სიონის ტაძარში თომა მოციქულის თავის ქალა 15 წლის შემდეგ პირველად დააბრძანეს – “წმინდა ნაწილებთან რწმენით მისული ადამიანები იკურნებიან”

სიონის ტაძარში თომა მოციქულის თავის ქალა 15 წლის შემდეგ პირველად დააბრძანეს - "წმინდა ნაწილებთან რწმენით მისული ადამიანები იკურნებიან"რუსუდან ადვაძე, სარკე

ქრისტეს საყვარელი მოწაფის, მოციქულ თომას თავის ქალა წელს,  15 წლის შემდეგ პირველად, 19 ოქტომბერს – მისი ხსენების დღეს, გამოაბრძანეს სიონის ტაძრის საკურთხევლიდან შუა ტაძარში და მორწმუნეებს შესაძლებლობა მიეცათ უდიდეს სიწმინდეს შეხებოდნენ.

საიდან მოხვდა საქართველოში ქრისტეს 12 მოციქულიდან ერთ-ერთის თავის ქალა, უცნობია. სხვადასხვა წყაროებში წერია, რომ მოციქულ თომას წმინდა ნაწილი პირველად დასავლეთ საქართველოში, ზესტაფონის რაიონის სოფელ ჭალაკში ნახეს. მოგვიანებით კი სიწმინდე სიონის საკათედრო ტაძარში აღმოჩნდა.

მას შემდეგ, რაც უფალი ზეცად ამაღლდა და სულიწმიდა გადმოვიდა მის მოწაფეებზე – მოციქულებზე, ამ უკანასკნელებმა წილი ჰყარეს, თუ ვის რომელ ქვეყანაში უნდა ექადაგა ღვთის სიტყვა. წმიდა თომას წილად ინდოეთი შეხვდა, რომ აზიის ამ შორეულ მხარეში გაენათლებინა წარმართობით დაბნელებული პართიელები და მიდიელები, სპარსელები და გირკანელნი, ბაქტრიელები და ბრაჰმანები და ინდოეთის ყველა უშორესი კუთხის მკვიდრნი.

ძველად ინდოეთს უწოდებდნენ სამხრეთ აზიის ყველა ქვეყანას. თომა ძალზე წუხდა, რომ ესოდენ შორეულ ქვეყნებსა და ველურ ხალხთან უხდებოდა წასვლა, მაგრამ მას უფალი გამოეცხადა, განამტკიცა და უბრძანა, ყოველთვის მხნედ ყოფილიყო და არაფრის შეშინებოდა, რადგან მას არასოდეს დატოვებდა.

წმინდა თომამ ახალი აღთქმა უშიშრად იქადაგა და ეკლესიები დააფუძნა პალესტინაში, შუამდინარეთში, პართიაში, ეთიოპიასა და ინდოეთში.

მას ხშირად ურწმუნო თომას სახელითაც მოიხსენიებენ, რადგანაც არ სჯეროდა ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა და მოითხოვა, თავად დარწმუნებულიყო. მან მხოლოდ მაშინ იწამა ქრისტეს აღდგომა, როცა მაცხოვრის ჭრილობებს საკუთარი ხელით შეეხო.

ჩვენი წელთაღრიცხვით 48 წელს, როცა ღვთისმშობელმა მარიამმა მიიძინა, თომა მოციქული ინდოეთში ქადაგებდა. წმინდა მამათა ცხოვრებაში მოთხრობილია, რომ ქრისტეს ყველა მოციქული სულიწმიდის ძალით ცაში იქნა ატაცებული და გადაყვანილი გეთსამანიის ბაღში, სადაც ღვთისმშობელი განისვენებდა. თომა კი მხოლოდ ღვთისმშობლის დაკრძალვიდან სამი დღის შემდეგ აღმოჩნდა გეთსამანიაში, რის გამოც ძალიან წუხდა. ამიტომ მოციქულებმა გადაწყვიტეს, გაეხსნათ ღვთისმშობლის საფლავი, რომ თომას თაყვანი ეცა. აღმოჩნდა, რომ საფლავი ცარიელი იყო და მხოლოდ ღვთისმშობლის მოსასხამი იყო დარჩენილი.

ყველანი დარწმუნდნენ, რომ დედა ღვთისა, თავისი ღვთაებრივი ძის მსგავსად, მესამე დღეს მკვდრეთით აღდგა და სხეულით იქნა აყვანილი ზეცად.

