სოფიო კვინიკაძე: “ვინც კორეით დაინტერესდება, ჩემსავით განწირულია” – ქუთაისელი გოგონას აზიური თავგადასავალი

სოფიო კვინიკაძე: "ვინც კორეით დაინტერესდება, ჩემსავით განწირულია" - ქუთაისელი გოგონას აზიური თავგადასავალირუსუდან ადვაძე, სარკე

ქართველი გოგონა, სოფიო კვინიკაძე, სამხრეთ კორეაში 2 წლის წინ სასწავლებლად წავიდა. ის ბავშვობიდან ოცნებობდა ამ ქვეყანაში ცხოვრებაზე. მიზნის მისაღწევად დიდი შრომა დასჭირდა – კორეული ენა ისე ისწავლა, რომ საქართველოში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე ყველას აჯობა და ახლა კორეაში უფასოდ სწავლობს.

სოფიო ქუთაისელია. ფეისბუქის გვერდზე 150.000 ქართველი გამომწერი ჰყავს, საიდანაც მათ თითქმის ყოველდღიურად უყვება კორეულ ამბებს. ამ ბლოგებით სოფიო სამშობლოში ძალზე პოპულარულია, თუმცა პოპულარობა არც კორეაში აკლია – იქ ერთ-ერთი გასართობი შოუს მთავარი გმირია. მალე კი შეიძლება უფრო პრესტიჟულ ტელეკომპანიაში დაიწყოს მუშაობა.

– სოფიო, მოგვიყევით, რატომ გინდოდათ კორეაში ცხოვრება, რითი იყო და არის ეს ქვეყანა თქვენთვის მიმზიდველი?

– მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალგანვითარებული ქვეყანაა წამყვანი ეკონომიკით, საუკეთესო საცხოვრებელი პირობებით და სრულიად უსაფრთხო. ღამის 4 საათზე ქუჩაში რომ დაიძინო დოლარებით ხელში, არავინ შეგეხება.

ეს ქვეყანა სკოლის პერიოდში შემიყვარდა. მათ ფილმებს ვუყურებდი, ჩემი საყვარელი მსახიობები მყავდა და ა.შ. გადავწყვიტე, “თავისუფალ უნივერსიტეტში” საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩამებარებინა. ეს ერთადერთი ადგილი იყო, სადაც კორეულს ასწავლიდნენ. მოგეხსენებათ, ამ უნივერსიტეტში მოხვედრა ძალიან რთულია. იმდენი ვინერვიულე, ვიწვალე და ვიტირე, რომ საბოლოოდ მოვეწყე და კორეულის სწავლა დავიწყე.

მეორე კურსზე ვიყავი, კორეულ ენაში სიტყვით გამოსვლის კონკურსი რომ ჩატარდა და მე გავიმარჯვე. დამაჯილდოვეს, ტელეფონი მაჩუქეს.

კორეული ოჯახი გავიცანი. ცოლ-ქმარი საქართველოში ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდა და მათთან დავიწყე მუშაობა – ქალს ქართულს ვასწავლიდი, მათ სახლში დავდიოდი.

მე-3 კურსზე ვიყავი, როცა კვლავ ჩატარდა კონკურსი კავკასიის რეგიონის მასშტაბით. ჟიურიში კორეის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები იყვნენ. ახლა სადაც ვსწავლობ, ჩაონბუკის უნივერსიტეტის კათედრის გამგე თუ ვიცეპრეზიდენტი იყო ჩამოსული. ამ კონკურსშიც მე გავიმარჯვე. დამაფინანსეს და მითხრეს, რომ მიწვევდნენ მათ უნივერსიტეტში.

წასასვლელად ვემზადებოდი, მაგრამ ვხვდებოდი, უნივერსიტეტის დაფინანსება საკმარისი არ იყო იმისთვის, რომ კორეაში მეცხოვრა. ეს ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ქვეყანაა და ხელფასი მჭირდებოდა, რომ მეარსება. უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში საჭმელს კი გაძლევენ, მაგრამ ხომ შეიძლება გაცივდე. გარდა ამისა, გჭირდება პირადი ჰიგიენის ნივთები და ა.შ.

