მამა ილია კავსაძე: “ამ სიყვარულს ვერ დავკარგავდი და ოჯახი დავანგრიე” – არქიმანდრიტის ორი ცხოვრება

მამა ილია კავსაძე: "ამ სიყვარულს ვერ დავკარგავდი და ოჯახი დავანგრიე" - არქიმანდრიტის ორი ცხოვრებარაიკომის მდივანი, შს მინისტრის მოადგილე, ცკ-ის განყოფილების გამგე, პარლამენტის წევრი, ვიცეპრემიერი, ინფრასტრუქტურის მინისტრი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მთავარი სახელმწიფო არბიტრი, გენერალი – ეს არასრული ჩამონათვალია იმ თანამდებობებისა და წოდებებისა, რომლებზეც წარსულში, საერო ცხოვრებაში მუშაობდა ალექსანდრე (სანდრო) კავსაძე, ამჟამად ბერი ილია.

ის ახლა უკვე არქიმანდრიტი გახლავთ და მცხეთაში, სვეტიცხოველში, კელიაში ცხოვრობს. პროფესიით იურისტი, რომელიც მუდამ კარიერულ წინსვლაში იყო, ტაძრამდე დიდმა სიყვარულმა მიიყვანა. საყვარელი ქალის გარდაცვალების შემდეგ კი ბერად შედგა. მონასტერში ყოფნა მისთვის ერთადერთი გზა გამოდგა, რომ იმქვეყნად გადასულ თავის მეორე ნახევართან მუდმივი კავშირი ჰქონდეს.

ერისკაცობაში მამა ილიას ცოლი, გულიკო დვალი, სანას ეძახდა. ამ სიყვარულზე თავის დროზე ლეგენდები დადიოდა. სანდრო კავსაძეს მაშინ პირველი ცოლისა და 3 შვილის მიტოვება მოუხდა, რაც მაშინდელი თანამდებობის პირისთვის ფაქტობრივად კარიერის დასასრულს ნიშნავდა. სიყვარულმა, რომელსაც მამა ილია ერთსულ და ერთხორცად ყოფნას უწოდებს, ყველა შემოტევას გაუძლო და სანდრომ და გულიკომ მრავალი ბედნიერი წელი განვლეს ერთად. 2009 წელს კი გულიკო დვალის სიცოცხლე შეწყდა.

ბერად შემდგარი ყოფილი ჩინოსანი სვეტიცხოველში ახლა გამორჩეული მოძღვარია, რომელსაც დიდი მრევლი ჰყავს.

მამა ილია “სარკეს” თავის უსაზღვრო სიყვარულზე, საკუთარი შვილის უცნაურ ისტორიასა და ამჟამინდელ ცხოვრებაზე მოუყვა.

მამა ილია: უამრავ თანამდებობაზე მიმუშავია. თავის დროზე სახალხო დამცველის ინსტიტუტიც მე შევქმენი და კანონიც მე შევადგინე. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი. 4 წელი ვფიქრობდით, როგორ გაგვეკეთებინა ეს ორგანიზაცია. “ომბუდსმენი” არ მომწონდა, შვედური სიტყვა იყო. რომის სამართალში შემხვდა ადამიანის უფლებათა დამცველი და ქართულადაც კარგად ჩაჯდა.

პრივატიზაციის მინისტრი ვიყავი და მთხოვეს, ცხინვალის პრობლემაზე მემუშავა. მაშინ შევარდნაძეს ვუთხარი, თუ გინდათ, ცხინვალზე გადავერთო, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში უნდა ვიმუშაო-მეთქი.

ყოფილ სსრკ-ში სახალხო დამცველის აპარატის შემოღება პირველი იყო. თავიდან ვფიქრობდით, სახალხო დამცველს დიდი უფლებები ჰქონოდა, საქმე აღეძრა და ა.შ., მაგრამ მერე გადავიფიქრეთ.