თომა მოციქულმა ინდოეთში მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე – წარმართებმა 5 შუბით განგმირეს. როცა მხედრები მოსაკლავად დაედევნენ, მეფისწული აზანი და ერთი ქრისტიანი, სახელად სიფორი, მოციქულს უკან მიჰყვნენ. თომამ სიკვდილის წინ მხედრებს ლოცვის აღსრულების ნებართვა სთხოვა. როცა ილოცა, სიფორს მღვდლად დაასხა ხელი, აზანს – დიაკვნად და უანდერძა, მორწმუნეთა გამრავლებისთვის და ქრისტეს ეკლესიის განვრცობისთვის ეზრუნათ.

მხედრებმა მოციქული განგმირეს. სიფორმა და აზანმა კი მისი სხეული დიდი პატივით დაკრძალეს. როცა მოციქულის საფლავთან ისხდნენ, მათ წმიდა თომა იხილეს, რომელმაც უთხრა, ქალაქში დაბრუნებულიყვნენ და სულიერი ძმები რწმენაში განემტკიცებინათ. მართლაც დაბრუნდნენ და, წმიდა თომას ლოცვა-კურთხევით გაძლიერებულნი, ქრისტეს ეკლესიას წარმატებით განაგებდნენ.

საეკლესიო მწერლების მოწმობით, თომა მოციქულის წმიდა ნაწილები 385 წელს ქალაქ ედესოში გადაასვენეს, მაგრამ ინდოეთშიც დარჩა მისი სხეულის ზოგიერთი ნაწილი. ედესოში ამ წმიდა ნაწილებზე დიდი ეკლესიაც ააგეს, სადაც მოსალოცად შორეული ქვეყნებიდანაც ჩადიოდნენ.

იმპერატორ ანასტასის ზეობისას – 490-518 წლებში, თომა მოციქულის წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენეს, სადაც მის სახელზე ტაძარი ააგეს. ჯვაროსანთა მეოთხე ლაშქრობის დროს, 1204 წელს, უნგრეთის მეფემ, ანდრია III-მ, წმიდა თომას მარჯვენა ხელი თავის სამშობლოში გადაასვენა.

თომა მოციქულის ბარძაყის ძვლის ნაწილი ქუთაის-გაენათის ეპარქიაში ინახება, თავის ქალა კი, როგორც მოგახსენეთ, თბილისის სიონის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული.

ისტორიკოსი ელდარ ბუბულაშვილი, რომელიც ავტორია წიგნისა “საქართველოს სიწმინდეები”, ამბობს, რომ დაზუსტებით არავინ იცის, როგორ მოხვდა მოციქულის თავის ქალა საქართველოში.

ელდარ ბუბულაშვილი: არ გვაქვს ზუსტი ცნობები, როგორ მოხვდა თომა მოციქულის თავის ქალა საქართველოში, მაგრამ ვნახე წყაროები, სადაც აღნიშნულია, რომ მე-17 საუკუნეში უკვე საქართველოში იყო. სიწმინდეების ნაწილი ქვეყანაში ჩუმად შემოდიოდა და ამით აიხსნება ის, რომ ცნობილი არ არის, როგორ მოხვდა აქ.

სიწმინდეები სასულიერო პირებს შემოჰქონდათ და ამას არ ახმაურებდნენ – ეკლესიაში დაუწერელი კანონები არსებობდა. არის ხატები, სადაც სიწმინდეებია ჩასვენებული უნიკალური წარწერებით.

– წყაროებით თუ დასტურდება თომა მოციქულსა და საქართველოს შორის რაიმე კავშირი?

– თომა მოციქულმა აღმოსავლეთში, ინდოეთში იქადაგა. არსებობს მოსაზრება, რომ სომხეთშიც იყო. მე-19 საუკუნის რუსულ წყაროში წერია, რომ თომა მოციქულმა საქართველოშიც იქადაგა, რაც არასწორია. საქართველოსთან შეხება არ ჰქონია.

მისი წმინდა ნაწილები კათოლიკე მისიონერებმა ინგლისიდან რომშიც წაიღეს.

სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი, მამა გიორგი სანამაშვილი, “სარკესთან” განმარტავს, რომ პატრიარქ ილია II-ის კურთხევის გარეშე ასეთი სიწმინდის ტაძარში გამობრძანება მიღებული არ არის. უწმინდესი კი ბოლო წლებში ძირითადად წმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს წირვას, სიონში იშვიათად მიბრძანდება და სწორედ ამით აიხსნება, რომ 15 წელია. მრევლი ამ უდიდეს სიწმინდეს არ შეხებია.

