გაყინული წყლის ბოთლით ცემა, ნაჯახით დაჭრა, ყურის მოთლა – ცოლების დასჯის მეთოდები საქართველოში – ..გვაქვს 10 წლამდე გოგოების საქმეები, სადაც გარყვნილ ქმედებებს ახორციელებდნენ ბაბუები”

გაყინული წყლის ბოთლით ცემა, ნაჯახით დაჭრა, ყურის მოთლა - ცოლების დასჯის მეთოდები საქართველოში - ..გვაქვს 10 წლამდე გოგოების საქმეები, სადაც გარყვნილ ქმედებებს ახორციელებდნენ ბაბუები"ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე

ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია “საფარს” დღეში დაახლოებით 10-მდე ქალი მიმართავს, რომლებიც ოჯახში ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი არიან. იურისტები ამბობენ, რომ მათი ბენეფიციარების ნაწილი ისეთ ფსიქოლოგიურ ტერორშია, რომ თვითმკვლელობაზეც კი ფიქრობენ.

გაყინული ბოთლით ცემა, დაბმა, სახლში ჩაკეტვა, ფეხმძიმე ქალისთვის მუცელში წიხლის ჩარტყმა – ეს მცირე ჩამონათვალია იმ სასტიკი და არაადმიანური მოპყრობის მაგალითებისა, რაც ოჯახებში ქალების მიმართ ხორციელდება.

ძალადობის მსხვერპლი ქალების ისტორიებს ,,სარკეს” ორგანიზაცია ,,საფარის” იურისტი ელისო რუხაძე უამბობს.

– ქალბატონო ელისო, თქვენს ორგანიზაციას ხშირად მომართავენ ძალადობის მსხვერპლი ქალები?

დიახ. ქალებმა იციან ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, გვენდობიან და ამიტომ ძალიან ბევრი მოგვმართავს, რაც ციფრებით გაცილებით მეტია, ვიდრე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ასახული რიცხვების სტატისტიკაში. ეს ბუნებრივიც არის, რადგან ძალადობის მსხვერპლი ქალი სანამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაკითხავს, მანამდე ჩვენთან მოდის და კონსულტაციას გადის.

სიმართლე გითხრათ, მომართვიანობა ძალიან არის გაზრდილი, რაც ცნობიერების ამაღლების ხარჯზე ხდება. “საფარი” უწევს კონსულტაციას როგორც სატელეფონო, ონლაინ, ასევე ადვოკატთან პირადად კონსულტაციის გზით. ჩვენ სფეროები გვაქვს დაყოფილი. დღეში სამოქალაქოში დაახლოებით 5 ქალი და სისხლის სამართალშიც იგივე რაოდენობა მოდის, ანუ დღეში 10 ქალზე მეტი მოგვმართავს.

– რას ამბობენ ძალადობის მსხვერპლი ქალები, რა ტიპის ჩაგვრას განიცდიან ოჯახის წევრებისგან?

– რაც უნდა ვამტკიცოთ ის, რომ თითქოს გაზვიადებულია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხის წამოწევა სტატისტიკით, ყველაზე მეტნი მსხვერპლის ამპლუაში არიან სწორედ ქალები, თუმცა კანონი ამბობს, რომ მსხვერპლი შეიძლება იყოს როგორც ქალი, ასევე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელზეც ოჯახის სხვა წევრი ძალადობს.

კანონით დასჯადია ოჯახში ძალადობა და გენდერული ძალადობა. გენდერული ძალადობისას პარტნიორი მამაკაცი ძალადობს ქალზე და ძალადობა გენდერული ნიშნით ხორციელდება.

რაც შეეხება ოჯახური ძალადობის მსხვერპლთ, ამ შემთხვევაში მსხვერპლი და მოძალადე შეიძლება ნებისმიერი პირი აღმოჩნდეს ოჯახში.

– ხშირია შემთხვევები, როცა ქალის მიმართ ძალადობა ბავშვის თანდასწრებით ხორციელდება?

– სამწუხაროდ, ძალადობის დროს მსხვერპლნი არიან ბავშვები, რომლებიც შეესწრნენ ძალადობას ან მათზეც განხორციელდა ძალადობა. არ აქვს მნიშვნელობა, ბავშვი შეესწრო ძალადობის ფაქტს თუ ბავშვზე იძალადეს, აბსოლუტურად თანაბრად ისჯება კანონით მსგავსი შემთხვევები. ანუ თუ შეხედავს ბავშვი, რომ მამა დედას ურტყამს ან პირიქით, ეს უკვე დამამძიმებელი გარემოებაა.

– ძირითადად როდის არიან თქვენი ბენეფიციარები ყველაზე სასოწარკვეთილ მდგომარეობაში?

