ლელა ანჯაფარიძე: “იცით, რაშია ცხოვრების ეშხი? ზუსტად ჩამოხტე იქ, სადაც გინდა” – თბილისელი ლამაზმანის ამბავი სევდიანი დასასრულით

ლელა ანჯაფარიძე: "იცით, რაშია ცხოვრების ეშხი? ზუსტად ჩამოხტე იქ, სადაც გინდა" - თბილისელი ლამაზმანის ამბავი სევდიანი დასასრულითრუსუდან ადვაძე, სარკე

“ძალიან დილა მშვიდობისა” – ამ სიტყვებით ესალმებოდა ყოველდღე თბილისში სილამაზით განთქმული ქალი, ლელა ანჯაფარიძე, სოციალური ქსელის მომხმარებლებს და სხვისი და საკუთარი ცხოვრების პატარ-პატარა, გულშიჩამწვდომ ისტორიებს აქვეყნებდა. ლამაზი სიცოცხლე 2019 წლის 2 ნოემბერს, 58 წლის ასაკში შეწყდა. უამრავი ადამიანის საყვარელი ბლოგერი მთელმა “ფეისბუქმა” დაიტირა.

ლელა ანჯაფარიძე ოპერის ცნობილი მომღერალის, ზურაბ ანჯაფარიძის, ძმისშვილი და ოპერის რეჟისორ ჯემალ ანჯაფარიძის ქალიშვილი იყო. მისი დედა უკრაინელი გახლდათ – გალინა ნესტერენკო. ლელა ცნობილ ბიძაზე, მამაზე, გალინაზე, ალექსანდრა ბებიასა და საკუთარ შვილსა და შვილიშვილზე ყვებოდა ჯგუფში “თბილისური ამარკორდი”.

ბებიას ალეს ეძახდა, ბიძას – ზურიკოს… ლელა ასევე წერდა ქალაქებზე, სადაც უცხოვრია, ნაცნობ და უცნობ ადამიანებზე, ქართველებზე, უცხოელებზე…  მისი სანაცნობო წრე კი უსაზღვრო იყო. სოციალურ ქსელში მას “ერთი ყველაზე გამორჩეული ფერის ადამიანი” უწოდეს.

როგორც ლელა ანჯაფარიძის ერთ-ერთმა მეგობარმა გვითხრა, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე კუჭის ოპერაცია გაიკეთა, თუმცა, ღვიძლის მდგომარეობის გამო, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. მას ერთი ქალიშვილი დარჩა – ნინა გაბუნია და შვილიშვილი – ანდრია.

ამ ფერადი ადამიანის ცხოვრება კი ასე დაიწყო:

“მე რომ დავიბადე, 1961 წლის 23 ივლისს, ანჯაფარიძეების ოჯახში, თანაც ოთარ თაქთაქიშვილის “მინდიასთან” ერთ დღეს… ხომ წარმოგიდგენიათ, რა იმედებს ამყარებდა ჩემზე – ჩემი ყველა მხრიდან “შემოქმედებითი” ოჯახი…

ვერ გავამართლე… რაღაცა იმნაირი უცნაური უსმენობა მჭირდა – ზურიკოს მომაკვდავი ტენორების არიებზე არ ვრცელდებოდა, არც ჯემალიკოს რუსულ რომანსზე, არც გალიჩკას უკრაინულ “იავნანაზე” და, მით უმეტეს, არც ალექსანდრას “კარგი იყო, არ მენახე თავიდან”-ზე… დანარჩენის რა მოგახსენოთ – “ჟუჟუნა წვიმას” და “ჭრელო პეპელას” ერთნაირად ვმღეროდი… მაგრამ…

მთელი ცხოვრება ვოცნებობდი როიალზე დაკვრაზე. სულ ორი ნაწარმოები ვისწავლე – “ძაღლის ვალსი” და ტრაგიკული რომანსი ძეფირელის “რომეო და ჯულიეტადან”. მაგრამ, იცით, რა მონდომებით და ემოციებით ვასრულებ!.. მახსოვს, იყიდებოდა საბავშვო ჟურნალი “ვესელიე კარტინკი”, იქიდან ამოვჭრიდი ხოლმე ხეებს, ყვავილებს და ცხოველებს და ღამის წინ, ხეებში ჩუმად, დედას რომ ვერ დაენახა, “ბრიტვით” (აბა, “ბრიტვას” ვინ მომცემდა), ვაკეთებდი ჭრილებს და იმ ცხოველებს ხეების შიგნით ვდებდი… ღამე სახლი რომ ჰქონოდათ…

