დაუჯერებელი ისტორია – ბელგიის სასამართლომ ქართველ კაცს ქურდობა ავადმყოფი შვილის გამო აპატია

დაუჯერებელი ისტორია - ბელგიის სასამართლომ ქართველ კაცს ქურდობა ავადმყოფი შვილის გამო აპატიარუსუდან ადვაძე, სარკე

ბელგიის სასამართლომ ქართველი მამაკაცის ქურდობის საქმე განიხილა და ქართველებისთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო – მამაკაცი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა და გაქურდულ მაღაზიას მისი შვილებისთვის საახალწლო საჩუქრის გაგზავნა დაავალა.

ამბავი, რომელიც ბელგიაში 45 წლის ქართველს შეემთხვა, იქ მცხოვრებმა იურისტმა, ანა ბალამწარაშვილმა, სოციალურ ქსელში აღწერა. როგორც ქალბატონი ანა “სარკეს” უყვება, უცხოეთში ქართველების უამრავი თავგადასავალი უნახავს და გაუგია, მაგრამ ამ ისტორიამ ყველაფერი გადაფარა.

“დღეს სასამართლო პროცესზე ბელგიის სამეფოში, ტონგერენში. ბრალდებული ქართველია, 45 წლის თმაშევერცხლილი მამაკაცი.

მოსამართლე: ბატონო მირზა, რატომ ჩამოხვედით ბელგიაში, ვინ ხართ და რა გინდათ? რატომ მოიპარეთ ბოთლები და სიგარეტები? ასე ხომ ციხეში მოხვდებით?!

მირზა: ბატონო მოსამართლევ (თქვენო უმაღლესობავ, ვუსწორებ მე), არ ვიმართლებ თავს, რადგან მრცხვენია, რომ ამხელა ცხოვრება გამოვიარე და დღეს თქვენ წინაშე მიწევს ბრალდებულის სკამზე ჯდომა. მე ქართველი ვარ, უმაღლესი განათლებით, სამი შვილის მამა. ჩემი უმცროსი შვილი ექიმების დაუდევრობით ინვალიდია და საწოლსაა მიჯაჭვული, მკურნალობა ძალზე ძვირი ჯდება.

მოსამართლე: მოიცათ, რატომ გიჯდებათ ძვირი, დაზღვევა ხომ გაქვთ?

ადვოკატი ერთვება და დეტალებში უხსნის ქართულ სამედიცინო მომსახურებას და დაზღვევის მუშაობის სქემას. მოსამართლეს თვალები უდიდდება და ვატყობ, რომ რაღაცნაირად, მგონი, ეცოდება საქართველო.

მოსამართლე: გასაგებია, მაგრამ ქურდობა ჩაიდინა და ამისთვის შესაბამის სასჯელს იმსახურებს.

ადვოკატი: თქვენო უმაღლესობავ, ქურდობას გამართლება არ აქვს და თანახმა ვართ, ზარალი ავანაზღაუროთ, მაგრამ მოდით, წარმოვიდგინოთ მშობელი, რომლის შვილსაც არ აქვს წამლის ფული და შეიძლება ამის გამო დაიღუპოს. ჩვენთვის ეს ძნელი წარმოსადგენია, რადგან სახელმწიფო ზრუნავს ჩვენზე. ეს ნაბიჯი მან გამოუვალი მდგომარეობის გამო და სიცოცხლის გადასარჩენად გადადგა – ის მამაა და მას შვილი უკვდება უწამლოდ. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ადამიანური ფაქტორი, დანაშაულის საფუძველი და მიზეზი (კიდევ ბევრი ისაუბრა). გმადლობთ, მე დავასრულე.

მირზას შევხედე, უფრო მეტად შევერცხლოდა თმა, მგონი, გათეთრდა კიდეც სირცხვილისგან. ის დამნაშავეს არ ჰგავდა.

