ლუკა ჭოხონელიძე ნატო გელაშვილს “მხოლოდ ქართულში” გაეპარა – “ლუკამ მითხრა, მარინა ბერიძემ დამიწუნაო და ნერვიულობით მოვკვდი”

ლუკა ჭოხონელიძე ნატო გელაშვილს "მხოლოდ ქართულში" გაეპარა - "ლუკამ მითხრა, მარინა ბერიძემ დამიწუნაო და ნერვიულობით მოვკვდი"რუსუდან ადვაძე, სარკე

მომღერლისა და კომპოზიტორის, ნატო გელაშვილის, უმცროსი ვაჟი, ლუკა ჭოხონელიძე, პოპულარული მუსიკალური შოუს “მხოლოდ ქართულის” მონაწილე გახდა. ცნობილი დედა ირწმუნება, რომ მისი ამ გადაწყვეტილების შესახებ არაფერი იცოდა და, რომ გაეგო, ხელს შეუშლიდა, რადგან საკონკურსო სტრესისა და ნერვიულობისთვის შვილი არ ემეტება.

ლუკა ჭოხონელიძე პროფესიით იურისტია და საადვოკატო ფირმაში მუშაობს. საქმიანობა დროებით შეწყვიტა, რადგან “მხოლოდ ქართულმა” შეავსო მთელი მისი დრო.

ნატო და ლუკა “სარკეს” დედაშვილობასა და იმ ემოციებზე მოუყვნენ, რომლებსაც ახლა ერთად განიცდიან.

ლუკა: მე და ჩემმა ძმამ დავგეგმეთ, “მხოლოდ ქართულში” გავსულიყავით. ნატოს არაფერი ვუთხარით, ან გავალ, ან – არა და ტყუილად არ ინერვიულოს-მეთქი.

ეს პროექტი ძალიან მომწონს, თან ჩემი სტილია, რადგან ქართული სიმღერა მიყვარს. ათასი სხვა პროექტიც არის, მაგრამ იქ ვერასდროს მივიღებ მონაწილეობას, რადგან საჩემო არ არის. “მხოლოდ ქართულში” ჩემი შესაძლებლობების გამოჩენა შემიძლია.

ნატო გელაშვილი: მესინჯერში უფროსმა ბიჭმა, გიორგიმ ჩამიგდო “მხოლოდ ქართულის” ბარათი, რომელიც ლუკას გადასცეს. ეს უკვე მაშინ მოხდა, როცა ათეულში მოხვდა და დავრჩი გაღიმებული. ისიც კი არ ვიცოდი, რომ ეს პროექტი კვლავ არსებობდა ტელეკომპანიებში მომხდარი ცვლილებების გამო.

ვინერვიულე, რადგან ყველაფერზე ვნერვიულობ, რაც მუსიკას და ჩემს ბიჭებს უკავშირდება. არ ვიცოდი, როგორ იმღერა, შიგნით რა მოხდა… თან მეუბნებოდა, მარინა ბერიძემ უარი მითხრა, მაგრამ სხვებმა გადამიყვანესო.

ვიფიქრე, ალბათ კარგად არ იმღერა-მეთქი. უხეშად მითხრა რაღაცო – ასე მაგიჟებდა. გადაცემა რომ ვნახე, ძლივს დავმშვიდდი. ახლა ვფიქრობ, რომ ლუკამ სწორი ნაბიჯი გადადგა, რადგან, როდესაც ადამიანს იმ დონეზე უყვარს მუსიკა, როგორც ლუკას… სულ ძიებაშია. საკუთარ თავს ეძებს და თან სწორად ეძებს.

– ერთ ინტერვიუში თქვა, სულ ნატოს ჩრდილში ვიქნებიო.

ლუკა: კი, ასე იქნება, ეს ჩვეულებრივი ამბავია.

ნატო: ვისურვებდი, ჯერ ემღერა და მერე გაეგოთ, რომ ჩემი შვილი იყო, მაგრამ თავიდანვე მიხვდნენ. მე ვიცი, ლუკას რა შეუძლია. როგორც მუსიკოსი, ისე გეუბნებით და არა – როგორც დედა. კონკურსია და იქ რომ შენი შესაძლებლობების 70% დადო, დიდი წარმატება იქნება. შეიძლება ძალიან კარგი ბავშვი დაიკარგოს, ამიტომაც არ ვარ კონკურსების მოტრფიალე და არ მიღირს ბავშვების ნერვიულობა ამად.

ლუკას ალბათ ვეტყოდი, არ გინდა-მეთქი და არ გავუშვებდი. სცენაზე დგომა ისედაც ნერვიულობაა. ვეღარ ვითვლი, რამდენი წელია, რაც სცენაზე ვარ და თითოეული გასვლა პულსის აჩქარებით იწყება. ეს პასუხისმგებლობის პულსია.