არ ვიცი, მე მგონი, ბავშვები მაინც ანდერსენის კეთილ ზღაპრებზე უნდა აღვზარდოთ. ძველი და შესანიშნავი ქართული მულტფილმები და ფილმები უნდა ჩავურთოთ. ოპერაში ვატაროთ, “აბესალომ და ეთერზე” და “დაისზე”… ჰამლეტ გონაშვილის ბულბულივით გალობა მოვასმენინოთ… სანამ არ დაგვაგვიანდა, წავაკითხოთ დუმბაძე, ჭილაძე, გალა, ტიციანი… რადგანაც, რასაც ახლა ჩემი ანდრია უყურებს, იმის მიუხედავად, რომ ვუშლი, მე რომ მენახა, მინიმუმ უსამა ბენ ლადენი გამოვიდოდი…”.

ლელა ანჯაფარიძე წერდა ლექსებს, ხატავდა… სტატუსებით გადმოცემულ ამბებში კი უჩვეულო სიკეთეს აფრქვევდა. ამიტომაც შეიყვარა მრავალმა უცნობმა და ისე იგლოვა, საზოგადოებისთვის ცნობილ ბევრ ადამიანს რომ არ ღირსებია. უკანასკნელ გზაზეც უამრავმა ადამიანმა გააცილა.

ლელა ანჯაფარიძეს მეგობარი ზაზა კვიცარიძე იხსენებს:

– გასული საუკუნის 90-იან წლებში ლელას და ჩემს ოჯახს ერთ ეზოში მოგვიწია ცხოვრება. სოლოლაკში, დადიანის 12 ნომერში ვცხოვრობდით. იმ დროს ყველას უჭირდა.

ლელას მამა და მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა სარჩენი. დილიდან ღამემდე სამსახურში იყო. მაშინ საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. მამამისი მძიმე ავადმყოფი იყო.

მეც მთელი დღე გასული ვიყავი სამსახურში, მაშინ მერიაში ვმუშაობდი და გარკვეული შესაძლებლობები მქონდა. ლელას კი ძალიან უჭირდა. მისი შვილი ძირითადად ჩემებთან იყო, ჩემს შვილთან ერთად თამაშობდა.

ჩემი ცოლი და დედა ცდილობდნენ, ბავშვისთვის შეემსუბუქებინათ დედიკოს მოლოდინი. საღამოს კი, ლელას დანახვაზე, ბავშვი თითქოს თავიდან იბადებოდა, თვალები აენთებოდა და ისე ეხვეოდა ლელას, გეგონებოდა, ასი წელი არ უნახავსო. ლელასაც ხომ მასზე ამოსდიოდა მზე და მთვარე. თვითონაც არეული ცხოვრება ჰქონდა, რომ ვერ ალაგებ და აღარ იცი, რა ქნა…

მერე ლელას მამა გარდაეცვალა. ჯემალი ძველი ჯაზმენი და არაჩვეულებრივი კაცი იყო. ზურას ძმა, აბა, რა იქნებოდა?! დარდიმანდი და მოქეიფე კაცი იყო ბატონი ჯემალი და ყველას ძალიან უყვარდა. ლოგინად იყო ჩავარდნილი და უამრავი მეგობარი მოსდიოდა ყოველდღე.

მერე ლელა მოსკოვში გადაიყვანეს, ჩვენს საელჩოში, მგონი, ელჩის თანაშემწე იყო. იქაც ყველას უყვარდა. რამდენჯერმე მომიწია ჩასვლა და იქაც ვნახე. ამის მერე არც მინახავს. მხოლოდ რამდენიმე წლის წინ ვნახე აქ, “ამარკორდის” გვერდზე და იმ დღეს, როცა დავიმეგობრე ხელახლა, მთელი დღე მიმოწერა გვქონდა “მესინჯერში”, ისიც კი ვერ მოვიფიქრეთ, რომ დაგვერეკა ერთმანეთისთვის.

– რას გიყვებოდათ? მეგობრებმა დაწერეს, უსახლკარობის დარდი გაჰყვაო.

– სახლი არ ჰქონდა. ის სახლი, სადაც ცხოვრობდა, მოსკოვში რომ წავიდა, გაყიდა. მგონი, დაბრუნებას აღარც აპირებდა, მაგრამ დაბრუნდა. არც ვიცოდი, ჯანმრთელობის პრობლემა თუ ჰქონდა.