მოსამართლე დაბრუნდა სათათბიროდან და გამოაცხადა გადაწყვეტილება: “მირზა – საქართველოს მოქალაქე – ბელგიის სამეფოს კანონმდებლობით, ცნობილ იქნეს დამნაშავედ და დაეკისროს ზარალის ანაზღაურება 2 წლის განმავლობაში. მაღაზიას ეთხოვოს, მირზას შვილს გაუკეთოს საჩუქარი საშობაოდ ბელგიის სამეფოს მხრიდან და გაიგზავნოს მოცემულ მისამართზე სასამართლოს ხარჯებით. ასევე ეთხოვოს ბელგიის სამეფოს ჯანმრთელობის სამინისტროს, მისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონის დაცვით დახმარება გაუწიოს პატარა პაციენტს (სახელს და გვარს არ ვწერ). მირზას შეუძლია დატოვოს ბელგიის სამეფო და ეტაპობრივად გადაიხადოს ზარალი”.

მირზა არ შეასახლეს ციხეში! გაოგნებული ვიჯექი კარგა ხანი და ვფიქრობდი, როდის, ჩემო ქვეყანავ, როდის ასეთი ან ცოტათი მიმსგავსებული სასამართლო. ადვოკატი (მარკ სამპერმანსი) და ძალა კანონისა! დღეს ძალიან ემოციური დღე მაქვს”, – დაწერა ბალამწარაშვილმა სოციალურ ქსელში. “სარკესთან” კი ეს ამბავი დეტალურად მოყვა და სხვა ამბებიც გაიხსენა.

ანა ბალამწარაშვილი: ეს მამაკაცი თვენახევრის ჩამოსულია ბელგიაში. 26 წელია აქ ვარ, 17 წელია ამ ამბებში ვტრიალებ, უამრავი რამ მომისმენია და მინახავს, მაგრამ ეს ამბავი მართლაც საოცრება იყო! ეს ქართველიც საოცარი ადამიანია.

ყვება, რომ სამსახურს შეჰპირდნენ. ფული გამოართვეს, ჩამოიყვანეს და ქუჩაში მიატოვეს. არადა გეგმავდა, რომ სიტუაცია ენახა და მერე ცოლ-შვილიც ჩამოეყვანა. მერე ქართველებს დაუკავშირდა და სადღაც გაჩერდა. უთხრეს, აქ თავშესაფრის მოთხოვნას აზრი არ აქვსო. ვერც სამსახურს იშოვიდა. როგორც ჩანს, ურჩიეს, რომ ქურდობა იყო ერთადერთი გამოსავალი და ჩათვალა, რომ ასე მაინც მიეხმარებოდა შვილებს და წამლის ფულს გააგზავნიდა საქართველოში. ერთი თვე, სავარაუდოდ, ახერხებდა ასე ცხოვრებას, მაგრამ მერე დააკავეს.

– სიგარეტები და ბოთლები მოიპარაო. რისი ბოთლები იყო?

– ვისკით სავსე. ერთსა და იმავე მაღაზიაში რამდენჯერმე შევიდა და ვისკი და სიგარეტები გამოიტანა. მანქანაში, სადაც აწყობდა, უამრავი საქონელი ნახეს. ყველაფერი მისი არ იყო, მაგრამ მანქანით ეს დააკავეს.

– ანუ სხვა ქართველებთან ერთად იპარავდა?

– დიახ, მაგრამ დაკავების მომენტში ისინი მანქანაში არ ისხდნენ. ისეთი წარმოდგენა დამრჩა, რომ, რაც იმ მანქანაში იდო, ყველამ ამ კაცის შვილისთვის მოიპარა.

სასამართლოზე მოსამართლემ სანამ კითხვა არ დაუსვა, ამ კაცის აწეული თავი არ დამინახავს. თავჩაღუნული იჯდა. ეკითხებოდნენ, ცუდად ხომ არ ხარო.

საადვოკატო ბიურო გვაქვს. ადვოკატი ჩემი მეგობარი იყო და მისი თარჯიმნობა მე მომიწია.

– რა სჭირს ამ ქართველის შვილს, რით არის ავად?

– ცერებრალური დამბლა აქვს ექიმების დაუდევრობის შედეგად. თქვა, რომ ბავშვს ხშირად სჭირდება გადასხმები, სპეციფიკური ფეხსაცმელი… საქართველოში მისი დახმარება შეუძლებელია და ამიტომაც წამოვიდა. შევცდიო. მოსამართლემ ჰკითხა, რომ გაიგოს შენმა ცოლ-შვილმა, რაც გააკეთე, თუ მოეწონებათო. არა, ამის გამო შეიძლება ჩემს ცოლს და შვილებს დიდი სტრესი დაემართოთო, უპასუხა.

