მეგი გოგიტიძე: ”ქმართან ბევრ რამეზე ვკამათობ, მაგრამ ლეწვა-გლეჯვამდე არ მივდივართ”

მეგი გოგიტიძე: ”ქმართან ბევრ რამეზე ვკამათობ, მაგრამ ლეწვა-გლეჯვამდე არ მივდივართ”ირმა ჭკუასელი, სარკე

მომღერალი მეგი გოგიტიძე საზოგადოებამ ტელეპროექტ “ვარსკვლავების აკადემიიდან” გაიცნო. 19 წლის ქობულეთელმა გოგომ თავისი ვოკალით, შესრულების მანერით ხალხი აალაპარაკა. იყო კრიტიკაც, სირთულეებიც, მაგრამ თავისი მსმენელის შეკრება მაინც შეძლო. მერე იყო უკრაინული “ვოისი”, სადაც ორსული მღეროდა, ახლა კი მისი ძირითადი სამუშაო ადგილი მოსკოვია, კონცერტებს მართავს და ახალ სიმღერებზეც მუშაობს.

მეგის ცხოვრებას ორი ულამაზესი გოგონა აბედნიერებს. ის და მისი ქმარი, დავით მერაბიშვილი, 5 წლის სიდონიასა და 3 წლის ბარბარეს მშობლები არიან.

– მეგი, როგორ გახსენდებათ “ვარსკვლავების აკადემიის” პერიოდი, რა გავლენა იქონია თქვენს შემოქმედებაზე ამ პროექტმა?

– ეს იყო ჩემი პირველი გამოჩენა დიდი მასშტაბის სცენაზე. მაშინ პატარა, დაახლოებით 19 წლის ვიყავი. როცა ვიმღერე, მაშინვე თქვეს, ნინო ქათამაძეს ჰგავსო. ხალხის აზრი ორად გაიყო. პატარა ვიყავი და ამ ყველაფერმა ჩემზე უარყოფითად იმოქმედა, საკუთარ თავთან ბრძოლები მქონდა.

დრო აბსოლუტურად ყველაფერს ალაგებს. დღესდღეობით ჩემი და ნინოს მუსიკა ძალიან განხვავდება ერთმანეთისგან, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია. შეიძლება რაღაც ტემბრული მსგავსება არის, მაგრამ ჩვენ სხვადასხვა რაღაცას ვაკეთებთ.

ნინო არის გენიალური მუსიკოსი. მას საქართველოში, თავის ჟანრში ბადალი ქალი არ ჰყავს. მას მსოფლიო იცნობს და დიდ პატივს ვცემ. მაშინაც ვუსმენდი და დღესაც ვუსმენ.

– იცნობთ ნინო ქათამაძეს?

– ვიცნობ, მაგრამ ძალიან ახლო მეგობრები არ ვართ. როცა ერთმანეთს ვხვდებით, გადასარევი ურთიერთობა გვაქვს.

– როგორი ბავშვი იყავით, როგორ ყალიბდებოდა თქვენგან მომღერალი?

– მეგი-ნათია გოგიტიძე? პასპორტში ნათია მიწერია. ბებიას, დედაჩემის დედას, ერქვა ნათელა და მის პატივსაცემად ნათია დამარქვეს. სახლში მეგის მეძახდნენ, რადგან მამაჩემს ეს სახელი ძალიან უყვარდა.

რაც შეეხება ჩემს ბავშვობას, ამ პერიოდს ახლდა ძალიან დიდი სიხარული და იყო ბევრი ტკივილიც, მაგრამ ლაღი ვიყავი. ჩემი სახლის წინ ზღვა არის და ამან ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემზე. ბათუმში დავიბადე, მაგრამ ქობულეთში გავიზარდე.

– რატომ იყო ტკივილიანი თქვენი ბავშვობა?

– ჩემს ოჯახში ძალიან დიდი ტრაგედიები მოხდა. სამი ძმა გარდაიცვალა – მამაჩემი, მერე – ჯერ ერთი ბიძა, მერე – მეორე ბიძა. მათ მიჰყვა ბებიაჩემი, მერე ბიცოლაჩემი და დედაჩემის ძმა. შეიძლება ითქვას, რომ სიკვდილს ბავშვობიდან ვიცნობ.

– ალბათ განსაკუთრებით გიყვართ ის ადგილები, სადაც გაიზარდეთ.

– ქობულეთი ჩემთვის არის სახლი, ჩემი წყარო, ის ძირითადი ფესვი, რასაც მე დღეს ვახმოვანებ თუნდაც სიმღერაში, ტექსტებში. ქობულეთი ჩემთვის არის უძვირფასესი ადგილი, სადაც მიყვარს ყოველი ხე და ყოველი კუნჭული. ბავშვობაა, რომელიც შეუცვლელია ჩემთვის.