იმ უნივერსიტეტის წარმომადგენელს ვუთხარი, წამოსვლა გამიჭირდება-მეთქი. ისე მოვეწონე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში თარჯიმან-ასისტენტ-სტუდენტად დამასაქმა და იქ 2 წელი ვიმუშავე. პარალელურად ტელეკომპანიებში, სხვადასხვა გადაცემებში დავიწყე მუშაობა. აქცენტი რადგან არ მაქვს, სხვა უცხოელებისგან განსხვავებით, მასაქმებდნენ. კორეელები რომ იგებენ ჩემს ლაპარაკს, უკვირთ, რადგან უცხოელებს ძირითადად უჭირთ უაქცენტოდ საუბარი.

მეკითხებიან, ნაჯვარი ხომ არ ვარ, ანუ ვინმე ხომ არ მირევია კორეელი. ახლა საქართველოშიც დაიწყეს ჩემი მიმსგავსება კორეელებთან და მართლა დავეჭვდი, ვინმე ხომ არ მყავს გენში კორეელი.

ამის გამო დამიმახსოვრა ბევრმა უნივერსიტეტში და თან, დიდთვალება თუ ხარ, გაქვს თეთრი კანი, კორეელებისთვის დიდი რამეა, ენასაც თუ ფლობ… თან, უნივერსიტეტის სარეკლამო ვიდეოში გადამიღეს და ეს ვიდეო რომ ნახეს, სხვადასხვა ტელეკომპანიებიდან მომივიდა შემოთავაზებები. აქ ჰგონიათ, რომ თეთრი ხალხი უფრო სუფთა და ლამაზია, ვიდრე ფერადკანიანი.

– პატარა სახეს აღიქვამენ სილამაზედო, ერთ-ერთ ბლოგში ამბობთ.

– დიახ, პატარა სახე და დიდი თვალები აღიქმება აქ სილამაზედ. რაც უფრო მოწვეტებული ნიკაპი გაქვს, უფრო ლამაზად ითვლები და ა.შ.

– ახლა ტელევიზიაში მუშაობთ?

– დიახ. წელს, ზაფხულში, ნახევარწლიან გადაღებებზე მომივიდა მოწვევა. გასართობი შოუა, კვირაში ერთხელ გადის, მსახიობ-წამყვანი ვარ. მე და ინგლისელი ბიჭი დავდივართ სხვადასხვა სოფლებში და მათ სტუმართმოყვარეობას აღვწერთ. როგორც საქართველოშია, სოფელში რომ ჩახვალ და იტყვი, მშიაო და ყველა რაღაცას მოგაწოდებს, ასეთივე კულტურა აქვთ კორეელებსაც. სტუმართმოყვარეობით ძალიან ვგავართ. ჩავდივართ სოფელში და ვთხოვთ საჭმელს.

მთავარი იდეა ის არის, მოვიპოვებთ თუ ვერა საკვებს. რომ დაგვინახავენ, თან გვყვებიან. გადაცემა კიდევ ერთი თვე გავა ეთერში. პროდიუსერს ძალიან მოვწონვარ და უნდა, სპეციალური სიუჟეტი გავაკეთოთ საქართველოზე. მკითხეს, თანახმა იქნები თუ არა, 1-2 კვირით რომ წავიდეთ საქართველოშიო.

ახლა უფრო გრანდიოზულ შოუსთანაც მაქვს მოლაპარაკებები და ეს თუ გამოვიდა, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება. ისეთი შოუა, კორეის გარეთაც იცნობენ და შემოსავალიც მეტი ახლავს, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ რაიმე ქონება მოვაგროვო და ცხოვრება ავიწყო.

– სად აპირებთ ცხოვრების აწყობას, კორეაში თუ საქართველოში?