ბინა რომ გაყიდა, ჩემი ცოლის დეიდაშვილმა იყიდა. ცოტა უცნაური გოგო იყო. მის ოჯახში არსებული ნახატები ჩემი ცოლის სახლში მოხვდა და ახლაც იქაა. გვინდა, მის შვილს გადავცეთ. მისი პორტრეტიც არის, რომელიც კოკა იგნატოვის ნახატი მგონია…

ძალიან ახლო ურთიერთობა არც არავისთან ჰქონია, თუმცა ყველას უყვარდა. მეც მიყვარდა ლელა ან როგორ შეიძლებოდა არ გვყვარებოდა, უნახავად უყვარდა მთელ “თბილისურ ამარკორდს”, მე კი მასთან ერთად ჩაიც კი დამილევია, ჯემალიკოსთან, როგორც თვითონ ეძახდა, ჭიქაც ამიწევია, ცოლის და შვილის დღეგრძელობა უყვარდა მეტად…

ჩემს მეხსიერებაში ისევ ისეთი, ბიჭურად შეკრეჭილი თმით და გახეხილი ჯინსებით დარჩა, ულამაზესი ლელაჩკა. “ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა” – ლადოს ეს სიტყვები, არ ვიცი, მასზე ძალიან თუ მოუხდებოდა ვინმეს. ყველასთვის შესამჩნევი, მაღალი და ლამაზი გოგო იყო. ნაღვლიანი, მაგრამ ამაყი გოგო იყო, საოცარი!

დემიკო ლოლაძე:

– ჩვენი ლელა ვერის სასაფლაოზე მამის, ჯემალ ანჯაფარიძის, გვერდით დაიკრძალა. უამრავმა ადამიანმა მიაგო პატივი პიროვნებას, რომელიც თავისი ღრმად შინაარსიანი წერილებით ყოველ დღეს ულამაზებდა ფეისბუქმეგობრებს და არა მარტო მათ.

ლელასთან ერთად მცირე ხანს მომიწია მუშაობა უმაღლესი განათლების სამინისტროში. ის არასოდეს სარგებლობდა იმით, ვისი შვილი და ვისი ძმისშვილი იყო. მუდამ გაღიმებული სითბოსა და სიყვარულს აფრქვევდა.

შემდეგ ლელა მოსკოვში წავიდა და, სამწუხაროდ, ერთმანეთი აღარ გვინახავს. გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ნათელი ადამიანი ჩვენ შორის აღარაა.

არმაზ მეტრეველი:

– მე-7 კლასში ვიყავი, როცა ჩემზე და ჩემს მეგობარსა და თანაკლასელზე, მე-10 კლასელმა ლელა ანჯაფარიძემ ე.წ. შეფობა აიღო. დღესაც არ ვიცი, რატომ ჩაგვთვალა ჩვენმა სასწავლო ნაწილის გამგემ “ძნელად აღსაზრდელებად” მე და ჩემი მეგობარი და მაინცდამაინც ლელას რატომ დაეკისრა ჩვენი გამოსწორების მისია. მაგრამ აზრად არ მოგვსვლია, ეს უსიამოვნო სტატუსი გაგვეპროტესტებინა, რადგან ლელასთან ურთიერთობის ფუფუნება მე-7 კლასელი ბიჭებისთვის უბრალო საქმე არ იყო…

ლელას ყველა იცნობდა, ყველას უყვარდა, ყველას მოსწონდა, მასწავლებელსაც, კარისკაცსაც, დამლაგებელსაც, ფრიადოსანსაც, ძველ ბიჭსაც და კარიერულ კომკავშირელსაც. ჩვენზე შეფობის როლს დიდ დასვენებაზე ბუფეტში კლასგარეშე საუბრებით ასრულებდა.

რა თქმა უნდა, “ზურიკო” მაშინაც ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. რაღაც ისე ფაქიზად წარმოთქვამდა “ზურიკოს”, რომ ინტონაციაშივე იგრძნობოდა ერთდროულად სიყვარულიც, სითბოც და სიამაყეც… ჭკვიან და ლამაზ უფროსკლასელ გოგონასთან ურთიერთობა, ბუნებრივია, ძალიან გვხიბლავდა და გვაინტერესებდა.