ძალიან კარგი ბავშვები შეიკრიბნენ, ჩემთვის ათივე გამარჯვებულია, რადგან ქართულად მღერიან.

– ლუკამ რა ასაკიდან დაიწყო სიმღერა?

ნატო: ლუკა რაც დაიბადა, სულ მღერის. პატარა რომ იყო, როიალის ქვეშ უყვარდა ჯდომა. ჩემთან სულ მოსწავლეები დადიოდნენ და მახსოვს, როცა ბავშვი შეცდომით დაუკრავდა, გამოყოფდა ხოლმე თავს და ემჩნეოდა, შინაგანად ჩხუბობდა ამის გამო, შეცდომით აღებული ბგერა აწუხებდა.

ქართული სიმღერა კი არ ვასწავლე, “მოისმინა” ჰქვია მაგას. ლუკამ უბრალოდ სწორად მოისმინა, თორემ კი არ იჯდა და სწავლობდა. ქართული სიმღერა საერთოდ ასე, ყურით ისწავლება და ნელ-ნელა იზრდება გემოვნება. ამას ვერ ასწავლი. მე ვიცი მისი შინაგანი სამყარო და ისიც, რაც შეუძლია გააკეთოს თავისი ხმითა თუ შინაარსით. მთავარია, კონკურსმა არ ჩაყლაპოს ემოციური ფონის თუ სხვა რამის გამო.

– ლუკა, ძალიან ნერვიულობთ კონკურსში?

ლუკა: ნერვიულობის გარეშე წარმოუდგენელია კონკურსში მონაწილეობა. ორივენი ემოციურები ვართ, მაგრამ გამოხატვა არ შეგვიძლია.

ნატო: რომ შევხედავ, ვხვდები, რას გრძნობს. მისი ემოციური ფონი არ გამომეპარება. ამხელა ემოციისა და ნერვიულობისთვის შვილის გამეტება არ მინდა, თორემ სცენას ემოცია ყოველთვის სჭირდება. სიმღერაში შეჯიბრიც მიუღებელია ჩემთვის.

ლუკა ქართულ სიმღერაზე ისეა შეყვარებული, 24 საათი მღერის და სახლში იმდენი სიმღერა ისმის, ხმას აღარ ვიღებ. ხალხურს, კეჭაყმაძის გუნდის სიმღერებს… ყველაფერს მღერის. ერთ ჟანრს რომ ამოწურავს, მერე სხვაზე გადადის. ამის მოთხოვნილება თავად აქვს.

ერთ დღესაც ვუსმენ და აშკარად კეჭაყმაძის სიმღერა მესმის. ძალიან გამიკვირდა, რადგან კეჭაყმაძე კონსერვატორიის მოსწავლემ შეიძლება იცოდეს. ეს საგუნდო მუსიკაა და არ არის მასობრივი. რა თქმა უნდა, როგორც დედას, მიხარია, რომ თვითონ ვითარდება და ახალს ეძებს. სულ მეკითხება კომპოზიტორებზე და ისეთ რამეებს აგნებს, ბევრი მეც არ ვიცი. ამით სუნთქავს. ბედნიერი ვარ, რადგან, ჩემი აზრით, ვინც ქართულად მღერის, მას ცუდის გაკეთება არ შეუძლია.

ლუკა: ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობდით და გვინდოდა თუ არა, უნდა მოგვესმინა. ბავშვობაში ქართულ მუსიკას არ ვუსმენდი. როცა ცხოვრება ცოტა განვითარდა და ჩვენ ჩვენი ოთახი გვქონდა, ცოტა სხვა გემოვნების მუსიკაზე გადავერთეთ. როკ-ბენდები მოგვწონდა და ა.შ.

ნატო: ჩემზე ამბობ, გვინდოდა თუ არა, უნდა მოგვესმინაო?!

ლუკა: წარმოუდგენელია, იმ ასაკში დედის მუსიკა მოგვწონებოდა, აბსურდია! შანსი არ არის, 10-12 წლის ბავშვმა თქვას, ნატო გელაშვილს სიამოვნებით ვუსმენო.

ჩემი და ჩემი ძმის ცხოვრებაში გარდატეხა ნატოს კონცერტმა მოახდინა, რომელიც ფილარმონიაში ჩატარდა. მაშინ დავიწყეთ კითხვების დასმა, ეს ვინაა და ის ვინაა-თქო. ამის მერე გავეცანით ქართველ კომპოზიტორთა და მომღერალთა შემოქმედებას. მანამდე კი იყო “ქვინი”, “დიფ ფარფლი” და ა.შ. მერე კი აღმოვაჩინეთ, რომ ქართულიც მაგარი ყოფილა. მანამდე რასაც ვუსმენდით, ის მიგვავიწყდა. დღესაც სიამოვნებით ვუსმენ იმ მუსიკას, მაგრამ ქართული სულ სხვა რამაა.