– დღეს სად ცხოვრობთ ძირითადად?

– ძირითადად მოსკოვში, მაგრამ, შეიძლება ასეც ითქვას, რომ ნახევრად მოსკოვში ვარ, ნახევრად – საქართველოში. ჩემს ქვეყანაში ძალიან ხშირად ჩამოვდივარ – ხან თვეში ერთხელ, ხან ორ თვეში ერთხელ, ხან სამ თვეში ერთხელ.

– როცა საქართველოში ხართ, უმეტეს დროს ქობულეთში ატარებთ თუ თბილისში?

– ნახევარ დროს ქობულეთში ვატარებ, ნახევარს – თბილისში. თბილისში ვარ გათხოვილი, ჩემი ქმარი თბილისიდანაა, მაგრამ დედა მასაც ქობულეთელი ჰყავს – თინა ინაიშვილი, ძალიან კარგი ადამიანი. ჩემი ქმრის პაპა დედის მხრიდან ძალიან ცნობილი მხატვარი იყო – ხასან ინაიშვილი. მას ქართულ მხატვრობაში ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი.

– დღეს რას აკეთებთ მოსკოვში?

– ელექტრონიკის და აკუსტიკური მუსიკის შეზავებით ვარ დაკავებული. ახალს – არა, მაგრამ ჩემებურ მიმდინარეობას ვაკეთებ. სიმღერებს ვწერ. მალე გამოვა ჩემი ახალი ქართული სიმღერა, რომელიც ცოტა განსხვავებული იქნება იმისგან, რაც აქამდე გამიკეთებია.

ასე მგონია, სადაც უნდა ვიყო, რა კუთხე-კუნჭულშიც, ჩემი ყოველი ნაბიჯი, ყოველი სიტყვა, ყოველი მოქმედება ჩემს ქვეყანას ემსახურება.

– კმაყოფილი ხართ შემოსავლით?

– შემოსავლებით მე საქართველოშიც კმაყოფილი ვიყავი და იქაც კმაყოფილი ვარ. საერთოდ უკმაყოფილო ადამიანი არ ვარ. ვთვლი, რომ მუსიკოსს იმ დონის ანაზღაურება აქვს, რა დონის პროდუქტსაც ქმნის. ასე მგონია, რამდენსაც ვიშრომებ, შემოსავალიც იმდენი მექნება. ამაზე დიდად არც ვარ გაგიჟებული.

– როგორც მომღერალი, რეალიზებული ხართ?

– ვთვლი, რომ საკუთარ თავზე ბევრი უნდა ვიმუშაო. თუ ვიცოცხლე და თუ დამცალდა, ბევრს გავაკეთებ, ბევრ რამეს შევცვლი, ჩემს მუსიკაში დიდ ცვლილებებს შევიტან. ადამიანი უნდა ფიქრობდეს, რომ რეალიზებამდე რაღაცები აკლია. თუ ვთქვით, რომ ყველაფერი კარგად არის, მაშინ რაღა აზრი ექნება გაგრძელებას?

აქვე ვიტყვი, რომ არ ვარ ისეთი ადამიანი, რომელიც რაღაცებს ართულებს. შეიძლება ითქვას, საქართველოში მარტომ, თვითონ გავაკეთე ყველაფერი.

– იმის თქმა გინდათ, რომ არავინ დაგხმარებიათ?

– ადამიანები კონცერტზე რომ მოდიოდნენ, ამას ჩემ დახმარებად ვთვლი. ჩემს სიმღერას “ნუ გეშინია” თითქმის 18 მილიონი ნახვა აქვს. ყოველთვის მადლიერი ვარ ჩემი ქვეყნის, ხალხის. არასოდეს მიფიქრია, რომ ჩემმა ხალხმა რაღაცაზე გული დამწყვიტა, პირიქით, მათ წამომწიეს წინ, რადგან ჩემს სიმღერებს უსმენდნენ. მადლიერი ვარ ადამიანების და, პირველ რიგში, უფლის.

– როგორ ფიქრობთ, რა ქმნის წარმატებულ კარიერას?

– ვიღაცისთვის წარმატება არის ის, რომ 24 საათი ტელევიზორში ჩანდეს და მნიშვნელობა არ აქვს, რა თემით, რა ნიჭით და ა.შ. ჩემთვის კი წარმატება არის ის, რომ ჩემს სიმღერებს უსმენენ და არა ის, რომ ყოველდღე სადმე ვჩანდე.

– როგორია თქვენთვის ერთი ჩვეულებრივი მოსკოვური დღე?