– საბოლოოდ ალბათ – საქართველოში. თბილისში სახლი არ მაქვს. ქუთაისში კორეული ენით ვერაფერს გავაკეთებ. ამიტომ დედაქალაქში უნდა გადმოვიდე. ჯერ არსად მეჩქარება, აქ კარგი პირობები მაქვს და კარგ გამოცდილებასაც ვიღებ.

– მოგვიყევით, როგორ ცხოვრობს მანდ ხალხი და როგორი ქვეყანაა.

– მაღალტექნოლოგიური და ყველაზე სწრაფი ქვეყანაა მსოფლიოში. ქუჩაში ყველგანაა მაღალი ხარისხის ინტერნეტი. იმ დღეს ღია კაფეში ვმეცადინეობდი და ჩემმა დამ მომაკითხა. ტელეფონი, კომპიუტერი, საფულე დავტოვეთ მაგიდაზე და 40 წუთით საჭმელად გავედით. არ გეშინია, რომ იქ ვინმე ხელს მოკიდებს შენს ნივთს. ხალხი საოცრად კანონმორჩილია და სხვისი არაფერი აინტერესებს.

ყველგან კამერებია დამონტაჟებული და რამე რომ გააფუჭო, ვერსად გაიპარები. კანონებიც მკაცრია და ეშინიათ. დანაშაულის პროცენტული მაჩვენებელიც უჩვეულოდ დაბალია. რაც აქ ვარ, თვითმკვლელობა გამიგია, მაგრამ მკვლელობა – არა.

აქ საკმარისია, ტელეფონი გქონდეს, რომ იცხოვრო. ტელეფონით ყიდულობ ავტობუსის ბილეთს და სხვა ყველაფერს. აქედან რომ წავალ, სწორედ ეს კომფორტი მომენატრება.

კორეელები ძალიან შრომისმოყვარე ხალხია. დაწყებული ქუჩის მხვეტავიდან დამთავრებული მაღალი პოზიციებით, ყველა თავჩარგული, ფუტკარივით აკეთებს თავის საქმეს და ერთმანეთსაც პატივს სცემენ. აქ, პრეზიდენტის გარდა, სხვა პოლიტიკოსის გვარს ვერ დაგისახელებენ. არ აინტერესებთ პოლიტიკა, განსაკუთრებით – ახალგაზრდებს.

– საქართველოს შესახებ თუ იციან ან თქვენ რას ყვებით სამშობლოზე?

– საქართველოზე ბევრი არაფერი იციან. აქ ყველას კარგი ანაზღაურება აქვს და შეუძლიათ, ნებისმიერ არდადეგებზე იმოგზაურონ სხვა ქვეყანაში. მთელი ევროპა მოვლილი აქვთ და საინტერესო ქვეყნებს ეძებენ. სწორედ საქართველო აღმოჩნდა მათთვის ახალი წერტილი. უკვე ბევრი მოდის საქართველოში. სიუჟეტებიც მომზადდა საქართველოზე და უფრო და უფრო იჩენენ ინტერესს.

მეც 6 თვე ვიყავი ეკრანზე და მეუბნებიან, რაც თქვენ გნახეთ, მოვძებნეთ საქართველო და რა ლამაზი ყოფილაო. აქ ამბობენ, რომ საქართველო არაგანვითარებული შვეიცარიააო. შვეიცარია უყვართ თავისი მთებითა და ხედებით.

საქართველოს ძველი სახელით უფრო იცნობენ და გრუჯიად მოიხსენიებენ. ყველას ვუხსნი, რუსეთთან რომ ცუდი ურთიერთობა გვაქვს. რუსეთის პროვინცია ვგონივართ. ერთმა მოხუცმა გრუჯიად მოიხსენია საქართველო და თქვა, რუსეთიაო. ჩემი პროდიუსერი გაუბრაზდა, ისეთივე რუსეთია, როგორიც შენ ხარ იაპონელიო. ზუსტად იგივე ამბავი აკავშირებთ იაპონიას და კორეას ერთმანეთთან. ვუთხარი, როგორც თქვენ გაწვალებდათ იაპონია მთელი ისტორიის მანძილზე, ისეა რუსეთი ჩვენთვის, თქვენ რომ იაპონელი დაგიძახონ, ხომ გეწყინებათ და ჩვენც ასევე გვწყინს-მეთქი.