მოგვიანებით ხალხური მუსიკით დავინტერესდი. ანსამბლში მივედი და ვსწავლობ, ვეცნობი. რაც უფრო სიღრმეებში მივდივარ, უფრო და უფრო მითრევს და ვნახოთ, სად მიმიყვანს.

– ძმები ჰგავხართ ერთმანეთს?

ნატო: რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ ერთმანეთს ავსებენ – ერთს რაც არ აქვს, მეორეს აქვს და ა.შ. გიო წლინახევრით უფროსია. მასაც უყვარს სიმღერა, მაგრამ ლუკასავით ყველაფერს ვერ გადადებს.

ლუკას ჰყავს შეყვარებული და ეს არის მუსიკა. გიო იმღერებს, მერე სამსახურში გაიქცევა, უყვარს თავისი სამსახური. ერთი პრობლემა აქვს – ტექსტებს ვერ იმახსოვრებს, შუაში ჩერდება, მაგრამ გადასარევად მღერის.

ლუკა: ტექსტი ავიწყდება და იმპროვიზაციის უნარიც არ აქვს. ისეთი ტექსტით შეცვლის, ის სიტყვები რომ საერთოდ არაფერ შუაშია. მაგალითად, ლურჯი იების მაგივრად შეიძლება თქვას ლურჯი მტრედი.

ნატო: გიო ძალიან სასაცილო და საყვარელი ბიჭია. ორივეს გადასარევი იუმორი აქვს. მეც ასე ვარ და დღე არ გავა, ერთი კარგად რომ არ გადავბჟირდეთ რაღაცაზე. ბევრს უთქვამს, ერთმანეთს ჰგვანან ლუკა და გიო და ერთმანეთში გვერევაო. ამ დროს გიო თეთრი და ცისფერთვალებაა, ლუკა – შავგვრემანი, შავთვალა და თან მაღალი.

ლუკა: ტყუპებივით გავიზარდეთ. იმდენად სულ ერთად ვიყავით, რომ მანერებიც ერთნაირი გვაქვს, სიარულიც… ცურვაზე, ფეხბურთზე, მასწავლებლებთან – სულ ერთად დავდიოდით. მისი კლასიც ჩემ გვერდით იყო.

ნატო: კარგია, რომ მიყოლებულები არიან და ერთმანეთს ავსებენ. ლუკა თუ სადმე მარტო მიდის, ასმაგად ვნერვიულობ, რადგან ვისაც მუსიკა ძალიან უყვარს, სხვა რამეში ცოტა გაფანტულია. მაგალითად, მე ხშირად მრჩება ტელეფონი თუ სხვა ნივთი მეგობართან.

ლუკა: მსგავსი ფაქტი ჩემზე არ იცის, მაგრამ მაინც ასე თვლის. პერსპექტივაში შეიძლება ასე დაგემართოსო, თორემ დაბნეული სულაც არ ვარ. ვერ გაიხსენებ ასეთ ამბავს.

ნატო: არის! ცურვაზე რომ დადიოდა, ხან ჯვარი დარჩა, ხან პირსახოცი. გიო კი ყველაფერში მობილიზებულია.

– დედა-შვილი ერთმანეთის მესაიდუმლეები ხართ თუ არის რაღაც, რასაც ვერ გაანდობთ?

ნატო: ვთვლი, რომ დედა-შვილის ურთიერთობა გახსნილი უნდა იყოს. ჯერ ერთი, დასამალი არაფერი მაქვს და კიდეც რომ მქონოდა, მაინც უნდა იცოდნენ. ხშირად ვსაუბრობთ პირად თემებზე, ჩემს წარსულზე, მომავალზე, მათ მამაზე… ერთმანეთისთვის დამალული არაფერი გვაქვს, მეგობრები ვართ.

ლუკა: თუ რამე არ მოსწონს, ისე გეტყვის მოკლედ, რომ საკუთარ თავს ჰკითხავ, ეს რატომ გავაკეთეო. ყოველთვის დიპლომატიურ-ფსიქოლოგიური მიდგომები ჰქონდა.

ნატო: ბიჭები იყვნენ და რამე არ უნდა გამომპარვოდა. არ მქონია ისეთი დამოკიდებულება, რომ ისინი პატარები იყვნენ. ვეუბნებოდი ხოლმე, კაცები ხართ და კაცებისთვის ეს შეუფერებელი საქციელია-მეთქი. სულ ისე ველაპარაკებოდი, როგორც კაცებს.

