როგორ გაიხსნა დები ლომიძეების მკვლელობის საქმე – სატყუარა დამნაშავისთვის

როგორ გაიხსნა დები ლომიძეების მკვლელობის საქმე - სატყუარა დამნაშავისთვისხათუნა მაღრაძე, სარკე

გასული საუკუნის მიწურულს თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში შემზარავი დანაშაული მოხდა. ნაქირავებ ბინაში ორი გოგონას ცხედარი იპოვეს. დიდი დრო არ დასჭირვებია იმის გარკვევას, რომ გარდაცვლილები თბილისში დროებით მცხოვრები დები ლომიძეები იყვნენ. რა გახდა ამ სასტიკი დანაშაულის მოტივი, როგორ გაიხსნა საქმე და ვინ იყო ადამიანი, რომელიც დების მკვლელობის გამო გაასამართლეს? მივყვეთ მოვლენებს, რომლებიც 20 წლის წინ განვითარდა.

ორი ცხედარი

მთაწმინდაზე, იტალიური ეზოს პირველ სართულზე, გისოსებიანი ფანჯრის რაფაზე კატა შემომხტარიყო და ქუჩაში მოსიარულეებს კნავილით აყოლებდა თვალს. არავის შეუმჩნევია, რომ ეს ოქროსფერბეწვიანი არსება უკვე მეორე დღე იყო, რაც ადამიანებისგან დახმარებას ითხოვდა.

– რა საყვარელი ფისოა, – როგორც იქნა, ცისფერთვალება გოგონამ შიმშილისგან ძალაგამოცლილი ცხოველი შენიშნა. დააპირა, ფისოს მოფერებოდა, მაგრამ კატა უფრო ხმამაღლა აკნავლდა, რაფაზე ფეხი დაუსხლტა და ფარდას ჩამოეკიდა კლანჭებით. ქსოვილმა მის სიმძიმეს ვერ გაუძლო და ჩამოიხა. გოგონამ მოშიშვლებულ ოთახს მოავლო თვალი, უნდოდა, დარწმუნებულიყო, რომ ფისოს არაფერი დაუშავდა, მაგრამ უცებ ფერი დაკარგა და შემზარავად აკივლდა…

პოლიცია შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა. მოგვიანებით გამომძიებელი გოგა გელაშვილი იხსენებდა, რომ თვითმხილველმა ოთახში 24 წლის მაცაცო ლომიძის გვამი დაინახა, მისი დის ცხედარი კი სამართალდამცველებმა რამდენიმე მეტრის მოშორებით, სააბაზანოში იპოვეს. ორი დის ტრაგიკული აღსასრული საგამოძიებო ჯგუფისთვის ნამდვილ თავსატეხად გადაიქცა.

მარტოსული დები

მალევე გაირკვა, რომ უფროსი და, მაცაცო, თბილისში ერთ-ერთ რესტორანში მიმტანად მუშაობდა, უმცროსი ბაია კი კოლეჯში მედდის კურსებს გადიოდა. გოგონები ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. სახლის მეპატრონე ლომიძეებს თითქმის არ იცნობდა, თვეში ერთხელ ქირის გადახდის დღეს ნახულობდა.

“საოცარი ის იყო, რომ მეგობარი არც ერთს ჰყავდა. როცა საგამოძიებო ჯგუფის წევრებთან ერთად ბაიას სასწავლებელში მივედი, ჯგუფელები ჩვენთან დალაპარაკებას თავს არიდებდნენ. ამბობდნენ, რომ მის შესახებ არაფერი იცოდნენ და ბაია არავის ეკონტაქტებოდა”, – იხსენებს დები ლომიძეების საქმის გამომძიებელი, გოგა გელაშვილი.

სამართალდამცველებს უფრო რთული სიტუაცია დახვდათ მაცაცო ლომიძის სამსახურში. მის თანამშრომლებს არც წყენა ემჩნეოდათ, არც გაკვირვება. მაცაცოზე საუბარი უბრალოდ არავის უნდოდა.

გამომძიებელი უკვე მერამდენედ ლომიძეების ფოტოებს ათვალიერებდა. გოგონები გამაოგნებლად ლამაზები იყვნენ. “იქნებ მათი გარეგნობა გახდა მკვლელობის მიზეზიც”, – ფიქრობდა გამომძიებელი და ხელჩასაჭიდს ეძებდა.

საქმის მსვლელობისას 50-მდე ადამიანი დაიკითხა, მათ შორის მეზობლები და მხოლოდ იმის გარკვევა მოხერხდა, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ლომიძეებს შუახნის მამაკაცმა შავი მანქანით ორჯერ მიაკითხა.

“სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზით დადგინდა, რომ ბაია ლომიძე დის სიკვდილამდე, მინიმუმი, ნახევარი საათით ადრე მოკლეს. მაცაცო ამ დროს სახლში არ იმყოფებოდა. შეგვეძლო, გვევარაუდა, რომ მკვლელი ჯერ უმცროს დას გაუსწორდა, ბინაში დარჩა და მეორე მსხვერპლის დაბრუნებას დაელოდა”, – წერია წინასწარი მოკვლევის ოქმში.

ოქროს თევზი

სამართალდამცავებმა ერთთვიანი გამოძიების შემდეგ დაადგინეს, რომ მაცაცო ლომიძეს გარკვეული უსიამოვნება ჰქონდა რესტორნის მეპატრონე სერგო ხითარიშვილთან. გამომძიებლის ვარაუდით, ეს იყო მიზეზი, რომ გოგონას თანამშრომლებმა პოლიციასთან საუბარს თავი აარიდეს, არავის უნდოდა სამსახურის დაკარგვა.

გოგა გელაშვილმა იფიქრა, რომ იდუმალი მკვლელობის გასაღებს მიაკვლია და თბილისში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული რესტორნის მეპატრონეს თავად მიაკითხა.

– ის თავნება იყო, ნამდვილი ნარცისი! – უკმაყოფილება ემჩნეოდა ზორბა მამაკაცს, რომელსაც ყელზე მაჯის სისქე ოქროს ჯაჭვი ჩამოეკიდა და ზედ მიბმულ მედალიონს ნერვულად აწვალებდა.

– ანუ ადასტურებთ, რომ მაცაცოსთან უთანხმოება გქონდათ? – გამომძიებელიც დაძაბული იყო.

– ასეა, – თავი დააქნია მამაკაცმა, – საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა ჰქონდა და ეს მაღიზიანებდა, მაგრამ ჩემი კლიენტებიდან ბევრი ვიცი, მის სანახავად რომ დადიოდნენ რესტორანში. სწორად გამიგეთ, ეს ბიზნესია და ადამიანების მიმართ პირად დამოკიდებულებას საქმეში არ ვურევ. მაცაცო ჩვენი ოქროს თევზი იყო, ხომ გესმით?

გამომძიებელი წარბშეყრილი დააკვირდა მოსაუბრეს. გელაშვილს მუშაობის დიდი გამოცდილება ჰქონდა და მოეჩვენა, რომ რესტორნის მეპატრონე არ ცრუობდა.

– მაინც არ მიპასუხეთ, რა იყო თქვენი გაღიზიანების მიზეზი. იქნებ მასთან დაახლოებას ცდილობდით, მაცაცო კი ამის წინააღმდეგი იყო?

– ის ძალიან ლამაზი იყო, – რესტორნის მეპატრონეს სიწითლემ გადაუარა, – ხომ გესმით? – უხერხულად გაიღიმა მამაკაცმა, – პროვინციიდან ჩამოსულ ღარიბ გოგონას, რომელიც თავის გადასარჩენად იძულებული იყო, რესტორანში მიმტანად ემუშავა, მთვრალი მამაკაცების უხამსი მზერა და რეპლიკები აეტანა, მაინც ისე ეჭირა თავი, როგორც… – აქ მეპატრონემ პაუზა გააკეთა, სათანადო სიტყვა ვერ იპოვა, რისთვის შეედარებინა უალამაზესი ქალიშვილი. ბოლოს ღრმად ამოიოხრა და ხელი ჩაიქნია.

– ვფიქრობ, კიდევ რაღაცის თქმა გინდათ, – გამომძიებელი ფეხზე წამოდგა და მის სამუშაო მაგიდას ხელისგულებით ჩამოეყრდნო.

– ერთ საღამოს რესტორანში ჩვენი საპატიო სტუმარი მოვიდა, – დაიწყო მოყოლა რესტორნის მეპატრონემ, – ვამჩნევდი, მაცაცო მოსწონდა, მასთან გამოლაპარაკებას ცდილობდა. იმ საღამოს კი ზედმეტი მოუვიდა. მაცაცომ პასუხი არ დაუბრუნა. მხოლოდ მეორე დღეს გაირკვა, რომ რესტორნიდან გასვლის შემდეგ ის ტიპი ვიღაცამ ისე სცემა, საავადმყოფოში გადასაყვანი გახდა. ორივე ფეხზე გირი დაჰკიდეს.

– ანუ მაცაცოს მფარველი ჰყავდა? – იკითხა გამომძიებელმა.

– ეგ ჩემი საქმე არ იყო. მაცაცოს კი ვუთხარი, რომ ასე მუშაობა არ შეიძლებოდა.

