22 წლის მასწავლებელი მარგარეტ დაიაური შატილის უფანჯრო კოშკში ცხოვრობს

22 წლის მასწავლებელი მარგარეტ დაიაური შატილის უფანჯრო კოშკში ცხოვრობსირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე

22 წლის მარგარეტ დაიაური სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია. წარმოშობით ხევსურეთიდან არის, თუმცა წლების განმავლობაში ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა. აკადემიაში სწავლის პერიოდში უკვე ზუსტად იცოდა, რომ წინაპრების ფუძეს მიუბრუნდებოდა. ასეც მოიქცა, შანსი მიეცა თუ არა, შატილში გადავიდა საცხოვრებლად.

22 წლის მარგარეტი შატილის სკოლაში მოხალისე პედაგოგია, იგი ბავშვებს ხელოვნებას ასწავლის. მთა მისთვის ყველაფერია, განსაკუთრებით კი ზამთარი უყვარს. შატილში ელექტროენერგიის პრობლემაა, რის გამოც ესკიზებს ვეღარ ქმნის, რადგან დაღამების შემდეგ ლამპის შუქზე მუშაობა შეუძლებელია. სჯერა, რომ თავის საყვარელ საქმეს – დიზაინს, აუცილებლად დაუბრუნდება, დღეს კი მისთვის მთავარი ბავშვებთან მუშაობაა.

– მარგარეტ, სხვა ახალგაზრდებისგან განსხვავებით, თქვენ თბილისში ცხოვრებას შატილი არჩიეთ. ეს რამ გადაგაწყვეტინათ?

– ჯერ კიდევ თვეების ვიყავი, როცა ჩემს ოჯახს ხევსურეთში დავყავდი, რადგან საოცრად სუფთა ჰაერი და ზღაპრულად მყუდრო გარემო იყო. ხის სახლი მდინარისპირას იდგა და ყოველ ღამით იავნანას არაგვი მიმღეროდა.

გარდა ამ სახლისა, დედის მშობლებს მეორე სახლიც ჰქონდათ, რომელიც მაღალ მთაში, სოფელ კარწაულთაში იყო და ბაღის ასაკიდან უკვე იქაც ავდიოდი. მის აივანს თითქოს ჯიბეებივით ჰქონდა მიკერებული მერცხლის ბუდეები და ყოველ დილით სახლის მდგმურებივით ისმოდა მათი ხმა. არ ვიცი, ვისზე ან რაზე ლაპარაკობდნენ, იქნებ ღმერთზე, რომელსაც უზმოზე აკითხავდნენ და ჩვენი მთების ამბები მასთან მიჰქონდათ. ცხადია, ჩვენ “ქირას” არ ვახდევინებდით.

არ იყო ტელეფონი, არ იყო ინტერნეტი, არ იყო არანაირი გასართობი საშუალება, მაგრამ იყო საოცრად მასშტაბური, ზღაპრული სივრცე და ყოველდღიური თავგადასავალი. ეს ყველაფერი ჩემთვის ინსპირაციის წყარო აღმოჩნდა. სამხატვრო, საძერწი და საკერავი მასალა სულ თან დამქონდა და იმ დროიდან მოყოლებული ვქმნიდი ესკიზებს სამოსის, სამკაულის, დეკორატიული ნივთების და ა.შ.

ეს ყველაფერი ისეთი შთამბეჭდავი აღმოჩნდა ჩემთვის, რომ გადავწყვიტე, უმაღლესის დასრულების შემდეგ ჩემს კუთხეში დავბრუნებულიყავი და ბავშვებისთვის ხელოვნება მესწავლებინა.

ხევსურეთში სულ ორი სკოლაა. მე შატილი ვარჩიე, რადგან სოფელი მუცო (მიცუ), საიდანაც მე ვარ წარმოშობით, აქედან 13 კილომეტრშია და აქ უფრო ახლოს ვარ ჩემს მიწასთან. თან, მეორე სკოლისგან განსხვავებით, ბავშვების რაოდენობა აქ ძალიან მცირეა, პლუს 7 თვე სრულიად მოწყვეტილია გარე სამყაროს უგზოობის გამო. ამიტომ ვიფიქრე, რომ შატილის ბავშვებს უფრო სჭირდებოდათ ჩემი აქ ყოფნა.

– როგორ მოხვდით შატილის სკოლაში პედაგოგად?

– მეგობარმა გამომიგზავნა ვაკანსია და მეც, მცირე ხელფასის მიუხედავად, ოცნების ახდენით გახარებულმა მაშინვე შევავსე აპლიკაცია და დავრეგისტრირდი. სამწუხაროდ და ჩემდა გასაკვირად, 3 კვირა ველოდი პასუხს და როცა არავინ შემეხმიანა, დახმარება მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორ შალვა კერესელიძეს ვთხოვე. მან მეორე დღესვე შეძლო ის, რომ მე ახლა შატილის სკოლაში ჩემი კუთხის ბავშვებს ვასწავლი.

– პედაგოგობა ახალგაზრდებში არც ისე პოპულარული პროფესიაა.