– ბევრი ქართველი ცხოვრობს კორეაში?

– ალბათ 35 ქართველი თუ ვიქნებით. საქართველოს საელჩოში ძალიან კარგი ქართველები არიან, კარგი ელჩიც გვყავს. ჩვენი საელჩო სეულშია. ღონისძიებებსა თუ დღესასწაულებს ერთად აღნიშნავენ, მაგრამ მე ვერ მივდივარ ასეთ შეკრებებზე, რადგან სხვა ქალაქში ვარ, დედაქალაქიდან 2 საათის სავალზე. ეს დიდი საუნივერსიტეტო დასახლებაა.

საელჩო დამეხმარა და აქაური ერთ-ერთი დიდი კომპანია სტიპენდიას მიხდიდა 2 წლის განმავლობაში, რომ საცხოვრებლის და სხვა ხარჯები დამეფარა.

– სხვა ქართველები რას საქმიანობენ?

– 20-მდე სტუდენტია. რამდენიმე ადამიანი ვიცი, რომლებიც საელჩოში მუშაობენ, ზოგი თარჯიმანია, ზოგი კლინიკაში მუშაობს.

აქ ფიზიკურ სამუშაოს, დამლაგებლის ადგილს ვერ იშოვი. ასეთი ადგილები უცხოელებისთვის ღია არ არის. ხშირად მწერენ ქართველი ქალები, რომ ჩამოვიდე, მომვლელის სამსახურს ხომ ვერ ვიშოვიო. ახლა დედაჩემი მოხუც ქალს უვლის იტალიაში. კორეაში რომ მსგავსი სამსახური იყოს, დედას ჩამოვიყვანდი, მაგრამ ეს წარმოუდგენელია. ვიზას ვერ აიღებენ და აქ საბუთის გარეშე ყოფნა თვითმკვლელობას ნიშნავს.

– თქვენ ხომ კორეაში დასთან ერთად ცხოვრობთ. მისი წაყვანა როგორღა მოახერხეთ?

– ქუთაისში, სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა, მაგრამ არ მოსწონდა იქ სწავლა. 1 წელია, რაც აქ მყავს და ჯერ ენის კურსებზე სწავლობს. მომავალ ზაფხულს უნივერსიტეტში უნდა ჩააბაროს. ახლა სუშის სახლშიც მუშაობს. მთელი დღე გაკვეთილები აქვს და გვიან, საღამოს 5-6 საათიდან 10-11-მდე მუშაობს.

– როგორ პირობებში ცხოვრობთ, როგორია თქვენი ცხოვრების წესი და სტილი?

– ერთოთახიანი ბინა გვაქვს ნაქირავები. გვიან მოვდივართ სახლში და ძილის წინ ვნახულობთ ერთმანეთს. ვვარჯიშობ. კვირას მეგობრებთან ერთად მივდივართ კაფესა თუ ბარში, რომ ერთად ვიკისკისოთ და გავერთოთ.

– თაყვანისმცემლებიც გყავთ?

– როგორ არ გვყავს – კორეელებიც და უცხოელებიც. ეს თვალებბრიალა გოგოები ვის არ მოვეწონებით?! შეყვარებული არ მყავს.

– ფოტოებში ისე ხართ გამოწყობილი, კორეელს ჰგავხართ.

– აუცილებელი არ არის, მაგრამ რამდენიმე ისეთი წესი აქვთ ჩაცმის, შენდაუნებურად უნდა მისდიო, თუ გინდა, ამ გარემოში დისკომფოტი არ შეგექმნას. მაგალითად, დეკოლტეები არ უყვართ, იღლია არ უნდა გიჩანდეს. ეს ყველა დაწესებულებაში არაეთიკურად მიიჩნევა. მოკლე კაბაზე უფრო არ აქვთ პრობლემა, ვიდრე სხეულის ზედა ნაწილის, მკერდის გაშიშვლებაზე.