მოსამართლემ დეტალებში მოაყოლა ყველაფერი, დედ-მამა თუ ჰყავდა და ა.შ. ჰკითხა, სამედიცინო დაზღვევა ხომ გაქვთ და არ მჯერა, რომ ეს ბავშვის წამლის გულისთვის გააკეთეთო.

აქ ჩაერთო ადვოკატი და დეტალურად მოყვა, რაც ხდება საქართველოში. ბევრჯერაა საქართველოში ნამყოფი, კარგად იცნობს ქართულ რეალობას. ისეთი მაგალითები მოუყვანა, მოსამართლე გაფართოებული თვალებით იყურებოდა. თქვა, კინოსიუჟეტს მიყვებითო.

მეც ჩავერთე და მოვუყევი ერთი ბავშვის ამბავი, რომელსაც თავზე ვადგავარ საავადმყოფოში. ამ ბავშვსაც ღუდუშაურის კლინიკაში ზურგის ტვინი აუღეს შეცდომით და ცერებრალური დამბლა დამართეს. ზურგის ტვინი რისთვის აუღეს, ხომ არავინ იცის და პლუს, შუნტირება გაუკეთეს თავში, რაც არაფრით იყო საჭირო. სამწუხაროდ, ჩემს ხელში ასეთმა უამრავმა ბავშვმა გაიარა.

მოსამართლემ თქვა, ძალიან ვწუხვარო. აქამდე ვიცოდი, რომ საქართველოში კარგი ღვინო გქონდათ და კარგი სუფრის გაშლა იცოდით, თურმე რამდენი პრობლემა გქონიათო.

– რას ყვება თქვენი ადვოკატი, როგორია ამ მხრივ მდგომარეობა საქართველოშიო?

– ჩვენმა ადვოკატმა საკუთარი თვალით ნახა პენსიონერები, ავადმყოფები და პროცესებზე ყვება, რა პირობებში არიან ისინი და რომ სიცოცხლისთვის ბრძოლა არ შეუძლიათ, არ შეუძლიათ, წამალი მიახმარონ საკუთარ თავს, ოპერაცია გაიკეთონ, დასასვენებლად წავიდნენ, სარეაბილიტაციო ცენტრში მოხვდნენ… ასეთი რამ ქართველებისთვის ზღაპარია. არც მოხუცებულთა სახლები აქვთ სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ, არის ერთი, მაგრამ იქ მოხვედრა შეუძლებელიაო.

მოსამართლემ უთხრა იმ ქართველს, ბელგიაში აღარ გაჩერდე, გაძლევ საშუალებას, დაბრუნდე საქართველოში და 2 წლის განმავლობაში ეს თანხა ეტაპობრივად დაფაროო.

მაღაზიის წარმომადგენლებს კი უთხრა, მინდა, ამ კაცის შვილს ამანათის სახით გაუგზავნოთ საჩუქარიო. სასამართლოს განჩინებაში შეიტანა ასეთი რამ, რომ ეთხოვოს ბელგიის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს, კანონისა და შესაძლებლობის ფარგლებში დახმარება გაუწიონ მის შვილს მედიკამენტოზური ან სხვა სახის, რათა მისმა მამამ აღარ მოიპაროს. თუ ადგილზე შეიძლება რამის გაკეთება, კონსულტაციები გავიაროთ და მივაქციოთ ყურადღებაო.

აქ როგორ პროცესს არ შევსწრებივარ, მაგრამ ამის გამო კარგა ხანს მართლა გაშტერებული ვიჯექი. ემოციები ვერ შევიკავე და “ფეისბუქში” მოვყევი.

– მაღაზიაც დაეხმარება?

– რა თქმა უნდა, ეს ხომ მოსამართლის გადაწყვეტილებაა! მათი ნებაა, როგორ საჩუქარს გაუკეთებენ, მაგრამ ორ ცალ შოკოლადს ნამდვილად არ ჩადებენ ამანათში. სავარაუდოდ, კარგი საჩუქარი იქნება. ეს ყველაფერი უნდა აისახოს მოსამართლისთვის გაგზავნილ დოკუმენტაციაში. სასამართლოს გადაწყვეტილება ამათთვის უზენაესია.