ყველაფერი მოვიარე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისართან, მარი რუბინსონთანაც, ვიყავი, ავსტრალიის ადამიანთა უფლებების დაცვის ხელმძღვანელს შევხვდი და ა.შ. ჩემი შედგენილი კანონი ყველას მოსწონდა. მერე ჩემს მეუღლეს ვუთხარი, ახლა შენ მომისმინე და შენს შენიშვნებსაც მივიღებ-მეთქი. ჩემი მეუღლე პოეტი გახლდათ. მოისმინა ცალკეული პუნქტების მიხედვით და რამდენიმე საინტერესო შენიშვნა მომცა – ფილოლოგიურიც, სამართლებრივიც – მისი გაგების შესაბამისად.

ყველაფერი რომ დავამთავრე, უცებ მითხრა, სანა, რატომ გიწერია, რომ სახალხო დამცველს უფლება აქვს, სისხლის სამართლის საქმე აღძრას და პასუხისგებაში მისცეს, ამ 5 კაცით პროკურატურას ან შსს-ს აჯობებ, თან, შენ რომ აღძრავ საქმეს, შენ ხომ არ გამოიძიებო. ანუ დაადანაშაულე ადამიანი რაღაცაში და ამ დროს პროკურატურამ გაამართლა, გამოდის, რომ სახალხო დამცველმა დაარღვია ადამიანის უფლებები. შენ რეკომენდაცია მიეცი და თვითონ განიხილავენ თუ არ განიხილავენ, პასუხი მერე მოსთხოვეო.

– დაუჯერეთ მეუღლეს?

– დიახ და ყველას შეფასებით, ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო კანონი. ვიცოდი, მისი შენიშვნები შეიძლებოდა არაპროფესიონალური ყოფილიყო, მაგრამ აუცილებლად ისეთი იქნებოდა, რომელიც მისთვის იყო საჭირო, ანუ ჩემთვის. ჩვენ ხომ ერთსისხლ და ერთხორც ვიყავით.

– მამა ილია, მუდამ მაღალ თანამდებობებზე მუშაობდით. რას მიჰყავს ადამიანი ღვთის მსახურებამდე – ტკივილს, ცოდვების განცდას?.. ცოლის გარდაცვალებამ წაიყვანა მონასტერშიო, თქვენზე ამბობენ.

– ჩვენ, ყველანი, მორწმუნეები ვართ, ასეთებად ვიბადებით. ისეთი ტომიც კი არ არის დედამიწის ზურგზე, რაღაცის რომ არ სწამდეს. მერე მთავარია, რა განათლებას იღებს, როგორი მიმართულებით ვითარდება და ა.შ. ვერ გეტყვით, რომ ძალიან ათეისტი ვიყავი, რაღაცის მეც მწამდა. მაშინ ვიღაც თეფშს ატრიალებდა, ვიღაც ყავაზე მკითხაობდა, ვიღაც სიზმარს გიყვებოდა… რაღაცას ეძებდნენ, მაგრამ ჩამოყალიბებული რწმენა არავის ჰქონდა.

ეკლესიაში მეუღლემ მიმიყვანა. ჭკვიანი ქალი იყო და კი არ დაუძალებია ჩემთვის, რადგან მე ვლოცულობ, შენც წამოდიო… კვირასაც სამსახურში ვიყავი და სად მეცალა! ახლა ჩემთან რომ დადიან თანამდებობის პირები, ვეუბნები, რომ მცოდნოდა, ეკლესიაში რა მადლი ტრიალებდა, კვირაობით არ ვიმუშავებდი-მეთქი. ვგრძნობდი, ამით თვითონ სიკეთეს იღებდა და მისგანაც სიკეთე გამოდიოდა. მისი ღვთისმოსაობა მომწონდა, დამოკიდებულება ამ ყველაფრისადმი. მერე ერთადაც ხშირად დავდიოდით ეკლესიაში, პატარა სამებაში.