– მითხარი, ვინ იყო ის საპატიო კლიენტი, უნდა დავკითხოთ, – გოგა გელაშვილმა ზიზღით გადახედა ოქროსჯაჭვიანს. მისი ყურება აღარ შეეძლო. – შენ კი ქალაქიდან არ გახვიდე, შეიძლება პროკურატურაში გამოგიძახოთ, – სიტყვა დაუგდო და კაბინეტის კარი გაიჯახუნა.

ეჭვმიტანილი მთავრობის კანცელარიიდან

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ რესტორნის მუდმივი და პატივცემული სტუმარი ზაზა ისერგიშვილი გახლდათ, რომელიც მთავრობის კანცელარიაში მუშაობდა. ბევრი ვერაფერი თანამდებობა ეკავა, მაგრამ კარგი კავშირები ჰქონდა, რაც ბიზნესის აყვავებაში დაეხმარა. თურქეთიდან მის ცოლს კონსერვირებული პროდუქტები შემოჰქონდა და თბილისში მაღაზიების თითქმის 50 პროცენტს ამარაგებდა. ასეთი საქონელბრუნვა უზარმაზარ მოგებას ტოვებდა.

ისერგიშვილი უცებ გამდიდრდა და, როგორც უცებ გამდიდრებული ადამიანების დიდ უმრავლესობას ემართება, თანაგრძნობის უნარი გაუქრა და ყოვლისშემძლეობის მანიამ შეიპყრო.

მისი ეს ბიოგრაფიული შტრიხები დამნაშავის პროფილს ესადაგებოდა. პროკურატურაში თითქმის დარწმუნებულები იყვნენ, რომ წარმატებას მიჩვეული მამაკაცი პროვინციიდან ჩამოსული გოგონასგან დამცირებას არ მოითმენდა და სამაგალითოდ დასჯიდა, მაგრამ ორი ადამიანის მკვლელობა მეტისმეტი იყო.

ზაზა ისერგიშვილმა აღიარა, რომ სიმპატიით იყო განწყობილი მაცაცო ლომიძის მიმართ. ისიც დაადასტურა, რომ თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა, მაგრამ შურისძიებაზე არ უფიქრია. საავადმყოფოში მიხვდა, რომ გოგონას სათანადოდ არ მოექცა. რაც შეეხება თავდამსხმელს, მისი თქმით, სახე არ დაუნახავს.

გამოძიება ისერგიშვილისგან სხვა ჩვენებას არც ელოდა. მის წინააღმდეგ სამხილები არ არსებოდა.

გამომძიებელი გოგა გელაშვილი:

“უამრავი ადამიანი დავკითხეთ. უმრავლესობის ჩვენება არაფრისმომცემი იყო. მხოლოდ იმის გარკვევა შევძელით, რომ პიროვნება, რომელმაც ისერგიშვილი სცემა, მაცაცო ლომიძეს არც კი იცნობდა. ის ყოფილი მოკრივე იყო. შემთხვევით შეესწო ქალიშვილის შეურაცხყოფის ფაქტს, უკან გაჰყვა რესტორნიდან გასულ კაცს და ისერგიშვილს უღირსი საქციელისთვის ჭკუა ასწავლა. საბრალო დებს კი ამ ქალაქში ჭირისუფალიც არ ჰყავდათ, რომ მშობლების ჩამოსვლამდე პროზექტურაში ვინმე მისულიყო”.

სატყუარა

ბაიას სხეულზე აღმოჩნდა სისხლის ნაკვალევი, რომელიც არც ერთ დას ეკუთვნოდა. სავარაუდოდ, მკვლელობის მომენტში ბაია ლომიძემ მოძალადეს წინააღმდეგობა გაუწია. დამნაშავემ გარკვეული სახის დაზიანება მიიღო და შემთხვევის ადგილზე მისი სისხლის წვეთები შემორჩა.

ნაკვალევის მიხედვით, მოძალადის ჭრილობა საკმაოდ ღრმა უნდა ყოფილიყო. ეჭვმიტანილთაგან გარეგნული დაზიანებები არავის ემჩნეოდა, ამიტომ პროკურატურაში მათი გამოძახება და დამატებითი საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარება მიზანშეწონილი არ იყო. გამომძიებელი მიხვდა, რომ საჭირო იყო, მკვლელი სამალავიდან გამოეტყუებინათ.

წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, პროკურატურის თანამშრომლებმა ხელახლა მოინახულეს მანამდე დაკითხული რამდენიმე მოწმე, გაესაუბრნენ, ოქმზე მოაწერინეს ხელი და “სხვათა შორის” აცნობეს, რომ ბაია ლომიძეს მომაკვდინებელი ინფექციური დაავადება ჰქონდა, რომელიც სისხლით გადადიოდა და ინფიცირებულის ორგანიზმში ორ ან სამ თვეში იჩენდა თავს.