– დღე არ გავა, ჩემს ქვეყანაზე არ ვიფიქრო. თანაც პერიოდულად ერთი ბავშვი ხან აქეთ მყავს დატოვებული, მეორე – იქით, ხან ერთი მიმყავს, ხან – მეორე და, რა თქმა უნდა, ჩემი ფიქრები მუდმივად საქართველოს უკავშირდება. ჩემთვის არ არსებობს დასვენება, სულ ვშრომობ, ვფიქრობ, რა გავაკეთო და როგორ გადმოვცე.

– თქვენს შვილებს თუ აქვთ მუსიკალური ნიჭი?

– აქვთ, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, რა დონეზე მღერიან. რაც მთავარია, სმენა აქვთ და სიმღერას ხმას აყოლებენ.

– როგორი დედა ხართ, შვილებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

– იდეალური არაფერი არსებობს და ვერ ვიტყვი, რომ იდეალური დედა ვარ. ვცდილობ, შვილებს ის მივცე, რაც ჩემში დევს. დიდი აკრძალვები არ მაქვს, ეს არ ქნა, ის არ ქნა-მეთქი. იმას კი ვუკრძალავ, რომ ასაკით უფროს ადამიანს უხეშად არ დაელაპარაკონ. მინდა, კეთილები გაიზარდონ, იცოდნენ, რომ ღმერთი არსებობს და უყვარდეთ ის. მინდა, მწიფე თავთავებს ჰგავდნენ და არა – მჩატეს, არ იყვნენ ამპარტავნები და ყველას ემსახურონ. მათში ამ პრინციპებს ვდებ.

– დებს შორის რამდენია ასაკობრივი სხვაობა?

– პირველი შვილი 23 წლის ასაკში გამიჩნდა, წელიწადნახევარში კი მეორე გავაჩინე.

– როგორც მახსოვს, უკრაინულ “ვოისში” ორსულად იყავით.

– დიახ, პირველ შვილზე ვიყავი ორსულად. “ვოისი” 6 თვე გრძელდება. იქ რომ მივედი, 3 თვის ფეხმძიმე ვიყავი და პროექტიდან 9 თვის ორსული წამოვედი. რთული იყო ეს პერიოდი, პირველი შვილის გაჩენაც გამიჭირდა. დედა რომ გავხდი, მივხვდი, რომ ამისთვის ღირს ადამიანის გაჩენა, ქალის არსებობა, ტკივილების გადატანა. არ მეგონა, იმ ტკივილებს თუ დავივიწყებდი, რაც ბავშვის გაჩენას ახლდა, მაგრამ ძალიან მალე მეორე ბავშვი მივაყოლე. შვილების დაბადება საოცარი შეგრძნებაა.

– ვინ გეხმარებათ ბავშვების გაზრდაში?

– ძალიან გამიმართლა, რადგან დედა და დედამთილი მაზრდევინებენ შვილებს.

– გვიამბეთ თქვენი სიყვარულის ამბავი, როგორ შეხვდით თქვენს მეორე ნახევარს.

– კი, ბატონო, მოგიყვებით. ერთ დღეს რეკავს ტელეფონი. აღმოჩნდა, რომ ჩემი მომავალი ქმარი რეკავდა. პირდაპირ მეუბნება: “სად ხარ? გნახავ”. ერთმანეთი გავიცანით და ორ კვირაში ცოლად გავყევი. ჩემი მეუღლე არის დავით მერაბიშვილი.

– მანამდე საერთოდ არ იცნობდით?

– არა. მის ძმას, შოთიკოს, ვიცნობდი. ბავშვობაში ერთ სკოლაში დავდიოდით, ვმეგობრობდით, მაგრამ დავითს არ ვიცნობდი. დიდი ხანი არ მჭირდება, რომ რაღაც-რაღაცები შევაფასო. სიმპათიები გაჩნდა და ყველაფერი სწრაფად მოხდა. მივხვდი, რომ ის ადამიანი იყო, რომელიც ჩემს გულს აღელვებდა. ჩემს მეუღლეს უზომოდ დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს, ჩამოყალიბებული პიროვნებაა.

– რას აკეთებთ საყვარელი მამაკაცის ბედნიერებისთვის?

– არ ვფიქრობ, რომ ამისთვის რაღაცები გავაკეთო, ამას არ ვგეგმავ. იმას ვაკეთებ, რაც მისთვის კომფორტული იქნება. შეიძლება ვაწუხებ ჩემი გაფანტულობით, მაგრამ პრაგმატულ და უაზრო პრობლემებს არ ვუქმნი. მან უნდა თქვას, რას ვაკეთებ მისი ბედნიერებისთვის.

– დღეს ბევრს საუბრობენ გენდერულ თანასწორობაზე. ამ მხრივ როგორია თქვენი ურთიერთობები, დაცულია ეს ბალანსი?

