ფეხბურთელმა მამია გავაშელიშვილმა სიმსივნე დაამარცხა – “არ მქონდა პასუხი, კიდევ რამდენ ხანს ვიცოცხლებდი”

ფეხბურთელმა მამია გავაშელიშვილმა სიმსივნე დაამარცხა - "არ მქონდა პასუხი, კიდევ რამდენ ხანს ვიცოცხლებდი"ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე

საფეხბურთო კლუბ “თბილისის ლოკომოტივის” ფეხბურთელს, მამია გავაშელიშვილს, დაახლოებით ერთი წლის წინ რთული პერიოდი დაუდგა – მოულოდნელად დასმულმა დიაგნოზმა მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. ახალგაზრდა ფეხბურთელის არამარტო კარიერა, არამედ მისი სიცოცხლე აღმოჩნდა სასწორზე. მას სიმსივნე აღმოაჩნდა. მძიმე სენთან საბრძოლველად 24 წლის ფეხბურთელს 9 თვიანი უმძიმესი სარეაბილიტაციო კურსი დასჭირდა. ახალგაზრდა სპორტსმენი ამბობს, რომ ფეხბურთში დაბრუნების უდიდესმა სურვილმა და ოჯახის თანადგომამ გააძლიერა და დიდი სტიმული მისცა.

როცა დაავადების შესახებ შეიტყო, მისი შვილი 2 თვის იყო. ჩვილთან ურთიერთობა მწარე რეალობიდან ყურადღების გადატანაში ეხმარებოდა. ფეხბურთელი მსგავსი განსაცდელის წინაშე მდგარ ადამიანებს რწმენაში გაძლიერებას ურჩევს, რადგან სულიერი სიძლიერე მთავარია ამ დაავადებასთან ბრძოლაში.

მამია 2018 წელს “ლოკომოტივის” საუკეთესო ბომბარდირად დაასახელეს. საბედნიეროდ, ის მოედანს დაუბრუნდა, ვარჯიში დაიწყო და რაზეც ახლა გვიამბობს, უკვე წარსულში დატოვა.

– მამია, როგორ შეიტყვეთ, რომ ავთვისებიანი სიმსივნე გქონდათ?

– არაფერს შევუწუხებივარ. თიაქარი აღმომაჩნდა და ოპერაცია უნდა გამეკეთებინა საზარდულზე. იოლი ოპერაცია იყო და ერთ თვეში ვარჯიში უნდა გამეგრძელებინა. ქართველმა ექიმებმა სიმსივნური წანაზარდი აღმოაჩინეს. საქართველოში ზუსტი პასუხი მაინც ვერ მითხრეს და თურქეთში წავედი გამოკვლევებზე.

– ანუ საქართველოში ბოლომდე დარწმუნებით ვერ გითხრეს, იყო თუ არა ეს ავთვისებიანი სიმსივნე?

– ზუსტ პასუხს ვერ მეუბნებოდნენ. “ლოკომოტივის” პრეზიდენტ ლექსო თოფურიას დახმარებით წავედი თურქეთში, რომ გამომეკვლია, რა მჭირდა. თურქმა მედიკოსებმა დაასკვნეს, რომ ეს იყო ავთვისებიანი სიმსივნე და მჭირდებოდა სასწრაფო და ხანგრძლივი მკურნალობა. წანაზარდი მენჯში, მუცლის ღრუში იყო.

– როგორი რეაქცია გქონდათ, როდესაც ამ დიაგნოზის შესახებ შეიტყვეთ?

– შოკში ვიყავი, ეს რომ გავიგე. ამის გადატანა ძალიან გამიჭირდა. საშინელ დღეში ჩავვარდი, როცა გავაცნობიერე, რომ მომიწევდა, ფეხბურთს ჩამოვშორებოდი. არ ვიცოდი, გავაგრძელებდი თუ არა ჩემს საყვარელ საქმეს. ასევე არ მქონდა პასუხი, კიდევ რამდენ ხანს ვიცოცხლებდი. ექიმებთან ხანგრძლივი ვიზიტის შემდეგ ცოტა დავწყნარდი, რადგან მარწმუნებდნენ, რომ შეიძლებოდა ყველაფრის გადალახვა. სტამბულში მკურნალობა 9 თვე გაგრძელდა.

– არამარტო თქვენთვის, ცოლისთვისაც მძიმე მოსასმენი იქნებოდა ეს ყველაფერი.

– მეუღლე ძალიან განიცდიდა, ყველაფერი ჩემთან ერთად გადაიტანა. ყოველ ტკივილს ალბათ ჩემზე მეტად, ორმაგად განიცდიდა. ერთი წუთითაც არ დავუტოვებივარ მარტო და სულ ჩემ გვერდით იყო. ასევე ჩემმა შვილმა გადამატანინა ყურადღება. როცა ეს შემზარავი ამბავი გავიგე, 2 თვის იყო, ახლა უკვე ერთი წლისაა. ჩემთან იყვნენ და მეხმარებოდნენ ამ ყველაფრის გადალახვაში. მათ გარეშე ალბათ ამას ვერ გავუძლებდი.

– დაავადებასთან საბრძოლველად პირველივე დღეებიდან მედგრად იდექით თუ გქონდათ დეპრესიული დღეები?

– დეპრესიული პერიოდი მქონდა. როცა მითხრეს, მკურნალობა დამჭირდებოდა და ფეხბურთს დროებით უნდა ჩამოვშორებოდი, ჩემთვის ძალიან რთული აღმოჩნდა. მთელი ჩემი ცხოვრება ფეხბურთთან არის დაკავშირებული და ამის გააზრება გამიჭირდა, თუმცა მეგობრები, უცნობი ადამიანები გვერდით მედგნენ და ამ ყველაფრის გადატანაში მეხმარებოდნენ.

– თურქეთში მკურნალობა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. როგორ შეძელით საჭირო თანხის თავმოყრა?

– სადაც შემეძლება, ყველგან ვიტყვი: დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდით დამიდგა როგორც ფინანსურად, ასევე მორალურად. უცხო ადამიანები მირეკავდნენ, მამხნევებდნენ, სხვადასხვა საფეხბურთო კლუბები, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, ფედერაცია… მათი გვერდით დგომა ჩემთვის იყო ენით აუწერელი სტიმული. ჩემი ფეხბურთელები ყოველდღე მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, მალე დაგვიბრუნდი, ჩვენ გვჭირდებიო. ეს ყველაფერი დიდ ენერგიას მაძლევდა.

– ბოლომდე დაამარცხეთ ავთვისებიანი სიმსივნე?

– ჩამოვფრინდი სტამბულიდან და საბოლოო პასუხი იყო, რომ ორგანიზმში აღარანაირი დაავადება აღარ არის და შემიძლია ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდე.

– რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა ებრძვიან ამ ვერაგ დაავადებას?

– მინდა, მათ ვუთხრა, რომ ყოველთვის შესაძლებელია ნებისმიერი დაავადების დამარცხება. აუცილებელია, ჰქონდეთ იმის რწმენა, რომ ვერაგ დაავადებასთან ბრძოლაში გაიმარჯვებენ. ყოველდღიური ბრძოლა, სიმამაცე, რწმენა და იმედი – ეს ყველაფერი ნებისმიერი წინააღმდეგობის და ბარიერის გადალახვაში დაგეხმარებათ.

– როდის დაუბრუნდებით მოედანს და ბურთს?

– იანვრიდან 100%-ით შემეძლება გუნდთან ერთად ვარჯიშის გაგრძელება. ახლა ორმაგად მოტივირებული და გაძლიერებული ვარ.