89 წლის ლამარა აბჟანდაძემ კომპიუტერი 2 საათში აითვისა – ”ყველაფერი, რაც არ მავიწყდება”

89 წლის ლამარა აბჟანდაძემ კომპიუტერი 2 საათში აითვისა - ”ყველაფერი, რაც არ მავიწყდება”ხათუნა მაღრაძე, სარკე

“არა, არ ვბერდები, უბრალოდ დრო მიდის, მიდის და თვალებთან ღარები ჩნდებიან” – ასე პოეტურად აღიქვამს წლების დინებას 89 წლის ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე. თავის ნაფიქრალს, განცდილს ის პოსტის სახით ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს და აუდიტორიაც ჰყავს, იცნობენ, ეხმაურებიან, პრეზენტაციაზე ეპატიჟებიან. წარსულს არ მისტირის, უკეთესი მომავლის იმედი აქვს და სხვებსაც ურჩევს, მუდმივად ფიქრში, მოძრაობაში იყვნენ ანუ იქ, სადაც სიბერის ადგილი არ არის.

– ქალბატონო ლამარა, მეამბოხე ადამიანი ხართ და უფრო მეტად ამით მიიქციეთ ყურადღება. ყოველთვის ასეთი იყავით?

– სტუდენტი სანამ გავხდებოდი, კომკავშირი დავტოვე. გაკულაკების პერიოდში სწორედ კომკავშირლები იყვნენ, მეზობლებს რომ ასმენდნენ და ხალხს აუბედურებდნენ. ამ პროცესებმა ბაბუაჩემი იმსხვერპლა. ერთადერთი მარჩენალი წისქვილი გვქონდა და ისიც წაგვართვეს. ოჯახში უბრალო სკამიც არ დაგვიტოვეს, ყველაფერი გაიტანეს. პატარა ვიყავი, მაგრამ მძაფრად მახსოვს, ამ ადამიანებს როგორ მოუძღოდნენ წინკომკავშირლები.

სკოლა რომ დავამთავრე, კომკავშირელის საბუთები უნივერსიტეტში აღარ წავიღე. მომთხოვეს, მაგრამ არ მივიტანე. რამდენჯერმე დამიბარეს, რომ განცხადება დამეწერა და აღდგენა გამეკეთებინა, მაგრამ პროტესტის ნიშნად არ გავაკეთე.

ამ გადაწყვეტილებამ ჩემს ცხოვრებას დაღი დაასვა. ხან სტიპენდიას მაკარგვინებდნენ, ხან სხვა სირთულეებს მიქმნიდნენ, ყოველმხრივ მავიწროვებდნენ.

უნივერსიტეტიდან ვერ გამრიცხეს და ეს უნივერსიტეტის მაშინდელი რექტორის, ნიკო კეცხოველის, დამსახურება იყო. ის ძალიან კარგი პიროვნება და საუკეთესო რექტორი გახლდათ. სტუდენტებს ფარად ჰყავდათ. გარდა ამისა, ფიზიკურად ძალიან პატარა ვიყავი, სულ რაღაც 42 კილო და ჩემი არც ეშინოდათ. ალბათ ფიქრობდნენ, ამან რა უნდა დაგვაკლოსო.

საგნებს ყოველთვის კარგად ვაბარებდი მათემატიკის განხრით, მაგრამ ფილოსოფია და პარტისტორია მიჭირდა. არ ვსწავლობდი თუ ვერ ვსწავლობდი, არ ვიცი. ნიშნისთვისაც კი ვერ მოვკიდე ხელი, რომ მემეცადინა. ამ საგნების ლექტორები რომ ხეავდნენ, მათემატიკის განხრით მაღალი ქულები მქონდა, სამიანს სამადლოდ მიწერდნენ.

– პარტიული რომ არ იყავით, ამან სამსახურის დაწყებაში ხელი არ შეგიშალათ კომუნისტურ ეპოქაში?

– მაშინ იმდენად ჭირდა პედაგოგები სკოლებში, რომ სამსახურში უნივერსიტეტიდანვე გამანაწილეს. თიანეთში გამიშვეს სამუშაოდ. მალე ჩემი რაიონიდან, თერჯოლიდან გამოგზავნეს მოთხოვნა, რომ იქაც სჭირდებოდათ მათემატიკის მასწავლებელი და ჩემს გადაყვანას ითხოვდნენ. დედამ, რომელიც ასევე მათემატიკოსი იყო, თავისი საათები დამითმო სიმონეთის საშუალო სკოლაში და 8 წლის განმავლობაში ჩემს სოფელს ვემსახურებოდი.

არაჩვეულებრივი კოლექტივი დამხვდა, ბრწყინვალე პედაგოგები და სკოლის დირექტორი, სიახლის მაძიებელი ხალხი. საოცარი გარემო იყო, ისეთი, როგორიც მჭირდებოდა.