– მოწყვლად მდგომარეობაში არიან ქალები, როცა ქმრები ართმევენ შვილებს. ისინი თვითმკვლელობაზე ფიქრობენ ან თვითდაზიანება აქვთ მიყენებული და ფიქრობენ, რომ გამოსავალი აღარ არსებობს.

არის ასევე სექსუალური ძალადობის შემთხვევები არასულწლოვნებზე, როცა, მაგალითად, გოგო არ იყო 18 წლის და ქმარი იყო საკმაოდ ასაკოვანი. ასევე გვაქვს 10 წლამდე გოგოების საქმეები, სადაც გარყვნილ ქმედებას ახორციელებდნენ ბაბუები…

– ხშირად ხმაურდება ქმრების მიერ ცოლებზე განსაკუთრებით სასტიკი ძალადობის შემთხვევები. თქვენთან თუ მოსულა ასეთი ისტორიით ქალი?

– მქონია არაერთი შემთხვევა, რომ ქალი ქმარს უცემია გაყინული წყლის ბოთლით, ნაჯახით, დაუჭრია ხანჯლით, დანით ყურის მოთლის ფაქტიც ყოფილა და ასევე ცოლის დასჯის სხვადასხვა მეთოდები, რომლებიც განსაკუთრებით რეგიონებშია. მაგრამ ფსიქოლოგიური ძალადობა და შეურაცხმყოფელი ფრაზები, როგორებიც არის “მახინჯი, სულელი, უტვინო” და ა.შ., იმდენად მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმის გამომწვევია, რომ ქალს სჯერა, რომ არაფერი გამოუვა და მიჯაჭვულია მოძალადეს.

ყოფილა ფეხმძიმობის დროს ცემის ფაქტი, მუცელში წიხლის ჩარტყმის, რამაც ორსულობის შეწყვეტა გამოიწვია. იყო ერთი შემთხვევა, როდესაც კაცმა თავისი შვილები და ცოლი სცემა, შემდეგ ჩაკეტა სახლში და არ მისცა საშუალება, გადაუდებელი დახმარება მიეღოთ, ფაქტობრივად აწამა.

– თქვენთან მოსული ქალების უმრავლესობა სისტემატური ძალადობის მსხვერპლია თუ არის ერთჯერადი შემთხვევები?

– საქმეების 90%-ში არის შემთხვევები, როცა მრავალჯერადი ძალადობის შემდეგ გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფმა მოგვაკითხა. ზოგადად მსხვერპლის ქცევა არის ასეთი – ის ითმენს მანამდე, სანამ რაიმე გარემოება არ უბიძგებს, რომ ძალადობრივი გარემოდან თავი დააღწიოს. ითმენს იმის გამო, რომ ფიქრობს, ამ პარტნიორის გარდა მას ვერავინ ეყოლება, რცხვენია და ჯობია, ამ უბედურებას შეეგუოს.

– თქვენთან მოსულ ადამიანებს რა სახის სამედიცინო დახმარებას უწევთ?

– გააჩნია, რა მდგომარეობაშია. არის შემთხვევები, როცა ქალთან საუბარიც კი შეუძლებელია. შეიძლება მას თვითდაზიანება ჰქონდეს მიყენებული ან ფსიქიკურად იმდენად იყოს განადგურებული, რომ ამ დროს მიზანშეწონილია, პირველ რიგში, ფსიქოლოგიური დახმარება გაეწიოს. ვცდილობთ, ეს ადამიანი იმ დონემდე მივიყვანოთ, რომ იურისტმა მასთან შეძლოს მუშაობა.

ჩვენ ძალიან გვეხმარება უძლიერეს ფსიქოლოგთა გუნდი, რის შემდეგაც ვახერხებთ, მოძლიერებულ ქალთან ერთად დავიწყოთ სამართალწარმოება.

– რა გზით არის შესაძლებელი ასე მომრავლებული ძალადობის აღკვეთა ან შემცირება მაინც?

– ძალიან მნიშვნელოვანია არასამთავრობოების, მასმედიის და სახელმწიფოს ძალები ერთობლივად იყოს მიმართული პრევენციისკენ. აუცილებელია ცნობიერების ამაღლება და არა – მომხდარი ძალადობის შემდეგ რეპრესიული ღონისძიებების გატარება. უკვე მომხდარ ძალადობებზე სახელმწიფო იყენებს რეპრესიულ მოქმედებს, დაპატიმრებებს, რაც შედეგზე ორიენტირებული არ არის. ეს მეტ აგრესიას ბადებს მოძალადეში, ხოლო ბევრი მსხვერპლი უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე.

ვისურვებდი, რომ ძალიან მალე ამოქმედდეს ევროპული და ამერიკული გამოცდილება, რაც ამ ქვეყნებში ოჯახური ძალადობის დასაძლევად არის დანერგილი.