ჩემი მოძღვარი იყო არჩილ მინდიაშვილი, რომელიც მერე ზვიად გამსახურდიამ გორში გამოაგზავნა, სადაც დეპუტატად ვიყრიდი კენჭს. იქ რაიკომის მდივანი ვიყავი და ზვიადს ჩემი დამარცხება უნდოდა. ზვიადს დიდი ხნით ადრე ვიცნობდი და პატივს ვცემდით ერთმანეთს. მერე ჩემ მიმართ რაღაცამ გააღიზიანა. თვითონ უნდოდა, გორში ეყარა კენჭი. დავურეკე და ვუთხარი, ზვიად, გორში ჩემთან ახლა სტალინი წააგებს და არ გინდა ჩემთან დაპირისპირება-მეთქი. მაშინ ნორმალურად ვისაუბრეთ. თვითონ მართლაც აღარ იყარა კენჭი და მამა არჩილი გამოუშვა.

მამა არჩილი გადასარევი მოძღვარია და დღემდე დიდ პატივს ვცემ, ბევრი რამე ვისწავლე მისგან. გორელია, ტყვიაველი. საბოლოოდ იმ არჩევნებში მე გავიმარჯვე. ორი დღით ადრე სიზმარი ვნახე, რომ თითქოს მამა არჩილმა მომიტანა კრებული – სსრკ-ის კანონები. ვუთხარი კიდეც, ასეთი სიზმარი ვნახე და ალბათ წააგებ-მეთქი…

ჩემი მეუღლე 2009 წელს გარდაიცვალა. ჩემი და გულიკოს ურთიერთობა ყველასთვის ცნობილი იყო. ჩვენ ერთმანეთის ნაწილები ვიყავით და შევხვდით ერთმანეთს. ეს ჩვეულებრივი ცოლქმრობა არ იყო. ერთსულ და ერთხორც არიანო, რომ ამბობენ, ზუსტად ასე იყო.

მისი გარდაცვალების პირველ წელს ძალიან გამიჭირდა. მის საფლავზე დღეში ორჯერ მივდიოდი. ერთ დღესაც ჩემი ყოფილი კომკავშირული კოლეგა შემხვდა, რომელიც მამა ელისე გამხდარიყო და თბილისში, ხილიანის ქუჩაზე მდებარე ეკლესიის წინამძღვარი იყო. მითხრა, მაინც ბერივით ცხოვრობ სახლში და წამოდი ჩვენთან მორჩილად, ნახე მონასტრის ცხოვრებაო.

მართლაც მივედი ხილიანის ქუჩაზე და შემოსილი მორჩილი ვიყავი – იქ ვცხოვრობდი. მერე მარტყოფში გადამიყვანეს. იქ აღვიკვეცე ბერად. მარტყოფის მონასტრის წინამძღვარი მამა ბენიამინი იყო. იქ რომ მივედი, ვუთხარი, რომ იცოდეთ, ყოველ კვირას ვივლი სასაფლაოზე და ეს უხერხულობას ხომ არ შეგიქმნით-მეთქი. ძალიან ჭკვიანი კაცია, ნამდვილი ღვთისკაცი. მითხრა, თუ გინდა, ყოველდღე იარეო. ერთი კვირის შემდეგ საფლავზე წასვლა აღარ მინდოდა.

– რა მოხდა, რამ შეგცვალათ?

– სულ მასთან ვიყავი და სადღა წავიდოდი?! ლოცვამ, მონასტრის ცხოვრებამ იქამდე მიმიყვანა, რომ ვიგრძენი, სულ ჩემთან იყო. ყოველდღე ვესაუბრები და ამით შევსებული ვარ.

წმინდა ავგუსტინეს აქვს წერილი, სადაც წერია, რას ნიშნავს იქითა და აქეთა მხარეს ყოფნა. ფარდა გვყოფს. ის გვხედავს და ჩვენგან დახმარება უნდა. ეს განწყობა უნდა შეიგრძნო. თუ გწამს, მიხვალ აქამდე, თუ არ გწამს, ვერ მიხვალ. ქრისტე სახარებაში არსად ამბობს, მე განგკურნე, მე დაგეხმარეო, არამედ – შენი რწმენის შესაბამისად მოგეცაო.

– ცნობილია, რომ ამ სიყვარულისთვის დაანგრიეთ ოჯახი.