სხეულის ისეთი ფორმები მაქვს, საქართველოშიც მიჭირდა შესაფერისი ტანსაცმლის შერჩევა და აქ უფრო მიჭირს. აქ უყვართ ფერადი, ნაზი ტანსაცმელი, მუქი ტყავის სამოსი… სულ ფერადი, ფაშფაშა ზედტანები იყიდება.

– ფაშფაშა კაბები თქვენც გაცვიათ ფოტოებში.

– ეს სპეციალური კოსტიუმებია, რომლებიც იაპონური ოკუპაციის ერაში ეცვათ კორეელებს – გრძელი, მორთულ-მოკაზმული კაბებია. არის ძველი ტრადიციული სოფელი, სადაც შეიძლება იქირაო ძველი სამოსი. 15-20 დოლარი ღირს. დასეირნობენ ამ ტრადიციულ სამოსში ძველ სახლებთან, სასახლეებთან და იღებენ ფოტოებს. ეს ამათთვის გასართობი საშუალებაა. ჩვენც ასე ვერთობით.

– როგორია მათი სამზარეულო?

– ცხარე საჭმელები ძალიან უყვართ. ჰგონიათ, მსოფლიოში ყველაზე ცხარე საჭმელებს თვითონ ჭამენ. სამეგრელოში უნდა ჩამოვიყვანო რამდენიმე კორეელი და ვაჩვენო, რა არის რეალურად ცხარე საჭმელი! წვნიანი უყვართ, ხორციც.

ხორცი აქ ძალიან ძვირი ღირს და ფუფუნებად ითვლება. დიდ ყურადღებას აქცევენ ჯანსაღ პროდუქტებს, რომლებიც ძალიან ძვირია. ქათამს ისეთ გემრიელ სოუსებში აკეთებენ, საქართველოში რომ ჩამოვალ, ალბათ ყველაზე მეტად ეგ მომენატრება. პურის მაგივრად ბრინჯს ჭამენ. ისეა შეკრული, პურს ჰგავს.

– ქართული კერძებიდან რა გენატრებათ?

– ქართულად გაკეთებული ლობიო, საცივი მენატრებოდა და ყველაფრის გაკეთება ვისწავლე. ჩემმა დამ დააგემოვნა და ლამის იტირა სიხარულისგან – ისეთი გემრიელია, ბებიას გაკეთებულს ჰგავსო. საქართველოდან სუნელები გამოვაგზავნინე ბებიას. ლობიანი და ხაჭაპური ძალიან გვენატრება და რომ შევჭამ, ალბათ ვცხონდები კიდეც.

– რამ დაგაწყებინათ ბლოგების წერა, რამაც ასეთი პოპულარული გაგხადათ?

– ეს პოპულარობისთვის არ გამიკეთებია და ვერც წარმომედგინა, თუ ასეთ ამბავს გამოვიწვევდი. კორეულ კულტურაში თუ ჩაიძირები, მოიწამლები. ასე მოვიწამლე მეც და ვიცი, ვინც კორეით დაინტერესდება, ჩემსავით განწირულია.

ბევრი მწერდა და გადავწყვიტე, ვიდეო ჩამეწერა. დაინტერესებული ვიყავი, რომ ჩემი კორეაში ყოფნის ყოველი წუთი დამეფიქსირებინა და ყველაფერს ვიღებდი, რომ დღიურივით მქონოდა. უცებ კი ჩემს გვერდს ხალხი შემოესია და 2-3 კვირაში 5 ათასი ხელმომწერი რომ გამომიჩნდა, გაშტერებული ვიყავი, რა ხდება-მეთქი. 10 ათასზე რომ ავიდა, უკვე შემეშინდა, ამ ხალხს რა უნდა-მეთქი. ახლა 150.000 გამომწერი მყავს.