– მამა გიორგი, როგორ მოხვდა თომა მოციქულის თავის ქალა სიონის ტაძარში?

– საქართველოში წმინდა თომას შესახებ ცნობები გვხვდება მე-17 საუკუნეში. წყაროების მიხედვით, დასავლეთ საქართველოში, ზესტაფონის მახლობლად, სოფელ ჭალაკში ინახებოდა ეს სიწმინდე, მაგრამ უცნობია, ვინ შემოიტანა საქართველოში. ბერები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობდნენ და სიწმინდეები ჩამოჰქონდათ, საგულდაგულოდ ინახავდნენ მათ, რომ მტერს არ შეერყვნა. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მსგავსმა ცნობებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია.

ისიც უცნობია, როდის მოხვდა წმინდა თომას თავის ქალა სიონის ტაძარში. ის სიონის კანკელის მარჯვენა მხარესაა დავანებული. დასავლეთიდან შემომავალი ადამიანი საკურთხეველში, მარჯვენა მხარეს, თომა მოციქულის ეკვდერს მიადგება, სადაც ეს სიწმინდე ინახება. მარცხენა მხარეს კი წმინდა ნინოს ჯვარია დაცული.

თომა მოციქულის შესახებ ოთხივე მახარობელი გვაუწყებს. ეკლესია აღდგომის შემდგომ კვირას თომას კვირას უწოდებს. ასე რომ, საქართველოში თომას ხსენებას ორჯერ აღნიშნავენ, რაც იმაზე მეტყველებს, თუ რა განსაკუთრებულ პატივს სცემს ეკლესია ამ წმინდანს.

ბუნებრივია, წმინდა ნაწილებს აქვთ გარკვეული ძალა და მადლი. რწმენით მისული ადამიანი იკურნება და ამის არაერთი შემთხვევა ყოფილა, რომ სიწმინდესთან რწმენით მისული გამოჯანმრთელებულა. როცა წმინდა ნინო შემობრძანდა, ავადმყოფი დედოფალი ნანა განკურნა. ეკლესია ასეთ სიწმინდეებზე დგას და იცავს მათ.

– თომა მოციქულის თავის ქალა კი წლებია არ გამოგიბრძანებიათ ტაძარში. რატომ?

– სამწუხაროდ, 15 წელია. თომა მოციქულის თავის ქალა საკურთხევლიდან არ გამობრძანებულა. ზოგადად ბოლო წლებში არც ერთი სხვა სიწმინდე არ გამოგვიბრძანებია, გარდა წმინდა ნინოს ჯვრისა. ის წელიწადში ორჯერ გამობრძანდება ხოლმე შუა ტაძარში და მორწმუნეებს ეძლევათ საშუალება, ემთხვიონ. მოგეხსენებათ, ამ ჯვარზე მისი ქალწულებრივი თმა არის დატანილი.

წმინდა ნაწილების გამობრძანება ეპისკოპოსის მსახურებასთან არის დაკავშირებული. ამ ტაძრის ეპისკოპოსად პატრიარქი ითვლება. წლებია უწმინდესი 19 ოქტომბერს სიონში არ მობრძანებულა წირვის ჩასატარებლად და ალბათ ეს იყო მიზეზი, რომ ეს სიწმინდე არ გამოგვიბრძანებია. სამების ეკლესიაში კათოლიკოს-პატრიარქის მიერ სისტემატურად აღესრულება მსახურება და ამიტომ თომა მოციქულის ხსენების დღეს სიონში ვეღარ მოვიდა.

სიონში ინახებოდა მადლის ქვა – დავით გარეჯელის მიერ ჩამოტანილი, წმინდა გიორგის მუხლის ნაწილი, რაჟდენ პირველმოწამის ნაწილი ახლაც სიონშია… მადლის ქვა და წმინდა გიორგის მუხლის ნაწილი სამებაში დაბრძანდა.

– სამების ტაძარში თომა მოციქულის თავის ქალის სამუდამო გადაბრძანებაც ხომ არ არის განსაზღვრული?

– არა, რადგან მისი ეკვდერი განსაზღვრულია სიონის ტაძარში. საერთოდ სიწმინდეებთან მიმართებაში ისტორია სხვადასხვაგვარად ვითარდებოდა. ნინოს ჯვარი გარკვეული პერიოდი რუსეთში ინახებოდა. როდესაც საქართველოში შემოაბრძანეს, გადაწყდა, რომ კუკიაზე არსებულ წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში დაევანებინათ, მაგრამ, რადგან მაშინ ეს ადგილი თბილისის გარეუბნად ითვლებოდა, შეეშინდათ, არავის გაეტაცებინა და სიონში დააბრძანეს.