ვსაუბრობდით ყველაფერზე და არაფერზე, უფრო სწორად, ძირითადად ლელა საუბრობდა, ჩვენ კი ვუსმენდით და მის ნაამბობზე ფიქრით თავის შეწუხების მაგივრად თავად მისი პიროვნებით ვიხიბლებოდით. რაღაცნაირი პეწიანი იყო, მოხდენილი აღნაგობის, თავადისეულად დახვეწილი, იმ წლებისთვის უჩვეულო არასაბჭოთა იერისა.

ერთხელ გაკვეთილების შემდეგ ზოოპარკშიც გავისეირნეთ, თავის საყვარელ ცხოველებს გვიხასიათებდა. ხალისით გვიხსნიდა, თუ რომელი და რატომ უყვარდა. ჩვენ თითქოს ყურადღებით ვუსმენდით, მაგრამ მისი ნაამბობი გონებიდან მალევე გვიფრინდებოდა, რადგან ცხოველებზე კი არა, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდით, თუ რა ბედნიერი იქნებოდა ის ვიღაც სხვა, დიდი ბიჭი, ვისთანაც ლელას ზოოპარკზე და უმცროსკლასელებთან აღმზრდელობით თემაზე უფრო სერიოზული საუბრები დააინტერესებდა… გული გვწყდებოდა, რომ “ის ვიღაც ბიჭი” ჩვენ არ ვიყავით.

არამხოლოდ ლამაზი იყო მე-10 კლასელი ლელა, განა უბრალოდ მოხდენილი, სხვანაირი იყო, უშუალო, ინტელიგენტური, თბილი, ბუნებრივი, პოეტური, მეოცნებე, მაშინაც გამორჩეული.

თეა მაჭავარიანი:

– ლელა ანჯაფარიძე – ქალი სიყვარული, ქალი სიხარული, ქალი ბედნიერება, ქალი პოზიტივი, ქალი გრაცია, ქალი მზე და ქალი ენერგია, ენერგია, რომლის ძალითაც დაგვიტოვა ზღვა სიყვარულისა… საგარეო საქმეთა სამინისტროში გავიცანი. მაშინ მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი და სტაჟირებას გავდიოდი აზიისა და აფრიკის დეპარტამენტში. ბევრჯერ ერთად აგვივლია ჩიტაძის აღმართი და უმეტესად სულ სიცილით… გზად უამრავ ადამიანს ესალმებოდა და ქუჩის მეორე მხარეს მიმავალთაც კი ქუჩის ერთი მხრიდან მოიკითხავდა. თან იმდენი ამბის მოყოლას მოასწრებდა სამინისტროს კარამდე, რომ გარინდებული ვუსმენდი.

პატარ-პატარა ამბებით უამრავი ადამიანისთვის მოჰქონდა ბედნიერება, მისი ფეისბუქწერილები სიყვარულით იყო სავსე.

ლელა ანჯაფარიძე წერდა:

“ყველაფერს, რასაც ვწერ, ვწერ გულით, რომელიც მიკიდია მარცხნივ, ნაწნავის ქვეშ… ვწერ მხოლოდ იმიტომ, რომ მინდა, უფრო მეტად გავუფრთხილდეთ ერთმანეთს… იმიტომ, რომ ჩაგეხუტოთ… იმიტომ, რომ მართლა მიყვარხართ… ყველა ადამიანს და ისტორიას თავისი უკანა მხარე აქვს… წაღმა რომ იყოს ყველაფერი, მშვენიერი იქნებოდა, მაგრამ ხომ შეიძლება არ “გამოვქექოთ” და არ “გამოვჩიჩქნოთ” აუცილებლად ცუდი?

ჩავიხედოთ საკუთარ თავში, ნუთუ ასეთი უნაკლოები ვართ? გახსოვთ, მორის ფოცხიშვილმა თქვა – “ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები”… ჩემი უკრაინელი დედიკო, რომელიც “თ”-ს და “ტ”-ს ვერაფრით არჩევდა, ამბობდა – “ვაჩუქოთ ერთმანეთს თითები”… ხოდა, ტიტებიც ვაჩუქოთ ერთმანეთს, თითებიც და გულებიც! და ოდნავ გავთბეთ და გავკეთილდეთ…”.

ლელა ანჯაფარიძემ თავისი უკანასკნელი ლექსი სოციალურ ქსელში 7 ოქტომბერს გამოაქვეყნა. მას მერე მასთან კონტაქტი შეწყდა.