– დღეს პედაგოგებს ბავშვებთან საერთო ენის გამონახვა უჭირთ. მგონი, მაშინ ეს პრომლემა ასე მწვავედ არ იდგა.

– ბავშვი ყოველთვის ხალასია, სწორად თუ მიუდგები. როცა მუშაობა დავიწყე, მოსწავლეებზე ასაკით ბევრად უფროსი არც მე ვიყავი. მათ ისე ვექცეოდი, თითქოს თანატოლები ვიყავით. მხოლოდ ფენომენალური ნიჭის ადამიანს შეიძლება აპატიოს მოსწავლემ ზემოდან ყურება, ასეთები კი სკოლის პედაგოგებს შორის არ არიან – გენიოსები სკოლაში არ მიდიან სამუშაოდ. მასწავლებელმა უნდა გაიაზროს, რომ თუ მოსწავლესთან გულწრფელი და თბილი ურთიერთობა არ აქვს, საგანს ვერ შეაყვარებს.

– პედაგოგად მუშაობის პერიოდში პროტესტი და ამბოხი არ დაგჭირვებიათ?

– როცა გავთხოვდი, ქუთაისში გადავედი სამუშაოდ და ისეთი დირექტორი დამხვდა… ერთ რამეს გეტყვით: მოსწავლეები მათემატიკის საგანს რომ კარგად დაუფლებოდნენ, დამატებითი სახელმძღვანლოებით ვამუშავებდი. დირექტორმა მოსწავლეს ჩანთა გაუჩხრიკა, ამოიღო თოფურიას სახელმძღვანელო და დაუხია. მე დამიბარა და სასტიკად გამლანძღა, რა საჭიროა ზედმეტი მუშაობა, სახელმძღვანელოდან ასწავლე, ჩვენ ხომ მუშათა კლასს ვზრდითო.

აბა, როგორ დამეჯერებინა მისთვის?! განვაგრძე იმ მეთოდით სწავლება, რაც სწორად მიმაჩნდა. შედეგი ის იყო, რომ სკოლაში დირექტორის “დამსახურებით” ყოველთვის წარუმატებელ მასწავლებლად ვითვლებოდი. მას არ ვუჯერებდი და ის ჩემს შრომას არ აფასებდა. ასე გრძელდებოდა, სანამ პენსიაზე არ გავედი და სკოლას თავი არ დავანებე.

შემდგომ წლებში მე და ჩემი მეუღლე სოფელში გადავედით საცხოვრებლად, მაგრამ, ქმარი რომ გარდამეცვალა, მარტოობა გამიჭირდა. ამიტომ შვილებთან წამოვედი თბილისში.

– პირველი, რაც თბილისში გააკეთეთ, ალბათ ის ბაღნარია, რომელიც მეცხრე სართულის აივანზე გაქვთ გაშენებული.

– ომიანობის წლებშიც კი, როცა ყვავილების მოვლის თავი არავის ჰქონდა, ეზოში ყვავილებს ვუვლიდი. ყველანაირი ყვავილი მიყვარს – ქოთნის, ეზოსი, მინდვრის… მირჩევნია, ეზოიანი სახლი გვქონდეს, უფრო ნაკლებად მექნებოდა სოფლის ნოსტალგია, მაგრამ ახლაც არ ვგრძნობ ცუდად თავს. ჩემს აივანზე დღესაც ყვავიან სხვადასხვა ფერის ვარდები.

– ჩამოხვედით თბილისში და გახდით პოპულარული ბლოგერი. როგორ დაუმეგობრდით ინტერნეტსამყაროს?

– 2 წელია, რაც კომპიუტერთან ვმუშაობ. გურიაში ვიყავი ჩემს ქალიშვილთან. იქ არასამთავრობო ორგანიზაცია აქვს და ხშირად ვსტუმრობ ხოლმე. ერთ დღესაც მარტო დავრჩი სახლში. თავი ვერაფრით შევიქციე. მეზობლებთანაც ვერ გადავდიოდი, უცხო გარემო იყო ჩემთვის.

ქალიშვილმა მომიტანა კომპიუტერი და 2 საათი დამჭირდა ელემენტარულის ასათვისებლად. დღის ბოლოს უკვე იმდენი ვიცოდი, რომ პირველი პოსტი დავწერე. კარგად მახსოვს, ეს პოსტი “ქართულ მარშს” ეხებოდა. იმხელა აჟიოტაჟი ატყდა, თავადაც გავოცდი. რეჟისორმა, ანდრო დადიანმა დამირეკა და მითხრა, პოსტების წერა მშვენივრად გამოგდის, ერთი სცადე და ბლოგიც დაგვიწერეო.