– წელს ღვთისმსახურება ილია II-მ ჩაატარა სიონში და ამიტომაც გამოაბრძანეთ?

– არა, წელს მობრძანდა წალკელი ეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლ კაცია, რომელმაც მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით გამოაბრძანა თომა მოციქულის წმინდა ნაწილი.

წმინდა ნაწილი როცა შუა ტაძარშია გამობრძანებული, აღესრულება ღვთისმსახურება, მწუხრისა და ცისკრის ლოცვები, ჟამნები და ამის შემდგომ ეკლესია ემზადება წირვისთვის. ამ დროს მორწმუნე საზოგადოებას, ზეთის ცხებასთან ერთად საშუალება აქვს, სიწმინდეს ემთხვიოს, შეეხოს და განსაკუთრებულად შეევედროს შეწევნას.

სწორი ლოცვა უნდა შეგვეძლოს. ლოცვა – ეს რწმენაში გაძლიერება უნდა იყოს, შენდობა უნდა ვთხოვოთ ღმერთს, რომ მადლი გვქონდეს.

– ამჯერად მრეველს შესაძლებლობა ჰქონდა, თომა მოციქულის თავის ქალას უშუალოდ შეხებოდა. სხვა დროს კი ლუსკუმა დახურულია ხოლმე.

– ლუსკუმაში ბრძანდებოდა, მაგრამ ის იყო გახსნილი და ყველას შეეძლო, შეხებოდა. წმინდა ნინოს ჯვარსაც როცა გამოვაბრძანებთ, ლუსკუმას ვხსნით და მორწმუნეებს შეუძლიათ, პირდაპირ შეეხონ. სწორედ ეს არის მთავარი.

თომა მოციქულის თავის ქალა ბრძანდება სპეციალურად მოწყობილ ფეშხუმზე, რომელიც არის საეკლესიო ჭურჭელი და სადაც მოთავსებულია წმინდა ტარიგი მაცხოვრის ხორცის მისაგებად და ბარძიმი, სადაც ქრისტეს წმინდა სისხლია. წმინდა თომას თავის ქალისთვის კი ცალკე ფეშხუმია განსაზღვრული. ეს სიწმინდე სწორედ იქიდან ავიღეთ, ლუსკუმაში ჩავაბრძანეთ და შუა ტაძარში შევაბრძანეთ.

– ხალხი როგორ იქცევა, როდესაც ტაძარში ასეთი სიწმინდეა და საკუთარი თვალით თუ გინახავთ სასწაული?

– მადლობა უფალს, რომ საქართველოს ეკლესიის მრევლი მაღალი შეგნებითაა სავსე. რიგში დგებიან, რითიც გარკვეულ მოთმინებას გამოხატავენ. მოთმინება სათნოება გახლავთ, რომელსაც აშკარად ეშურებიან.

სასწაული კი არის ის, რომ, როდესაც მისი უწმინდესობა საქართველოს ეკლესიის სათავეში მოვიდა, თითქმის სუდარაგადაფარებული ჩაიბარა ეკლესია ათეისტური რეჟიმის პერიოდში. ეკლესია მას მერე აღორძინდა. ეს სასწაული ალბათ სწორედ თომა მოციქულის თავის ქალის ან თუნდაც წმინდა ნინოს ჯვრის შემწეობით მოხდა. სასწაულია, როდესაც საქართველოში ამჟამად არ არსებობს ქალაქი, სოფელი, დაბა თუ გორაკი, სადაც ეკლესია არ დგას და სწორედ ესაა მაჩვენებელი უდიდესი რწმენისა.

თომა მოციქულის ტროპარი:

“იქმენ მოწაფე ქრისტესი, თავთა მათ მოციქულთა კრებულსა თანა აღრაცხულ, ხოლო ურწმუნოებითა ქრისტეს აღდგომაი გამოიძიე, და მისისა პატიოსნისა ვნებისა განხილვითა მორწმუნე იქმენ, თომა, ყოვლად ქებულო და აწ გვითხოვე ჩუენ მშვიდობაი და დიდი წყალობაი”.

კონდაკი:

“ვითარცა სიბრძნისა მადლითა აღვსებულმან და ქრისტეს მოციქულმან და მსახურმან საკვირველმან, სინანულით ღაღად-ჰყავ შენ: შენ ხარ ღმერთი ჩემი და უფალი ჩემი”.