ლუკა: ტონიც არასოდეს აუწევია.

ნატო: ყვირილს საერთოდ ვერ ვიტან. ყველაზე მტკივნეული და საშინელი ჩემთვის ტყუილია. ნდობა არ უნდა დაკარგო. ჩვენს დედაშვილობაშიც მთავარი ნდობაა. ვთვლი, რომ კაცს ქალზე მეტი მოეთხოვება. ჩემი შინაგანი “მე” კი ვერ იტანს ისეთ მამაკაცს, რომელიც ქალზე ქვემოთ დგას. ისეთ მამაკაცებში გავიზარდე – მამა, ძმა…

– გოგონებთან მათ ურთიერთობაში ერეოდით?

ნატო: არასოდეს ჩავრეულვარ ასეთ ურთიერთობაში.

ლუკა: სერიოზული ურთიერთობა არც მე მაქვს და არც გიოს და სულაც არ არის საჭირო, წვრილ-წვრილი ურთიერთობების შესახებ ამბები დედამდე მივიდეს.

– შეგიძლიათ მთელი გულით იმღეროთ სიყვარულზე, როცა შეყვარებული არ ხართ?

ლუკა: რაღაცაზე ხომ ხარ შეყვარებული, აუცილებელი არ არის, ეს ქალი იყოს. ან შეიძლება მანამდე გყვარებია ვინმე. სიყვარული ყველასთვის ინდივიდუალურია. მე რა გრძნობაც განმიცდია, შეიძლება მისთვის სხვას სიყვარული დაერქმია, მაგრამ მე ასე არ ვთვლი.

ნატო: სულ ვეუბნებოდი, ტექსტს უსმინე და ისე იაზროვნე-მეთქი. შეიძლება იმ წუთში არ გიყვარს, მაგრამ შენ იცი, რომ ასეთი სიყვარული არსებობს.

ჩვენს ოჯახში ასეა – ვინც ეყვარება ჩემს შვილს, მეყვარება მეც. ჯერ არ მინახავს სიყვარულისგან თვალებანთებული და ამ წუთს ველოდები. სულ ვახსენებ და ვეკითხები, ამ მხრივ რამე ხომ არ არის მათკენ ახალი.

ლუკა: დედას ჩვენი ცოლები კი არა, შვილიშვილები უნდა.

ნატო: ცოლები თქვენ გინდათ და მე – შვილიშვილები. რაჭველები არიან და გვიან, გვიან… სულ ვეუბნები, ერთხელ რომ გაგაშეშებთ სიყვარული, რომ მიხვდები, აგეკვიატა ადამიანი და მის გარეშე ვერ გაძლებ… ეს გრძნობა აუცილებლად მოვა. ეს იმხელა საჩუქარია უფლის, მის გარეშე ცხოვრებასაც არ აქვს აზრი.

ლუკა: ყველა ხომ არ საჩუქრდება მერე?!

ნატო: აუცილებლად დასაჩუქრდები! მე ბუნებით დედამთილი არ ვარ.

ლუკა: ბუნებით დედამთილი რას ნიშნავს?!

ნატო: არიან ბუნებით დედამთილები. მინდა, ბიჭებმა თავიანთთვის იცხოვრონ და მე ხან ერთს შევუღებ კარს და ხან – მეორეს. ალბათ უფრო ორივე აქეთ შემომიღებს კარს თავიანთი ნამატით და დიდი, მხიარული ოჯახი გვექნება.

– ნატო, მართალია, “ბუნებით” დედამთილი არ ხართ, მაგრამ როგორი რძალი მოგეწონებოდათ?

ნატო: ჩემთვის მთავარია, ღვთისნიერი ადამიანები იყვნენ და სხვა ადამიანები უყვარდეთ. ერთადერთი თხოვნა მაქვს შვილებთან – აუცილებლად ნახონ ოჯახი, სად გაიზარდა. დედა უნდა ნახონ, ვინ გაზარდა. ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველა შვილი ოჯახიდან მოდის და ისაა სარკე იმ ადამიანის, შენი შვილის დედა, ბებია უნდა გახდეს. ზოგი ისეთია, თვითონაა გასაზრდელი.

– ლუკა, თქვენს ცოლს მუსიკა ალბათ ძალიან უნდა უყვარდეს.

ლუკა: ჩემთვის აუცილებელი არ არის, მაგრამ მისთვის იქნება აუცილებელი, რადგან ჩემ გვერდით გაჩერება წარმოუდგენელი იქნება. თუ მუსიკა არ ეყვარება, გაგიჟდება და გაიქცევა.