“ყველაფერი, რაც არ მავიწყდება” – ასეთი სათაურით გამოქვეყნდა ჩემი პირველი ბლოგი, რომელიც ძირითადად ჩემს ბავშვობას, რეპრესიების წლებს, ომის პერიოდს უკავშირდება. ამ ნამუშევრით უამრავი ადამიანი დაინტერესდა. სხვა ბლოგერების ნამუშევრებსაც გადავხედე და გამიკვირდა, ამხელა გამოხმაურება მათ არ ჰქონიათ.

ყველა ადამიანს მოვუწოდებ, არამარტო ჩემი ხნისას, 60 წლის ზემოთ ვინც არიან, რომ გონება გაავარჯიშონ. მკვლევარი არ ვარ, მაგრამ პრაქტიკიდან ვხვდები, რომ გონების ვარჯიში ძალიან კარგად მოქმედებს ადამიანზე. ფიქრი, განსჯა, იმედი გვაცოცხლებს.

ამას წინათ ლექსი წავიკითხე და თითქოს ჩემზეა დაწერილი – “არა, არ ვბერდები, უბრალოდ დრო მიდის, მიდის და თვალებთან ღარები ჩნდებიან”. ეს სიმართლეა. 90 წლის ვხდები. გადატანილი ემოციები მხრებზე ძალიან მძიმედ მაწევს, მაგრამ ცხოვრებას არ ვნებდები.

ყველას შეუძლია, მხნედ გამოიყურებოდეს ან პირიქით. თავი არ უნდა მისცე სიბერესა და ავადმყოფობას. ისეთი არავინაა, არ ავადმყოფობდეს, მაგრამ, ცუდად როცა ვგრძნობ თავს, მუდმივად ვფიქრობ, რომ კარგად გავხდები. მოვკვდებიო, ამას გონებაშიც არ გავივლებ. ამის გამოა, რომ დანიშნული წამლების ნახევარიც არ მაქვს ხოლმე მიღებული, უკვე კარგად ვარ.

საკუთარი თავის უნდა გჯეროდეს და გიყვარდეს. სხვა შემთხვევაში ვერც ვერავის შეიყვარებ და ვერც ვერაფერს შექმნი. რასაკვირველია, ეგოისტურ სიყვარულს არ ვგულისხმობ.

– ოჯახის წევრები ალბათ თქვენი პირველი გულშემატკივრები არიან.

– ორი შვილი და ხუთი შვილიშვილი მყავს. ჩემი წარმატებები უხარიათ. მე მათით ვამაყობ და ისინი – ჩემით. ძალიან მინდა, უკეთეს ქვეყანაში იცხოვრონ. ყველას გვახსოვს, რა იყო 90-იან წლებში, უფრო მძიმე ყოფა, ვიდრე დღეს არის, მაგრამ მაშინ იმედი გვქონდა, რომ ის იყო აღმასვლის დასაწყისი. თუმცა იმედი გაგვიცრუვდა.

ჩემი აზრი ასეთია: თანამედროვე პოლიტიკაში მოსული ადამიანები იმ ელიტის შთამომავლები და ახლო ნათესავები არიან, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროს აღზევებულები იყვნენ. ვარდების რევოლუციამ ცოტა იმედი მოგვცა, მაგრამ როგორც ჩანს, ხელისუფლებაში ერთი და იგივე ხალხი დიდხანს არ უნდა გააჩერო. მერე უკვე შეცდომებს უშვებენ, რაც მწარედ მოქმედებს მათზეც და ქვეყანაზეც.

პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ იმას კი ვხედავ, რა არის ცუდი და რა – კარგი. ეს ყველაფერი როგორ არ დავწერო?! ქალაქის მერი ტაქსების გალამაზებაზე რომ ფიქრობს, იმაზე რატომ არ დასცდენია სიტყვა, 3 ლარის ნაცვლად 10 ლარს რომ გვახდევინებენ?!

ვამაყობ იმ ახალგაზრდებით, რომლებიც რუსთაველის გამზირზე დგანან. ქვეყანაში უნდა იყოს მუდმივი განსჯა იმ არაჯანსაღი პროცესებისა, რომლებიც ჩვენ გარშემო ხდება. გაჩუმებულებს მთლად მონებად გაგვხდიან.

– თქვენი ვაჟი, დათო ხიდაშელი, ერთ დროს დისიდენტი იყო, სამხატვრო აკადემიაში სწავლის პერიოდში დააპატიმრეს კიდეც. გვიამბეთ მასზე.

– ჩემი ძმა ანზორ აბჟანდაძეც მერაბ კოსტავასთან, ზურაბ ჭავჭავაძესთან, ირაკლი წერეთელთან ერთად იყო. ქუთაისში, ჩვენს სახლშიც ყოფილან სტუმრად. სხვათა შორის, ჩვენი სახლიდან რომ წამოვიდნენ, სწორედ მაშინ მოხდა ის საბედისწერო ავარია, რომელსაც ჯერ კოსტავა შეეწირა, მერე ჭავჭავაძე.