– ამ კაცს დეპორტი გაუკეთეს?

– არანაირი დეპორტაცია. სამთვიანი ვადა არ აქვს გასული, რაც აქაა და, ციხეში შესახლება რადგან არ მოხდა, თავისუფლად გადაადგილების საშუალება მისცეს, არაფერი დაუწესეს, უბრალოდ, თავისით უნდა დატოვოს ქვეყანა.

– როგორც წესი, ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრებათ ხოლმე ასეთ დროს?

– ორწელიწადნახევარი. 2 კვირის წინ ოთხი ქართველი დააკავეს. სავსე იყო მანქანა მოპარული პროდუქციით. ყველას გადაუნაწილეს ეს ზარალი. ერთს 3 წელი მისცეს, დანარჩენებს – ორწელიწადნახევარი. ერთი და ორი ბოთლი რომ მოუპარავთ მაღაზიიდან, არ დაუკავებიათ. ურჩევნიათ, ზარალი აანაზღაურებინონ, ვიდრე ციხეში შეინახონ.

– მოპარულ სასმელსა და სიგარეტს სად ასაღებენ ქართველები?

– არის ღამის მაღაზიები ინდუსების, აფრიკელების და ასევე კერძო რესტორნები, სადაც აბარებენ. ბელგიიდან ჰოლანდიაში, გერმანიაში, საფრანგეთში მიაქვთ და იქ ყიდიან. საზღვარზე არავინ აჩერებს.

ამ ქართველმა მოსამართლეს სთხოვა, თუ შეიძლება, სახლში არაფერი გაიგონ ამ ამბის შესახებო. მოსამართლემ უპასუხა, ჩემგან ვერ გაიგებენ და სხვა დანარჩენი თქვენი საქმეაო.

– კიდევ რა განსაკუთრებული შემთხვევა გახსოვთ?

– შარშან ნარკოტიკების მომხმარებელი ორი ახალგაზრდა ქართველი დააკავეს მატარებელში. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარეაბილიტაციო ცენტრში გაუშვეს, უმკურნალეს, თან ამუშავებდნენ იქვე, ხელფასს აძლევდნენ. მკურნალობის კურსი რომ დაამთავრეს, ქვეყანა დაატოვებინეს. მანამდე არ გამოუძევებიათ, მხოლოდ მერე შეეხოთ დეპორტი.

ქართველმა ბიჭმა თავშესაფარში ორსული ცოლი სცემა. ნარკოტიკის მომხმარებელი იყო. მასაც უმკურნალეს და საქართველოში გამოისტუმრეს. ცოლი და შვილი აქ დატოვეს და საბუთიც მისცეს, აღარ გამოუშვეს ბელგიიდან. მეექვსე წელია ეს გოგო აქ ცხოვრობს.

– ეს ცოლის გადაწყვეტილება იყო?

– არა, მას აღარავინ ჰკითხა. ცემის ფაქტს თავშესაფარში სოციალური მუშაკი შეესწრო და პოლიცია გამოიძახა. ყველაფერი მან გააკეთა და იმ კაცს ფეხი ამოაკვეთინა ბელგიიდან. ეს ქალი ჩადის საქართველოში და ალბათ ხვდება კიდეც თავის ქმარს, მაგრამ ის აქ ვერასოდეს შემოვა. ეჭვი მეპარება, ეს ქალი იმ კაცს გაშორებოდა და ალბათ საჩუქრებსაც უგზავნის.

– სამკურნალოდ ბევრი ჩამოდის საქართველოდან?

– საკმაოდ. ბავშვს, რომელსაც ახლა თავზე ვადგავარ, 4 თვისას მანდ ჩაუტარდა ოპერაციები. ახლა 2 წლისაა. 4-ჯერ აქვს ზურგის ტვინი აღებული და ექიმებმა ვერ დაადგინეს, რატომ აუღეს 4-ჯერ ანალიზი. ვერ ნახეს დიაგნოზი, რომელიც ზურგის ტვინის 4-ჯერ აღებას საჭიროებს. ამის გამო ცერებრალური დამბლა განუვითარდა.

ევროპაში ასეთი ანალიზი არ არსებობს და ალბათ საქართველოში იციან მხოლოდ. ეს ბავშვი დედამისს ადრე გააჩენინეს საეჭვო ვითარებაში. კონსულტაციაზე მივიდა და სასწრაფოდ გააჩენინეს.