“მე ძველ ტრამვაის გავყვები ახლა…

შუშაზე მიკრულ სველი ტოტებით…

ცხოვრება მართლა ტრამვაის ჰგავდა…

შესანიშნავი ჩამოხტომებით…

ბევრჯერ ჩამოვხტი… და ბოლოს ფეხში

რაღაც ჩამიდგეს ძვირი რომ ღირდა,

იცით, რაშია ცხოვრების ეშხი?

ზუსტად ჩამოხტე – იქ, სადაც გინდა!”

“მაშინ ვმუშაობდი განათლების სამინისტროში, კამოზე, რომელიც ფაქტობრივად ჩემი სახლიდან 5 წუთის სავალში იყო განთავსებული. საქმე მაინცდამაინც ბევრი არ გვქონდა და თავისუფალ დროს ნიძლავს ვდებდით ხოლმე… მოკლედ წავაგე 20 ხინკალი…ყველაზე იაფი ხინკალი, თანაც გემრიელი და სამსახურთან ახლოს იყიდებოდა პლეხანოვზე, პატარა “ზაბეგალოვკაში”… ცხოვრებაში იქ არ შევსულვარ ადრე, მაგრამ დამაკავებინეს ხელში ქვაბი და გამიშვეს…

მივუახლოვდი… ქვევით ჩასასვლელი კიბე ჰქონდა, ხვეული… ფრთხილად ჩავედი, ქვაბმოღერებული და აღმოვჩნდი ისეთ ადგილას, დავიბენი… პატარა მაგიდები, უამრავი მთვრალი მამაკაცი და არც ერთი ქალი, მიმტანიც კი… მე კიდევ ვდგავარ ქვაბით და წელამდე ნაწნავით და არ ვიცი, რა ვქნა…

ჩემი შემოსვლით სიჩუმე ჩამოვარდა… ასეთი კლიენტები, ეტყობა, ხშირად არ შემოდიოდნენ და მე შეშინებული შევვარდი ბუფეტში. იქ ლოყებღაჟღაჟა კარგი კაცი იდგა და დავწყნარდი, შევუკვეთე 20 ცალი ხინკალი და ვდგავარ და ველოდები… მეც შევეჩვიე სიტუაციას, სიტუაციაც შემეჩვია… უცებ უკნიდან… ოდნავ ჩახლეჩილი ხმა მესმის: შენ ვინა ხარო… გავიხედე და დგას ერთი ნაღდი თბილისელი (ბავშვობიდან გუმანით ვგრძნობ), თანაც კარგი გაგებით “სვეტსკი”…

– მე ლელა ვარ ანჯაფარიძე… (წამოვიკნავლე)

– დათოსი ვინმე ხომ არა ხარ?

– კი, ბიძაშვილი…

პაუზა ჩამოვარდა… “თბილისელმა” დაუძახა მებუფეტეს:

– ბავშვმა რა შეუკვეთაო?

– 20 ხინკალიო…

– ჩემგან კიდევ 20 დაუმატეო… ქაბაბი… და, შენ თვითონ იცი, რაც… იქ სალათ-მალათა, ყველი, ხაჭაპური… და კარგად გაუხვიე და თუ კიდევ მოვა, ფული არასდროს გამოართვა, ჩემზე ჩაწერეო…

რა ბედნიერი ვიყავი… ხინკალი 40 და სხვა საჭმელი და მომავალში ქეიფები და უფასო სუფრები და… მოკლედ ოსტაპ ბენდერი რომ ვასიუკის აშენებდა, იგივე დამემართა… “თბილისელი” კი მომიახლოვდა და გაბრაზებული ხმით მითხრა:

– მე დათო ვარ, გალოგრეო, შენი დათო ანჯაფარიძის ძმაკაციო… დაიმახსოვრეო, ერთხელ კიდევ რომ გნახოო აქ შემოსული, გაიტყიპები მაგრადო და თუ ხინკალი მოგინდათო, კაცი გამოუშვითო… ამხელა კაცი ვარო და პირველად ვხედავ, ხინკალზე ქალი დადიოდესო…

ზუსტად ვერ ვიტყვი, რომელი წელი იყო… სადღაც 70-იანების დასასრული… როდესაც თბილისში რაღაცა სხვა სურნელი ტრიალებდა… ფანჯრებიც კი სხვანაირ ფლუიდებს ასხივებდნენ… ფარდები ფარდობდნენ … ჭადრები ჭადრობდნენ და ქალაქი იყო საოცრად ზრდილობიანი… მოწიწებული და თავმდაბალი…”.