკიცებულება?

– მოგეხსენებათ, რომ COVID-19 დაავადება იმითაც გახლავთ უნიკალური, რომ მისი პრევენციის და მართვის შესახებ ცოდნა სრულიად ახალია და არ გამოირჩევა მყარი მტკიცებითი ღირებულებით. მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. პოსტკოვიდური პერიოდის, როგორც სამედიცინო პრობლემის აქტუალობა მასშტაბური და მზარდია, ძალიან მწირია მისი კლინიკური მართვის მტკიცებითი ბაზა. თუმცა არსებობს გარკვეული კვლევები, რომელთა შედეგებითაც შეიძლება ვიმსჯელოთ COVID-19-ის „გრძელი და შხამიანი კუდის“ კონტროლის პერსპექტივებზე.

მაგალითდ შემიძლია მოგიყვანოთ Multidisciplinary Respiratory Medicine-ში (მულტიდისციპლინური რესპირაციული მედიცინა) ახლახან გამოქვეყნებული შრომის (Santus P et al. Changes in quality of life and dyspnea after hospitalization in COVID-19 patients discharged at home) შედეგები, რომლის მიხედვითაც, ერდოსტეინის (ერმუცინი® – 300 მგ დღეში ორჯერ) გამოყენებამ COVID-19 პნევმონიით დაავადებულებში კლინიკიდან გაწერის შემდგომ 15 დღის განმავლობაში სარწმუნოდ შეამცირა მოსვენების/დატვირთვის ქოშინი და გაზარდა პაციენტთა სიცოცხლის ხარისხი.

– თქვენ თვალნათლივ წარმოაჩინეთ COVID-19 დაავადების მართვაში ერდოსტეინის (ერმუცინი®) როლი და პერსპექტივა. ბოლოს, უპრიანი იქნება, მოკლედ შევეხოთ ერდოსტეინის (ერმუცინი®) გამოყენების ოფიციალურ ჩვენებებს და დოზირებას.

ერდოსტეინი (ერმუცინი®) წარმატებით გამოიყენება სასუნთქი გზების მწვავე დაავადებების (რინიტი, სინუსიტი, ლარინგო-ფარინგიტი და მწვავე ბრონქიტი), ქრონიკული ბრონქიტის, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ჭარბი ექსუდაციით მიმდინარე ასთმის, ბრონქოექტაზიური დაავადების და მწეველთა ბრონქიტის დროს.

ანტიბიოტიკებზე ერდოსტეინის (ერმუცინი®) დამატება მნიშვნელოვნად ზრდის ანტიბაქტერიულ ეფექტს და ამცირებს ანტიბიოტიკოთერაპიის ხანგრძლივობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ანტიბიოტიკორეზისტენტობის პრევენციის თვალსაზრისით.

დაბოლოს, ერდოსტეინი (ერმუცინი®) ნაჩვენებია პოსტოპერაციული პერიოდის ზოგიერთი გართულების (პნევმონია, ატელექტაზი) პროფილაქტიკისთვის.

ზრდასრულებში მწვავე პროცესების მართვისას ერდოსტეინის (ერმუცინი®) სტანდარტული დოზა შეადგენს ერთ 300 მგ-იან კაფსულას დღეში 2-3-ჯერ, საშუალოდ ერთი კვირის ან ათი დღის განმავლობაში. ქრონიკული პათოლოგიების ან სპეციფიკური ჩვენებების დროს პრეპარატის მიღების ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.