ბრალს არავის ვდებ, მაგრამ ისეთი მაგალითები მიდევს წინ, მანდ სასწაულები ხდება. მაგალითად, იაშვილის კლინიკაში პატარა ბიჭის მშობლებს უთხრეს, რომ სასწრაფოდ უნდა წაეყვანათ თურქეთის კონკრეტულ კლინიკაში, სადაც ღვიძლის გადანერგვა უნდა ჩატარებოდა, თორემ ერთ კვირაში მოკვდებოდა.

ბავშვი აქ ჩამოვიყვანეთ. პატარა კისტა ამოაჭრეს ღვიძლიდან და დღეს მშვენივრადაა, გადანერგვა არ დასჭირვებია. პოსტი დავწერე და იაშვილის კლინიკას მივმართე, რას აკეთებთ, სასაკლაოებად აქციეთ საავადმყოფოები-მეთქი. მიჩივლეს, რეპუტაცია შემილახაო. ეს იგივე ექიმია, გოგონას დოლბანდი რომ ჩაუტოვა მუცელში და ფრანგმა ექიმებმა გადაარჩინეს.

– წერდით, ამ 45 წლის კაცის შვილიც ექიმების შეცდომის გამოა ავადო.

– დიახ. ყვება, რომ ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა. მასაც უთხრეს, რომ რაღაც ანომალია ჰქონდა. ხერხემალზე გაუკეთეს ოპერაცია და, სავარაუდოდ, ზურგის ტვინიც აუღეს, რის შემდეგაც ცერებრალური დამბლა დაემართა. ყველგან წერენ, სავარაუდოდ, ესა და ეს დაავადება აქვსო, რომ მერე შედავება ვეღარ შეძლო.

აქ რომ გავიკითხე, ზურგის ტვინს რომ იღებენ, მერე მას სხვისთვის გადასანერგად იყენებენ. შეიძლება ვცდები, მაგრამ უკვე იმდენი შემთხვევაა, რაც ჩემამდე მოვიდა, რომ შესაძლებელია, ამ ბავშვებს დონორებად იყენებენ და მათ ბიოლოგიურ მასალას თურქეთში ყიდიან.

– ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა.

– ღმერთმა მაპატიოს, თუ ვინმეს ბრალს ვდებ და შეცდომას ვუშვებ, მაგრამ ეჭვის უფლება ხომ მაქვს?! ეჭვი მაქვს, დონორებად იყენებენ ამ ბავშვებს და ეს მასალა თურქეთში მიდის. გაიკითხეთ, 4-ჯერ ზურგის ტვინის აღება სხვას რას ემსახურება. ბელგიელი ექიმები დღემდე გვეკითხებიან, რა გააკეთეს ამითო.

– არ სცადეს, ეს კითხვა თავად დაესვათ იაშვილის კლინიკისთვის?

– ზედმეტად კოლეგიალურები არიან. აქეთ გვეუბნებიან, თქვენ იკითხეთ, უნდა გითხრან, რატომ აიღეს ამდენჯერ ეს ანალიზიო.

სამწუხაროდ, მტკიცებულება არ მაქვს. იმასაც ვეჭვობ, რომ ბავშვს, რომელსაც თურქეთში აგზავნიდნენ, იმავე ოპერაციას გაუკეთებდნენ, რაც ბელგიაში ჩაუტარეს, მაგრამ გადაახდევინებდნენ გადანერგვის თანხას, რომელიც ამ კლინიკებს შორის გაიყოფოდა.

– იაშვილის კლინიკამ რომ გიჩივლათ, როგორ დამთავრდა ის პროცესი?

– ითხოვდნენ, “ფეისბუქით” უარყვე ეს ინფორმაციაო. რა უნდა უარვყო, ამის მერე ამავე ქირურგმა დოლბანდი ჩაუტოვა ბავშვს მუცელში, სეფსისი დამართა და მე როგორ უნდა შემელახა მისთვის რეპუტაცია?! ისიც თქვეს, ეს ერთი ქირურგი გვყავს და მასაც თუ ლიცენზია შევუჩერეთ, მერე რა ვქნათო.