– მაშინ ერთადერთი საფიქრალი ის იყო, რომ შვილები მყავდა – ორი გოგო და ერთი ბიჭი. ამ სიყვარულს ვერ დავკარგავდი, რადგან ჩემი ნაწილი ვნახე. ხელი რომ გაკლდეს და ის ნახო, ხომ ვერ დატოვებ?! ტყუილში ცხოვრება გამომივიდოდა. შვილებიც უნდა მომეტყუებინა, ცოლიც და ეს არ შემეძლო.

მაშინ ცკ-ის განყოფილების გამგე ვიყავი და იქიდან გამომიშვეს ოჯახის დანგრევის გამო, მაგრამ ბოლომდე არ შემელიენ და მთავარ სახელმწიფო არბიტრად დამნიშნეს. მეუბნებოდნენ, ყველა კაცი ასე არაა, საყვარელიც ჰყავს, ოჯახიცო. ვუთხარი, ასე არ შემიძლია-მეთქი.

– მასაც თქვენსავით გაუჭირდა ოჯახის მიტოვება?

– გულიკო მაშინ უკვე ქვრივი იყო. ერთი ბიჭი ჰყავდა და, რა თქმა უნდა, მასთან გაუჭირდა, რადგან ბიჭთან ყოველთვის ძნელია ასეთი ამბავი. ახლა ცნობილი რეჟისორია ის ბიჭი – დავით ანდღულაძე. “გრაალის მცველი” მან გააკეთა. ძალიან კარგი ბიჭია.

– თქვენმა შვილებმა როგორ მიიღეს ეს ამბავი?

– გოგონები დიდები იყვნენ, მაგრამ ჩემს ბიჭთან კი ვარ დამნაშავე, რომელიც მაშინ 8 წლის იყო. ღამე გვიან, პირველზე, 2-ის ნახევარზე მივდიოდი ხოლმე სახლში და არ იძინებდა, მე მელოდებოდა, რომ “ვეფხისტყაოსნიდან” ჩაებარებიანა ჩემთვის ერთი თუ ორი სტროფი. “ვეფხისტყაოსანს” ზეპირად ვასწავლიდი.

ვიცი, ძალიან მძიმე განცდები ჰქონდა ჩვენს შვილს ამ ამბის გამო, მაგრამ არც მე და არც ქალი არაფერ შუაში ვიყავით. შევხვდით ადამიანები, რომლებიც ერთმანეთისთვის არ ვიყავით. ეს იყო და ეს. მერე არავითარი ურთიერთობა აღარ გვქონდა ერთმანეთთან, თუმცა, რაც შვილებს სჭირდებოდათ, ყველაფერს ვაკეთებდი. ჩემი ცოდვა ის იყო, რომ თავის დროზე არასწორად შევუღლდი.

არავინ იცის, როდის შეხვდება თავის ნაწილს. ის ჩემი შექმნილი არ იყო და არც მიძებნია. შეიძლება გახვიდეთ, დაინახოთ ადამიანი და მიხვდეთ, რომ ისაა თქვენი ნაწილი. ერთმანეთს არც კი დაელაპარაკებით იმაზე, ღირს თუ არა ამის გამო ყველაფრის მიტოვება.

– თქვენმა ვაჟმაც საინტერესო და უცნაური გზა გაიარა – ჯერ ბერად შედგა, მერე გაიხადა ანაფორა და ოჯახი შექმნა…

– დიახ, მისი ამბავიც საინტერესოა. მითხრა, ბერად უნდა აღვიკვეცოო. ვუთხარი, რა დროს შენი ბერობაა-მეთქი. ჯერ სამართალმცოდნეობა დაამთავრა და სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობდა. მერე სასულიერო სემინარია და აკადემია დაამთავრა. მაშინ 22 წლის იყო. ბერად შედგომისთვის ჩემგან უნდა მიეღო თანხმობა. მითხრა, დედაჩემი წინააღმდეგიაო. ოჯახი რომ გვქონდა დანგრეული, ვფიქრობდი, დედას შეიძლება ეფიქრა, ფეხებზე ჰკიდია შვილი და ამიტომ მისცა უფლებაო.