თამარ ჩხეიძეს მთელი ღამე არ სძინებია. ჩვევა ჰქონია ასეთი, საკუთარი სახლის გარდა ვერსად იძინებდა. მეორე დღეს საჭესთან დაჯდა და ეს უბედურებაც დატრიალდა. ჩემი ძმა მაშინვე გამოემგზავრა თბილისში. ზურაბმა თითქმის თვენახევარი იცოცხლა. ჩემი ძმა გვერდიდან არ მოშორებია, მაგრამ თითქმის გამოჯანმრთელებული ზურაბი მოულოდნელად დაიღუპა. ამბობდნენ, რაღაც ვირუსი შეუყვანესო. ქვეყნის მოღალატეებს მსგავსი გონების ადამიანები არ აწყობდათ.

ჩემი ვაჟი ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, მე და ჩემს მეუღლეს რომ გვიბარებდნენ ქალაქკომში და სამხატვრო აკადემიიდან მისი გარიცხვით გვემუქრებოდნენ. დათო მაინც არ ჩერდებოდა. ერთხელ მან და მისმა მეგობრებმა ლენინი დახატეს ღამის ქოთანზე ჩამომჯდარი და აკადემიის ფანჯრიდან გადმოაფრიალეს. ამის გამო კომკავშირიდან გარიცხეს.

მოგვიანებით დათო და ირაკლი წერეთელი პროკლამაციების დაბეჭდვისა და გავრცელებისთვის დააპატიმრეს. ეს ამბავი ქუთაისში გამაგებინეს. იმავე ღამეს საფოსტო თვითმფრინავით ჩამოვაღწიე თბილისამდე. მთელი გზა ვტიროდი. როცა ჩამოვედი, დათო უკვე გათავისუფლებული იყო. ჩემსავით სუსტი აღნაგობის იყო და ირაკლი წერეთელმა ყველაფერი საკუთარ თავზე აიღო. მოგვიანებით დათოს თანამდებობაც შესთავაზეს, მაგრამ მას არ უნდოდა ხელმძღვანელად მუშაობა, ეროვნული მოძრაობის შემდეგ მიჰყვება თავის საქმეს – მხატვრობას.

– ახალგაზრდების მიმართ ყოველთვის თანაგრძნობით გამოირჩევით. მათი ჩაცმისა და თავისუფლების გამოხატვის ფორმები ყოველთვის მისაღებია თქვენთვის?

– ახალგაზრდებს უნდა გავუგოთ, თავისუფლების გამოხატვის რა ფორმასაც აირჩევენ, არ უნდა განვსაჯოთ. ჩემი შვილიშვილი, ბიჭი, საყურით დადის და ერთხელ ლამის ფიზიკურადაც გაუსწორდნენ რუსთაველის გამზირზე. ადამიანი ხომ პიროვნებაა, მის მიმართ ასეთი აგრესიული რატომ უნდა იყო?! მას აქვს არჩევანის უფლება. როგორც უნდა, ისე გამოხატავს თავისუფლებას.

ჩვენს დროს გამოხატვის ფორმა თავისუფალი აზროვნება იყო, რომელსაც საჯაროდ ვერ გავახმოვანებდით, ახლა ახალგაზრდები უფრო გარეგნულ მხარეს აქცევენ ყურადღებას.

– თქვენ დაესწარით ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” საპრემიერო ჩვენებას და ამით ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდით. არ გაგაღიზიანათ თამამმა სცენებმა?

– წასვლას არ ვაპირებდი, მაგრამ “ამირანის” ადმინისტრაციამ მიმიწვია. დამირეკეს და ორი ბილეთი უფასოდ გადმომცეს. ალბათ ჩემს პოსტებს კითხულობენ და ამიტომ აინტერესებდათ ფილმთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება. შვილიშვილებს არ ეცალათ და რძლის დისშვილმა წამიყვანა.

ყველამ ვიცით, რა ხდება სინამდვილეში. მამათმავლობა საუკუნეებია, რაც არსებობს. ფილმის რეჟისურა მომეწონა, შესანიშნავი მსახიობები არიან. ის მიუღებელი სცენები, რაც ფილმშია, უფრო ამძაფრებს ამ ტრაგიკული წყვილის ამბავს. ტრაგედიაა, რაც ხდება, უბრალოდ ამის თამამი ეკრანიზაცია მოხდა. საპროტესტო აქციამ კი მხოლოდ რეკლამის როლი შეასრულა. ასეთი ხმაური რომ არ ყოფილიყო, ამ ფილმის შესახებ ბევრი ვერც გაიგებდა.