– მკვლელი განწირულია, შემთხვევის ადგილზე მისი სისხლის ნაკვალევი ვიპოვეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაიას ინფიცირებულ სისხლს შეერია, – გულგრილი გამომეტყველებით საუბრობდნენ კარგად დარიგებული თანამშრომლები მოწმეებთან, – საბრალო გოგონა, კიდეც რომ არ მოეკლათ, დიდი დღე არ ეწერა.

– საბრალო, – ეთანხმებოდნენ თანამოსაუბრეები და ზოგს გაოგნება, ზოგსაც სრული გულგრილობა ეწერა სახეზე.

ეს ახალი გეგმის პირველი ნაბიჯი იყო. თბილისში მოქმედი ყველა ინფექციური განყოფილების ხელმძღვანელები კი გააფრთხილეს, რომ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ვინც ანალიზის ჩასაბარებლად მიაკითხავდა, სრული სია პროკურატურისთვის მიეწოდებინათ.

გამომძიებელმა იცოდა, რომ ამ სიის შემოწმება არ დასჭირდებოდა, ეს მხოლოდ დამატებითი მექანიზმი იყო, რამე არ გამორჩენოდათ. სინამდვილეში სულ რამდენიმე ადამიანით იყო დაინტერესებული. მისი ვარაუდით, ამ სიაში ისერგიშვილის დაცვის წევრის გვარი უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ შეცდა.

ინფორმაციის გავრცელების მეორე დღესვე ინფექციურ საავადმყოფოს სისხლის ანალიზის ჩასაბარებლად სერგო ხითარიშვილმა მიაკითხა.

– ასეა, მკვლელი ყოველთვის ძალიან ახლოსაა! – გამომძიებელმა მაგიდაზე გაშლილი ფურცლებიდან ერთ-ერთს წამოავლო ხელი და აუჩქარებლად გავიდა ოთახიდან.

სასჯელი

დიღომში მდებარე რესტორნის მეპატრონე პოლიციის თანამშრომლებს სამუშაო კაბინეტში დახვდათ. გამომძიებელი დაუკაკუნებლად შევიდა და ანალიზის პასუხი გაშალა.

– პირველი ჯგუფის რეზუსუარყოფითი სისხლი, – ხმამაღლა ამოიკითხა იურისტმა და ხითარიშვილს თვალი გაუსწორა, – კარგი ამბავი გვაქვს შენთვის, სრულიად ჯანმრთელი ხარ, – დამცინავი ხმით დასძინა.

სერგო სავარძლის საზურგეს მიეყრდნო და ხარბად ჩაისუნთქა ჰაერი.

– ის გოგონებიც ჯანმრთელები იყვნენ, შენ რომ დახოცე, – პაუზის გარეშე გააგრძელა იურისტმა, – შენი სისხლი მკვლელობის ადგილზეა აღმოჩენილი.

ამონაწერი საბრალდებო დასკვნიდან:

“23 ოქტომბერს, საღამოს 8 საათისთვის, ბრალდებული სერგო ხითარიშვილი მაცაცო ლომიძესთან ბინაში მივიდა. შინ მხოლოდ მისი და, ბაია ლომიძე დახვდა. სერგო ხითარიშვილი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო (ხითარიშვილი მანამდეც რამდენჯერმე ესტუმრა გოგონებს). მასპინძელმა სცადა, სტუმარი დაერწმუნებინა, რომ წასულიყო, მაგრამ ხითარიშვილი არ დაემორჩილა და 22 წლის გოგონასთან ინტიმური კავშირის დამყარება სცადა. წინააღმდეგობის გაწევის დროს ხითარიშვილს ბაია შემოაკვდა.

ბრალდებულის ჩვენებით გაირკვა, რომ ხითარიშვილმა კვალის წაშლა სცადა და გაქცევა დააპირა, მაგრამ ამ დროს მაცაცო დაბრუნდა. ნანახით თავზარდაცემულ გოგონას მამაკაცმა დაყვირების საშუალება არ მისცა, პირზე ხელი ააფარა, იატაკზე დააგდო და გაგუდა”.

სერგო ხითარიშვილს სასამართლომ 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა ქონების კონფისკაციით. გარდაცვლილი გოგონების მშობლები პროცესს არ დასწრებიან. იცოდნენ, რომ მათ ქალიშვილებს სიცოცხლეს ვერანაირი განაჩენი ვერ დაუბრუნებდა.