– პედაგოგობა მეორე პროფესიად მინდოდა, რადგან წარმოუდგენლად სათნო, კეთილშობილი და ძალიან კარგი დაწყებითების მასწავლებელი მყავდა – ხათუნა ყაზიშვილი. მისი ხიბლით მეც გამიჩნდა სურვილი, ბავშვებისთვის საგნებთან ერთად სიყვარული და სიკეთე მესწავლებინა.

– ოჯახში როგორი რეაქცია ჰქონდათ, როცა თქვით, რომ შატილში მიდიოდით?

– თავიდან განიცდიდნენ, რომ ასე შორს და ასეთ პირობებში ვაპირებდი წასვლას, თან დამოუკიდებლად, მაგრამ ხევსურები არიან და კარგად ესმით, რომ ჩვენი კუთხისთვის ამაზე კარგს ვერაფერს გავაკეთებდი. ამიტომ მიიღეს ისე, როგორც უნდა მიეღოთ.

– ყოველდღიურად რა სირთულეებს აწყდებით ხეობაში ცხოვრებისას?

– პირველი რაც მახსენდება, არის ის, რომ არ მაქვს სარეცხი მანქანა, მეორე არის დენის პრობლემა. ელექტროენერგია ნახევარი საათით მოდის და ძალიან ხშირად ითიშება, მობილურის დატენვასაც ძლივს ვასწრებ, მაგრამ მალე ახალი ჰესი გაიხსნება და სინათლის პრობლემაც მოგვარდება. ლამპის შუქზე რთულია თუნდაც ესკიზების ხატვა ან წიგნის კითხვა, თან ჩემს კოშკს ფანჯრები არ აქვს და რა დროც უნდა იყოს, ყოველთვის ღამეა.

– როგორია შატილი ზამთარში?

– ჯადოსნური. მთაში თვალების დახუჭვა არ გჭირდება ზღაპრული და ბრჭყვიალა ოცნებების დასანახად, უბრალოდ ღამით ცაში უნდა აიხედო.

– როგორი დამოკიდებულება აქვთ ბავშვებს ახალგაზრდა პედაგოგის მიმართ?

– საოცრად მეგობრული. პირველივე გაკვეთილიდან ვუთხარი, რომ ისინი არიან თავისუფალი პიროვნებები და მათთვის, პირველ რიგში, მეგობარი ვარ, შემდეგ – მასწავლებელი. სხვანაირად არ მგონია, პედაგოგობა გამოვიდეს.

ადამიანის თავისუფალ აზრს ძალიან დიდ პატივს ვცემ. თან, როცა მთაში მიდიხარ, წარმოუდგენელია, იქაურ ბავშვებს თავისუფლება შეუზღუდო და რაღაც ჩარჩოებში მოაქციო.

– რამდენი მოსწავლე გყავთ?

– მე წელს წამოვედი მასწავლებლად და ჩემი აქ ყოფნის პერიოდში სკოლაში სულ 7 მოსწავლეა. მეორე წელს 2 ამთავრებს და ვინმე თუ არ გადმოვიდა შატილში, სწავლის გაგრძელება 5 ბავშვით მოუწევს შატილს.

– ხევსურეთში წასვლით პირად ცხოვრებასაც ხომ მოწყდით. ამაზე არ ფიქრობთ?

– დიდი გეგმები მაქვს, მთლიანად გადართული ვარ იმაზე, რომ პროფესიულად განვვითარდე, ამიტომ პირადი ცხოვრება უყურადღებოდ მრჩება.

– სასურველი მამაკაცის გამოჩენის შემთხვევაში გათხოვდებოდით მთაში?

– პატივს ვცემ მთაში შექმნილ ოჯახებს, ძალიან მახარებს მსგავსი ფაქტები, მაგრამ მე პირადად ვერ ვიცხოვრებდი, რადგან მთაში არაა ისეთი ცხოვრება და იმდენი რესურსი, რაც მე პროფესიულ დონეზე განმავითარებს და პროფესიულ საქმეში წინ წამწევს.

– თუ გრჩებათ დრო თქვენი საყვარელი საქმისთვის, ხელნაკეთი ნივთებისთვის, დიზაინისთვის?

– რაც შატილში ჩამოვედი, ისეთი გრაფიკით ვარ, ერთი ესკიზიც არ დამიხატავს, რაზეც ძალიან მწყდება გული. თან ადრე ღამდება და ეს კიდევ უფრო მაფერხებს, რომ საღამომდე მაინც შევძლო რამის კეთება ჩემს სფეროში. იმედი მაქვს, დენის მოსვლა ამ ყველაფერს გამოასწორებს.

ვაპირებ ეროვნული სამოსის ხაზის შექმნას, მომავალში მეგობართან ერთად არტ-კაფეს გახსნასაც ვგეგმავ. ასევე მაქვს სამკაულის, აქსესუარების, დეკორატიული ნივთების ესკიზები და ა.შ.

მომწონს ქართული კალიგრაფია და წიგნის ყდის დიზაინზე მუშაობა. ძალიან მინდა კულინარიულზე სწავლა, ასევე – ბრაილის შრიფტისა და ჟესტური ენის სრულყოფილად შესწავლა. ჩემთვის ძალიან საინტერესო ხალხია, ვისაც ეს სჭირდება და გამიხარდება, მათთვის თუ რამე კარგს გავაკეთებ.