– სიმართლე გითხრათ, დიდად ვერ ვიგებ, რა არის გენდერული თანასწორობა. ვერ ვხედავ ლოგიკას იმაში, რომ იმის მოთხოვნილებაც მქონდეს, ჩემი ქმარი იყოს ვაჟკაცი, ადამიანი, რომელსაც დავეყრდნობი და ყველანაირად გვერდში დამიდგება და ისიც მოვთხოვო, მოდი ახლა, დილიდან დაღამებამდე ჭურჭელი რეცხე-მეთქი. ჩვენს ურთიერთობაში არის შეგნება და გაგება.

არის რაღაცები, რასაც ქალზე უკეთესად კაცი ვერ გააკეთებს და არის რაღაცები, რასაც კაცზე უკეთესად ქალი ვერ გააკეთებს. არსებობს რაღაც საკითხები, რაშიც ვერ ვუგებთ ერთმანეთს. აბა, როგორ შეიძლება ორმა ადამიანმა ყველაფერში გაუგოს ერთმანეთს?! როგორ შეიძლება ორმა ადამიანმა რაღაცაზე არ იკამათოს?!

– რაზე კამათობთ ხოლმე?

– ბევრ რამეზე, მაგრამ ამ კამათს ლეწვა-გლეჯვამდე არ მივყავართ. ჩვენს ურთიერთობაში არის შეგნება, გაგება, ერთმანეთის პატივისცემა. მე თუ შენ პატივს გცემ, შეურაცხყოფას არ მოგაყენებ და პირიქით, შენ თუ პატივს მცემ, შენც ასევე მოიქცევი. ორი ჩამოყალიბებული ადამიანი დაჯდება, დაილაპარაკებს და გარკვეულ გადაწყვეტილებამდე მივლენ.

– გადამწყვეტი სიტყვა ვის ეკუთვნის თქვენს ოჯახში?

– რა თქმა უნდა, ჩემს მეუღლეს. პატივს ვცემ მის აზრს და ის პატივს სცემს ჩემს აზრს. არც გავაკეთებ ისეთ რაღაცას, რაც მის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

– ანუ თქვენს ოჯახში მამაკაცია დომინანტი?

– რა თქმა უნდა.

– რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახური ჰარმონიისთვის?

– სიყვარული. ახლა რაზეც ვილაპარაკეთ, ის ყველაფერი სიყვარულიდან გამომდინარეობს. როცა ოჯახში იმაზე ფიქრობენ, ვინ არის პირველი, ვინ იტყვის გადამწყვეტ სიტყვას ტრიბუნაზე, ესე იგი იმ ადამიანებს ერთმანეთი არ უყვართ, ერთმანეთს უთვლიან ქულებს და ამბობენ, შენ ამდენი გაპატიე, მე ამდენი მაპატიეო. სადაც სიყვარულია, იქ აბსოლუტურად ყველაფერი ლაგდება, ყველაფერი გვარდება. სიყვარულს პატარა შეგნება, შინაგანი ინტელექტი სჭირდება, რომ რაღაც ისეთი არ თქვა, მეორე ადამიანს გული ატკინო.

– როგორი დიასახლისი ხართ, ამ მხრივ როგორ გაქვთ ოჯახში საქმე?

– შეიძლება ითქვას, ცუდი ხელი არ მაქვს, ბევრ რაღაცას ვაკეთებ. წვნიანების გაკეთება შემიძლია.

– სცენაზე დგომა იმიჯზე ზრუნვასაც მოითხოვს. როგორ უვლით თავს?

– ძალიან ჩვეულებრივად. სახის კანისთვის საბავშვო კრემებს ვხმარობ და საკმაოდ მიხდება. სახისთვის ასევე ვიყენებ კაკაოს კარაქს, რომელსაც კარგი ეფექტი აქვს. თაფლის კუბიკები რომ იყიდება, იმას ვისვამ სახეზე.

თმას ვიღებავ. ზედმეტი და გადატვირთული არაფერი მიყვარს, არც წასმა, არც ჩაცმა და არც არაფერი.

– დაბოლოს, თქვენი გეგმები გაგვანდეთ. რას უმზადებთ თქვენს მსმენელს?

– ძალიან საინტერესო ქართული სიმღერის ჩაწერას ვაპირებ. რაც აქამდე მიკეთებია, იმისგან განსხვავებული იქნება. იმედია, თავს მოვაბამ და თბილისში დიდ სოლო კონცერტს გავაკეთებ. მალე ჩემი ორი კლიპი ჩაიწერება და გამოვა.

– საქართველოში წერთ კლიპებს?

– მოსკოვში.