2 კვირის მერე კიდევ მოვიდა და მითხრა, უწმინდესი წინააღმდეგია, ბერად აღვიკვეცო, შენი კურთხევა თუ არ იქნებაო. გულიკომაც მითხრა, ამ სიტუაციის მეშინიაო. შვილს ვუთხარი, უფლებას მოგცემ, რადგან ამ კურთხევით ყოველდღიური გადაცდომებისგან დაგიფარავ-მეთქი. ვგულისხმობდი ქალებთან ურთიერთობას, ვიღაცებთან არასწორ დამოკიდებულებას…

თავისუფლად რომ ცხოვრობ, თავისუფალ გადაწყვეტილებებსაც იღებ და ბერად რომ წახვალ, იქ ჩარჩოებში ხარ და სწორი გზით მიდიხარ, მაგრამ მასთან მივიდა ის, რაც ჩემთან იყო. ეს სიყვარული აღარაფერს უყურებს და ანგრევს ყველაფერს. უფალიც არ მიდის ამის წინააღმდეგ, რადგან ღვთის სავალ გზაზე ეს არის პირველი ნაბიჯი – ნახე შენი ნაწილი და მასთან ერთად იარეო, ესე იგი სიყვარული ნახე დედამიწაზე და მასთან ერთად იარეო. სიყვარულთან ერთად უნდა იარო და მერე მიხვალ უფალთან.

მაშინ ვუთხარი, ამ კურთხევით აქაურ განსაცდელებს აგაცილებ, მაგრამ ის თუ შეგხვდა, ოჯახსაც შექმნი-მეთქი. გაეცინა… ნიჭიერი კაცია და დაწინაურდა – არქიმანდრიტი გახდა. აშშ-ში, ლოს ანჯელესში გააგზავნეს და იქ გააკეთა ქართული ეკლესია. ერთ დღეს კი სარძლომ მითხრა, ასეთი რამ დაგვემართაო.

– თვითონ ვერ გაბედა თქმა?

– გაბედვაზე არ არის, საქართველოში არ იყო. სარძლო კი მოვიდა ჩემთან. ისიც მონაზონი იყო. საოცრად კარგი გოგოა, ძალიან საყვარელი. ექიმია პროფესიით. ფერისცვალების ტაძარში სამედიცინო ნაწილში მუშაობდა, დედა ნინო იყო.

– როგორც ვიცი, ძალიან მძიმე ცოდვად ითვლება, როცა ბერი ან მონაზონი იხდის სამოსს და ოჯახს ქმნის.

– დიახ, ძალიან მძიმე ცოდვაა ორივესთვის, მაგრამ ის უფრო დიდი ცოდვა იქნებოდა, ბავშვი რომ მოეკლათ ან ეს გოგო მიეტოვებინა. ახლა სამი შვილი ჰყავთ – ორი გოგო და ერთი ბიჭი.

– მსგავსი ამბავი არც მსმენია. ხშირად ხდება ასეთი რამ?

– გამიგონია ასეთი ამბავი, მაგრამ მალავენ. ასე ღიად არავის ამბავი ვრცელდება. ახლა ეკლესიურად ცხოვრობენ, მაგრამ მსახურება შეჩერებული აქვთ. არც ეზიარებოდნენ. ახლახან მისცეს ზიარების უფლება. ასე რომ, ისევე ნახა თავისი ნაწილი, როგორც მე და ეს ამბავი მახარებს კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ მათი დაცემის გამო დიდ ტკივილს განვიცდი, მაინც სიამაყის გრძნობა მაქვს.

ამ ასაკში შესაძლებელია დაცემა. როდესაც ახალგაზრდებს აღკვეცავენ ბერად, ახლაც წინააღმდეგი ვარ, რადგან ბიოლოგიურად, ფიზიოლოგიურად ამ დროს მზად არ ხარ. ან დაბადებული უნდა იყო ამისთვის და არ უნდა გქონდეს ბიოლოგიური და ფიზიოლოგიური ლტოლვა, ან ეს ნაბიჯი არ უნდა გადადგა.